"ვერც კანონიერად ვაგდებ და ვერც უკანონოდ" - ოკუპირებული ბინები - კვირის პალიტრა

"ვერც კანონიერად ვაგდებ და ვერც უკანონოდ" - ოკუპირებული ბინები

უკრაინაში ომის გამო საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების შემოდინება დაიწყო. პარალელურად ქვეყანაში შემოდიან რუსეთის ის მოქალაქეებიც, რომელთათვისაც პუტინის რეჟიმი მიუღებელია ან სანქციებმა დისკომფორტი შეუქმნა. ამან ბინის ქირისა და უძრავი ქონების ფასი რამდენჯერმე გააძვირა, რასაც ბინის მეპატრონეები ბაზარზე მომხმარებლის გაზრდით ხსნიან და რისკებისგანაც იზღვევენ თავს, რადგან ბოლო ხანს არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც­ დამქირავებელი ფულს ვერ იხდის, მაგრამ არც ბინიდან გადის... სოციალურ ქსელებში გააქტიურდა ამ პრობლემაზე საუბარი - ბინის პატრონები რჩევას ითხოვენ, როგორ გაუშვან პრობლემური მდგმური სახლიდან.

"ჩემი რუსი მდგმურები ქირის გადაუხდელობას უფულობით ხსნიან"

ია, ბინის მეპატრონე: - ძველი მდგმურები ახალი წასული იყვნენ, რომ ახლობელმა დამირეკა, რუსი ოჯახი მყავს, პუტინის რეჟიმს გამოექცნენ, კარგი ხალხია და გადამხდელებიც არიან, თუ გინდა ცოტა მოუმატეო. დავუჯერე. პირველი თვის წინასწარ გადაიხადეს. მეორე თვის იმ ჩემს ახლობელს გადაუხადეს. მოვიდა მესამე თვის დასაწყისი, თვის ბოლოც და არ გამოჩნდნენ. დავურეკე, არ მიპასუხეს. იმ ჩემს ახლობელს დავურეკე და აქეთ მეჩხუბა, მე რა შუაში ვარ, კლიენტი მოგიყვანე, ლამის ორჯერ მეტის გადამხდელი და შენი ბრალია, თუ ვერ მოუარეო... სახლში მივედი, დაკეტილი დამხვდა. საღამოობით მოდიანო, მეზობლებმა მითხრეს. უკვე ამრეზით მიყურებდნენ, რაკი ბინა რუსებს­ მივაქირავე, მაგრამ ასეც ნუ განსჯით, ყველას ჩვენი ვალდებულებები გვაქვს, ზოგს ბანკი, შვილების განათლება და სხვა, თორემ რუსებზე­ კი არ ვგიჟდებით. ზოგმა ქართველები გაუფრთხილებლად გამოყარა, რადგან­ რუსებისგან მეტ შემოსავალს დახარბდა... ჩემი რუსი მდგმურები ქირის გადაუხდელობას იმით ხსნიან, რომ ფული არ გვაქვსო, არადა, ქობულეთში ყოფილან ათი დღით. ახლობელმა დაგვპატიჟა, იქ სახლი იყიდა და ერთი ოთახი დაგვითმოო. თუ ასეთი ახლობელია, გადადით მასთან საცხოვრებლად და ბინა დამიცალეთ-მეთქი, იქ რა ვაკეთოთ, სამსახური არა გვაქვსო. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ თავხედურად მექცევიან.

"ვერც კანონიერად ვაგდებ და ვერც უკანონოდ"

მაია ჩხიკვაძეს 2 გაქირავებული ბინი­დ­ან 3 თვეზე მეტია შემოსავალი არ მიუღია.

