მაღალი მოდის მეფე, „ხელოვანების ხელოვანი“... - კვირის პალიტრა

მაღალი მოდის მეფე, „ხელოვანების ხელოვანი“...

კრისტობალ ბალენსიაგა თავისი დროის უდიდეს მოდელიერად იყო აღიარებული, "ხელოვანების ხელოვანად", როგორც დიორი ამბობდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ის იდუმალ ადამიანად დარჩა.

"ნუ დაიხარჯები ემოციურად ელიტარული საზოგადოებისთვის," - ეუბნებოდა კრისტობალი მეგობარს, ქსოვილების მხატვარ გუსტავ ზუმსტეგს. ბალენსიაგაზე­ უტყუარად მხოლოდ ორი რამ ვიცით: მას ჰქონდა სინუსიტი და უყვარდა თხილამურებით სრიალი. კრისტობალი მხოლოდ ორი ფოტოგრაფისთვის პოზირებდა - ჰენრი კარტიე-ბრესონისა და მანუ რეიუსთვის. ზოგიერთი ჟურნალისტი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ბალენსიაგა თავისი სახლის მოპირდაპირე მხარეს მდგარი გაზეთების ჯიხურის მეპატრონეს ფულს უხდიდა, რომ მას რკინის ჯოხით გაერეკა სახლთან შეკრებილი რეპორტიორები. ის ჩვენების ბოლოს არასდროს გამოდიოდა. ზოგიერთი ჟურნალისტი უჩინარ კაცად მოიხსენიებდა, ზოგიერთს კი ეჭვიც კი ეპარებოდა მის არსებობაში. დიანა ვრილანდი, "ვოგის" ლეგენდარული რედაქტორი, წერდა, თუ ოთახში შემოდიოდა ბალენსიაგას სამოსში გამოწყობილი ქალი, სხვა ქალების არსებობა აზრს ჰკარგავდაო.

ბალენსიაგა იყო კათოლიკე. მას უყვარდა რიტუალები, ვერ იტანდა უსარგებლო წვრილმანებს, ლაპარაკობდა ცოტას, რის გამოც საზოგადოება ასკეტურ პიროვნებად მიიჩნევდა, მისი მოდის სახლი კი მონასტერთან ასოცირდებოდა.

balen4-1662901469.jpg

იგორ ურია ზუბიზარეტა სწორედ­ კრისტობალის მონასტრად წოდებული სახლისა და მისი კოლექციების ხელმძღვანელია. გეტარიაში, ბალენსიაგას სამშობლოში, მისი სახელობის მუზეუმია, რომლის ხელმძღვანელი ზუბიზარეტა ჩვენს მკითხველს ექსკლუზიურად მოუთხრობს ბალენსიაგასა და მოდის დღევანდელობაზე.

- ჩვენი საუბარი, რა თქმა უნდა, მოდას შეეხება, თუმცა ჯერ თქვენ შესახებ გვიამბეთ.

- მე მაქვს ბასკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ბაკალავრის დიპლომი. ჩემი სპეციალობაა კონსერვაცია და რესტავრაცია. ასევე გავიარე სხვადასხვა სპეციალობის კურსები დეუსტოსა და ალკალა-დე-ენარესის უნივერსიტეტებში. ვსწავლობდი მოდისა და კაბების კურირებას ლონდონში.

2004 წლიდან ვიყავი მენეჯერი და მკვლევარი კოლექციების, რომელთაც აერთიანებდა კრისტობალ ბალენსიაგას ფონდი მისი დაარსების დღიდან. 2014 წლიდან კი კრისტობალ ბალენსიაგას მუზეუმის კოლექციების ხელმძღვანელი ვარ.

balen3-1662901469.jpg

- ვინ არის ბალენსიაგა თქვენთვის და მსოფლიოსთვის?

- კრისტობალ ბალენსიაგა ცნობილი იყო, როგორც მაღალი მოდის მეფე და მე ამას სრულიად ვეთანხმები. ის იყო ხელოვანი, რომელიც თამაშობდა ქსოვილებით, ქმნიდა შესანიშნავ ნიმუშებს. ბალენსიაგას მოდელებით გადმოიცემა არა მხოლოდ ქსოვილების ცოდნა, არამედ მოძრაობისას მისი გათავისების ხელოვნება. ის ქმნიდა ელეგანტურობის ნიმუშებს.

