"ერთი წელი რომ არ დავორსულდი, დედამთილი ბერწ ძროხას მეძახდა... დედისგანაც მოფერება არ მახსოვს, რეზინის შლანგით მცემდა უმოწყალოდ, ძალიან მწარე იყო" - კვირის პალიტრა

"ერთი წელი რომ არ დავორსულდი, დედამთილი ბერწ ძროხას მეძახდა... დედისგანაც მოფერება არ მახსოვს, რეზინის შლანგით მცემდა უმოწყალოდ, ძალიან მწარე იყო"

ახალგაზრდა ქალი თავის პატარა გოგონასთან ერთად ქმრის ძალადობას გამოექცა და მან თითქმის ერთი წელი მსხვერპლთა თავშესაფარში გაატარა. ახლა ერთ-ერთ სალონში სტილისტად მუშაობს, თავისი შრომით არჩენს თავის პატარას. ამბობს, რომ ურთულესი ცხოვრება გამოიარა, არც ბავშვობა ჰქონია ლაღი და ოჯახის შექმნის შემდეგაც მასზე ძალადობა გრძელდებოდა.

ნინო:

- ძალადობრივ გარემოში ვიზრდებოდი. ჩემი მეგობრები რომ ყვებოდნენ, როგორ ანებივრებდნენ მშობლები და როგორ ბედნიერად ცხოვრობდნენ, მათ ყოველთვის შევნატროდი. მამაჩემი სულ სვამდა, ფიზიკურად ძალადობდა დედაჩემზე და ჩვენს სახლში სულ წივილ-კივილი იყო. მშვიდ ცხოვრებაზე ვოცნებობდი. ბევრჯერ ტირილში ჩამძინებია. რომ წამოვიზარდე, სულ ვფიქრობდი, ოჯახი თუ მექნებოდა, ჩემი შვილები მშვიდ გარემოში გაიზრდებოდნენ. მართლა არ ვიცი, ბედნიერი ბავშვობა რას ნიშნავს. არც ის ვიცი, სიტყვა დედა რა არის. დედისგანაც მოფერება არ მახსოვს. მისგან სულ მესმოდა, რომ მე ვარ ძალიან ცუდი და ოჯახს შევარცხვენ. თუ რამეზე ნერვები მოეშლებოდა, ჯავრს ჩემზე იყრიდა, მცემდა. მერე უხმოდ უნდა მეტირა, თუ ხმას ამოვიღებდი, უფრო მეტად მცემდა. რეზინის შლანგით მცემდა უმოწყალოდ, ძალიან მწარე იყო. ერთხელ ეს შლანგი დავწვი, ამის გამო კინაღამ მომკლა. ვუთხარი მირჩევნია ჯოხით მცემო, ეს უფრო მწარეა-მეთქი. მინდოდა მისთვის დამემტკიცებინა, რომ კარგი ვიყავი. სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი. სულ სკოლის ბიბლიოთეკაში ვიჯექი. ბევრი ტკივილი გადავიტანე, დღემდე იმის რწმენა მაძლიერებს, რომ ოდესმე მზე ჩემთვისაც გამოანათებს. ყოველ დილით უიმედოდ ვიღვიძებდი. მთელი ცხოვრება ერთადერთი სურვილი მქონდა, მშვიდად მეცხოვრა.

- მეზობლები, ან ნათესავები არ სთხოვდნენ პასუხს თქვენს მშობლებს?

- სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, ხომ გაგიგიათ. ბავშვობაში სულ მეგონა, სხვებს სხვის ოჯახში ჩარევის უფლება არ ჰქონდათ. დეიდა ამბობდა, უნდა მოითმინო, რადგან დედაშენს რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი და ნერვები არ უვარგაო. ბევრჯერ მითქვამს ნათესავებისთვისაც, მეტი აღარ შემიძლია-მეთქი...

- თქვენ და-ძმასაც ასე ექცეოდა?

