ახალი სასწავლო წლიდან, ისტორია დამოუკიდებელ საგნად იქნება, ჭადრაკს კი მოსწავლეები პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან - კვირის პალიტრა

ახალი სასწავლო წლიდან, ისტორია დამოუკიდებელ საგნად იქნება, ჭადრაკს კი მოსწავლეები პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს, მათივე ცნობით, ამ მიზნით, ისტორიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ გადაიხედა საშუალო საფეხურის საქართველოს ისტორიის სტანდარტი და განხორციელდა ახალი სახელმძღვანელოს გრიფირება.

„შედეგად, ახალგაზრდები საშუალო საფეხურზე საქართველოს ქვეყნის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად, სიღრმისეულად შეისწავლიან“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ახალი სასწავლო წლიდან მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან.

„ზაფხულის განმავლობაში, სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებულმა ტრენერთა ჯგუფმა გადაამზადა 4000 პედაგოგი. ამასთან, მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო ბუკებში ჩაიტვირთება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

IPN