„დაწყებულია სამიზნე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის რუსიფიკაცია“ - კვირის პალიტრა

„დაწყებულია სამიზნე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის რუსიფიკაცია“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საზღვარგარეთ მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დასაცავად ახალი კონცეფცია დაამტკიცა. კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ, დსთ-ის ქვეყნებთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება იქნება. რა საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს პუტინის ახალი კონცეფცია, ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე­ გვესაუბრება:

lagazidze.jpg

- შეიძლება ითქვას, ეს საქართველოს მშვიდობიანი ოკუპაციის დაანონსებაა,­ თუმცა ახალი არაფერია. უკვე დიდი ხანია, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების დაცვა პუტინის იმპერიის გაფართოების ხედვის შემადგენელი ნაწილია­. უბრალოდ, ახლა არეალი გააფართოვა, რუსეთის მოქალაქეები აღარ იკმარა და მთლიანად რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის უფლება მისცა საკუთარ თავს. მით უფრო იმ ქვეყნებში, რომლებიც ახალ კონცეფციაშია მოხსენიებული. ფაქტობრივად, პუტინმა მოხაზა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომელთა ერთობლიობითაც რუსული იმპერიის აღდგენას აპირებს. როდესაც პუტინი საუბრობს რუსეთის მოქალაქეების თუ რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვაზე, ის პირდაპირ სამხედრო ოპერაციასაც გულისხმობს.

- რა შეიძლება გამოიყენოს პუტინმა რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის საბაბად?

- ნებისმიერი რამ. არ არის გამორიცხული, რომ ის დესანტი, რომელიც წელს ასიათასობით გადმოსხეს რუსეთიდან საქართველოში, სწორედ ასეთ საბაბს ელოდებოდეს. რა თქმა უნდა, იმ ათასეულობით რუსიდან, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს, ყველა დესანტი ვერ იქნება, მაგრამ პროცესი იმდენად უკონტროლოა,­ დამშვიდების უფლება ნამდვილად არა გვაქვს. არა მგონია, საქარ­თველოს ხელისუფლება ახდენდეს დიფერე­ნციაციას, თუ ვინ გამოექცა პუტინის რეჟიმს, ვინ ომში წასვლას აარიდა თავი და ვინ სპეცსამსახურის თანამშრომელია. უკონტროლოა არა მარტო რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა, არამედ მათ მიერ საბანკო ანგარიშების გახსნა, საცხოვრებელი ფართობების შეძენა და ბიზნესების რეგისტრაცია. ეს არის საქართველოში ჩადებული ნაღმები, რომელთა აფეთქება რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია. სხვათა შორის, პუტინის ამ კონცეფციაში არანაკ­ლებ საშიშია სხვა პუნქტები, რომლებ­ზეც ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას­. ეს არის სამიზნე ქვეყნების რუსიფი­კაციის დაანონსება­ - ანუ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონე­თის, მოლდოვისა და რაც მთავარია, საქართველოს დაბრუნების ცდა რუსულ კულტურულ და ენობრივ სივრცეში. შეიძლება ითქვას, უკვე დაწყებულია სამიზნე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის რუსიფიკაცია.

- კულტურული ღონისძიებებით როგორ უნდა მოხდეს სამიზნე ქვეყნების და მათ შორის საქართველოს რუსიფიკაცია?

- აქ მხოლოდ კულტურული ღონისძ­იებები არ იგულისხმება. გადამწყვეტი ფაქტორი ექნება რელიგიას, ერთმორწმუნეობას. სამწუხაროდ, ბევრს არ გაახსენდება­, რომ რუსეთი ერთმორწმუნე უკრაინას დაესხა თავს და რუსმა ჯარისკაცებმა ერთმორწმუნე ქალები და ბავშვები გააუპატიურეს, აწამეს, ამოხოცეს. რელიგიურ ექსპანსიასთან ერთად მთავარი მიმართულება იქნება ასევე პროპაგანდისტული და ფსიქოლოგიური დივერსია საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რადგან აქ საინფო­რმაციო ომი, ანუ "ტვინების გამორეცხვა", რუსებს უკვე კარგად აქვთ აპრობირებული. კამპანია "აბა, ომი გინდათ?!" ამის ნაწილია.

- კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსეთიდან მსგავსი საფრთხეები ყოველთვის არსებობდა­, მაგრამ გააზრებული პოლიტიკით ყველა საფრთხეს ანეიტრალებდნენ.

- რუსული ნაღმების ქართულ სახელმწიფოებრივ სხეულში ჩადებაა გააზრებული პოლიტიკა?! ახლა ხელისუფლება ელოდება, ვინ გაიმარჯვებს ომში. ალბათ, ფიქრობენ, რომ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში რუსული პრობლემების კვანძი თავისთავად გაიხსნება და მოასწრებენ ისევ დასა­ვლურ ნავზე შეხტომას, თავის გადარჩენას. თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს ხელისუფლებაში ბევრია ისეთი, ვინც ფიქრობს,­ რომ რუსეთი შეძლებს უკრაინის უკვე ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას და უკრაინის დათანხმებას ზავზე. შეიძლება­ ზოგიერთს იმის მოლოდინიც კი აქვს, რომ მოსკოვი კიევს მთელ ზღვისპირეთს წაართ­მევს. ამ ილუზიების ტყვეობაში მყოფი მმართველი პარტიის დიდი ნაწილი რუსები­სთვის ნებისმიერი სახის წინააღმდეგობის გაწევას აზრს მოკლებულად მიიჩნევს. ხელისუფლების ვითომ გააზრებული პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ელოდება, ვის სასარგებლოდ გადაიხრება ომის სასწორი, მანამდე კი პროცესი თვითდინებაზე აქვს მიშვებული. სხვაგვარად წარმოუდგენელია, უზარმაზარი გამოწვევებით სავსე რეგიონში სახელმწიფოს არ ჰქონდეს უსაფრთხოების სტრატეგია, კონცეფცია, რისკების შეფასების დოკუმენტი და ბნელში ხელის ცეცებით დადიოდეს.

- იქნებ ჩვენი გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, სწორედაც ასეთი ლავირება, რუსეთთან მოჩვენებითი დათმობა და ოქროს შუალედის დაჭერის ცდაა ერთადერთი გამოსავალი?

- მე არ ვამბობ, რომ რუსულ პროვოკ­აციას თვალდახუჭული უნდა წამოვეგოთ. იმას ვამბობ, რომ არასწორია თავადვე შექმნა ის ბომბები, რომელთა განეიტრალების რესურსი შენ არა გაქვს.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, "ქართულმა ოცნებამ" თავად გაუხსნა კარი რუსულ პროპაგანდას, თავად შეუწყო ხელი ქართველი საზოგადოების უკიდურეს პოლარიზებას, თავად აწარმოა ისეთი პოლიტიკა, რომ საკუთარი ამომრჩევლის ერთი ნაწილი ყალყზე დააყენა დასავლეთის წინააღმდეგ. რუსეთისთვის არც მოლდოვას დაუწესებია სანქციები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით ამით არ ამაყობს.

- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რუსეთს, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან რთულ ბრძოლას აწარმოებს უკრაინასთან, რამდენად აქვს საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების რუსიფიკაციის რესურსი?

- რა უნდა ისეთი პატარა ქვეყნის რუსიფიკაციას, როგორიც საქართველოა?

- მაგრამ თქვენ თქვით, რომ საქართველოსთან ერთად რუსეთის სამიზნე ქვეყნებია ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი და მოლდოვა.

