პანიკა ექსტრემალურ სიტუაციებში - კვირის პალიტრა

პანიკა ექსტრემალურ სიტუაციებში

რუბრიკაში "სამო­ქა­ლა­ქო­­ თავდაცვა" სიამოვნებით ვუპასუხებთ მკითხველის კითხვებს, რომელთა გამოგზავნა ჩვენს საი­ტზე­www.kvirispalitra.ge ­გამოქვეყნებული სტატიების კომენტარებში შეიძლება.

თუ გენერალი მშვიდობიანობის დროს მირბის, ეს სიცილს იწვევს, თუ ომის დროს - პანიკას...

სიტყვა "პანიკა" ძველბერძნულიდან მოდის. მითოლოგიის თანახმად, მწყემსების, ტყეებისა და საძოვრების ღმერთი პანი როდესაც იღვიძებდა, გამყინავი ხმით გაჰკიოდა, რის გამოც შეშინებული საქონელი გარბოდა. შეიძლება არაკორექტული იყოს ასეთი შედარება, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციაში პანიკით მოცული მასა იქნებ რაღაცით ჰგავს კიდეც შეშინებულ ფარას. ექსტრემალური სიტუაციები მხოლოდ ომისა და დაბომბვის დროს როდი იქმნება. ბუნებრივი­ კატაკლიზმები - მიწისძვრები, ხანძრები, ტორნადოები, ასევე ტექნოგენური კატასტროფები, ქიმიური ქარხნებისა თუ ატომური რეაქტორების აფეთქებები მასობრივი პანიკის მიზეზი ხდება. პანიკის მთავარი მიზეზია ექსტრემალური სიტუაციის დროული და ობიექტური სურათის არქონაც, როდესაც მოქალაქე თავისდა უნებურად უჯერებს შეუმოწმებელ ჭორებს ან სულაც მოწინააღმდეგის მიერ განზრახ გავრცელებულ დეზინფორმაციას.

ცნება "საინფორმაციო ომი" დღეს არ დაბადებულა, ის უხსოვარი დროიდან მოდის, როდესაც სამეფო კარზე ათას ჭორს ავრცელებდნენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ან ბრძოლის წინ მეომრებში პანიკის ასაგორებლად, თუმცა ჯერ გაზეთების, შემდეგ - რადიოს, ტელევიზიის, ბოლოს კი მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტის გაჩენამ შესაძლებელი გახადა ჭორების ელვისებურად გავრცელება და მასობრივი პანიკის ტალღის აგორებაც.

საბრძოლო მოქმედებების დროს განსაკუთრებით სახიფათოა მასობრივი პანიკა არმიის პირად შემადგენლობაში, ამიტომ ბოლო წლებში ზოგიერთი ქვეყნის არმიის სარდლობა ჯარისკაცებს თანამედროვე გაჯეტების გამოყენებას უკრძალავს, რათა სანგრებში მყოფი მებრძოლები მოწინააღმდეგის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული დეზინფორმაციის მსხვერლი არ გახდნენ.

samx2-1662928434.jpg
სისტემატური დაბომბვა ჯარისკაცის ფსიქიკაზე ისე მოქმედებს, რომ შეიძლება უკვე გათხრილი სანგარიც მიატოვოს და გაშლილ მინდორში გაიქცეს, სადაც აფეთქებული ჭურვების ნამსხვრევებისგან უფრო დაუცველი ხდება

გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე­ მიზეზი არსებობს, რომელთა გამო ფრონტის ხაზზე მყოფ მებრძოლს თანამედროვე მობილური ტელეფონი არ უნდა ჰქონდეს. კერძოდ, მან შეიძლება პოზიცია გადაიღოს და ინტერნეტში გაუაზრებლად ატვირთოს, ასევე ჩართული­ ჰქონდეს ადგილსამყოფლის განმსაზღვრელი პროგრამა და თუ მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული დაზვერვის სამსახური სადმე ერთდროულად რამდენიმე ათეული მობილური ტელეფონის მუშაობას დააფიქსირებს, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მათი კოორდინატების განსაზღვრასა და ზუსტი საარტილერიო ცეცხლის გახსნას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

აფხაზეთის ომის დროს მობი­ლური ტელეფონები არ იყო, მაგრამ პანიკა მაინც სწრაფად ვრცელდებოდა, თუნდაც ტელევიზიით ან პრესით. ერთ-ერთი ასეთი­ მაგალითია­ ჭორი, თითქოს 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში მოწინააღმდეგემ გაგრის აღება იმიტომ მოახერხა, რომ "აუფეთქებელი" ტანკები, "ტ-72"-ები, გამოიყენა, რომლებიც გაგრის დამცველებმა ვერაფრით შეაჩერეს. ეს სიცრუე იყო, რადგან "ტ-72"-ის აფეთქება ჩვეულებრივი ყუმბარსატყორცნით ისევე შეიძლება, როგორც სხვა ტანკების, რაზეც ცხინვალისა და, მით უმეტეს, უკრაინის ომიც მეტყველებს, მაგრამ მთავარი ტყუილი ის გახლდათ, რომ არც გაგრის აღებისას და არც მას შემდეგ, ერთწლიანი ომის განმავლობაში თუ სოხუმის დაცემისას, აფხაზ სეპარატისტებს "ტ-72"-ები არ გამოუყენებიათ, რადგან... არ ჰქონდათ, რუს სამხედროებს არ მიუციათ.