- არა, მათ ასე საშინლად არ ექცეოდა. ცოტა მსუქანი ვიყავი ბავშვობაში და დედაჩემი სულ ძროხას მეძახდა. მთელი ცხოვრება დედაჩემს ვუმტკიცებდი, რომ მე ვარ კარგი, მაგრამ ვერ დავუმტკიცე. სულ დიეტაზე ვყავი, ბევრს არ ვჭამდი და მაინც ვსუქდებოდი, ახლა ვფიქრობ, ეს ალბათ სტრესის გამო იყო.

- რა ასაკში გათხოვდი?

- ერთი ბიჭი მიყვარდა, მას არ გამაყოლეს. მასთან შეხვედრის გამო დედამ სასტიკად მცემა, ჩემი ნივთები და ტანსაცმელი დაწვა. მაშინ სულ ცომის გასაბრტყელებელი მირტყა... 19 წლის ვიყავი თანასოფლელს ცოლად რომ გავყევი. მას ძალიან ვუყვარდი. ეს ნაბიჯიც იმიტომ გადავდგი, რომ ჩემი სახლიდან წავსულიყავი და იქნებ სხვაგან მეპოვა სიმშვიდე. ქმარს ვუყვარდი, მაგრამ იქაც დედამთილთან მქონდა პრობლემები. კარგად იცოდა, დედაჩემი როგორ მექცეოდა და ამიტომ, ისიც ცუდად მექცეოდა. მუსლიმები იყვნენ, ვცდილობდი მათი სიყვარული მომეპოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი.

ერთადერთი, მამამთილთან ურთიერთობა მენატრება, ის კარგი ადამიანი იყო.

2 წელი გავატარე მათთან საშინელ პირობებში, სულ შრომაში ვიყავი. ქმართან თავიდან კარგი ურთიერთობა მქონდა. ერთი წელი რომ არ დავორსულდი, დედამთილი ბერწ ძროხას მეძახდა. მერე როცა ფეხმძიმედ დავრჩი, გავიხარე, ვიფიქრე ყველაფერი დალაგდებოდა. ასე არ მოხდა. მამამთილი რომ მომიტანდა რამეს განსხვავებულს, დედამთილი ჩხუბობდა, რატომ მოუტანეო... არაბული შევისწავლე, ყურანს ვკითხულობდი. თავშალით და გრძელი კაბით დავდიოდი. ეკლესიურად ვცხოვრობდი, ამის გამოც მლანძღავდა დედამთილი... მეცხრე თვეში ვიყავი, ახალ წელს მარტო რომ დამტოვა, ეგონა, საჭმელებს ვერ მოვამზადებდი, ყველაფერი მოვამზადე, კარგი სუფრა დავახვედრე სტუმრებს. მას უნდოდა, მე შევრცხვენილიყავი. სტუმრის მოსვლა ძალიან მიყვარდა. სულ გაღიმებული ვხვდებოდი და კარგი იუმორიც მაქვს. დედამთილი ეჭვიანი იყო და ყველაზე ეჭვიანობდა, ქმარიც ამიმხედრა. კონფლიქტები ხშირად მქონდა. ძროხის მოწველას მთხოვდნენ. მეცხრე თვეში ძროხამ წამაქცია, მაშინ მამამთილს ვუთხარი, გთხოვთ, მშობიარობამდე ეს ერთი თვე ძროხის მოსაწველად ნუ გამიშვებთ-მეთქი. ამაზე გაგიჟდა ჩემი დედამთილი და მლანძღა. ისეთ დღეში მაგდებდა, ბოსელში ყოფნა მერჩივნა მის ლანძღვას.

