"ევროკომისიის რეკომენდაციების 12-ე პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით იმდენად ინკლუზიური, იმდენად გამჭვირვალე გეგმა და პროექტი დაიდო, რომ სათქმელი არავის არაფერი აქვს!" - კვირის პალიტრა

"ევროკომისიის რეკომენდაციების 12-ე პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით იმდენად ინკლუზიური, იმდენად გამჭვირვალე გეგმა და პროექტი დაიდო, რომ სათქმელი არავის არაფერი აქვს!"

ევროკომისიის რეკომენდაციების 12-ე პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით იმდენად ინკლუზიური, იმდენად გამჭვირვალე გეგმა და პროექტი დაიდო, რომ სათქმელი არავის არაფერი აქვს! - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ომბუდსმენის არჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შესაძლებელია.

„პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში ჩაიწერება საკითხები, რაც სადავო ვერ იქნება - არ იარსებებს საკითხი, რაზეც შეიძლება კრიტიკული შენიშვნა გამოითქვას.

მივდივართ იმ პროცესისკენ, რომ სახალხო დამცველის კანდიდატები მთლიანად ოპოზიციამ წარმოადგინოს, ჩვენ ამ პროცესში არ ჩავერიოთ და შემდეგ პარლამენტმა აირჩიოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, 2022 წლის ბოლოს პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინება.

უფრო კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით შეფასების სამუშაო ჯგუფს შექმნის. შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე კი, პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებთან - საპარლამენტო ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები უნდა გამართოს.

ახალი ომბუდსმენის არჩევის საკითხზე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ - "ლელოს", "ნაციონალური მოძრაობის" "მოქალაქეების" და პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატები, შეხვედრას ასევე ესწრებოდა "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის სახელით ხათუნა სამნიძე, "რეფორმების ჯგუფის" სხვა წარმომადგენლები - "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი დეპუტატები კი კონსულტაციებზე არ იმყოფებოდნენ. რაც შეეხება უმრავლესობას, მათი მხრიდან კონსულტაციებზე წარმოდგენილი იყვნენ მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე.

IPN