მაშ, რა გამოდის? შიშს დიდი თვალები ჰქონდა, ვინმეს ამით უკან დახევის გამართლება სურდა­ თუ მოწინააღმდეგის სპეცპროპა­განდამ წარმატებით იმუშავა ქა­რ­თველ მებრძოლებს შორის "ტ-72"-ისთვის აუფეთქებლის იმიჯის შესაქმნელად?! მაშინ გაზეთის ფურცლებზე დაწვრილებით აღვწერე, როგორი იყო "ტ-72" ტიპის ტანკი და რა სახის იარაღით ან როგორ შეიძლებოდა მისი მწყობრიდან გამოყვანა, რითაც, ვფიქრობ, პანიკას ისინი მაინც გადავარჩინე, ვინც სტატია წაიკითხა. ფხაზეთის დაცემის წინ სოხუმის სატელევიზიო ანძის რაიონში მებრძოლთა შორის გავრცელდა ჭორი უკან დახევის ბრძანების შესახებ, რასაც მათი პოზიციებიდან მოხსნა, შემდეგ კი სოხუმის დაკარგვა მოჰყვა და ესეც პანიკის შედეგი იყო.

მასობრივი პანიკის სამწუხარო­ მაგალითად აგვისტოს ომიც გამოდგება, როდესაც თბილისში, სწორედ მობილური ტელეფონებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთმანეთს არწმუნებდა, რუსული ტანკები უკვე დიღომში შემოვიდნენ და მალე რუსთაველზე ჩაიხრიგინებენო, არადა, ეს იყო უკანდახეული ქართული არმიის საბრძოლო ტექნიკა, რომელიც სხვადასხვა პოზიციაზე ნაწილდებოდა, მათ შორის - თბილისის ზღვის რაიონშიც. აგვისტოს ომის დროს პანიკის ელემენტები არა მარტო მოსახლეობაში, არამედ მაშინდელი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის უმაღლეს ეშელონებშიც გაჩნდა და მერე ელვის უსწრაფესად გავრცელდა ქვედა რგოლებშიც, რამაც სიტუაციის მართვის კონტროლის დაკარგვა გამოიწვია და რომ არა დასავლეთის, უპირველესად კი აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკური ნაბიჯები, ვინ იცის, რა ელოდა საქართველოს დედაქალაქს, რადგან ცხინვალიდან უკანდახეული ქართული არმიისა და პოლიციის დანაყოფების მეთაურებისა და პირადი შემადგენლობის უმრავლესობა მაშინ, სამწუხაროდ, დეზორგანიზებული იყო და საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების მიტოვების არაერთი ფაქტიც დადასტურდა.

პანიკასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა, ჭორს სიმართლე დავუპირისპიროთ!

მართალია, საბრძოლო მოქმედებების დროს ოპერატიული ინფორმაციის გავრცელება ხშირად მიუღებელია, რადგან ამით შეიძლება მოწინააღმდეგემ ისარგებლოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, საინფორმაციო ველზე სიჩუმემ დაისადგუროს, რადგან მტერი ამას მაშინვე გამოიყენებს და თავისთვის სასარგებლო დეზინფორმაციას გაავრცელებს. საბრძოლო მოქმედებების დროს მოსახლეობა საინფორმაციო შიმშილს განიცდის, ადამიანის გონება კი ტყუილსაც ადვილად იჯერებს, თუკი სიმართლე დაუმალე. დიახ, ოპერატიული სიტუაციის გამო სრული სიმართლის გავრცელება არ შეიძლება, მაგრამ საზოგადოებას ახალი ამბები ისე უნდა გავაცნოთ, რომ არც მწვადი დაიწვას და არც - შამფური. უკან ვიხევთ? მოსახლეობას ვაუწყოთ, რომ ფრონტის ხაზის გასწორების მიზნით ჩვენი არმია თავდაცვითი ბრძოლებისთვის უკეთეს პოზიციებს იკავებს. მოსალოდნელია ქალაქის დაბომბვა? წინასწარ ვიზრუნოთ, რომ მოქალაქემ საჰაერო განგაშის ხმოვანი სიგნალის ცნობა შეძლოს და იცოდეს, სად შეაფაროს თავი. საბრძოლო დანაკარგი გვაქვს? არ უარვყოთ, მაგრამ ყურადღება გავამახვილოთ მოწინააღმდეგის დანაკარგზე, თუმცა მეტისმეტად არ გავაზვიადოთ (როგორც უკრაინის ომში ორივე დაპირისპირებული მხარე აკეთებს), თორემ მერე აღარაფერს დაგვიჯერებენ.

