„შესაძლოა დამარცხებულმა რუსეთმა რეპუტაციის გამოსწორება საქართველოში გამარჯვებით სცადოს“ - კვირის პალიტრა

„შესაძლოა დამარცხებულმა რუსეთმა რეპუტაციის გამოსწორება საქართველოში გამარჯვებით სცადოს“

"რუსეთისთვის რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დაცვა ყოველთვის­ ხდება საბაბი ჩაერიოს მეზობელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში და ზოგ შემთხვევაში იმდენად აგრესიულადაც კი, რომ პირდაპირ შეიჭრას ამ ქვეყნების­ ტერიტორიაზე. მაგალითად, 2008 წელს საქართველოში აგრესია, ერთი შეხედვით, თითქოს რუსეთის მოქალაქეთა დაცვის საფარქვეშ დაიწყო. იგივე განმეორდა უკრაინაშიც", - ასე ეხმიანება კრემლის დოკუმენტს უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე.

- უკრაინაში ომი საქართვე­ლო­სთვისაც­ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. რუსეთმა თუ გაიმარჯვა, ბუნებრივია, საქართველოსგან მოითხოვს ლოიალურობას და დასავლური ვექტორის დათმობას­, ხოლო დამარცხების შემთხვევაში შესაძლოა რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა, ეკონომიკურ-პოლიტიკურმა პროცესებმა, სამოქალაქო დაპირისპირებამ ნეგატიური გავლენა იქონიოს საქართველოს­ უსაფრთხო­ებაზე, გნებავთ, ეს იყოს ლტოლვილთა დიდი ნაკადებით. ნუ დაგვავიწყდება ჩრდილო კავკასიის რადიკალური უკონტროლო­ ისლამისტური ჯგუფები. გარდა ამისა, საინტერესოა, როდის მერე ჩაითვლება რუსეთი დამარცხებულად, რას ნიშნავს რუსეთის დამარცხება. შესაძლოა დამარცხებულმა რუსეთმა რევანშის აღება და საკუთარ მოსახლეობასთან რეპუტაციის გამოსწორება საქართველოში გამარჯვების მოპოვებით სცადოს.

- პუტინის ჰუმანიტარული პოლიტიკის­ კონცეფცია ხომ არ ნიშნავს იმას, რომ იერიში­ მიიტანოს­ საქართველოზე? როგორ შეიძლება რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა, ისევე ხომ არა, როგორც უკრაინაში "დაიცვა"?

- რუსეთისთვის საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა ყოველთვის ხდება საბაბი ჩაერიოს მეზობელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში და ზოგ შემთხვევაში იმდენად აგრესიულადაც კი, რომ პირდაპირ შეიჭრას კიდეც. მაგალითად, 2008 წელს საქართველოში აგრესია, ერთი შეხედვით, თითქოს რუსეთის მოქალაქეთა დაცვის საფარქვეშ დაიწყო. იგივე განმეორდა უკრაინაშიც. კრემლი არაერთხელ დამუქრებია საქართველოს, უკრაინასა და სხვა რესპუბლიკებს, ამიტომ ამგვარი ჩანაწერი ახალი არ არის, თუმცა საქართველოსთვის მაინც საფრთხის შემცველია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან იმატა­ რუსი ტურისტების, ასევე იმ რუსი მოქალაქეების ჩამოსვლამ, რომლებიც დიდი ხნით, ზოგჯერ მუდმივად საცხოვრებლადაც რჩებიან. ზოგი აქ უძრავ ქონებას ყიდულობს,­ ზოგი ბიზნესს ხსნის. ახლანდელი კონცეფციაც არ არის ერთადერთი დოკუმენტი, წლების წინ კრემლმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევდა შეიარაღებული ძალები გამოეყენებინა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, დაეწყო პასპორტიზაცია ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებში ან უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ისიც, რომ რუსეთი კონცეპტუალურ დონეზე აცხადებს, დავიცავ რუსულენოვან მოსახლეობას საქართველოშიო. რუსულენოვანი სულაც არ ნიშნავს ეთნიკურ რუსებს, შესაძლებელია მათში სხვა უამრავი ეთნიკური რუსულენოვანი მოსახლეობა მოიაზრებოდეს.

