"ეს თქვენი სახლი არ არის, - ამბობდა აფხაზი. "გახდება", - პასუხობდა რუსეთიდან ჩამოსული" - რუსული შეტევა აფხაზეთზე - კვირის პალიტრა

"ეს თქვენი სახლი არ არის, - ამბობდა აფხაზი. "გახდება", - პასუხობდა რუსეთიდან ჩამოსული" - რუსული შეტევა აფხაზეთზე

"ორ თვეზე მეტია ბიჭვინთაში ვცხოვრობ და ვმუშაობ - კაფეს მენეჯერი ვარ. სხვადასხვა დროს მიწევდა აფხაზეთში ჩამოსვლა - სტუმრად, ნათესავებთან, ახლობლებთან და ასეთი აგრესიულობა, რასაც ახლა აქაურები იჩენენ რუსების მიმართ, არასდროს­ შემიმჩნევია. ვიღაცები ცდილობენ სიტუაციის დამშვიდებას, რომ ტურისტები და დამსვენებლები არაფერ შუაში არიან, პოლიტიკა სხვა რამეა და ის, რაც ახლა ბიჭვინთის გამო ხდება, მათი მთავრობის დამსახურებაა, მაგრამ ყოველთვის არ გამოსდით. არაერთხელ შევესწარი ასეთ დიალოგებს: "ეს თქვენი სახლი არ არის, - ამბობდა ერთი გაღიზიანებული აფხაზი. "გახდება", - პასუხობდა რუსეთიდან ჩამოსული", - უამბო "კვირის პალიტრას" ქართველმა ქალმა, რომელიც რამდენიმე თვეა აფხაზეთშია. 36 წლის ესმას­ დედა აფხაზი ჰყავს, რამდენიმე წლის წინ მისი დაც სოხუმელ ბიჭს მისთხოვდა. აფხაზეთში ცხოვრობს დედაც, რომელიც წლებია მძიმე დაავადებას­ ებრძ­ვ­ის და სამკურნალოდ თბილისში გადმოდის.

- დედა დიდი ხანია სიმსივნეს ებრძვის­. პანდემიის დროს კომპანია, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი, დაიხურა, მეც თბილისის ბინა დავკეტე და დროებით აფხაზეთში დედასთან გადავედი, თუმცა "დროებით" დღემდე გრძელდება. ქართულ მხარეს პერიოდულად გადმოვდიოდი, ერთ-ერთ კომპაქტურ დასახლებაში ვცხოვრობ.

დედას პატარა მაღაზია აქვს. აფხაზეთში­ ყველაფერი ძვირია, ამიტომ მე და რამდენიმე ქალი ზუგდიდში გადავდიოდით და იქიდან მოგვქონდა სურსათი და პირველადი­ მოხმარების საგნები. ერთ დღესაც ახლობელმა მე და ჩემს აფხაზ მეგობარ გოგონას შემოგვთავაზა, რიწაზე კაფეს ვხსნი, თუ დამეხმარებით, ნაწყენს არ დაგტოვებთო. ქართული ვალუტით 1.000 ლარი გამომდის. იქვე ვცხოვრობ, გესტჰაუზში, გზის, ბინის და საკვების ფული არ მეხარჯება.

აფხაზეთში რუსეთისთვის დაწესებული­ სანქციების პარალელურად იმატა რუსეთის­ მოქალაქეების შემოდინებამ. შეზღუდვების მიუხედავად, მიწებს და უძრავ ქონებას ყიდულობენ. დიდ ობიექტებზე, ბიჭვინთის აგარაკზე, აგუძერის პარკსა და სოფელ აიბგაზე ატეხეს დიდი ამბავი, თორემ პანტაპუნტით ყიდულობენ მიწებსაც და სახლებსაც. ხსნიან­ კვების ობიექტებს, სურსათისა და სხვა მაღაზიებს. იმატეს აფხაზეთის მოქა­ლაქეობის მსურველმა რუსებმა,­ რადგან მათ ბინის, სახლის ან მიწის ნაკვეთის შეძენაზე შეზღუდვა არა აქვთ. ბოლო დროს აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების საფუძველი სხვა რამეც გახდა - წვრილფეხა მეწარმეები აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ თავისუფლად გადადიან ქართულ მხარეს, ყიდულობენ სხვადასხვა პროდუქციას, უკვე შეძენილ გზისპირა მიწის ნაკვეთებზე აშენებენ შენობებს­ ან სულაც ქირაობენ და შერეულ მაღაზი­ებს ხსნიან. აქ შეიძლება ერთ სივრცეში შეიძინო­ ნემსი და დივანი, გვერდით ოთახში­ კი მიირთვა ხაჭაპური და დალიო გაზიანი წყალი. რასაკვირველია, იციან, რომ რუსეთის მოქალაქეებს ენგურის ხიდზე გადა­სვლის პრობლემა აქვთ, ეს კანონდარღვევად ითვლება, აფხაზები კი უპრობლემოდ გადადიან.

afxaz2-1662898789.jpg

- აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება რთული პროცედურა არ არის?