9 თვის ორსულს სიმინდიც მათოხნინა, კარტოფილსაც ვთხრიდი და ქვებსაც მაგროვებინებდა. ასე გრძელდებოდა ბავშვის გაჩენის შემდეგაც, დილის 8 საათზე წავიდოდი ეზოში სამუშაოდ და ღამემდე ვმუშაობდი. 2 ჰექტარზე თხილი ჰქონდათ დარგული, მოუვლელი იყო, საცელავი მოვიკიდე და ყველაფერი დავასუფთავე. მოსავალი რომ ავიღეთ, ვთქვი, ამ ფულით ავეჯი ვიყიდოთ-მეთქი, მაშინ მითხრეს, ეს შენი მაზლის ნაკვეთია და ფულიც მისიაო. დედამთილს უნდოდა, ჩემი შვილი თვითონ გაეზარდა. საავადმყოფოდან რომ გამოვედი, დედამთილმა მომგლიჯა ჩემს შვილს და ახლოს არ მაკარებდა. თავიდან მხოლოდ ძუძუს საჭმელად შევდიოდი ბავშვთან, მერე 2 თვის ბავშვისთვის ძუძუთი კვებაც მიმატოვებინა. ძუძუს იმიტომ აჭმევ, იატაკი რომ არ მოწმინდო, ყანაში არ წახვიდე და საქმე არ გააკეთოო.

იმდენად დავიღალე მისი ლანძღვით, ბავშვს ძუძუზე თავი დავანებებინე. 6 თვემდე ფაფებით გამიზარდა ჩემი შვილი. ჩემი შვილი ტირილით რომ გამსკდარიყო, ვერ ვეკარებოდი. ეს საშინელება იყო. სული და გული მეწვოდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ ვისწავლე დედობა. ჩემს შვილს რომ ვეხუტები ბედნიერი ვარ.

შვილს რომ ვერ ვეკარებოდი, ეს საშინელი სტრესი იყო და ყოველ ღამე ხმამაღლა ვტიროდი, ჩემს ქმარს ვეხვეწებოდი ღამით მაინც შემომიყვანე ჩემი შვილი, რომ ჩავეხუტო-მეთქი. ის ამის თქმას დედამისს ვერ უბედავდა. ერთხელ, ჩემმა ქმარმა დილის 5 საათზე გამაღვიძა და მითხრა, ახლავე წადი და ძროხა მოწველეო. ვუთხარი 7 საათზე ჩავალ-მეთქი, ამის გამო მცემა. მაშინ რაც დავმართე ჩემს თავს, გახსენებაც არ მინდა... ერთადერთი ადამიანი იყო ჩემი შვილი, ვისაც ვჭირდებოდი და ისიც რომ წამართვეს, ცხოვრებამ აზრი დაკარგა. სულ მეუბნებოდნენ, შენ არავის სჭირდები, წადი შენს მშობლებთან, ამ ბავშვს უშენოდაც გავზრდითო. ქმარი გიჟს მეძახდა.

რაღაც ამბები ბიძაჩემმა გაიგო, ჩემი ქმრის ოჯახს აგინა და იქიდან წამომიყვანეს. ბიძასთან ვიყავი ორი თვე, ამის შემდეგ მამაჩემმა ჩემი ვედრება არ შეისმინა და ისევ ქმრის სახლში დამაბრუნა, ბიძაჩემის საქციელის გამო მათ ბოდიში მოუხადა. ეს საშინელება იყო, მერე ვიყავი იმ ოჯახში ჩვარი. ყველა დარწმუნდა, რომ პატრონი არ მყავდა.

6 თვე საშინელ დღეში ვიყავი. დედამთილიც სულ კუბოს დადგმით მემუქრებოდა. ვამბოდი, რას დაატარებთ აქეთ-იქით ჩემს კუბოს შენ და დედაჩემი, დადგით ზალაში და ჩავწვები-მეთქი. ბოლო წვეთი იყო, როცა სახეში დედამთილმა დამარტყა, მაშინ ავიყვანე ჩემი ბავშვი და სახლში დავბრუნდი, მაგრამ ჩემს სახლში უარესი გაგრძელდა. მუშაობა დავიწყე ფაბრიკაში. 300 ლარი მქონდა ხელფასი. ბავშვს ჩემებთან ვტოვებდი, თვის ბოლოს დედაჩემი ხელფასს მართმევდა. შვილისთვის რამე რომ მეყიდა, ამის საშუალებაც არ მქონდა. მარტო დარჩენილ ჩემს შვილს ჩემი ძმა საშინლად ექცეოდა, სახეში ურტყამდა, ბავშვი ახლაც სახეში ხელს იფარებს, ამას ჩემებს ვერასოდეს ვაპატიებ. ბავშვს ნერვული პრობლემები აქვს, ჩემი ძმის ტოლ ბიჭებს რომ დაინახავს, ისტერიკულად ტირის.