- გამორიცხავთ, რომ პროვოკაციის შემთხვევაში შესაძლოა ყველაფერი საქართველოს სრული ანექსიით დამთავრდეს?

- რუსეთი ყოველთვის გამოიყენებს ეთნიკურ უმცირესობებს, საქართველოს ხელისუფლების მიმართ არალოიალურად განწყობილ რუსულენოვან ჯგუფებს, თუნდაც საქართველოში ახალშემოსულ ნაკადებს,­ რომლებშიც, არ არის გამორიცხული, პროვოკატორებიც იყვნენ. მეორე მხრივ, ეს პროვოკაცია შეიძლება ბუნებრივადაც მოხდეს, ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსებმა წლების განმავლობაში უამრავი ახალგაზრდა მოკლეს, რომ არაფერი ვთქვათ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებზე. რუსეთისა და საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა მეგობრული ნამდვილად არ არის და ეს შეიძლება გამოიხატოს ყოველდღიური კონტაქტის დროსაც.

- რა სქემით მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები საქართველოსა და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, როგორია მათი ხელწერა?

- ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში­ რუსულ სპეცსამსახურებს აინტერესებთ­ ანტაგონისტური ჯგუფების ჩამოყალიბება და არჩეული მთავრობების მაქსიმალური დისკრედიტაცია, პოლარიზაცია, რათა ვერ მოხერხდეს კონცენტრირება დეოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რუსეთისგან გათავისუფლების მნიშვნელოვან­ საკითხებზე. მაგალითად, დღეს საქართველოს პოლარიზებულ გარემოში ვერ ხერხდება შეთანხმება­ ისეთ მნიშვნელოვან თემებზეც კი, როგორიც არის საოკუპაციო ზოლის დაცვა, დეოკუპაციის პროცესები, ევროინტეგრაცია... უკრაინაშიც გამოჩნდა, რომ რუსეთი ცდილობდა შეექმნა ძლიერი­ ოპოზიცია, რომელიც ამ აგრესიის პარალელურად სპეცღონისძიებებით არსებულ რეჟიმს შეცვლიდა და პრორუსულ ხელისუფლებას მოიყვანდა კიევში. რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში პროპაგანდისტული ზემოქმედებით, საინფორმაციო ომით ცდილობენ პროდასავლური განწყობის შემცირებას­, ეკონომიკის დამოკიდებულებას რუსულ ეკონომიკაზე, რუსულ ფინანსურ ნაკადებზე. მოგეხსენებათ, რუსეთი გარდა სამხედრო კომპონენტისა, ეკონომიკას, მეცნიერებას, კულტურას, სპორტს, ყველა სფეროს იარაღად იყენებს. ბუნებრივია, რუსი ტურისტების დიდი რაოდენობით შემოდინებაც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა საქართველოსთვის დიდ საფრთხედ გადაიქცეს. რასაკვირველია, ამას დადებითი ფინანსური ეფექტი აქვს, მაგრამ რუსეთი ამით ოდესმე აუცილებლად ივაჭრებს და იტყვის, აღარ გამოვგზავნი ტურისტებს (ისევე, როგორც ფრენების შეწყვეტა, ღვინის ემბარგო იყო და ა.შ.), თუ პოლიტიკურ ლოიალურობას არ გამოიჩენთ რუსეთის მიმართო. ტურისტების გამოგზავნის შეფერხება ნიშნავს, რომ ქართულ მიკრო- და მცირე ბიზნესს, რომელიც ამ დროისთვის დამოკიდებული იქნება რუსულ ფინანსურ ნაკადებზე ძალიან გაუჭირდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს რუსეთისადმი ლოიალურობის მოთხოვნა უკვე ქართველი ამომრჩევლისგან. ცალკე პრობლემაა რუსეთში მცხოვრები და მომუშავე ქართველობა. რუსეთი ამასაც გამოიყენებს, ვინაიდან იქიდან გამოგზავნილი­ ფულით აქ ძალიან ბევრი ოჯახი ირჩენს თავს და ნებისმიერ მომენტში შეუძლია გადაკეტოს ეს სასიცოცხლო ხაზი.

