"დამიჯერეთ, საქართველოში ამდენი რუსის შემოსვლა კარგის ნიშანი არ არის. ძალიან ვერაგი ხალხია... მოვა დრო და ამას მიხვდებით, მაგრამ ვშიშობ, გვიანი არ იყოს" - კვირის პალიტრა

"დამიჯერეთ, საქართველოში ამდენი რუსის შემოსვლა კარგის ნიშანი არ არის. ძალიან ვერაგი ხალხია... მოვა დრო და ამას მიხვდებით, მაგრამ ვშიშობ, გვიანი არ იყოს"

ქეთი ლეშკაშელი ერთ-ერთი იმ ქართველთაგანია, რომლის ძებნა რუსულ სპეცსამსახურებს აქვთ გამოცხადებული. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა 27 წლის ქეთი ლეშკაშელი "ქართული ლეგიონის" მეთაურ მამუკა მამულაშვილსა და სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად რუსი სამხედროების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში დაადანაშაულა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა. ვინ არის სინამდვილეში ქეთი ლეშკაშელი, რა მისია აქვს მას ფრონტის ხაზზე და რა არის მისი ბრძოლის მოტივი, ამის შესახებ ქართველი მებრძოლი გოგონა გვესაუბრება:

- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ბერლინის კოვიდკლინიკაში ექთანად ვმუშაობდი. პროფესიით ექიმი ვარ. უკრაინაში­ ჩამოსვლის შემდეგ საველე მედიცინის კურსები გავიარე, მაგრამ იარაღის­ აღებამაც მომიწია. საბრძოლო მოქმედებების დროს სამხედროებს ფეხდაფეხ მივყვები, ჯიბეში ყოველთვის მიდევს ორი პაკეტი - ერთი დაჭრილზე დასაფარებლად, მეორე - დაღუპულებისთვის. აქ ყველას ერთმანეთის სიცოცხლე გვაბარია. ჩემთან ერთად ლაგოდეხელი გოგოა. რუსების დაბომბილი დასახლებებიდან დაჭრილი ბავშვები, ქალები და მოხუცები გამოგვყავს.

დედა ემოციურად შეხვდა ჩემს გადა­წყვეტილებას უკრაინაში წამოსვლის შესა­ხებ. ჩემი ძმა ამერიკაშია და ვიცი, რომ შეეძლოს, ჩემ გვერდით იქნებოდა.

- როგორი განცდით მიდიოდით ფრონტის ხაზზე და რა დაგხვდათ სინამდვილეში?

- მეგონა, როგორც კი ფრონტის ხაზზე­ მოვხვდებოდი, მაშინვე ბომბი დამეცემოდა. პირველი ემოცია, შიში, სირენის ხმას უკავშირდება. ბუნკერში ჩავედი, მაგრამ ეს იყო პირველი და უკანასკნელი. მძიმედ დაჭრილებსა და მიცვალებულებთან­ კონტაქტიც პირველი რამდენიმე დღე გამიჭირდა. ისეთი განცდა მქონდა, რომ პირში სისხლის გემო მქონდა, საჭმელსაც ვეღარ ვჭამდი. მერე ყველაფერს მივეჩვიე.

- რუსი სამხედროების წამებაში რატომ დაგადანაშაულეს?

