„ასეთი დაპირისპირება ნაღმს ჰგავს, არადა, ამით ორივე დაპირისპირებული ბანაკი იკვებება“ - კვირის პალიტრა

„ასეთი დაპირისპირება ნაღმს ჰგავს, არადა, ამით ორივე დაპირისპირებული ბანაკი იკვებება“

პოლარიზაციის დაძლევაზე ვიშვიში და მოწოდებები ბევრი სხვადასხვა პალტფორმიდან გვესმის, მაგრამ წლებია, ვერაფერი გავაწყვეთ. პირიქით, ახალ-ახალ მიზეზს ვპოულობთ, რომ პოლარიზებულ მხარეთა შორის მანძილი გაიზარდოს. ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, თითქოს პოლიტიკოსები თუ ცნობილი ადამიანები ხელსაც კი უწყობენ ამ პროცესს. როგორ შეიძლება ამას თავი დავაღწიოთ? ფსიქოლოგ ირინე ტაბუციძესთან ერთად შევეცდებით საკითხს ფსიქოლოგიური კუთხით შევხედოთ.

- მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ პოლარიზება ქვეყნისთვის კარგი არ არის, მაგრამ მოდი, ვნახოთ, რა სარგებელი შეიძლება ამით მიიღონ დაპირისპირებულმა­ ჯგუფებმა. რატომ გრძელდება ასეთი­ მდგ­ო­მარეობა ამდენ ხანს, რატომ ეწყობა ხელი და რატომ მწვავდება, რაც დრო გადის.

- მიუხედავად მოწოდებებისა, რომ პოლარიზაცია უნდა შესუსტდეს...

- სამწუხაროდ, მოწოდებების გარდა არაფერი კეთდება. არსებობს მეთოდები, რომ ეს ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს ეს არავის სჭირდება. რა არის პოლარიზების არსი? ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება, გარკვეულ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.­ ჩვენ არ გვიყვარს, როდესაც მარტო ვართ. ასე უფრო დაცულად და კომფორტულად ვგრძნობთ თავს. როცა ადამიანს ბევრი მომხრე ჰყავს, ის რწმუნდება, რომ მისი იდეები უფრო მართებულია, ვიდრე მოწინააღმდეგე ბანაკის. ცალკე მდგომ ადამიანს შეიძლება თავისი პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ როგორც კი ის ხდება გარკვეული ჯგუფის წევრი, რომელსაც იგივე მოსაზრებები­ აქვს, უფრო თამამდება. ამას კარგი მხარეც აქვს, რადგან, მაგალითად, ასე იგეგმება ცვლილებები, ასე ხდება რევოლუციები, მაგრამ ცუდია ის, რომ როგორც კი ადამიანი ასეთი ჯგუფის ნაწილი ხდება, განსხვავებული იდეები რომც გაუჩნდეს, მათი გამჟღავნებისგან თავს იკავებს, ფრთხილობს და ეს განსხვავებული აზრებიც ქრება, კვდება. როდესაც საკითხი არ არის მკაფიოდ ფორმულირებული, როდესაც არგუმენტები არ არის მყარი, უფრო ადვილია პოლარიზება და სხვადასხვა ჯგუფში მოქცევა, რომელთაგან ყველა თავის სიმართლეს ამტკიცებს.

დღეს არც ერთი საკითხი, რომლებიც დაპირისპირებას იწვევს, არგუმენტირებულად ჩამოყალიბებული არ არის. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ხვიჩა კვარაცხელიასადმი დამოკიდებულება. ერთი მხარე ამბობს, რომ ის წარმატებულია და ყველამ უნდა ვაღიაროთ ეს, მეორე მხარე ამბობს, წარმატებული კია, მაგრამ შეუძლია ეს წარმატება სხვანაირად გამოიყენოს­ და რაღაცები ხმამაღლა და გაბედულად განაცხადოსო. თითქოს არც ერთი აზრი ცუდი არ არის და ამ კამათისას ყველას თავისი სიმართლე აქვს. აი, სწორედ ასეთი­ საკითხები, რომლებთან დაკავშირებით ყველას თავისი სიმართლე აქვს და მკაფიო არგუმენტები არ არსებობს, იწვევს დაპირისპირებას. ასე იქმნება ჯგუფები.

რატომ მივეკუთვნებით ამა თუ იმ ჯგუფს?­ იმიტომ, რომ ადამიანისთვის მთავარი­ აღიარების მოთხოვნილებაა. ბავშვობაში ჩვენ გვეფერებიან და გულში გვიკრავენ, მაგრამ როცა ვიზრდებით, უკვე სოციალურად გაუმართლებელია, მუდმივად ვიღაც გვეფერებოდეს და გვიხუტებდეს, ამიტომ ურთიერთობის ეს ფორმა იცვლება საზოგადოების აღიარებით, აღიარება კი შეიძლება მხოლოდ ჯგუფში, მარტო ამას ვერ გააკეთებ.

