საქართველოსთვის უცნობი ქართველი მონა მხატვარი - კვირის პალიტრა

საქართველოსთვის უცნობი ქართველი მონა მხატვარი

"იყო ერთი ბიჭი, გვარად ჯაბადარი კახეთიდან. გაიტაცეს ან გაყიდეს ირანში მონად. თავისი ნიჭის წყალობით შახის კარზე მოხვდა. იყო მხატვარი - ილუსტრატორი და ფერმწერი... მისი ნამუშევრები საქართველოში არ მინახავს, მაგრამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დიდ გალერეებში, მათ შორის მეტროპოლიტენის მუზეუმში, ლონდონში, გერმანიაში, საფრანგეთში, ერმიტაჟშია დაცული... ალი-ყული ჯაბადარი (დაახლოებით 1665-1694 წწ.) იყო ევროპული და აღმოსავლური სტილის მხატვარი. მისი ბევრი ნამუშევარი დღემდე ლონდონის დახურულ აუქციონზე იყიდება. კარგი იქნებოდა ამ ქართველი მხატვრის ნამუშევრები ამ აუქციონებიდან საქართველოსაც შეეძინა, რადგან ძველი დროის ქართველ მხატვრებზე ძალიან ცოტა გვაქვს ინფორმაციაც და ნამუშევრებიც. ჯაბადარი (Aliquli Jabbadar) იმ ეპოქის უძლიერესი მხატვარია, უნდა ვიცნობდეთ მას..." - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მაია კიკაბიძემ,­ რომლისგანაც კიდევ ბევრი საინტერესო რამ შევიტყვეთ.

mxatvari3-1662911698.jpg

- მხატვარი ვარ და ხშირად ვათვალი­ერებ ინტერნეტგალერეებს, სხვადასხვა ქვეყნის სამუზეუმო არქივებს. შემთხვევით ელექტრონულ წიგნში წავაწყდი ინფორმაციას ალი-ყული ჯაბადარის შესახებ, სადაც ნახსენებია, რომ ის, შესაძლოა, საქართველოდან იყოს. გადავწყვიტე მის შესახებ წყაროები მომეძებნა, მაგრამ ინფორმაცია ძალიან მწირი აღმოჩნდა. რამდენიმე წყაროში­ შემხვდა ცნობები, რომ ის იყო მონა და, შესაძლოა, საქართველოდან. ერთ-ერთ ხელმოწერაში მხატვარი თავად მიუთითებს თავის­ ქრისტიანულ წარმომავლობაზე. ჯაბადარები კახეთიდან არიან. მის ორ ნამუშევარს ქართული წარწერა ჰქონდა. ერთ-ერთი - "შაჰ სულეიმან I და მისი კარისკაცები" - ერმიტაჟში ინახება და ამ ნახატზე ორ ფიგურას ქართული წარწერა აქვს.

mxatvari4-1662911699.jpg

ჯაბადარი მინიატიურებს ხატავდა, იყო ილუსტრატორი და ფერმწერი, ევროპულ-ირანული მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი; მუშაობდა სამეფო სასახლის ინტერიერზეც. ნამუშევრებს ქმნიდა ელიტური ფენებისთვის, რადგან ნამყოფი იყო ევროპაში და იმდროინდელ ევროპულ მხატვრობასაც იცნობდა. მან ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ევროპული გავლენა სეფიანთა ტრადიციულ მინიატიურულ მხატვრობაში.

mxatvari2-1662911698.jpg

დღეს მისი ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებშია, მაგალითად: "ქალბატ­ონი კაცს გამაგრილებელს სთავაზობს" (ისლამური ხელოვნების მუზეუმი, დოჰა), "ცხენის შემოწმება" (ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი). "დიანა, ნადირობის ქალღმერთი" (მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი), "ქალბატონი ყვავილს სთავაზობს პრინცს" (ბრიტანეთის ხელოვნების მუზეუმი).

mxatvari6-1662911699.jpg

შემორჩენილია მისი რვა მინიატიურა. ოთხი მათგანი მეტროპოლიტენის მუზეუმში­ ინახება, ოთხი - რუსეთში. მისი ნამუშევრების ალბომი ინახება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, სანქტ-პეტერბურგში. ეს ნამუშევრები შეიკრიბა სპარსეთში 1739 წელს რუსეთის მიერ სპარსეთის გაძარცვის­ შემდეგ. მსგავსი ალბომი არის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმშიც, ნიუ-იორკში. გულსატკენია, რომ ასეთ შემოქმედზე უცხოური გამოცემები წერენ, ჩვენ კი მის შესახებ არაფერი ვიცით. ნუთუ საქართველო არასდროს დაინტერესებულა ამ მხატვრით?