- რუსებს რომ ჰკითხო, არა მარტო სამხედროების წამებაში მედება ბრალი, თურმე სევეროდონეცკსა და მარიუპოლში­ მშვიდობიანი მოსახლეობაც დამიხოცავს. რამდენიმე აფეთქების ორგანიზატორიც ვყოფილვარ. არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ტყვედ ამიყვანეს სხვა მებრძოლ ქალებთან ერთად. ფეისბუკანგარიშმა Gურამი Xაფავა უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალების ტყვედ აყვანის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, მას თან ახლდა რუსული ტელეგრამარხის „Я в курсе“ სქრინი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "ქართული ლეგიონის" წევრი ქალები,­ რომლებიც სევეროდონეცკში უკრაინის მხარეს იბრძოდნენ და დონეცკში მშვიდობიან მოსა­ხლეობაზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ,­ ალყაში მოაქციეს და ტყვედ აიყვანეს. გავრცელებული იყო ჩვენი, რამდენიმე გოგონას ფოტოც. ამ ყველაფერში ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ფოტოზე ყველანი ვიცინით. ესე იგი, რუსების ლოგიკით ტყვეობა ძალიან გაგვიხარდა. რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა ჩემზე აღარ მოქმედებს. ჩემს თანამემამულე ქართველებზე­ მწყდება გული. საქართველოში ჩემი სახლის ეზოში ჩემს ავტომობილს სახელურები დააძვრეს. ეს ხომ აშკარად არ იყო ძარცვა?! გამაფრთხილეს! ძალიან მაინტერესებს, რას მაფრთხილებენ, ჩემს სამშობლოში რუსულ ოკუპაციას არ ვებრძოლო?!

- ამ ყველაფრის მართლა არ გეშინიათ?

- არა, როდესაც ფრონტის ხაზზე ვარ, დაჭრილს ვეხმარები ან მიცვალებული გამომყავს, ასეთ დროს შიშის დრო არა მაქვს. სამშვიდობოს რომ გამოვალთ და ყველაფერს გავაანალიზებ, კი შემეშინდება ხოლმე, მაგრამ ისიც წამიერად.

- საქართველოში დაბრუნებას როდის აპირებთ?

- როდესაც უკრაინაში რუსეთი დამარცხდება. ბევრი მეკითხება, რატომ იბრძვის სხვის ომშიო. ნუთუ ამ კითხვის ავტორებს დაავიწყდათ, რომ რუსეთმა­ აფხაზეთი­ და ოსეთი წაგვართვა, რომ მუდმივად იტაცებს ჩვენს მიწებს, აწამებს და კლავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ქართველებს. 2008 წელს ჩვენი ძმები რომ დახოცეს, მათ გამო შური იძიეთ?! გიორგი ანწუხელიძის წამებისთვის პასუხი აგებინეთ ვინმეს?! ჩვენ, უკრაინაში საქართველოს სახელით მებრძოლები ვაკეთებთ ამას თქვენ მაგივრადაც! ვისაც ამის გაკეთება არ შეუძლია, ნუ გვანამუსებენ. რუსეთში დავიბადე, რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, 11 წლის ასაკამდე ვცხოვრობდი ამ წყეულ ქვეყანაში. მას შემდეგ იქ ფეხი აღარ დამიდგამს... ბებია უკრაინელი მყავს, გარეგნობით რუსს უფრო ვგავდი, ვიდრე ქართველს. მე რუსის ხასიათს კარგად ვიცნობ და ვიცი, რაც არიან. რა ქრისტიანობაზე უნდა ილაპარაკონ იმ ერის წარმომადგენლებმა, რომლის ჯარისკაცები ბავშვებს, მოხუცებსა და ქალებს აწამებენ, ხოცავენ?! უმწეო ბავშვებსა და მოხუცებზე როგორ უნდა იძალადო, თუ ღვთის რწმენა გაქვს?! ისეთი საშინელებები ვნახე, ვერ წარმოიდგენთ, ამის ჩადენა ადამიანს თუ შეეძლო.

- თქვენთან ერთად სხვა ქართველი გოგონებიც არიან?

- როგორ არა, თუმცა მე ორ მათგანს გამოვყოფდი, გვანცასა და ნენეს. ორივე 25 წლისაა, ძალიან მაგარი გოგონები არიან.

- ამ ომმა რა შეცვალა თქვენს მსოფლმხედველობაში?