მოკლედ, საინფორმაციო ველზე სიჩუმე მაშინ, როცა ქვეყანაში ექსტრემალური სიტუაციაა, დიდი შეცდომაა, თითქმის დანაშაულის ტოლფასი და ეს ეხება არა მარტო ომს, არამედ ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებსაც. მართალია, მთავრობა მიწი­სძვრას წინასწარ ვერ გამოიცნობს და ვერც მოსახლეობის გაფრთხილებას მოასწრებს, მაგრამ ვალდებულია წინასწარ ჰქონდეს­ აღნუსხული ყველა ავარიული შენობა-ნაგებობა, რომლებიც­ მიწისძვრის დროს შედარებით ადვილად შეიძლება დაინგრეს და სამაშველო სამსახურებიც მზად იყვნენ ამისთვის.

ძალზე სახიფათოა პანიკა ბევრი ხალხის შეკრების ადგილზე, იქნება ეს სტადიონი, საკონცერტო დარბაზი თუ, მით უმეტეს, მიტინგი. არაერთი ტრაგედია მომხდარა სტადიონებზე მაყურებელთა პანიკის შედეგად, როდესაც ყველას სწრაფად სურს გასვლა, კიბეზე კი ჭყლეტა იწყება და ადამიანები ზარალდებიან.

არანაკლებ საშიშია მრავალრიცხოვანი მიტინგის დაშლა სპეციალური არალეტალური საშუალებების გამოყენებით - წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, როდესაც მომიტინგეთა დიდი მასა ერთი მიმართულებით იწყებს უკუსვლას და წაბორძიკება-წაქცევას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

მოსახლეობაში პანიკის გავრცელების წინა პირობა ტექნოგენური ავარიის შესახებ ინფორმაციის დამალვაც შეიძლება გახდეს, რადგან არ არის გამორიცხული, რამდენიმე ან სულაც ერთმა არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა თავისი ავადმყოფური ინტერესების დასაკმაყოფილებლად ინტერნეტსივრცეში "შეაგდოს" დეზინფორმაცია და ქიმიურ ქარხანაში ლოკალური ავარია დიდ კატასტროფად გამოაცხადოს, რომელიც მთელ ქალაქს მოწამვლით ემუქრება. ამ დროს ვის დაუჯერებს უბრალო მოქალაქე, რომელიც ისედაც ინტერნეტჭორების აქტიური მომხმარებელი და შეიძლება გამავრცელებელიც კია - ათასჯერ გაკრიტიკებულ მთავრობას, რომელიც სიჩუმეს ირჩევს და ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას აგვიანებს, თუ დეზინფორმატორს, რომელიც მოსალოდნელ დიდ მსხვერპლზე გაჰკივის?

ექსტრემალურ სიტუაციებში­ მოსახლეობისთვის ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიულად­ მიწოდება სახუმარო საქმე არ არის. დასაშვებია, რომ თავდაპირველ ინფორმაციებში ხარვეზები­ და უზუსტობაც კი იყოს, მაგრამ­ მთავრობამ სიჩუმე არავითარ შემთხვევაში არ უნდა აირჩიოს, რადგან ამ სიჩუმეს მაშინვე გაფანტავს მცდარი არაოფიციალური ინფორმაცია ან განზრახ შეთითხნილი ტყუილი, ჭორები, რომლებიც სოციალური ქსელებით ელვის უსწრაფესად დაიპყრობს საინფორმაციო სივრცეს და მოსახლეობის ფართო მასებში პანიკის ტალღის აგორების მიზეზიც გახდება.

სტატიის ბოლოს კი დავუბრუნდები იმას, რითიც დავიწყეთ - თუ გენერალი მშვიდობიანობის დროს მირბის, ეს სიცილს იწვევს, თუ ომის დროს - პანიკას... სოხუმის დაცემისას ჩვენი შტაბის წინ რამდენიმე წამით სატვირთო "ურალი" გაჩერდა, კაბინიდან ავტომატიანი გენერალი გადმოვიდა, მიცნო და მითხრა, ირაკლი, ყველაფერი დამთავრდა, წადი, თავს უშველეო. როდესაც "პოპუტნი" "ურალიდან" ავტომატიანი გენერალი გადმოდის და ასეთ რაღაცას გირჩევს, ჩნდება თუ არა პანიკის საფუძველი?..