"პუტინი მაინც აღტაცებულია ერდოღანის ერთგვარი ცინიზმითა და უხეშობით..." - რას წერს ფრანგული გამოცემა - კვირის პალიტრა

"პუტინი მაინც აღტაცებულია ერდოღანის ერთგვარი ცინიზმითა და უხეშობით..." - რას წერს ფრანგული გამოცემა

ფრანგულ გაზეთ "ლე მონდში" (Le Monde) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "რეჯეფ ერდოღანი, როგორც საკონტაქტო პიროვნება რუსებისა და უკრაინელებისათვის: მას მტკიცე ურთიერთობა აქვს ვოლოდიმირ ზელენსკისთან და კარგი დამოკიდებულება - ვლადიმერ პუტინთან" (ავტორი - ალენ ფრაშონი).

"თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი თბილად მიმართავს ვოლოდიმირ ზელენსკის, გაგებით თავს უქნევს ვლადიმერ პუტინს, გამოდის შუამავლად მტრულად განწყობილ მხარეთა შორის მოლაპარაკებებში... მოკლედ, მას ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს. შეიძლება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც ერთგვარი შური გამოხატა რეჯეფ ერდოღანის მიმართ, როცა დიპლომატების წინაშე გამოსვლისას თქვა: "განა ვინმეს უნდა, რომ თურქეთი მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომელსაც რუსეთთან ლაპარაკის უნარი აქვს?".

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, თუ ემანუელ მაკრონის ნათქვამი რეჯეფ ერდოღანს გააგებინეს, თურქეთის პრეზიდენტი აშკარად კმაყოფილი დარჩებოდა.

"კაცმა რომ თქვას, საფრანგეთის პრეზიდენტი მართალია: მისი თურქი კოლეგა კონტაქტურია როგორც რუსეთთან, ისე - უკრაინასთან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს როგორც გეოგრაფიას, ისე - ისტორიას. ამ ფაქტორების მეშვეობით ანკარა სასარგებლოა როგორც მოსკოვისათვის, ასევე - კიევისთვისაც: რეჯეფ ერდოღანს ხელთ უპყრია იმ სრუტეების გასაღები, რომლებიც შავ ზღვას ხმელთაშუა ზღვასთან და მსოფლიო ოკეანესთან აკავშირებს".

მართალია, თურქეთი ზოგჯერ რუსეთს აკრიტიკებს, მაგრამ თუ ანკარის პოლიტიკას გავაანალიზებთ, მისი კრიტიკა არაფერია რეალურ მოქმედებასთან შედარებით: თურქეთი, ნატოს წევრი სახელმწიფო, არ შეუერთდა დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია. თურქეთი, შეიძლება ითქვას, ბუნებრივად იცავს ბალანსს: უკრაინას იარაღს უგზავნის, მაგრამ, ასევე, დიდად არის დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე.

რეჯეფ ერდოღანს პოლიტიკური რეალიზმის მომხრეები ძალიან აქებენ: მისი შუამავლობით მოგვარდა უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის საკითხი, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში გასაგზავნად. ანკარამ თავისი წვლილი შეიტანა იმაშიც, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში "მაგატეს" თანამშრომლები შესულიყვნენ. რეჯეფ ერდოღანს ორივე დაპირისპირებულ მხარესთან მიესვლება: ივლისში სოჭში ვლადიმერ პუტინთან გაემგზავრა, რომელსაც მეგობრულად შეხვდა და ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებებს ხელი მოაწერა, აგვისტოში კი კიევში ჩავიდა, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და დახმარება აღუთქვა.

"და მაინც, პუტინისა და ერდოღანის დუეტი ბევრს უცნაური ეჩვენება: "მათ შორის არის სისხლიც და გვამებიც", - წერს ავტორი. მართლაც და, თურქული დრონები - "ბაირაქტრები" - ხომ რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენება! ახლო აღმოსავლეთშიც - სირიაში ბოლო დროს ხშირია გაუგებრობები და ინციდენტები რუს და თურქ სამხედრო კონტიგენტებს შორის, ასევე - ლიბიასთან მიმართებით... რომ არაფერი ვთქვათ იმ მრავალრიცხოვან ისტორიულ ომებზე, რომლებიც ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის იყო.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, დღეს ორივე ლიდერი ერთმანეთის ქცევას პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზებით ითმენენ: ანკარა გმობს ანტირუსულ სანქციებს და რადგან თურქეთს რუსული გაზი, ნავთობი და ხორბალი შედარებით იაფად უნდა, იგი მზადაა რუსული რუბლი გადაიხადოს... თურქეთს რუსი ტურისტებიც სჭირდება.

თავის მხრივ, ითვალისწინებს რა ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმან-სუნიტ ერებს, რუსეთს არ შეუძლია მხედველობაში არ მიიღოს დიდი სუნიტური ქვეყნის - თურქეთის ინტერესები. პლუს, რუსეთისათვის თურქეთი იმითაც არის საინტერესო, რომ ანკარა ძალიან ხშირად ეჯიუტება ამერიკას და ნატოს სხვა წევრებს, გაეროში მათ პოზიციას ემიჯნება ხოლმე... ანუ თურქეთი, კრემლის აზრით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სუსტ რგოლს წარმოადგენს. მოსკოვს, როგორც ჩანს, ძალიან მოსწონს თურქეთის პოზიცია შვედეთისა და ფინეთის ალიანსში მიღებაზე - ყოველ შემთხვევაში, შეიძლება დროებით, მაგრამ ანკარა მაინც მათი ნატოში გაწევრებისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს.

"იმ შემთხვევების მიუხედავად, როცა რეჯეფ ერდოღანი ზოგჯერ რუსეთის წინააღმდეგ რაღაცას ამბობს, ვლადიმერ პუტინი მაინც აღტაცებულია მისი ერთგვარი ცინიზმით და უხეშობით, რითაც თურქეთის პრეზიდენტი თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს", - აღნიშნავს ალენ ფრაშონი. "პუტინისა და ერდოღანის დუეტში შეიძლება პოლიტიკური მსგავსება ვიპოვოთ", - წერს ავტორი, - "ორივე თავიანთ ქვეყნებს ავტორიტარიტარულად მართავს... თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, როცა რუსეთი და უკრაინა დიალოგისთვის მზად იქნებიან. ალბათ, რეჯეფ ერდოღანი ორივეს ბოსფორის ნაპირზე უმასპინძლებს". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