"უკრაინის არმიის სარდლობამ, კონტრშეტევის დაგეგმვის დროს, აშშ-ის მიერ მიწოდებული სადაზვერვო მონაცემებით ისარგებლა" - The New York Times - კვირის პალიტრა

"უკრაინის არმიის სარდლობამ, კონტრშეტევის დაგეგმვის დროს, აშშ-ის მიერ მიწოდებული სადაზვერვო მონაცემებით ისარგებლა" - The New York Times

ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინის არმიის სარდლობამ, კონტრშეტევის დაგეგმვის დროს, აშშ-ის მიერ მიწოდებული სადაზვერვო მონაცემებით ისარგებლა“ (ავტორები - ჯულიან ბარნსი და ჰელენ კუპერი)

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„როცა უკრაინელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ზაფხულში [რუსეთის არმიის წინააღმდეგ] კონტრშეტევა დაგეგმეს, მათ წინასწარ ამერიკელ კოლეგებთან ურთიერთობა გააფართოვეს, სადაზვერვო მონაცემების მიღების მიზნით, რამაც კიევს საშუალება მისცა ბოლო დღეებში ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ხაზზე მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის მიეღწია. ამერიკელებმა უკრაინელებს ზუსტი, მაღალხარისხოვანი და აქტუალური ინფორმაციები მიაწოდეს რუსეთის არმიის სუსტი პოზიციების შესახებ.

რუსეთ-უკრაინის მთელი ომის განმავლობაში შეერთებული შტატები უკრაინას ამარაგებდა ინფორმაციებით რუსეთის არმიის სამეთაურო პუნქტების, საბრძოლო მასალების საწყობების და სხვა საკვანძო ობიექტების შესახებ, რომლებიც ფრონტის ხაზზე და მის მიღმა, ზურგში იყვნენ განლაგებულნი. აშშ-ის ოფიციალური პირების აღიარებით, სწორედ ასეთმა სადაზვერვო მონაცემებმა, რეალური დროის რეჟიმში, უკრაინელებს შესაძლებლობა მისცა სწორად დაეგეგმათ საომარი ოპერაციები, გაენადგურებინათ რუსი გენერლები და იძულებული გაეხადათ რუსეთის არმიის სარდლობა, რომ მათ საბრძოლო იარაღის საწყობები ფრონტის ხაზიდან ძალზე მოშორებით, ღრმა ზურგში გადაეტანათ.

ამასთან, როგორც ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლები აცხადებდნენ, მათ უფრო უკეთ იცოდნენ რუსეთის გეგმები, ვიდრე ის, თუ რას და როგორ გეგმავდნენ უკრაინელები. სხვადასხვა მიზეზის გამო, კიევი თავდაპირველად გარკვეულწილად თავს იკავებდა და ყოყმანობდა ამერიკელებისთვის თავისი არმიის ოპერატიული გეგმები გაეზიარებინა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამერიკის დაზვერვა მათ ზუსტ მონაცემებს აძლევდა კრემლის ბრძანებებსა და რუსი გენერლების სამომავლო მოქმედების თაობაზე, მაგრამ როდესაც უკრაინის სარდლობამ კონტრშეტევა გადაწყვიტა, კიეველმა სამხედროებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ამერიკელებისგან დიდ დახმარებას გაუწევდათ.

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა უარი განაცხადეს ეთქვათ, თუ კონტრშეტევის როგორი გეგმა აჩვენა მათ უკრაინამ ერთი მხრივ და მეორე მხრივ, როგორი ცვლილებების შეტანა და რჩევები შესთავაზა პენტაგონმა. თუმცა ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა მაინც თქვა, რომ ამერიკელები მუდმივად მსჯელობდნენ კიევთან იმ მეთოდებსა და საშუალებებზე, რომელთა მეშვეობით, ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედი რუსეთის არმია დასუსტდებოდა.

უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოპოვებული წარმატებები, რაც რიგი ქალაქების, მათ შორის, იზიუმის - მსხვილი სარკინიგზო ცენტრის - [და კუპიანსკის] დაბრუნებაში გამოიხატა, ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს, რომელსაც ბოლო დროს უკრაინის არმიამ მიაღწია, - ამბობენ მაღალჩინოსანი ამერიკელი სამხედროები.

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება ამ წარმატებას, მაგრამ როგორც ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსები და დაზვერვის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, არის იმის ნიშნები, რომ ამჟამინდელი შეტევა იმ კამპანიის საწყისი ეტაპია, რომელსაც, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის არმიის ფართო ფრონტით უკანდახევა მოჰყვეს.

„რამდენიმე თვე ვფიქრობდი და მჯეროდა, რომ უკრაინა რუსეთს 23 თებერვლამდე არსებულ მიჯნებამდე დაახევინებდა უკან“, - ამბობს გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენჯამინ (ბენ) ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი, - „მუდმივად თვალს ვადევნებ რუსული არმიის ლოჯისტიკას და მივხვდი, რომ რუსები უკრაინელთა შეტევას ვერ გაუძლებდნენ. რუსეთის არმიის მორალური სული და დისციპლინა დაბალია, დიდი პრობლემები აქვთ საკადრო საკითხებშიც. დავრწმუნდი, რომ კრემლი თავისი მიზნების განხორციელებას ვერ შეძლებდა...“.

გენერლის თქმით, ამ დღეების წარმატებებმა აჩვენა, რომ უკრაინის არმიის ძალისხმევა ტერიტორიის უკან დაბრუნების საკითხში შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს, ვიდრე ამას ადრე აფასებდნენ და უფრო მეტიც - შეიძლება ნიადაგი მომზადდეს ყირიმის დასაბრუნებლად, მომავალი წლისათვის. რიგი ექსპერტებიც თანხმდებიან იმაში, რომ საერთო სიტუაცია შეიძლება უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალოს.

„უკრაინის ჯარის კონტრშეტევა საკმაოდ სწრაფ ტემპში მიმდინარეობს - უფრო სწრაფად, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო“, - ამბობს მიკ მალროი, პენტაგონისა და CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს) ყოფილი მაღალჩინოსანი ოფიცერი, - „დადგა დრო, რომ უკრაინის არმიამ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს რუსეთის ბრძოლისუნარიანობის დასასუსტებლად“.

აშშ-ის მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები მაღალ დონეზე აფასებენ უკრაინის არმიის მომზადების დონეს კონტრშეტევის განსახორციელებლად. ის განცხადება, რომელიც უკრაინის ხელმძღვანელებმა თავდაპირველად გაავრცელეს - სამხრეთში დიდ კონტრშეტევას ვაპირებთო, და სინამდვილეში, ჩრდილო-აღმოსავლეთში განახორციელეს, მოწინააღმდეგის დეზორიენტაციის ერთ-ერთ სტანდარტულ ხერხს წარმოადგენს, რითაც თვითონ ამერიკის არმია სარგებლობს ხოლმე. ცნობილია, რომ ამერიკელები უკრაინელებს 2014 წლიდან - ყირიმის ანექსიის დროიდან წვრთნიან: „უკრაინის ჯარის სამხედრო მოსამსახურეებს ამერიკა რვა წლის განმავლობაში ამზადებს“, - ამბობს ეველინ ფარკასი, პენტაგონის ყოფილი წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში, - „მათ არარეგულარული ომის წარმოების ფორმებსა და მეთოდებს - მოწინააღმდეგის მოტყუებასა და ფსიქოლოგიური ოპერაციების დაგეგმვას ასწავლიდნენ“.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთში მიმდინარე ლოკალური ბრძოლები კონტრშეტევად მოინათლა, საბოლოოდ კი სიცრუე აღმოჩნდა, ოფიციალური პირების თქმით, მას მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სამხრეთის ფრონტზე მიღწეული მცირე წარმატებაც კი რუსეთის არმიას დიდ სირთულეებს უქმნის ოდესის ხელში ჩასაგდებად, რომელიც ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ვლადიმერ პუტინისათვის ომის პირველ ეტაპზე.

