რუსული ფრონტი ჩამოიშალა, პანიკით შეპყრობილი ოკუპანტები უკან იხევენ... - კვირის პალიტრა

რუსული ფრონტი ჩამოიშალა, პანიკით შეპყრობილი ოკუპანტები უკან იხევენ...

თუ რუს ოკუპანტებს უკრაინის ქალაქების დასაპყრობად კვირები და თვეებიც კი სჭირდებოდათ, უკრაინის დამცველები მათ ერთ-ორ დღეში ათავისუფლებენ

შემოდგომის დასაწყისი გარდამტეხად გადაიქცა არა მარტო რუსეთ-უკრაინის ომში, არამედ მსოფლიოს უახლოეს მომავალშიც კი, რადგან ჩამოშლილმა რუსული ფრონტის ხაზმა და გაქცეულმა რუსმა ოკუპანტებმა შეიძლება ააგორონ ის "თოვლის გუნდა", რომელიც "ზვავად" გადაიქცევა და ადრე თუ გვიან რუსეთს, როგორც ერთიან სახელმწიფოს, დაშლის საფრთხის წინაშე დააყენებს.

წარმოუდგენელი, ფანტასტიკური სიჩქარით მიმდინარეობს უკრაინის არმიის შეტევა ხარკოვიდან აღმოსავლეთით. რამდენიმე დღეში გათავისუფლდა 30-ზე მეტი დროებით ოკუპირებული უკრაინული დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქები ბალაკლეია, კუპიანსკი, იზიუმი... ყველას ჩამოთვლას ვერ შევძლებთ, რადგან "კვირის პალიტრის" ამ ნომრის გამოსვლის დღეს რუსეთ-უკრაინის ფრონტის იზიუმის მონაკვეთზე ოპერატიული სიტუაცია მნიშვნელოვნად იქნება შეცვლილი, თუკი უკრაინის არმია შეინარჩუნებს საბრძოლო ინიციატივას და ამ ტემპით გააგრძელებს რუსი დაპყრობლებისგან მშობლიური მიწების გათავისუფლებას.

რა სამხედრო ეშმაკობა გამოიყენა უკრაინის გენშტაბმა?

ეჭვს არ იწვევს, რომ უკრაინის გენშტაბი დიდხანს ემზადებოდა ბალაკლეია-კუპიანსკი-იზიუმის მიმართულებით მრავალმხრივი კონტრიერიშის დასაგეგმავად, მაგრამ მათი ოპერატიული ჩანაფიქრი დროზე ადრე რომ არ გაცხადებულიყო, სამხედრო ეშმაკობას მიმართეს.

აგვისტოს შუა რიცხვებიდან უკრაინის არმია ფრონტის სამხრეთ ნაწილში, ხერსონის მიმართულებით კონტრიერიშზე გადავიდა, რაც ლოგიკური ჩანდა - "ჰაიმარსებისა" და "ესკალიბურების" წერტილოვანი დარტყმებით უკრაინელმა არტილერისტებმა მწყობრიდან გამოიყვანეს დნეპრსა და ინგულეცზე გადებული ძირითადი სამი საავტომობილო და ერთი სარკინიგზო ხიდი, რითაც დნეპრის მარჯვენა ნაპირზე ერთგვარ "ტომარაში" მოაქციეს რუსი ოკუპანტების 25-ათასიანი დაჯგუფება.

რუსებს მხოლოდ პონტონებით, ნავებითა და შვეულმფრენებითღა შეუძლიათ დნეპრის მარცხენა სანაპიროდან მარჯვენის მომარაგება, მაგრამ უკრაინული "ჰაიმარსები" ამ საპონტონე ხიდებსაც პოულობენ.

ხიდების მწყობრიდან გამოყვანის შემდეგ ხერსონისკენ უკრაინელების იერიშის დაწყება ყველამ და, რაც მთავარია, რუსეთის გენშტაბმა აღიქვა, როგორც უკრაინის არმიის კონტრიერიშების ძირითადი მიმართულება და ოკუპირებული ხერსონის თავდაცვის გასაძლიერებლად ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან დამატებითი ძალების გადასროლა დაიწყო. სანამ რუსი ოკუპანტების სარდლობა ამ ოპერაციას ატარებდა, 29 აგვისტოს უკრაინის არმიამ ხარკოვიდან აღმოსავლეთით მოულოდნელი შეტევა წამოიწყო და რამდენიმე დღეში ქალაქი ბალაკლეია გაათავისუფლა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ძირითადად, როსგვარდიის დანაყოფები და დონბასელი პრორუსი სეპარატისტების რეზერვისტები იცავდნენ. რუსი გენერლების დიდი შეცდომა იყო, რომ ამ მიმართულებაზე ძირითად დარტყმას არ ელოდნენ და არ ჰყავდათ საარმიო დანაყოფები სათანადო საარტილერიო უზრუნველყოფით.

