ხადას სალოცავების ლეგენდები და მიტოვებული ხეობა - კვირის პალიტრა

ხადას სალოცავების ლეგენდები და მიტოვებული ხეობა

ამბობენ, მიტოვებული სოფელი ოხრავს და ავად ხდებაო. დღეს არაერთი სოფელია დაცლილი და განადგურებული. სოფელს - ქვეყნის მარჩენალს, ბოქლომი ადევს, ეზო-კარს ჭინჭარი და ანწლი მოსდებია... ხადას ხეობა ვახუშტი ბაგრატიონის წყაროებში მოხსენიებულია როგორც "ადგილი კლდოვანი და სამოც კოშკოვანი". იმავეს ამბობს ხალხური ლექსიც: "არ ვიცი ხანდო-ჭართალი, გუდამაყარი სად არი, ხადაში გამიგონია სამოცი ციხე მაგარი". ხეობის მთებზე შეფენილ სოფლებს უცნაური და რთულად წარმოსათქმელი სახელები ჰქვია: ბენიათბეგონი, როსტიანი, მუღურე, იუხო, წკერე.…ხეობა ერთხელ გატეხეს მონღოლთა შემოსევის დროს, ისიც 60-დან მხოლოდ 25 კოშკი აიღეს. სწორედ ხადიდან დალაშქრა და ჩაახშო თამარ მეფემ დიდოელთა და ფხოველთა აჯანყება. კრწანისში დამარცხებული მეფე ერეკლეც ხადაში მიუყვანიათ. როგორც ამბობენ, ხადის ხეობის ყველა კოშკში დღემდე სიწმინდეები ინახება. მათში შესვლა მხოლოდ სახატო დღესასწაულებზე და ისიც, მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ყველაზე მთავარ კოშკთან, რომელიც დასახლებული უბნებისაგან ყველაზე შორს და მაღლაა, ადრე ოქროს ყოჩები ბალახობდნენ, რომლებიც ხეობას ბოროტისაგან იცავდნენ. ახალგაზრდა პოეტი ზურა ბენიაიძე წარმოშობით ხადელია.

- ზედმეტი სიწყნარე და სევდაა ჩემს სოფელში, რაზეც გული ძალიან მწყდება. სამი კლასი სოფელ ხადაში ვისწავლე, შემდეგ სხვა სოფელში გადავედი სასწავლებლად. დღეს აღარც სკოლაა. 12 სოფელში 6 ოჯახიღა რჩება ზამთარში. ასაკიანი ხალხია, დიდი გაჭირვებით გადააქვთ ზამთარი.

xevi2-1662912549.jpg

შუა ხეობაში გაქვავებული დიდი ვულ­კანი გვაქვს, რომლის ასაკიც არავინ იცის და მისი ძირიდან ბუნებრივი გაზიანი სასმელი წყალი ამოდის, რომელიც ბევრ დაავადებას კურნავს. ვეძას წყალს ვეძახით. წლების წინ ამ ვულკანის თავზე ეკლესია იდგა, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ოსებმა დაანგრიეს და ხატი მოიპარეს. ახლა მხოლოდ ნანგრევებიღაა. ბევრი­ სალოცავია ხადაში და ბევრ დღეობას აღვნიშნავთ. ასეთი ნათქვამია: "ხადას ვერ დადგები ისე, რომ სალოცავს ზურგი არ აქციოო". ხადაში არის ტაძარი, რომელიც დაახლოებით მეთორმეტე საუკუნისაა. კომუნისტების დროს ტაძარი ისე შეათეთრეს, რუსულ ეკლესიას დაამსგავსეს. გული მტკივა,­ რომ სადაც ჩვენს მეფეებს ულოციათ, ის ტაძარი ახლა უმოქმედოა. ამის ერთ-ერთი მიზეზი სოფლის დაცლაა. სოფელში წირვა-ლოცვის ჩატარების მადლი არ არის და ვერც უფალს ვერ ვთხოვთ თამამად რაიმეს.

- როგორც ამბობენ, ამ ტაძარში დიდი სასწაულები ხდებაო.

- ვხედავდი ხოლმე როგორ ამოდიოდა დიდი ცეცხლის ბურთი ტაძრიდან და რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდგარ სხვა სალოცავში ჩადიოდა. შემდეგ უკან ბრუნდებოდა. ეს არც არავის უკვირდა.­ რომ გეკითხა, რა არისო, ყველა ერთ პასუხს­ გაგცემდა, სალოცავები სტუმრობენ ერთმანეთსო. ბოლო დროს მსგავსი რამ აღარ მინახავს,­ ალბათ, დავკარგეთ რწმენა და იმიტომ. ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთ სალოცავს ფრინველის სახე ჰქონდა და ხატის ტყეში ბინადრობდა. ერთხელაც მონადირემ­ ესროლა თოფი და დაჭრა. თურმე სახლში­ მისულს თოფი ვერ ჩამოუკიდია კედელზე, სულ ძირს უვარდებოდა. სახლში პაპა ჰყავდა, რომელსაც ეჭვით უკითხავს, რა ქენი, შვილო, ვერაფერი მოკალიო? არა, ვერაფერი და ხატის ტყეში რომ გამოვიარე­, ძალიან ლამაზი ფრინველი დავინახე და ვესროლეო. პაპა მაშინვე მიმხვდარა და უთქვამს: ცუდად გვაქვს საქმე, ხატისთვის გისვრიაო. იმ ღამეს მთელი გვარი გაწყდა. გველი ჩაეხარშათ საჭმელ რძეში და ერთი ორსული ქალიღა დარჩათ, რომელმაც არ ჭამა ის რძე და იმისგან გამრავლდა შემდეგ გვარი. იმათი სოფელი კი სულ დანგრეულა.

xevi3-1662912549.jpg

- დღეს ვინმე ცხოვრობს მუდმივად?

- ლადო პაპაღა იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიღუპა...

"დაღონებულხარ ხადაო, რაც არ გიხდება ძალზედა,/თვითონვე ჭირად მოელი, ფიფქის ჩამოყრას მთაზედა./იცი, რომ მარტო დარჩები, მიგატოვებენ შვილები/თოვლი აქ ყველას აშინებს, თუ გზებს შაუკრა პირები,/ხანია შემოდგომისა, მაგიტომ დაიბღვირები,/მაგიტომ იხვევ ნისლებსა, არ დაჩნდეს თოვლის ღილები./მაიწყენ, მარტო დარჩები გაგითეთრდება თმებია."

რუსუდან შაიშმელაშვილი