- შეგვიძლია ბალტიის ქვეყნები გამოვრიცხოთ, იქ ისეთი კანონები მიიღეს, რუსეთს საინფორმაციო ომის წარმოებისთვის ხელ-ფეხი აქვს შეკრული. ჩვენთან მთელი უბედურება ის არის, რომ სრულიად გახსნილია ჩვენი საინფორმაციო სივრცე რუსეთისთვის. მოლდოვაშიც არის პრობლემები, მეხუთე კოლონისა და პრორუსულად განწყობილი საზოგადოების თუ ეთნიკური რუსების სახით. ამ დღეებში თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდება უკრაინას", სადაც რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები და პერსპექტივები განიხილებოდა და რომელიც წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, პირდაპირ ითქვა, თუ რუსეთი უკრაინაში არ გავაჩერეთ, რამდენიმე წელიწადში ბალტიის დედაქალაქებში ვნახავთ ბუჩასო. დასავლელი პარტნიორები, ჩვენგან განსხვავებით, უკვე ძალიან კარგად ხვდებიან, რომ რუსეთს ძალის გარდა ვერაფერი შეაკავებს, რომ ამ ხალხთან არ ჭრის დიპლომატია და დათმობის პოლიტიკა.

- კონფერენციას ბოიკოტი გამოუცხადა­ მმართველმა გუნდმა, თუმცა რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა მკვეთრად გამოხატული პროდასავლური განცხადებები­ გააკეთა და ცალსახად გაემიჯნა "ქართული­ ოცნებიდან" განდგომილ ოთხეულს, რომლებიც დასავლელი პარტნიორების კრიტიკით არიან დაკავებული. რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში?

- ჩემი შეხედულებით, პრემიერმა ღარიბაშვილმა დასავლეთის მხარდამჭერი განცხადებები იმიტომ გააკეთა, რომ ბრიუსელში, კეთილგანწყობილ გარემოში უნდოდა­ ჩასვლა. პრემიერის ვიზიტის პარალელურად, მისმა თანაგუნდელებმა პირდაპირ მტრად შერაცხეს საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები. არადა, იქ წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა გავლენიანი დასავლელი პოლიტიკოსი. ისინი, ვინც პოლიტიკურ ამინდს ქმნიან და ვინც საქართველოს როლს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ახალ მსოფლიო წესრიგში. მათ შორის იყვნენ ისინი, ვინც საქართველოს ინტერესების დასაცავად წლების განმავლობაში საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე გაცილებით მეტი გააკეთა. მათი მტრებად და ექსტრემისტებად გამოცხადება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ სვლაა.

- ყველაფრის მიუხედავად, ბრიუსელში საქართველოზე საკმაოდ კეთილგანწყობილი განცხადებები გააკეთეს.

- სწორედ ამის თქმა მინდოდა. ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლება პოზიტიური მესიჯებით წარდგა და შესაბამისად, კრიტიკაც არ იყო მძაფრი. პოზიტიურ მესიჯებში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება მზად არის ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების პროცესში კარი გაუხსნას მთელ პოლიტიკურ სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოებას. გონივრულად მოქმედებს "ქართული ოცნება", ყველანაირად ცდილობს შექმნას ისეთი მოცემულობა, რომ თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს, ყველაფერი ოპოზიციას დაჰბრალდეს. მმართველი გუნდის ლიდერებმა უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ თავად ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია უარს ამბობს პროცესში მონაწილეობაზე. მეტსაც გეტყვით: უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში "ქართული ოცნება" იმასაც­ შეეცდება­ საზოგადოებას უთხრას: აი, ხომ ხედავთ, ომსაც აგარიდეთ­ და გამარჯვებულის მხარეზეც დავდექიო. რას აკეთებს ამ დროს ოპოზიცია?! ერთი და იგივე გატკეპნილი ფრაზები და ტაქტიკა.­ საქართველოში ქარიზმატული ლიდერების დრო წავიდა. ამიტომაც,­ და ეს ძალიან კარგია, დადგა დიდი სახელმწიფოებრივი იდეების დრო. ოპოზიციამ ასეთი­ იდეა თუ ვერ იპოვა - როგორ ააშე­ნებს ქვეყანას, რომელიც მოქალაქეების ღირსების­ საგანიც იქნება, კეთილდღეობის წყაროც და იმავდროულად ექნება უნიკალური ფუნქცია საერთაშორისო არენაზე - უფრო გაღრმავდება ნიჰილიზმი ქართული პოლიტიკური სპექტრის მიმართ.

ხათუნა ბახტურიძე