- აქამდე მთელი ნუსხა იყო, რაც მოქალაქეობის მსურველს უნდა დაეკმაყოფილებინა, მაგრამ აქ კორუფცია ყვავის და პრობლემას არაფერი წარმოადგენს. აფხაზეთის მოქალაქეობას პირს ანიჭებს­ "პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპეციალური კომისია". განაცხადის განხილვის შემდეგ აუცი­ლებელია პირი აფხაზურ ენას ფლობდეს და აფხაზეთის­ "კონსტიტუცია" ჩააბაროს, სამედიცინო ცნობები მიიტანოს, რომ ჯანმრთელია, ასევე გავლენიანი პირის რეკომენდაცია, მაგრამ ამას მარტივად აგვარებენ - გავლენიანი პირი იღებს დიდ თანხას და რუსეთის მოქალაქეს აფხაზეთის მოქალაქეობის შუამდგომლობას ყველა ინსტანციაში უწევს. უკვე არიან საჯარო პირები, რომლებიც ყველა პროცედურას ონლაინ აკეთებენ, უფრო სწორად, აჩალიჩებენ. ვიღაც ჩინოვნიკის რეკომენდაცია, სხვადასხვა ფასი ღირს, გააჩნია აფხაზი ჩინოვნიკის პოსტს და რუსეთის მოქალაქის მატერიალურ შესაძლებლობებს, ისე კი საშუალო ფასი მილიონი რუბლია. არის მეორე გზაც - "პრეზიდენტი", ანუ თავად ასლან ბჟანია აძლევს "მოქალაქეობას", თანაც მხოლოდ ცნობილ პირებს, რუს ბლოგერებს, მომღერლებს, მსახიობებს, ჟურნალისტებს, რომლებიც რუსეთისთვის სასარგებლო პროპაგანდას ეწევიან. შესაბამისად, მათ საკუთრებაშია მიწის ნაკვეთები, ბინები და აგარაკები ბიჭვინთაში, გაგრასა და სოხუმში...

ბიჭვინთის გამო დაპირისპირება მხოლოდ ადგილობრივების სუსტი პროტესტის გამოძახილია. ცუდი ის არის, რომ გამოსვლები მხოლოდ გარკვეული ნაწილის პოზიციას გამოხატავს. ბოლო ხანებში ნამდვილად იზრდება ანტირუსული განწყობა და ამბობენ კიდეც, შესაძლოა ამ ყველაფერს კიდევ ერთი პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვეს, მაგრამ საქმე ის არის, მეორე მხარე, აქტიური ახალგაზრდების გარდა, პოლიტიკური გუნდი, რომელიც ბჟანიასა და "რკინის ალიკას", იგივე ალექსანდრე ანქვაბს, შეცვლის, არ არსებობს.

