ნატოს ყველაზე „ჩუმი“ სწავლება საქართველოში... - კვირის პალიტრა

ნატოს ყველაზე „ჩუმი“ სწავლება საქართველოში...

...მოწინააღმდეგემ მრავალეროვნული ბატალიონის თავდაცვით პოზიციებს შეუტია, რის შემდეგაც მრავალეროვნულმა ბატალიონმა კომბინირებული მოქმედებით მოწინააღმდეგე გაანადგურა და კონტრშეტევაზე გადავიდა მოწინააღმდეგის დარჩენილი ძალების დასამარცხებლად. მრავალეროვნულმა ბატალიონმა მოწინააღმდეგის განადგურების მიზნით "ჯაველინის" ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან სამჯერ გაისროლა. კონტრშეტევის დროს მოწინააღმდეგის თავდაცვითი დაბრკოლებები მრავალეროვნულმა საინჟინრო ასეულმა გაარღვია.

ეს იყო დასკვნითი საჩვენებელი სწავლება, რომელიც 9 სექტემბერს ვაზიანის მე-11 პოლიგონზე გაიმართა. ამით ოფიციალურად დაიხურა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2022".

წელს საქართველომ "ღირსეულ პარტნიორს" მეექვსედ უმასპინძლა. წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (UშAღEUღ) ხელმძღვანელობდა. მრავალეროვნულ სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები იყვნენ: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრი (შჭEDINთ).

უთუოდ მისასალმებელია, რომ ასეთ ურთულეს დროს, როდესაც აგრესორი რუსეთი მეზობელი უკრაინის ტერიტორიაზეა შეჭრილი და ორასი დღე-ღამეა ებრძვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც ყოველდღიურ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინის არმიას, პოულობს რესურსებს და საქართველოში მართავს ტრადიციულ სწავლებას "ღირსეული პარტნიორი".

აქ უმთავრესი ის კი არ არის, რამდენი "აბრამსი" თუ "აპაჩი" ჩამოიყვანა ნატომ ქართულ პოლიგონზე, არამედ ფაქტი, რომ საქართველო კვლავ ნატოს გვერდითაა, თუმცა აჯობებდა, ბოლოს და ბოლოს, მის შიგნითაც შევეშვით.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესიის ფონზე ძალზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ამგვარი და უფრო ფართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო სწავლებები გამართონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა. მხოლოდ ასე - გაერთიანებული ძალებით შეიძლება იმ საშინელების შეჩერება, რასაც 21-ე საუკუნის ჰიტლერი - პუტინი სჩადის რუსეთის მეზობლების მიმართ.

P.S. "ღირსეული პარტნიორი 2022" ყველაზე "ჩუმი" გამოვიდა ყველა იმ საერთაშორისო სწავლებასთან შედარებით, რომლებიც ოდესმე გამართულა ქართულ პოლიგონებზე, რადგან ამ სწავლების გასაშუქებლად... მასმედია არ დაუშვეს! ვერ გეტყვით, რა მოსაზრებით გაკეთდა ეს, მაგრამ ამით ნატო-საქართველოს ურთიერთობა ნამდვილად არ გაღრმავებულა, შეიძლება პირიქითაც კი.ისე კი, თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მივა მთასთან და ჩემ თვალწინ ამ გამონათქვამის ოდნავ სახეცვლილი ვარიანტი გათამაშდა: ვაზიანის სწავლებაზე არდაშვებულ ჟურნალისტთა რიგში აღმოჩენილი საკუთარ ეზოში კარტოფილს ვთხრიდი, როდესაც თავზე... სწავლების მონაწილე "აპაჩმა" გადამიფრინა.