ჩამოქცეული ისტორია
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მწერალ სანდრო შანშიაშვილის ყოფილი მუზეუმის შენობა განადგურებულია, ორსართულიანი შენობის სახურავის ერთი ნაწილი ჩამოშლილია, მწერლის დროინდელი მარანი - ფანჯრებდამტვრეული და დაბინძურებული. მეორე სართულის მოჩუქურთმებული მოაჯირიც საცაა ჩამოიშლება.…ყოფილი მუზეუმი სოფლის შემაღლებულ ადგილზეა, საიდანაც ალაზნის ველის საუცხოო ხედი მოჩანს. შორიახლოს ძველი ტაძარი დგას, სადაც მოღვაწეობდნენ მწერლის წინაპრები. ასეთ ისტორიულ ღირსშესანიშნაობას დღეს პატრონი არა ჰყავს. გაუქმებულია მუზეუმის მენეჯერის შტატიც. ანა ცაკიაშვილი, სანდრო შანშიაშვილის ყოფილი მუზეუმის დირექტორი გვესაუბრება:
- მუზეუმის ყოფილი შენობა ისეა ამორტიზებული, ექსპონატები დავასაწყობეთ. იმედია, ოდესმე აღადგენენ და მუზეუმი მუშაობას დაიწყებს. სანდრო შანშიაშვილის მამა და პაპა სოფლის მღვდლები იყვნენ. სახლის პირველი სართული, სადაც მუზეუმი იყო განთავსებული, 1821 წელს სანდროს პაპის აშენებულია. შემდეგ მას მეორე სართული დააშენეს. სანდროს მშობლებს ოთხი შვილი ჰყავდათ. როდესაც სანდრო შანშიაშვილი გარდაიცვალა, მის სახლში მუზეუმის მოწყობა უმცროსმა ქალიშვილმა, ლატავრამ ითავა. 1986 წელს სოფელ ჯუგაანის კოლმეურნეობამ შანშიაშვილების მთელი სახლი გაარემონტა და ამის მერე გაიხსნა კიდეც სანდრო შანშიაშვილის მემორიალური მუზეუმი.
სანდრო ძალიან ხელმარჯვე იყო და ბევრი საოჯახო ნივთი თავად ჰქონდა გაკეთებული. ლატავრას ნათლია ზაქარია ფალიაშვილი იყო და როცა გოგონა მუსიკალურ სკოლაში შევიდა, ნათლიამ ფორტეპიანო აჩუქა, რომელიც მუზეუმში ინახებოდა. გამოფენილი იყო მწერლის მემორიალური მაგიდა, კარადები, ჭურჭელი, ცნობილი მწერლებისა და პოეტების ნაჩუქარი წიგნები მათივე ავტოგრაფებით.…
როგორც ჩანს, სანდროს სურდა გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მუზეუმი გახსნილიყო და ცნობილ სტუმრებს სახლის კედლებზე წარწერებს ატოვებინებდა. იყო ტიხონოვის, ლეონიძის, ზაბოლოცკისა და სხვათა წარწერები. როგორც ვიცი, კედლის წარწერები ახლაც არის.
- ეს შენობა ხომ სახელმწიფო საკუთრებაა, რატომ არ პატრონობს ხელისუფლება?
- სახლის ის ნაწილი, რომელშიც სანდრო შანშიაშვილი ცხოვრობდა, სახელმწიფოს ეკუთვნის, მეორე ნაწილი კი კერძო საკუთრებაა. ესეც ერთ-ერთი შემაფერხებელი ნიუანსია მუზეუმის აღდგენის. წინა ხელისუფლების დროს აივანი შეკეთდა, მაგრამ მერე შენობის სხვა ნაწილიც ჩამოიშალა. ერთ დღეს იატაკი მთლიანად ჩანგრეული დამხვდა. მალე მუზეუმის მეორე ნაწილშიც ჭერიდან წყალმა დაიწყო დენა. ზოგჯერ ჩანგრეული ნაწილიდან უცნაური ჭრიალის ხმა გვესმოდა. ერთ დღესაც მეზობელმა დაგვირეკა, შენობაში საშინელი ნგრევის ხმა იყოო. გავიქეცით და ამჯერად ჭერი ჩაინგრა. ნგრევის მერე კედლებმა და იატაკმა დეფორმაცია განიცადა, ნაპრალები გაჩნდა და მუზეუმის კარს ვეღარ ვკეტავდით და ნივთები გამოვიტანეთ. ექსპონატები სოფლის ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთ დარბაზში ინახება. შენახვის განსაკუთრებული პირობები, ცხადია, არა გვაქვს, მაგრამ უნიკალური ნივთები მზე-წვიმაში მაინც აღარ იქნება. მემორიალური სახლ-მუზეუმები საქართველოში ბევრი არ არის. ჩვენ ეს დატვირთვაც გვქონდა - მწერლისავე სახლში იყო მოწყობილი. ხშირად მოდიოდნენ სტუმრები თბილისიდან, სკოლებიდან მოჰყავდათ მოსწავლეები და ღია გაკვეთილებს ატარებდნენ. სოფელში შემოდგომობით იმართებოდა სანდროობა და კულტურულ ღონისძიებებს მუზეუმში ვატარებდით. მუზეუმს ჰქონდა შესანიშნავი მარანი ქვევრებით.
შენობას გზის მხარეს, კედელზე, აგურებით აქვს გაკეთებული წარწერა: ,,აერემ მღდისა ვარ", რაც ნიშნავს "ალექსანდრე მღვდლისა ვარ". როგორც ვიცით, ეს წარწერა შენობას სანდროს მამამ გაუკეთა. სანდროსაც პაპის სახელი ერქვა - ალექსანდრე.
სახლის ახლოს არის XVII-XVIII საუკუნეების ძელიცხოვლის სახელობის ტაძარი. სწორედ ამ ტაძარში მოღვაწეობდნენ სანდრო შანშიაშვილის პაპაც და მამაც. ისინი სოფლის მღვდლები იყვნენ და სოფელში წერა-კითხვის გავრცელებაში მონაწილეობდნენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელის ნათია ნადიკაშვილის თქმით, მუზეუმი დიდი ხანია საჭიროებს კაპიტალურად შეკეთებას. მე და ჩვენი მუნიციპალიტეტის არქიტექტორი ვიმყოფებოდით ადგილზე და სავარაუდოდ, 80-100 ათასი ლარია მის აღსადგენად საჭირო, სიღნაღის ბიუჯეტში კი ამხელა თანხა ჯერ ვერ მოვიძიეთო, გვითხრა ქალბატონმა ნათიამ.
სანდრო შანშიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ევროპული მოდერნიზმის თეორია შემოიტანა საქართველოში. ტიციან ტაბიძე მას თავის მასწავლებლად და სიმბოლიზმის "აკვნის დამრწევად" მიიჩნევდა. ქართული თეატრების სცენებზე წარმატებით იდგმებოდა მისი პიესები: "ბერდო ზმანია", "ანზორი", "ლატავრა", "არსენა"... მას ეკუთვნის 20-მდე ორიგინალური და 15-მდე ნათარგმნი პიესა. თარგმნა გოეთეს, შილერის, შექსპირისა და პუშკინის ნაწარმოებები. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია წლის საუკეთესო პიესისათვის ,,იმერეთის ღამეები". იყო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
ნელი ვარდიაშვილი