- ბანკიდან სესხი ავიღე და ისე გავარემონტე სამივე ბინა, ორი გასაქირავებლად და ერთიც ჩვენი საცხოვრებელი. 500 და 700 ლარად მქონდა გაქირავებული, ორივე­ მეტროსთან ახლოს არის. სულ წელიწად-ნახევარი მქონდა გაქირავებული, ჯერ ერთმა შემიწყვიტა ქირის გადახდა, მერე მეორემ... ვერც ერთთან ვერაფერს გავხდი და უარეს დღეში ჩავვარდი, ბანკის ვალი დამა­წვა. ახლა ჩემისთანა ბინებს 1.000-1.200 ლარად აქირავებენ. ადვოკატის აყვანას ვაპირებდი,­ მაგრამ კონსულტაციაზე ამიხსნეს, კანონით­ სასამართლომ ამ კატეგორიის საქმე ერთ თვეში უნდა განიხილოს, მაგრამ მოსამართლეებს იმდენი საქმე აქვთ, სწრაფად დაწყებული და დასრულებული პროცესი კარგა ხანია არ გვინახავსო.

ჩემს ერთ ბინაში დედა-შვილი ცხოვრობს, ორივე მუშაობდა, გოგონაც და ქალიც. ახლა მხოლოდ გოგონა მუშაობს. მეუბნება, მოძალადე ქმარს გამოვექეცი და თუ გაგვყრით, ისევ მასთან მოგვიწევს დაბრუნება­ და ნუ გაგვწირავთო. უცხოეთში აპირებენ­ წასვლას, საბუთებს ვაკეთებთ და იქიდან სრულ თანხას გამოგიგზავნითო. მჯერა თუ არა, აღარ აქვს მნიშვნელობა, კანონითაც ვერ ვაგდებ... მეორე ბინის მდგმურები აინუნშიც არ მაგდებენ, ფინანსურად გავიჭედეთ და ვერ გიხდითო... საკეტის შეცვლა დავაპირე და ისიც ვერ მოვახერხე, ვერ მოხსნა ხელოსანმა, თავად შეუცვლიათ. არ ვიცი, რა წყალში ჩავვარდე.

"კომპანია ვერ აიძულებს პირს, ბინა დაცალოს"

მიქაელ ბანცური, სამაკლერო კომპანიის თანამშრომელი: - ამდენი წელია ამ სფეროში ვარ და ასეთი ქაოსი ჯერ არ მახსოვს. ბინები ძალიან გაძვირდა. ბინის პატრონები სანდო ადამიანებს ეძებენ, თუ ადრე მაქსიმუმ ორი თვის ქირას წინასწარ ითხოვდნენ, ახლა ისე არიან შეშინებული, სამი და ოთხი თვისას ითხოვენ. როდესაც ბინას 500-600 დოლარად აქირავებ, ადამიანს, რომელიც ქირით აპირებს ცხოვრებას, სად აქვს ამდენი ფული ერთად?!

ჩვენ გვეუბნებიან, კლიენტს თუ მომიყვან, პასუხისმგებლობაც უნდა აიღოთ, თუ ვერ გადაიხდის, შუამავლობა იკისროთ, რომ ბინა მაინც დამიცალოსო. ამის უფლება სამაკლერო კომპანიას არა აქვს, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს და ჩვენ როგორ ვაიძულოთ პირი ბინა დაცალოს? რაღაც უნდა შეიცვალოს, თორემ ეს ყველაფერი ცუდად დასრულდება.

"ისეთი ბინებია 800 ლარად, ადრე საკუჭნაოდ რომ ჰქონდათ"