უკრაინაში საომრად წასულმა ახრა ავიძბამ გააპროტესტა ბიჭვინთის თემა, ნუ გვაბრმავებთო და ერთი-ორმა პოლიტიკურმა პარტიამ აუბა მხარი, თორემ გავლენიანები, მაგალითად, "ამცახარა" და სხვები ან ჩუმად არიან, ან მხარს უჭერენ. ვფიქრობ, სოხუმში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის მიერ ბიჭვინთის გასხვისების წინააღმდეგ დაწყებული მშვიდობიანი აქცია ლოზუნგებით "დღეს ბიჭვინთა­ და ხვალ?", "მეგობრობისთვის მიწით არ იხდიან" და მსგავსი ხასიათის გამოსვლები ძალიან გაბედული ნაბიჯია და შესაძლოა ანტირუსული განწყობა გაამწვავოს. მაგრამ არის სხვა ნაწილიც, ვისაც ძალიან მწარედ ახსოვს შარშანდელი ზამთარი. უშუქობის­ გამო მაღალ სართულებზე ტომრებით აჰქონდათ შეშა. ამიტომ გაზიფიცირებასაც ჩუმად, მაგრამ ინტერესით ელოდებიან, თან ხედავენ, რომ რუსეთი არ ჩქარობს. აქამდე რუსეთიდან მიღებულ ფინანსურ დახმარებას, პენსიას, ხელფასს, რეაბილიტაციასა­ და ე.წ. უსაფრთხოებას უპრობლემოდ იღებდა როგორც­ საშუალო­ ფენა, ისე პოლიტელიტა. რუსეთიდან გადმორიცხულ მსხვილ თანხებს, რომლითაც პროექტები უნდა განეხორციელებინათ, ერთმანეთში ინაწილებდნენ. ახალი კი, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, აღმოაჩინეს, რომ ძალიან მომრავლდნენ რუსეთის მოქალაქე­ები და ძალიან შეეშინდათ. დაიწყეს მსჯელობა, რა იქნება არჩევნებზე, ხმის მიცემის უფლება ხომ ამათაც ექნებათ... ისედაც უმცირესობაში ვართ, სომხები ბევრნი არიან და ქმნიან პოლიტიკურ ამინდსო. არიან ისეთებიც, ვისთვისაც მისაღებია რუსული ინვესტიციები. ეს ნაწილი დაიღალა იმით, რომ ვიღაცები ჩუმად და ვითომ პატრიოტული სახის შენარჩუნებით შოულობენ ფულს, აკეთებენ რემონტებს, ხსნიან კაფეებს, და ცხოვრების პირობებს იუმჯობესებენ. მათაც აქვთ გასაყიდი ბინებიც და მიწის ნაკვეთებიც, მაგრამ ამდენ ხანს თავს იკავებდნენ. ეს "დაჩაგრული" ნაწილი ახლა აქტიურობს, თუ უძრავი ქონების გაყიდვაზე ამნისტიაა, ყველასთვის იყოსო. ამიტომ დიდ ობიექტებს თუ ყიდულობენ რუსები, თან ხომ არ წაიღებენ, გაარემონტებენ, აღადგენენ და ისევ ჩვენი ხალხი დასაქმდება და ვიხეირებთო. სხვებს ის არ მოსწონთ, რომ ბიჭვინთაში რუსეთმა ერთი ნაწილი ბეტონის გალავნებით შემოღობა, მავთულხლართები შემოავლო, სათვალთვალო კამერები დააყენა და ხალხს ერთი სოფლიდან მეორეში გადასვლისას საბუთების წარდგენა უწევს. სხვები ამასაც ამართლებენ - ჩვენმა ხალხმა, სადაც ფეხი დადგა, ყველგან რაღაც გააყოლა ხელს, მოიპარა ან გააფუჭაო.

afxaz3-1662898790.jpg

არის კიდევ ერთი ნაწილი - ვისაც მიაჩნია, რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა იმიტომ გააპროტესტეს, რომ კომპენსაცია არ მისცესო.

- ქუჩაში ახალგაზრდები გამოვიდნენ და რუსული პოლიტიკა გააპროტესტეს.

- ყველაზე ჯანსაღად სწორედ ისინი აზროვნებენ. მათ ნაწილს, ვიდრე საგარეო მინისტრი არძინბა არასამთავრობოებს დევნას დაუწყებდა, ძალიან კარგი პროექტები ჰქონდა. ისინი საფრთხეებს რეალურად აღიქვამენ.

- ბოლო პროცესებმა ქართველი საზოგადოებით დაინტერესება გააჩინა?

- ინტერესი სულ იყო, ოღონდ უფრო ეკონომიკური და სოციალური. თუმცა მე არ შემხვედრია აფხაზი, რომელსაც საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება უნდოდეს. ძალიან ბევრი საბჭოთა კავშირს მისტირის. ბევრს სურს საქართველომ რაღაცებზე თვალი დახუჭოს, სავაჭრო თანამშრომლობა დაიწყოს და აფხაზეთს ევროპულ ბაზარზე გასვლაში დაეხმაროს. რაც შეეხება რუსეთს, რუსი ტურისტები სჭირდებათ, მაგრამ არ უყვართ, დამსვენებლები უნდათ, ოღონდ მასპინძლებივით რომ იქცევიან, ეს აღიზიანებთ. ჩვენც, ქართველებიც ვჭირდებით, მაგრამ არ ვუყვარვართ. თუმცა, თუ შევადარებთ, ბოლო ხანს რუსეთის მიმართ შიში უფრო გაიზარდა. როდესაც რუსეთის ელჩი აშკარა შანტაჟზე გადავიდა, თუ პუტინს ბიჭვინთის 184 ჰექტარს და 115 ჰექტარ ზღვის ფართობს არ გადასცემთ და ეს მღელვარება არ ჩაცხრება, გაგიყინავთ პენსიებს, შევწყვეტთ ინვესტიციას, შევაჩერებთ აეროპორტისა და რკინიგზის რეკონსტრუქციას და სამხედრო ბაზებს გავიყვანთო, ეკონომიკური ხასიათის მუქარა არ მოეწონათ, ბაზების გაყვანაზე იხუმრეს, იმან იდარდოს, ვისაც ალკოჰოლის ბიზნესი ჩაუწვებაო.

ბიჭვინთის აგარაკის გადასაცემად ძალიან სწორი დრო შეარჩიეს, მალე აცივდება და სხვადასხვა პრობლემა იჩენს თავს, რასაც დამოუკიდებლად ვერ აგვარებენ.