"ძმა მომიკვდა და მეტი რაღა უნდა გითხრათ..." - როგორ იხსენებენ მიშა გომიაშვილს კოლეგები და მეგობრები - კვირის პალიტრა

"ძმა მომიკვდა და მეტი რაღა უნდა გითხრათ..." - როგორ იხსენებენ მიშა გომიაშვილს კოლეგები და მეგობრები

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება. ბოლო პერიოდში, იგი კლინიკაში მკურნალობდა.

მიხეილ გომიაშვილი 1994 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასში ირიცხებოდა. მიღებული აქვს „ოქროს ნიღბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“. იყო არაერთი კინო თუ თეატრალური როლის შემსრულებელი...

მიშა გომიაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა... მის კოლეგებს გარდაცვლილ მეგობარზე სასაუბროდ დავუკავშირდით...

ზურა ყიფშიძე:

- ძმა მომიკვდა და მეტი რაღა უნდა გითხრათ... მაპატიეთ, ახლა არაფერზე საუბარი არ შემიძლია!

yipshidzee.jpg

ლეო ანთაძე:

- თავზარდაცემული ვარ... ქობულეთში ვარ დასასვენებლად, დამირეკეს, მიშა გომიაშვილის გარდაცვალების შესახებ შემატყობინეს და დილის მერე ცუდად ვარ... ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, მიშა ბევრად უმცროსი გახლდათ, ერთმანეთს სცენაზე არ შევხვედრივართ, მაგრამ ისე, სადაც შევხვდებოდით, ერთმანეთს ვეთაყვანებოდით. ძალიან ტკბილი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. სხვათა შორის, ერთხელ მითხრა, როგორ მინდა ერთ სპექტაკლში ვითამაშოთ და პარტნიორები ვიყოთო.

მიშა გომიაშვილი უნიჭიერესი კაცი იყო, დაუვიწყარი სახეები შექმნა და ნაადრევი გარდაცვალების გამო კიდევ ბევრის შექმნა არ დასცალდა, რაც ძალიან დასანანია!

antadze-1653225665.jpg

თამარ სხირტლაძე:

- ეს რა გავიგე, არ ვიცი, რაღა ვთქვა! არაჩვეულებრივი ადამიანი დავკარგეთ, ყველას რომ მოსწონდა და მასზე გიჟდებოდა... მიშა ძალიან ჯენტლმენი, კულტურული და ღირებული ადამიანი იყო.

მის პროფესიონალიზმზე ნუღარ ვილაპარაკებთ, ეს მისმა ნამუშევრებმა თქვა, იმდენად საოცარი როლები შექმნა! ჩვენ ერთად ვთამაშობდით სპექტაკლში "მარადი ქმარი"... მე რომ სცენიდან გამოვდიოდი, შემდეგ იწყებოდა მიშა გომიაშვილის და ნოდარ მგალობლიშვილის სცენა, არაფრით არ შემეძლო სცენაზე არ დავრჩენილიყავი და მათი საუბრისთვის არ მესმინა, მონუსხული ვიყავი, იმდენად საყვარლები იყვნენ ორივე.

საავადმყოფოში ვიწექი, ფილტვების ანთება მქონდა, მერე კოვიდი დამერთო და ახლა რეაბილიტაციის ცენტრში ვარ. გული მისკდება, მე წესით ახლა ჭირისუფლად უნდა ვიჯდე და აქედან ვერ გამოვდივარ. ჩვენ სასწაული სიახლოვე დამოკიდებულება გვქონდა. ჩემი მეგობარი, ახლობელი იყო და ძალიან დიდი ტკივილია.

ნინიკო ჩხეიძესთან ხშირად მივდიოდი, მიშაც ახლოში ცხოვრობდა და ერთმანეთის ნახვა ხშირად გვიწევდა. მარჯანიშვილის თეატრის გვერდზე მაღაზიაა და იქ ლამის ყოველდღე ვნახულობდით ერთმანეთს. იმდენს ვსაუბრობდით, ვიდრე ხალხი არ გვეტყოდა, გაგვატარეთო... არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, რომელმაც ისეთი მეგობრობა გაუწია, რაც ალბათ მიშას ცხოვრებაში აკლდა. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მიშა ბედნიერი იყო და ასე ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას რა წარმომადგენინებდა, გულმოკლული ვარ.