ელზა კალანდაძე: - 10 წელია ერთი ქალის ბინაში ვცხოვრობ, 200 ლარით დავიწყე და 800 ლარზე ამიყვანა. პირობები იგივეა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ წყლის გამაცხელებელი დამიმონტაჟა. აპრილის დამდეგს მითხრა, ბინები გაძვირდა და 1.000 ლარი გადამიხადეო, ორი თვის გადავუხადე,­ მერე ვერ შევძელი. ამ 10 წლის განმავლობაში ორი ოროთახიანი ბინის საფასური მაქვს გადახდილი, მართლა სორო იყო და ჩემი ხარჯით გავაკეთე ყველაფერი. ორი შვილი მყავს, აქ სწავლობენ და სხვაგან ვერ წავიყვან, ცხოვრებას ვერ ავურევ. თუმცა, არც მაქვს წასასვლელი. ახლა 800 ლარადაც ვერ ვშოულობ ოროთახიანს, ბავშვებმა ცალკე ოთახში ხომ უნდა დაიძინონ. ისეთი ბინებია 800 ლარად, ადრე საკუჭნაოდ რომ ჰქონდათ, იატაკი შეღებეს, ორი სკამი დადგეს და ქირავდებაო, მიაწერეს. როგორც კი რამეს ვნახავ, გადავალ, რაც უნდა შორს იყოს სკოლისა და სამსახურისგან. მანამდე კი ვერსად მივდივარ.

რა არის გამოსავალი?

დავით დიასამიძე, ადვოკატი: - უმეტესობას ბინა ხელშეკრულების გარეშე აქვს გაქირავებული. ძნელი სათქმელია ეს რას შეცვლის, როდესაც ადამიანი ბინიდან არ გადის, მაგრამ იურიდიულად მაინც საჭიროა. წერილობით ხელშეკრულებაში დეტალურად შეიძლება შესაძლებელი პირობების ჩამოწერა - ქირის გადახდის წესი, ბინის მონახულების შესაძლებლობა, ნივთების დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურების წესი და სხვა. ასეთი პრაქტიკა წლების წინ არსებობდა. ბინის პატრონი პოლიციას ნოტარიუსის გაცემულ სააღსრულებო ფურცელს წარუდგენდა, რომ ბინის მესაკუთრე ნამდვილად ის იყო და გამოსახლება პოლიციის ძალით ხდებოდა. წლების წინ მევახშეები ფინანსურ ხელშეკრულებებს მართლაც კაბალურ პროცენტებში აფორმებდნენ, კერძო პირებს მისი გადახდის სახსარი არ ჰქონდათ, ამით სარგებლობდნენ მევახშეები­ და უძრავ ქონებას იკავებდნენ. პოლიცია კი მათი დავის შინაარსში ვერ შედიოდა, რამაც საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილება განაპირობა. ძნელი სათქმელია, რამდენად სწორია ან არასწორი ეს გადაწყვეტილება, რადგან ახლა უკვე დამქირავებლები არღვევენ ზეპირ პირობებსა და შეთანხმებას. გამოსავალი ისევ სასამართლოა - ამ კატეგორიის საქმეების განხილვას კი, სულ ცოტა, ერთი წელი მაინც სჭირდება. სხვა შემთხვევაში, ბინის მესაკუთრის ნებისმიერი ქმედება არაკანონიერად ჩაითვლება.

ციცინო ცხვედიანი, ადვოკატი: - ადრე გამოსახლება პოლიციის მეშვეობით სწრაფად შეიძლებოდა, თუმცა შემდეგ შეცვალეს და გამოსახლების უფლებამოსილება­ მხოლოდ სასამართლოს აქვს. ბოლო ხანებში უამრავმა მოქალაქემ მომმართა და ყველას სასამართლოსთვის მიმართვა ვურჩიე. ავუხსენი, რომ პროცესები იწელება, რადგან მოსამართლეებს უამრავი საქმე აქვთ. ეს იციან მდგმურებმა და ამიტომ ბინიდან ფეხს არ იცვლიან. დროში რომ გავთვალოთ, ეტაპები ასეთია: პირველი ინსტანციის პროცესი, შემდეგ აპელაცია უნდა მორჩეს, ზოგჯერ უზენაეს სასამართლომდე მიდის საქმე, შემდეგ მესაკუთრემ სააღსრულებო ფურცელი უნდა აიღოს. აღსრულებისას განსაზღვრული თანხაა გადასახდელი, ანუ იმ ქონების ღირებულების რაღაც პროცენტი უნდა შეიტანოს სააღსრულებო ბიუროში, საიდანაც მესაკუთრე დამქირავებლის გამოსახლებას ითხოვს. როდესაც ამ ყველაფერს კლიენტს დეტალურად ვუხსნი, შეშინებული ამბობს, ისევ ჩემით ვეცდები დავითანხმოო. ისიც კი უთქვამთ, ოღონდ წავიდეს და გადასახდელი ქირის გადახდა კი არა, ფულს იქით ვაჩუქებო. აზრი არა აქვს მოთხოვნას. მას ხომ მხოლოდ პირადი ნივთები აქვს, მეპატრონის ავეჯით სარგებლობს და სასამართლომაც რომ დააკისროს რაღაც თანხა, როგორ გადაიხდის?.. რა უნდა გაუყიდოს აღმასრულებელმა, თუკი არაფერი აქვს პირად საკუთრებაში.