და მაინც, ამერიკელი ოფიციალური პირები გუშინ სიტყვაძუნწები აღმოჩნდნენ და მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ჯერ კიდევ ადრეა იმის განსაზღვრა, თუ რამდენად წარმატებულად გააგრძელებს უკრაინის არმია შეტევას.

არის აზრი, რომ ფართო შეტევა უკრაინელების მდგომარეობას კიდევ უფრო დაძაბავს, რომლებიც ისედაც განიცდიან მომარაგების პრობლემებს, განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვების საკითხში. რასაკვირველია, ისიც ცხადია, რომ შეტევის დროს უკრაინის არმიაც მძიმე დანაკარგებს განიცდის. შეტევაზე გადასვლა და მისი განვითარება უფრო რთულია, ვიდრე თავდაცვა. ამიტომაც ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი თვლის, რომ რაც უფრო წარმატებული იქნება უკრაინის არმია უახლოეს რამდენიმე დღის განმავლობაში, მით უფრო სწრაფად დაიწყებს რუსეთი შურისძიების მზადებას საპასუხო დარტყმის განსახორციელებლად.

თუმცა ერთი რამ აშკარაა - უკრაინის არმიის კონტრშეტევამ გვაჩვენა, რომ რუსეთის არმიამ ჯერაც ვერ შეძლო თავისი ფუნდამენტური პრობლემების გადალახვა, რომლებიც ომის პირველ დღეებში გამოვლინდა.

მართალია, რუსი სამხედროები ცდილობენ ლოჯისტიკის გაუმჯობესებას, მაგრამ ჯერჯერობით მოსაგვარებელი აქვთ თავიანთი სამხედრო მრეწველობის ზრდის საკითხები, რომ ომის დიდი მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს. რუსებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების ჩახშობა და მათი განადგურება, რომლებიც ხელს უშლის რუსული ავიაციის მოქმედებას და შესაბამისად, რუსეთის შეიარაღებული ძალების სრული პოტენციალის გამოყენებას.

ალბათ, რუსეთის ხელმძღვანელობა გადახედავს თავის წინა გადაწყვეტილებას - არ დაეწყო სრული მობილიზაცია უკრაინაზე შეტევის გამო. ვლადიმერ პუტინი შეეცდება სხვა ტაქტიკა გამოიყენოს ომის ახალი ფაზის დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი დაინახავს, რომ უკრაინელებს თავიანთი წარმატებით მორალური სული განუმტკიცდათ. ზოგიერთი უკრაინელი ჩინოვნიკი თვლის, რომ რუსებს ფართო ანტიუკრაინული კიბერშეტევების განხორციელებაც შეუძლიათ, ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორიის მასშტაბით.

გიორგი დუბინსკიმ, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილემ, შაბათს განაცხადა, რომ ალბათ, უახლოეს თვეებში, ზამთრის მოახლოებისა და აცივების კვალობაზე, რუსეთი უკრაინის ენერგოსისტემას შეუტევს, დააზიანებს ელექტროგადამცემ ხაზებს და გაზსადენებს: „შემდგომი ეტაპი, სავარაუდოდ, გამოხატული იქნება იმით, რომ მოსკოვი შეეცდება ჩვენი ენერგოსისტემა მწყობრიდან გამოიყვანოს, ასევე ზარალი მოგვაყენოს ფინანსურად... ჩვენ მსგავსი სცენარები ადრეც ვნახეთ“, - ამბობს გიორგი დუბინსკი.

რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემა ჯერ კიდევ 2015 წელს დააზარალა, მაგრამ ამჯერად კიევი ელოდება, რომ რუსეთი უფრო მეტ მიზანმიმართულ შეტევას განახორციელებს, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს, კიბერთავდასხმების კამპანიის პარალელურად, ენერგოობიექტები განსაკუთრებულად დაბომბოს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