sxirtladze.jpg

რეზო ჩხიკვიშვილი:

- ჩემო მიშა, ვიცოდი, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გქონდა, მაგრამ ამაზე საუბრით არასოდეს შეგიწუხებივართ... შენი იუმორი, არტისტიზმი, აურა, მომაჯადოებელი და გადამდები იყო როგორც არტისტებისთვის, ისე მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის. შენ იყავი ვარსკვლავი საქმეშიც და მეგობრობაშიც. მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ჩემს გულში მეყოლები. უაღრესად საინტერესო, კეთილო, ნიჭიერო, ადამიანო. ვამაყობ და ვიამაყებ შენთან ერთად გატარებული წუთებით კინოსა და თეატრში! მშვიდობით, მეგობარო.

rezo-chxikvishvili-1663003833.jpg

დავით ბეჟიტაშვილი:

- ძალიან დამამწუხრა მიშა გომიაშვილის უეცარმა გარდაცვალებამ...

მე გახლავართ პროდიუსერი ფილმისა - "დარჩი ჩემთან"... ფილმს ზაზა ურუშაძის რეჟისორობით ვიღებდით და იმ როლზე, რომელიც შემდეგ მიშა გომიაშვილმა ითამაშა, თავიდან სულ სხვა მსახიობი მოიაზრებოდა. ამ მსახიობის ვინაობას ახლა შეგნებულად არ დავასახელებ... ფილმის გადაღება დაწყებული რომ იყო და ყველაფერი გამზადებული, რაღაც ისე მოხდა, რომ ის მსახიობი როლიდან მოიხსნა.

წარმოიდგინეთ, მომდევნო დღეები ისე იყო დაგეგმილი, რომ იმ გმირის სცენები იყო გადასაღები. როგორც ხდება, ყველაფერი გათვლილ-გაწერილი. არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს იდეა, სასწრაფოდ, დაუფიქრებლად ტელეფონი ავიღე და ბატონ მიშას დავურეკე... მიშა გომიაშვილს ვუთხარი რომ სასწრაფოდ მინდოდა შევხვედროდი. არც კი მკითხა, რატომ მსურდა შეხვედრა, არც ის უთქვამს, დაკავებული ვარ და არ შემიძლიაო, შეხვედრა ერთ-ერთ კინო-თეატრში ჩავნიშნეთ. დარეკვიდან რამდენიმე წუთში ჩვენ უკვე ადგილზე ვისხედით და შევთავაზე, ასეთ ფილმს ვიღებ-მეთქი...

წესით არ ხდება და ძალიან იშვიათი მოვლენაა, რომ ამხელა რანგის მსახიობს უთხრა, როლში მიგიწვიე და თან ხვალ თქვენი ეპიზოდის გადაღებებია-თქო... ფაქტობრივად, მოუმზადებელი, ისე რომ სცენარიც წაკითხული არ ჰქონდეს, დეტალები არ იცოდეს და როლზე დათანხმდეს, უიშვიათესია!

davit-bejitashvili-1663004590.jpg

თქვენ წარმოიდგინეთ, მიშა გომიაშვილი დაუფიქრებლად დამთანხმდა... ვფიქრობ, იმ წუთას მისმა ადამიანურმა, დადებითმა თვისებებმა იმძლავრა და მეორე დღეს, გადასაღებ მოედანზე კამერის წინ იდგა.

რა არის ცხოვრება?! - ფილმის დამდგმელი რეჟისორი - ზაზა ურუშაძე, დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ბერიძე გარდაიცვალნენ, ახლა უკვე მთავარი როლის შემსრულებელი - მიშა გომიაშვილი... ყველანი წავიდნენ იმქვეყნად, ეს უბრწყინვალესი ადამიანები და პროფესიონალები... არც კი ვიცი, რა ვთქვა!

მიშა გომიაშვილი საოცარი პიროვნება იყო და ყოველთვის შეგეძლო მინდობოდი, არასოდეს არ დაგაღალატებდა. არც საქმეში, არც პირად ურთიერთობებში. დიდი მადლობა მას, მართლაც რომ დაუვიწყარი სახე შექმნა ფილმში "დარჩი ჩემთან"!

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს მიშა გომიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

(სპეციალურად საიტისთვის)