ამას ისიც დაემატა, რომ ჩემი სახელფასოდან ფული გაქრა. როგორც გაირკვა, ჩემი ძმა ჩემი პასპორტით დარეგისტრირდა და ინტერნეტ თამაშებს თამაშობდა, ჩემი ხელფასი იქ წააგო. მეორე თვეს სასწრაფოდ შევცვალე ბარათი, მაგრამ ხელფასი მაინც არ დაირიცხა, თურმე პასპორტის მონაცემებით იხსნებოდა ჩემი ფული ანგარიშიდან და გავარკვიე ისიც, რომ 2000 ლარი იყო ჩემი დავალიანება. გავგიჟდი, ისტერიკულად ვტიროდი. სამსახურში გავათენე ის ღამე, ვიცოდი, სახლში რომ მივიდიდი დედაჩემი ჩემს ნათქვამს მაინც არ დაიჯერებდა და მე მეტყოდა, ალბათ ორსულად იყავი და აბორტი გაიკეთე იმ ფულითო. მოთქმით ვტიროდი. ყველამ გაიგო ჩემი გასაჭირი, სასოწარკვეთილს, რა აზრი აღარ მომივიდა თავში...

დაემთხვა, რომ იმ დღეს ფაბრიკაში თურმე ძალადობის თემაზე ლექციას კითხულობდნენ და ეს ამბავი ჩვენმა უფროსმა მათ შეატყობინა. მათი მადლობელი ვარ, როცა ჩემი გასაჭირი გაიგეს, მაშინვე თბილისში წამომიყვანეს ჩემს შვილთან ერთად. თავშესაფარში ვცხოვრობდი და ჩვენზე ზრუნავდნენ. იქ აღმოვაჩინე, რომ სხვა ფერებიც არსებობს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილს ვეხუტები და ვცდილობ, ბოლომდე შევირგო დედობა. მაინც მეშინია მომავლის, მაგრამ ვიცი, ცხოვრებას გავაგრძელებ და ჩემს შვილს გავზრდი. არ ვიცი, ჩემი ცხოვრება როგორ წარიმართება, მაგრამ ნელ-ნელ დავმშვიდდი და მადლობა ამ ხალხს, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ტკივილი. მანამდე მეგონა, მხოლოდ სიკვდილი იყო გამოსავალი.

ჩემს მშობლებს ვერასოდეს ვაპატიებ, რაც გამიკეთეს. ერთი ნამდვილად ვიცი, მათთან არასოდეს დავბრუნდები და არც ჩემს ქმარს შევურიგდები. ახლა იმდენი რამ ვისწავლე, თურმე რამდენი გზა არსებობს იმისთვის, რომ მოძალადეს გამოექცე. ამდენი განათლება რომ მქონოდა, მეც გამოვიძახებდი პოლიციას და ჩემს ქმარს და დედამთილსაც ამოვაყოფინებდი თავს ციხეში.

დედაჩემიც მოძალადეა, მას ვიცი, პასუხს ღმერთი მოსთხოვს.

მთავარია, დღეს მე და ჩემი შვილი ერთად ვართ, ბავშვი არ იზრდება ძალადობრივ გარემოში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას მაინც ჰქონდეს ბედნიერი მომავალი.

(სპეციალურად საიტისთვის)