- მოეწონებოდა ბალენსიაგას დღევანდელი­ მაღალი მოდა?

- ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ მისგან და მისი ქმნილებებისგან, მაგრამ ძალიან ძნელია ვისაუბრო იმ ადამიანის სახელით, რომელიც 50 წლის წინ გარდაიცვალა.

- ხელიდან ვერ გავუშვებ შანსს, გკითხოთ დემნა გვასალიაზე, რადგან სწორედ მისი სამშობლოდან გეხმიანებით.

- დემნა გვასალიამ იცის ბალენსიაგას ფასი. მას ესმის ბალენსიაგას იდეები. ის თამაშობს ამ იდეებით, რომ ჩვენს თანამედროვეობაში შექმნას რაღაც ახალი.

მოდა მუდმივად იცვლება. ეს ყველამ უნდა იცოდეს და ქმნიდეს სტილს სხეულისა და ცხოვრებისათვის. ჩემი აზრით, შენ უნდა ათამაშო მოდის ის ტენდენციები, რომლებიც შენს სტილს, პიროვნულობას, სხეულს ერგება და უხდება. შენ ხარ საკუთარი სტილის შემქმნელი და გადაწყვეტილებების მიღებაც შენს ხელშია, ამიტომ რატომ უნდა მივცეთ მოდას უფლება, ჩაერიოს შენს გარეგნობაში?

balen2-1662901468.jpg

- რომ შეგეძლოთ რას ჰკითხავდით ბატონ კრისტობალს ახლა?

- "ბატონო ბალენსიაგა, ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნება თქვენთან მუშაობა. ამიყვანთ თანამშრომლად?"

- მუზეუმზე მოგვიყევით...

- ბალენსიაგას მუზეუმი 11 წლის წინ გაიხსნა. ჩვენი მიზანია, ყველა, ვინც დაინტერესებულია ბალენსიაგათი, ჩამოვიდეს გეტარიაში, იმ ქალაქში, სადაც დაიბადა კრისტობალი და რომელიც არასდროს დავიწყებია. ჩვენი აზრით, გეტარიაში მუზეუმის სტუმრობა მომლოცველობას ჰგავს. ჩვენ ვცდილობთ, სტუმრებს ვაჩვენოთ ბალენსიაგას ფასეულობები, მისი შეხედულებები­ და გულწრფელობა (ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის). ამჟამად ორ გამოფენას ვმასპინძლობთ: "პერსონაჟი ბალენსიაგა" და "ტომ კუბლინი". ჩვენს საიტზეც შეგიძლიათ გაეცნოთ გამოფენების შესახებ ინფორმაციას. მე, როგორც კურატორმა, შემიძლია ყველას ვაჩვენო, როგორი მახასიათებლები აქვს ბალენსიაგას და რატომ არის ასეთი საინტერესო მისი ყველა ნამუშევარი, პირველი კოლექციიდან ბოლო ქმნილებებამდე.

ბალენსიაგას პირველი კოსტიუმი

ყველაფერი ბასკეთის ერთ პატარა სოფელში, გეტარიაში დაიწყო გასული საუკუნის დასაწყისში. ამ ამბის ბევრი ვერსია არსებობს, მაგრამ მე პოლინ დე როტშილდის ვერსიას მოგითხრობთ: გეტარიაში სანაპიროზე მოსეირნე ქალს 13 წლის ბიჭი აედევნა, მიუახლოვდა და ჰკითხა: "შეიძლება კოსტიუმი შეგიკეროთ?" შავგვრემანი ბიჭის სანდომიანმა სახემ ისე მოხიბლა ქალბატონი, რომ გაჩერდა, თუმცა გაოცება ვერ დამალა: "რატომ გინდა ეს?" "ვფიქრობ, რომ გამომივა", - უპასუხა ბიჭმა. ამ ბიჭს კრისტობალ ბალენსიაგა ერქვა, ქალბატონი კი მოხუცი მარკიზა დე კასა ტორესი იყო. ალბათ, წირვიდან ბრუნდებოდა, როცა პატარა კრისტობალს შეხვდა. ლეგენდის თანახმად, კრისტობალმა ისეთი დახვეწილი სამოსი შეუკერა ქალბატონს, რომ ის მისი მფარველი გახდა. სწორედ მარკიზამ წაიყვანა მოზარდი კრისტობალი პარიზში, სახელოვან მოდელიერ ჟაკ დუსესთან.