სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ დეპოლარიზაციას ხელი შეეწყოს - კვირის პალიტრა

სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ დეპოლარიზაციას ხელი შეეწყოს

პარტია „ლელოს" დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალება იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ დეპოლარიზაციას ხელი შეეწყოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტი კიდევ გამართავს შეხვედრებს, "ლელო" მონაწილეობას მიიღებს.

„რაც შეეხება ეროვნული თანხმობის თემას, იცით, რომ ჩვენ, როგორც კი საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა მისი სურვილი, რომ ამ პროცესისთვის ხელი შეეწყო, მონაწილეობა მივიღეთ შეხვედრებში. თუ იქნება შემდგომი შეხვედრები, ვფიქრობ, მონაწილეობას გავაგრძელებთ, მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა - დღეს თუ რაიმე არის ჩვენი საზოგადოების გახლეჩის მიზეზი და იმის, რომ ქვეყანაში პოლარიზება არის პრობლემა, ეს არის ორი მთავარი საკითხი-ერთი არის ის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სამწუხაროდ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ვერ მივაღწიოთ წარმატებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ამიტომ, პოლარიზაცია დღეს არის ხელისუფლებასა და დანარჩენ საქართველოს შორის, რომელსაც ძალიან მყარად სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით ჩვენ კონკრეტული მოთხოვნები მოგვცეს და ამ მოთხოვნებს შორის არის მაგალითად, მედიის თავისუფლების თემა. მეორე საკითხი, რომელიც საზოგადოების გახლეჩას იწვევს, ეს არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება. მსურს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს შევახსენო, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმარი, დამოუკიდებელი მასმედიის, "მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია. ნიკა გვარამიას შეწყალება პრეზიდენტის მიერ, მისთვის მინიჭებული კონსტიტუციური უფლების გამოყენება იქნებოდა მათ შორის ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს დეპოლარიზაციას, ისევე, როგორც ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების გზაზე კონკრეტული წინსვლის უზრუნველყოფას",-განაცხადა სამადაშვილმა.

IPN