- თავიდან მეგონა, ამდენი სისხლისა­ და მიცვალებულის ნახვა ნევროზს დამმართებდა, მორალურად გავნადგურდებოდი, მაგრამ პირიქით მოხდა - შიში დავამარცხე.

- თუ ყოფილა შემთხვევა, რომ დაჭრილი­ ვერ გადაგირჩენიათ და ამაში საკუთარი თავი დაგიდანაშაულებიათ?

- მე ყველაფერს ვაკეთებ დაჭრილების გადასარჩენად, თავადაც დავჭრილვარ. ასეთ დროს ვცდილობ ცივი გონებით ვიმოქმედო. ამას უნდა შეეგუო.­ ერთხელ ახალმოსული მოხალისე გვეხვეწა, მეც წამიყვანეთ დავალებაზეო, უარს ვეუბნებოდით, მაგრამ არ დაიშალა, წამოგვყვა და დაიღუპა. ამაში თავი რომ დაგვედანა­შაულებინა, ჩვენი მოვალეობის შესრულებას ვერ შევძლებდით.

- გქონიათ მომენტი, როდესაც გიფიქრიათ, რომ მორჩა, ყველაფერი დასრულდა?

- კი, არაერთხელ. ერთხელ ერთ ქალა­ქში ჩავიკეტეთ და რაღაც მომენტში გამი­ჩნდა განცდა, რომ ცოცხლები ვეღარ გავაღწევდით. სხვათა შორის, მერე რუსებთან ახლო კონტაქტმა მოგვიწია. ისეთი განცდა­ მქონდა, თითქოს მარტო ჩვენ ვისროდით, მერე ვიდეო ვნახე, რომ სნაიპერის­ ტყვიამ ორჯერ გამიარა მილიმეტრებში. ამ შემთხვევიდან მეორე დღეს თანამებრძოლებმა­ ოპერაციაზე არ წამიყვანეს, ბაზაში დამტოვეს. ჩემთვის რაღაც საქმეს ვაკეთებდი ეზოში და უცებ აერობომბი ჩამოვარდა ზუსტად ორი სახლის მოშორებით. ტალღამ რამდენიმე მეტრზე გადამაგდო. ვიგრძენი, რომ ცხვირწინ რაღაც ძალიან თბილმა ჩამიქროლა. თურმე ყუმბარის ნატეხი ყოფილა, იქვე ვნახე კედელში გაჭედილი.

- არც ამ მომენტში შეგეშინდათ?

- გეტყვით, როდის შემეშინდა: ჯავშანმანქანით მივდიოდით და ბურიატებმა ტანკით­ გზა გადაგვიკეტეს. აი, მაშინ მართლა­ შემეშინდა. გამოუვალ სიტუაციაში­ აღმოვჩნდით, იარაღის სროლასაც არ ჰქონდა აზრი, რა უნდა გვექნა ტანკისთვის?! გვესროლეს, მაგრამ გადავრჩით. ნაიარევი­ კი დამიტოვეს, მაგრამ მაგისთვის შური უკვე ვიძიეთ...

- რუს დაჭრილს უმკურნალებდით?

- რომ წარმოვიდგენ, იმ რუსს რა აქვს გაკეთებული, არ შემიძლია მისი დახმა­რება. ის რომ ღირსეული მებრძოლი იყოს და მხოლოდ თანასწორს, ასევე მებრძოლს უსწორდებოდეს, რა თქმა უნდა, ვუმკურნალებდი, მაგრამ რუსები მებრძოლები კი არა, ბანდიტები, მოძალადეები და მკვლელები არიან... დამიჯერეთ, საქართველოში ამდენი რუსის შემოსვლა კარგის ნიშანი არ არის. ძალიან ვერაგი ხალხია, რისთვის რას გამოიყენებენ, ქართველები ვერც წარმოიდგენენ. მოვა დრო და ამას მიხვდებით, მაგრამ ვშიშობ, გვიანი არ იყოს.

ხათუნა ბახტურიძე