ბალაკლეიას დაცემიდან ერთ დღეში უკრაინელებმა მის ჩრდილოეთით ქალაქი კუპიანსკიც გაათავისუფლეს.

თუკი ბალაკლეია იმით არის ცნობილი, რომ იქ საბრძოლო მასალების უზარმაზარი საწყობია, კუპიანსკი ძირითადი სარკინიგზო და საავტომობილო კვანძია და ოკუპანტები სწორედ მისი გავლით ეზიდებოდნენ სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალებსა და საწვავს რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის ფრონტის ხაზის იზიუმის მონაკვეთზე.

უკრაინის გენშტაბის სამხედრო ეშმაკობამ - მტრის ძირითადი ყურადღება ფრონტის სხვა უბანზე წამოწყებულ იერიშის მოგერიებაზე გადაეტანა, გაამართლა.

რატომ გაჭირდა უკრაინის არმიის კონტრშეტევები ხერსონთან და რატომ გაადვილდა ხარკოვის აღმოსავლეთით წინსვლა?

ფაქტია, რომ ექვსი თვე მუდმივად თავდაცვაში მყოფი უკრაინის არმია კონტრიერიშებზე გადავიდა ჯერ ხერსონის და შემდეგ ხარკოვის აღმოსავლეთ მიმართულებებზე, თუმცა ამ კონტრიერიშების წარმატებული განვითარება ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

შეიძლება ბევრს გაუჩნდეს კითხვა, რატომ ვერ შეძლეს უკრაინელებმა ასეთი შთამბეჭდავი წინსვლა სამხრეთ ფრონტზე, ხერსონის რაიონში, სადაც კონტრიერიშები უფრო ადრე წამოიწყეს?

ამის ერთ-ერთი მიზეზი გეოგრაფიული მდებარეობაა.

მიკოლაევის მხრიდან ხერსონისკენ შეტევა უკრაინელ სამხედროებს, ფაქტობრივად, სტეპებში უწევთ, სადაც იშვიათ ქარსაფარ ზოლებს თუ ამოაფარებ ტანკებს, ძირითადად, კი შეტევა ღია სივრცეში მიმდინარეობს, სადაც მოწინააღმდეგეს ადვილად შეუძლია შენი აღმოჩენა, ხარკოვის აღმოსავლეთით კი ტყის დიდი მასივებია, რომლებიც ეხმარება შეტევაზე გადასულ უკრაინელებს, ბოლო წუთამდე შენიღბონ თავიანთი ჯავშანკოლონების იერიში.

გარდა ამისა, უკრაინელები შეტევაზე რუსი ოკუპანტებისგან განსხვავებული ტაქტიკით გადადიან.

ომის დასაწყისში ბლიცკრიგის მისაღწევად რუსული ჯავშანკოლონები მაქსიმალური სიჩქარით ცდილობდნენ კიევამდე მისვლას და უკრაინის დედაქალაქის აღებას, რითაც კარგად ისარგებლეს უკრაინელმა მებრძოლებმა და პარტიზანებმა - არაერთი ჩასაფრება მოუწყვეს რუს ტანკისტებს და დიდი ზიანიც მიაყენეს, ახლა კი უკრაინელთა ტაქტიკა სხვანაირია და ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებიდან მცირე ჯავშანჯგუფებით შეტევას. ეს მეთოდი ჯერჯერობით სასურველ შედეგს იძლევა, რაზეც ფრონტის ღრმა ზურგში სწრაფი შეჭრაც მეტყველებს, თუმცა ასეთ სწრაფ წინსვლას უარყოფითი მხარეც შეიძლება ჰქონდეს, თუკი სოლივით შეჭრილ უკრაინულ დანაყოფებს რუსი ოკუპანტები ფლანგებიდან შეუტევენ და მათ "ქვაბში" მოქცევას ეცდებიან, ამიტომ ამ შეტევების წარმატებით განვითარებისთვის უკრაინელებს აუცილებლად სჭირდებათ დამატებითი ძალები, რათა საბრძოლო ინიციატივა არ დაკარგონ და შეტევის ტემპი არ შეანელონ.

ასევე მნიშვნელოვანია, ხერსონის მიმართულებითაც გაგრძელდეს კონტრშეტევითი ოპერაციები და თუკი უკრაინის საარმიო დანაყოფები ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც, მათ შორის - ზაპოროჟიესა და დონბასში, თუნდაც მცირე მასშტაბის შეტევებს ერთდროულად წამოიწყებენ, რუს ოკუპანტებს ძალზე გაუჭირდებათ ფრონტის ერთი უბნიდან მეორეზე თავდაცვითი პოზიციების შესანარჩუნებლად დამხმარე საბრძოლო დანაყოფების, როგორც "სახანძრო მანქანების", გადასროლა.