ვთქვათ, არსებობს განსხვავებული, თუმცა არცთუ რადიკალური მოსაზრებების­ გამომხატველი ჯგუფი. საკმარისია ამ ჯგუფს­ მიემატონ ახალი ადამიანები, რომელთაც შედარებით რადიკალური აზრები აქვთ და თავიანთ მოსაზრებებს მკაფიოდ გამოხატავენ, რომ მთელი ჯგუფი იწყებს ამ რადიკალური აზრების გაზიარებას. მიზეზი? მათ სურთ უკეთ გამოჩნდნენ, წინა პლანზე იდგნენ. საბოლოოდ მთელი ჯგუფის აზრი ლიდერის იდეებს ემთხვევა. იმის თქმა მინდა, რომ რაც უფრო მეტი რადიკალური ქცევის ადამიანი გამოჩნდება, მით უფრო რადიკალური გახდება დაპირისპირება, ეს კი ძალიან ცუდია. ასეთი მდგომარეობა ნაღმს ჰგავს, არადა, ამით ორივე დაპირისპირებული ბანაკი იკვებება. ამიტომ პოლარიზაციის შესუსტება ხელს არავის აძლევს.

- ვინ რჩება მოგებული?

- არავინ, წაგებული რჩება ხალხი.

- კვარაცხელია ვახსენეთ... ეს ხომ არ არის მაგალითი, რომ პოლარიზაცია პოლიტიკას გასცდა?

- პოლიტიკას კი არ გასცდა, პირიქით, ყველა სფეროს პოლიტიკას არგებენ და სამწუხაროდ, ხალხიც აღარ ცდილობს ვითარების გონივრულად და ლოგიკურად გაანალიზებას. მასას ლოგიკა არ სჭირდება. მასას სჭირდება ემოციები, რაც არ გვაკლია...

- კვარაცხელია როგორ უნდა მოიქცეს?

- ისე, როგორც ახლა იქცევა - ჩუმად იყოს და თავისი საქმე აკეთოს. ჩვენი­ საქმე არ არის, ვინ როგორ მოიქცევა. ჩვენ შეგვიძლია რაღაც ან ვიღაც შევაფასოთ, მაგრამ არ უნდა ველოდეთ, რომ ესა თუ ის ადამიანი ისე მოიქცევა, როგორც ჩვენ გვსურს.

- მაგრამ ძლივს ამ სფეროში სიხარულის მიზეზი მოგვეცა და ამასაც აფერმკრთალებენ...

- სიხარულის მიზეზი ნიშნავს, რომ ჩვენ ვერთიანდებით და ერთად გვიხარია, მაგრამ აღარ ვართ ერთად და რაღაც ყველას როგორ უნდა გაგვიხარდეს?

- ანუ საერთო-ეროვნული ინტერესები აღარ არსებობს?

- არ არსებობს, მაგრამ გაცილებით მაღალ დონეზე... მაგალითად, მე მჯერა (შეიძლება ძალიან მიამიტური აზრია), უკრაინამ რომ გაიმარჯვოს, საქართველოში ხალხს ეს გაუხარდება. ასეთმა მაღალმა ღირებულებებმა შეიძლება გაგვაერთიანოს კიდეც, მაგრამ სპორტი, კულტურა თუ კონკრეტული ადამიანების ქცევა ჯერ არ არის ისეთი ძალის მქონე, რომ გაგვაერთიანოს.

- პოლარიზებული მხარეების დაპირისპირების ასპარეზად სოციალური ქსელი იქცა. ეს კარგია თუ ცუდი?

- არც კარგია და არც ცუდი. სოც­ქსელი არის ჩვენი საზოგადოების სარკე.

- გულს სოცქსელებში იოხებენ?

- ასე უბრალოდ არ არის საქმე. მაგალითად, როდესაც ვუყურებთ ფილმებს, რომლებშიც არის ბევრი აგრესიული თუ საშიში სცენა, ჩვენს შიშსა და აგრესიას ეკრანთან ვტოვებთ და ვთავისუფლდებით, ვმშვიდდებით, მაგრამ რა ხდება სოციალურ ქსელში? ერთი ადამიანი კი იცლება შიშისა თუ აგრესიისგან და შეიძლება ამის შემდეგ თავი კარგადაც იგრძნოს, მაგრამ მისი აგრესიით ძალიან ბევრი ადამიანი ზარალდება. ადამიანი უფრო თამამად გამოთქვამს თავის მოსაზრებებს, როცა მოწინააღმდეგეს თვალებში არ უყურებს. ამიტომაც არის ასეთი ადვილი სოცქსელებით საკუთარი, თუნდაც აგრესიული მოსაზრებების გამოხატვა. ბევრი რასაც პირისპირ ვერ ბედავს, ბედავს აქ, ვირტუალურ სივრცეში. სხვათა შორის, სიყვარულის გამჟღავნებასაც კი... ასე რომ, სოციალურ ქსელებში გულს კი არ ვიოხებთ, ეს არის ჩვენი სარკე, ასეთები ვართ...