- როგორ უნდა გაანეიტრალოს ასეთი საფრთხეები ხელისუფლებამ?

- აუცილებლად უნდა იგეგმებოდეს კონტრღონისძიებები. ფარული ღონისძიებები, ალბათ, მიმდინარეობს, რომელიც ვერ იქნება საჯაროდ გაცხადებული, თუმცა­ სასურველია მოსახლეობასთან სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია, რათა არ ვრცელდებოდეს ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები თუნდაც რუსი ტურისტების ასტრონომიულ ციფრებზე. მნიშვნელოვანია, რომ რუსი ტურისტები გაიფილტრონ - მათი საბანკო და ეკონომიკური აქტივობები,­ ეკონომიკური სუბიექტების დაარსება, უძრავი ქონების შეძენა მონიტორინგის ან გარკვეული რეგულაციების საგანი უნდა გახდეს. მნიშვნელოვანია პროვოკაციებისგან დაზღვევაც - მართლაც ანომალიური სიტუაციაა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის ვიზიტიორები ძალზე კომფორტულად გრძნობენ თავს იმ ქვეყანაში, სადაც 10 წლის წინ "ისკანდერებს" ისროდნენ და ტყეებს წვავდნენ. როდესაც რუსეთი დეკლარირებულად აცხადებს, რომ რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებებს თავის საზღვრებს გარეთაც დაიცავს, ცხადია, ასეთ ფეთქებადსაშიშ ვითარებაში ძალიან დიდია რისკი იმისა, რომ პროვოცირებულ ან ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება დაიწყოს.

სავიზო რეჟიმის შემოღება არ არის ამ ნაკადის მართვის ერთადერთი საშუალება. არსებობს სხვა საშუალებებიც, კონტროლი და ვიზიტიორების ყოფნის ვადის შემცირება - იყოს 30-40-დღიანი ვადა, რაც აპრობირებული მეთოდია. არსებობს ფილტრაციის მექანიზმებიც. თუ იმას შიშობენ, რომ სავიზო რეჟიმის შემოღებას კრემლის რეაქცია მოჰყვება, არ არის აუცილებელი ეს ღონისძიება. ეკონომიკური ბერკეტების ამუშავებაც საკმარისია, რათა აქ ვერ შეძლონ ქონების შეძენა, ჩვენი ეკონომიკის ჩამოკიდება რუსეთის ეკონომიკაზე...რუსეთის პროპაგანდა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით. შეიძლება გამოვყოთ პრორუსული ელიტების ფორმირება­ და იმ განწყობის დამკვიდრება, რომ პრორუსული ელიტა მოხვდეს პარლამენტში, ან მთავრობის დაკომპლექტებაში მიიღოს მონაწილეობა. მეორე კონტექსტია ნიჰილიზმის დამკვიდრება ევროინტეგრაციის მიმართ, რომ არაფერი გვეშველება, ნატო არ მიგვიღებს... ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ძირგამომთხრელი საქმიანობა მეზობლებსა და პარტნიორებთან ურთიერ­თობაში, ეროვნებაზე აქცენტის დასმა, რელიგიური უთანხმოების გამოწვევა, ეთნი­კური სამეზობლო დავების პოლიტიკურ კონტექსტში აყვანა... სამივე ეს მიმართულება საჭიროა რუსეთის სასარგებლო განწყობის დასანერგად, პრორუსული ელიტის ჩამოსაყალიბებლად. როგორც კი ეს ელიტა­ და კრიტიკული მასა ჩამოყალიბდება, რუსეთი არ დასჯერდება პროპაგანდას და კონვენციური საბრძოლო მოქმედებებითაც ეცდება ამ წარმატების დაგვირგვინებას. 2008 წელს რუსეთმა საბოლოო გამარჯვებას იმიტომაც ვერ მიაღწია, რომ არ არსებობდა ის დასაყრდენი ძალა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის დახმარებით აიღებდა ხელში მმართველობას... როგო­რც კი ის ფენა მიაღწევს კრიტიკულ მასას,­ როგორსაც შეიძლება აღწევდა 1921 წლის ოკუპაციისას, კონვენციური შეტევებიც დაუყოვნებლივ დაიწყება...