სასამართლო პროცესი 2-3 წელს იწელება და ეს საუკეთესო შემთხვევაში. კიდევაც რომ გამოიტანონ გადაწყვეტილება გამოსახლების თაობაზე, დამქირავებელი 20-30 დღემდე ვადაში უნდა გამოცხადდეს სასამართლოში, მაგრამ ეს არის მხარე, რომელიც დაინტერესებულია საქმის გაჭიანურებით. ამიტომ მიდის 30-ე დღეს და გასაჩივრებას იწყებს, საქმის გასაჩივრების ვადა 30-ე დღიდან აითვლება, უფრო ზუსტად კი, ამისთვის 44 დღე აქვს. ამიტომ საჩივარი შეაქვთ 43-ე დღეს, ვადის მიწურულს და არასრულყოფილი ფორმით, თან არც ბაჟს გადაიხდიან. ამის შემდეგ სააპელაციო სასამართლო გაუგზავნის განჩინებას და მისცემს ბაჟის გადახდის ვადას, ამას ცალკე დრო სჭირდება. აპელაციაში საქმის განხილვასაც დრო უნდა და ა.შ.

როდესაც დამქირავებლები მოდიან და მეუბნებიან, ბინიდან მაგდებენო, სანამ სააღსრულებო ფურცელს არ წარმოგიდგენენ და სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ დოკუმენტს არ ჩაგაბარებენ, ვერავინ გამოგაგდებს-მეთქი ვეუბნები­. რამდენად სწორია, ძნელი სათქმელია, მაგრამ კანონით ასეა.

სოციალურ ქსელში კომენტარებიდან ირკვევა, რომ ზოგმა ამგვარი გამოსავალიც იპოვა - როცა გაქირავებული ბინა ვეღარ დავიბრუნეთ, საკეტი შევცვალეთ და შემდეგ საკუთარი ბინიდან ხომ ვეღარ გამომასახლებდნენო. მაგრამ ესეც თვითნებობაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაძლოა ვინც ბინაშია, მისი მოთხოვნები სამართლიანია. ანუ ყველა შემთხვევაში სასამართლომდე მივდივართ, რადგან თვითნებობის განმარტების მიხედვით, თუკი ვინმე საკეტს გამოცვლის საკუთარ ბინაში­ მაშინ, როცა დამქირავებელს ბინა არ დაუცლია და სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია, ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე.

მეორე ვერსიაა კომუნალურების გამორთვა, რაც თვითნებობა არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში დამქირავებელს შეუძლია მისწეროს სემეკს, თან დაურთოს ქირავნობის ხელშეკრულება და მისი მოთხოვნის საფუძველზე შუქსაც ჩაურთავენ და წყალსაც...

თუმცა ასე ვერ გაგრძელდება, კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, ამ საკითხის წამოჭრას კი საკანონმდებლო ინიციატივა სჭირდება, ან დათქმა, რომ თუ საქმე დამქირავებლის გამოსახლებას ეხება, საქმე, როგორც ადმინისტრაციული დავების შემთხვევაში ხდება, მოკლე ვადაში, 5-10 დღეში განიხილონ.