- ანუ ჩვენთან პოლარიზაცია არის რეალობაშიც და ვირტუალურ ცხოვრებაშიც...

- ყველგან. ჯერჯერობით ასე ვერთობით. ვიღაცას ხომ უნდა დავაბრალოთ ჩენი ცუდად ყოფნა, აბა, საკუთარ თავს ხომ ვერ დავაბრალებთ?! ამიტომ ვქმნით მოწინააღმდეგეთა ბანაკებს... საბოლოოდ კი საქმე პასუხისმგებლობას ეხება. შეგვიძლია თუ არა პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ ქცევაზე? თუ გვირჩევნია ყველაფერი სხვას დავაბრალოთ? როცა რაღაცას სხვას ვაბრალებთ, თავს უფრო მშვიდად ვგრძნობთ და ცხოვრებაც გვიადვილდება.

- გამოსავალი? ქვეყანა რას მიიღებს ასეთი­ დამოკიდებულებით?

- ზიანის გარდა არაფერს. თუმცა არსებობს პოლარიზაციის შემსუბუქების არაერთი გზა. მაგალითად, ბავშვთა ფსიქოლოგიაში ძალიან აქტიურად ვიყენებთ ასეთ მეთოდს: როდესაც კლასშია დაპირისპირება, ვქმნით სიტუაციას, რომელიც აიძულებს ბავშვებს, ითანამშრომლონ. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ისეთი პრობლემები უნდა გაჩნდეს, რომ ადამიანები იძულებული იყვნენ, გაერთიანდნენ. როგორც კი ადამიანები ერთი საერთო მიზნის მისაღწევად თანამშრომლობას იწყებენ, პოლარიზაციაც სუსტდება. მაგალითად, ჩვენ რომ ძალიან მკაფიოდ ვაჩვენებდეთ, ვთქვათ, ევროპასთან დაახლოებისა და მის ნაწილად ქცევისთვის რას ვაკეთებთ, დაპირისპირება გაცილებით შესუსტდებოდა.

- ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - ევროპისკენ სწრაფვა და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე შესასრულებელი 12 პუნქტი.

- სად გვაქვს საერთო მიზანი? ეს მკაფიოდ არ ჩანს. მე და თქვენ ვიცით ცალ-ცალკე და ვნერვიულობთ, გამოვა თუ არ გამოვა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ვინმე ლაპარაკობს? ვინმე ამბობს, აი, ნახეთ, ორი პუნქტი უკვე შესრულებული გვაქვს, ცოტა ხანიც და კიდევ რაღაცები მოგვარდებაო? დრო გადის, ხმას კი არავინ იღებს. ასე რომ, ჩვენ საერთო მიზანი გამოკვეთილი არ გვაქვს. უნდა გვქონდეს, ცუდი ნათქვამია, მაგრამ საერთო ხიფათი მაინც, რამაც შეიძლება გაგვაერთიანოს. დარწმუნებული ვარ, უკრაინა რომ აეღოთ სამ დღეში და მერე ჩვენთან შემოსულიყვნენ, გავერთიანდებოდით, რადგან საერთო მტერი გვეყოლებოდა, მაგრამ აუცილებელი ხომ არ არის, ეს დაგვემართოს?! ხვალ რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, მთელი მსოფლიო გვერდით დაუდგეს და მისი აღმშენებლობის პროცესი დაიწყოს, მგონია, ჩვენც მოგვინდება მსგავსი რამ და უფრო მკაფიოდ გამოჩნდება მიზანი, საით შეიძლება წასვლა, ეს კი შეამიცრებს პოლარიზაციას.

დღეს ჩვენთან არის ორი დაპირისპირებული ბანაკი და შუაში მდგომი ადამიანების დიდი ჯგუფი, რომელსაც არც ერთი მხარე არ აკმაყოფილებს. როგორც კი გამოჩნდება ლიდერი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შეძლებს ლიდერობა იკისროს, სურათი უკეთესობისკენ შეიცვლება. ერთ-ერთი ფსიქოლოგი მეტაფორულად აღწერდა ვითარებას - პირდაპირ შარაგზაზე იდო ლიდერობა, მთავარი იყო, ვიღაცას ხელი მოეკიდაო. ასეთ მდგომარეობაში ვართ ახლაც. არსებობს ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელსაც უნდა, სიმშვიდე, განვითარება, თუმცა ჯერ საერთო იდეის გარშემო ვერ გავერთიანდით, არადა, მართლაც ხელისგულზე თუ შარაგზაზე დევს ლიდერობა... პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. სხვა გზა არ გვაქვს. თანაც რადგან ასეთი ისტორიის მქონე ერი აქამდე მოვედით, ეს ნიშნავს, რომ კრიტიკულ სიტუაციაში მაინც სწორ გზას ვირჩევთ. იმედი მაქვს, ახლაც ასე მოხდება.