"ჩვენ არ გვყავს გარდამტეხ მომენტში პრინციპული ხელისუფლება, რომელიც რუსეთის წინაშე ენის მოჩლექას არ დაიწყებდა" - კვირის პალიტრა

"ჩვენ არ გვყავს გარდამტეხ მომენტში პრინციპული ხელისუფლება, რომელიც რუსეთის წინაშე ენის მოჩლექას არ დაიწყებდა"

თეთრი შურით მშურს ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის ხელისუფლების და მთავრობის, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს ზუსტად მძიმე და გარდამტეხ მომენტში ასეთი პრინციპული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ინტერესებს დაიცავდა, მაპატიეთ და არ დაიწყებდა რუსეთის წინაშე ენის მოჩლექას, თუმცა რა გასაკვირია, როცა ჩვენ პირდაპირ რუსული ხელისუფლება გვყავს, უბრალოდ, ქართული გვარებით,- ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მან ისაუბრა უკრაინის ჯარის მიერ განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე. როგორც აკია ბარბაქაძემ აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის შემდეგი - უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისთვის მომზადებული შენაერთების რაოდენობა, ტექნიკური პარამეტრები, დაგეგმარება. ექსპერტის მოსაზრებით, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არის დიდი შეტევებისთვის.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ერთი რამ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ინიციატივა უკვე ხელში აქვთ ჩაგდებული. სტრატეგიული ინიციატივა არის ის, რომ შენ უკვე გაქვს იმის ფუფუნება, ძალები და საშუალებები, შეუტიო იქ, სადაც გინდა, როცა გინდა და იმ ძალით, რა ძალებიც საკმარისია ამ ამოცანების შესასრულებლად. ხოლო, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეტევის განვითარების შესაძლო მიმართულებებზე ააგოს თავდაცვის ზღუდეები. ამის ძალები არ ჰყოფნის და ის უკვე იძულებულია შენ ქმედებაზე რეაგირება მოახდინოს და როდესაც ის რეაგირების რეჟიმშია და შენ კი ინიციატივა ხელში გაქვს, მოწინააღმდეგესთან შედარებით ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ხარ“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

მისი თქმით, რუსეთს აღარ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დაიკავოს 1 300 კმ-იანი ფრონტი და გააკონტროლოს ის, ამიტომ რუსეთი უკან დახევის რეჟიმში იქნება.

„ეს კიდევ უფრო გააძლიერებს პანიკას და უნდობლობას რუსული შეიარაღებული ძალებისა და თავისი ხელმძღვანელობის მიმართ, ეს კი უფრო დააჩქარებს რუსეთის ჯარის ჩამოშლას“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

IPN