საბრძოლო დანაკარგები ომის მე-200 დღეს - კვირის პალიტრა

საბრძოლო დანაკარგები ომის მე-200 დღეს

11 სექტემბერს 200 დღე-ღამე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია 24 თებერვლის გამთენიისას ვერაგულად დაესხა თავს მეზობელ უკრაინას.

მიუხედავად კრემლის მოლოდინისა, ეს ომი ბლიცკრიგით არ დასრულდა, პირიქით, ორასი დღე-ღამეა გრძელდება და ჯერ დასასრულიც არ უჩანს, თუმცა ნახევარი წლის შემდეგ უკრაინის არმიას ამ ომის მსვლელობაში კარდინალური გარდატეხა შეაქვს. მან რუს დამპყრობლებს, როგორც სამხედრო ტექნიკის, ისე ცოცხალი ძალის დიდი საბრძოლო დანაკარგი აგემა, მაგრამ ომი ომია და მნიშვნელოვან საბრძოლო დანაკარგს ვერც უკრაინის დამცველები გადაურჩნენ.

ინტერნეტრესურსის, "ორიქსის", ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელშიც მხოლოდ ფოტოვიდეო კადრებით დადასტურებული სამხედრო ტექნიკის დანაკარგია ასახული, გთავაზობთ მოწინააღმდეგე მხარეთა საბრძოლო დანაკარგს ომის მე-200 დღის მდგომარეობით.

რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო დანაკარგი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, როსგვარდიამ, კერძო სამხედრო კომპანიებმა, "კადიროველებმა" და პრორუსმა დონბასელმა სეპარატისტებმა, 11 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ომში დაკარგეს 5 644 ერთეული საბრძოლო და სამხედრო ტექნიკა. მათ შორის არის 1 040 ერთეული სხვადასხვა ტიპის ტანკი, 528 საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 1 150 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 153 ჯავშანტრანსპორტიორი, 115 შეჯავშნული მანქანა, 189 საინჟინრო მანქანა, 86 ბუქსირებადი ქვემეხი და ჰაუბიცა, 173 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, 96 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 72 თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო დანადგარი, 15 რადიოლოკაციური სადგური, 53 საბრძოლო თვითმფრინავი, 48 დამრტყმელი და სატრანსპორტო შვეულმფრენი, 124 უპილოტო საფრენი აპარატი, 11 სამხედრო ხომალდი და კატარღა, ასევე - 1 499 ერთეული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი.

რუსეთის საოკუპაციო ძალების დაუბრუნებელი დანაკარგი დაღუპული სამხედროების სახით უნდა აჭარბებდეს 25 000-ს, ხოლო დაჭრილების, დაშავებულების, ტყვედ ჩავარდნილებისა და დეზერტირების საერთო რიცხვი 80 000-ს უნდა უახლოვდებოდეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო დანაკარგი

"ორიქსის" მონაცემებით, ორასდღიანი ბრძოლების შედეგად უკრაინის არმიის სამხედრო ტექნიკის საერთო დანაკარგი შეადგენს 1 574 ერთეულს. მათ შორის არის: 255 ტანკი, 135 საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 222 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 101 ჯავშანტრანსპორტიორი, 137 შეჯავშნული მანქანა, 23 საინჟინრო მანქანა, 52 ბუქსირებადი ქვემეხი და ჰაუბიცა, 52 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, 22 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 47 თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო დანადგარი, 22 რადიოლოკაციური სადგური, 46 საბრძოლო თვითმფრინავი, 14 დამრტყმელი და სატრანსპორტო შვეულმფრენი, 34 უპილოტო საფრენი აპარატი, 20 სამხედრო ხომალდი და კატარღა, ასევე - 342 ერთეული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი.

უკრაინის არმიას, ეროვნულ გვარდიას, პოლიციასა და ტერიტორიული თავდაცვის ძალებს ბრძოლებში დაეღუპათ 15 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო დაჭრილთა რიცხვი 50 000-ს უნდა აჭარბებდეს; ამასთან, რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია რამდენიმე ათასი უკრაინის დამცველი.

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მოწინააღმდეგე მხარეთა განადგურებული სამხედრო ტექნიკის რეალური რაოდენობა უფრო მეტია, რადგან ყველა აფეთქებული ტანკისა თუ ჩამოგდებული თვითმფრინავის ფოტო ან გადაღებული არ არის, ან - ინტერნეტით გავრცელებული.

ომის საშინელება ისიც გახლავთ, რომ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დროს იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რომლებიც ორმხრივი სროლის არეალში მოყვნენ ან ფრონტის ხაზიდან შორს იყვნენ, მაგრამ არტილერიის, ავიაციის დაბომბვასა თუ სარაკეტო დარტყმებს ემსხვერპლნენ. ამას ემატება რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების განზრახ მკვლელობის ასეულობით ფაქტიც, რაც ომის დანაშაულია.

ადამიანის უფლებათა გაეროს კომისარიატის 10 სექტემბრის მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში დადასტურებულია 5 767 სამოქალაქო პირის დაღუპვა და 8 292-ის დაჭრა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება, რომ ომმა უკვე შეიწირა 383 ბავშვი, ხოლო 746 დაიჭრა.გასაგებია, რომ ეს მონაცემებიც არასრულყოფილია, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთის არტილერიისა და ავიაციის მიერ მიწასთან გასწორებული მარიუპოლის საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევებიდან ჯერ არ ამოუსვენებიათ ასობით, შეიძლება ათასობითაც დაღუპული ადგილობრივი მცხოვრების ნეშტი.