"რომელიღაც პარტიამ რაღაც დაუმორჩილებლობაზე ილაპარაკოს, პარლამენტი აზომოს, აქციის რიცხვი და ფორმა დაგვიდგინოს და ჩვენ ხალხი მოვიყვანოთ? - მასე არ გამოვა" - კვირის პალიტრა

"რომელიღაც პარტიამ რაღაც დაუმორჩილებლობაზე ილაპარაკოს, პარლამენტი აზომოს, აქციის რიცხვი და ფორმა დაგვიდგინოს და ჩვენ ხალხი მოვიყვანოთ? - მასე არ გამოვა"

„ნაციონალური მოძრაობა“ პირველი აღმოჩნდა იმ პარტიების ნუსხაში, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ რადიკალებად, პოლარიზაციის გამღვივებლებლად და ომის მოსურნეებად გამოაცხადა. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, 5 სუბიექტი - „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია, რადიკალური ოპოზიციის ნიშაშია და ყველაფერს აკეთებს, რომ არ შესრულდეს ევროკომისიის დოკუმენტის პირველი პუნქტი - დეპოლარიზაცია.

დეპოლარიზაციაზე, დაანონსებულ საპროტესტო აქციებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე გვესაუბრება:

- ვის სჯერა იმის, რომ პოლარიზაციის მთავარი წყარო არ არის ხელისუფლება?! ყოველ ჯერზე ანტიდასავლურ, საშინელ განცხადებებს აკეთებენ, გამოდიან ევროკავშირის და ამერიკის წინააღმდეგ. ვერ გავიგე, რატომ იცავს საქართველოს მთავრობა ასეთი თავგამოდებით საფრანგეთის მოქალაქეს, ბიძინა ივანიშვილს და რატომ ცდილობენ ქართველი ხალხის გამოყენებას შანტაჟის იარაღად?! „ქართული ოცნების“ წევრები პირდაპირ ემუქრებიან დასავლეთს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს დაჩაგრავენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს შეცვლიან. სწორედ ივანიშვილმა შექმნა დასავლეთის მაგინებელი სამეული, რომელიც შემდეგ ოთხეულად გადაკეთდა. ოპოზიცია ამერიკის აგენტებადაც კი მონათლეს. ეს ყველაფერი პოლარიზებას და კონფრონტაციას ხელს არ უწყობს?

- ყველაფრის მიუხედავად, დასავლელი პარტნიორები მაინც მოგიწოდებენ მმართველ გუნდთან თანამშრომლობისკენ და არა - ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისკენ და საპროტესტო აქციებისკენ. დასავლელმა პოლიტიკოსებმა პირდაპირ თქვეს, რომ სტატუსის მიღება ეროვნული ინტერესის საგანი უნდა გახდეს სრულიად ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის.

- ოპოზიციას რა შეუძლია, გარდა იმისა, რომ არ გალანღოს ხელისუფლება და რუსეთუმეები არ უძახოს. სხვა დანარჩენი ხელისუფლების ხელშია, მათ უნდა გადადგან კონკრეტული და რეალური ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ, მოჩვენებით და შეფარულად კი არ უნდა იმოქმედონ. ასევე, მათ ხელშია, შეასრულებს თუ არა ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციებს. ოპოზიციის, დასავლელი პარტნიორების ლანღვა-გინებას თავი დაანებონ და საქმეს მიხედონ, მაგალითად, დაიწყონ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება. მათ ხომ ოპოზიციის გარეშეც შეუძლიათ ამ რეკომენდაციების შესრულება, მაგალითად, გაატარონ სასამართლო რეფორმები, შეცვალონ საარჩევნო სისტემა და ა.შ. ერთადრთი, რაშიც მათ ოპოზიცია სჭირდებათ, ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებებები და ამ შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს. ჩვენს პასუხისმგებლობას არც ერთ შემთხვევაში არ გავექცევით რეკომენდაციის პუნქტის შესრულებისას, სადაც დასჭირდებათ, იქ მიიღებენ ჩვენს მხარდაჭერას. ბურთი და მოედანი მათ ხელშია, მეტი რა უნდათ?! სინამდვილეში, დარწმუნებული ვარ, რომ ესენი არაფერს გააკეთებენ, რამდენიმე ფასადური ცვლილების გარდა. არ შედის „ქართული ოცნების“ ინტერესებში ამ რეკომენდაციების შესრულება, იმიტომ, რომ თითოეული პუნქტის შესრულება მათ ძალაუფლებას ასუსტებს.

- ამბობთ, რომ მმართველ გუნდს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება არ სურს?

- როგორ არ უნდა, ამ სტატუსის მიღება სერიოზულ პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს, მაგრამ არ გააკეთებს, უფრო სწორად, ვერ გააკეთებს იმას, რაც ამ სტატუსის მოპოვებისთვის არის საჭირო, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, იმ ტოტს მოიჭრის, რომელზეც ზის. „ქართული ოცნების“ ძალაუფლების ერთადერთი წყარო ხომ ოლიგარქიული მმართველობაა?! დემოკრატიული რეფორმები და ცვლილებები ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლას ნიშნავს.

- ასე თუ განვსჯით, ოპოზიციას უფრო არ აწყობს სტატუსის მიღება, იმიტომ, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებს, ოპოზიცია კი, რომელსაც ხალხის მაღალი ნდობა არ აქვს, კიდევ უფრო მეტად იმიჯშელახული დარჩება.

- ერთი შეხედვით, შეიძლება ეს ასე ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ოპოზიციისთვის სტატუსის მიღება მომავლის შანსია. აი, ეს არის სხვაობა.

- „ნაციონალური მოძრაობა“ გირჩის მიერ დაანონსებულ დაუმორჩილებლობას შეურთდება?

- ჩვენ რამდენი ხანია, დაანონსებული გვაქვს საპროტესტო აქციები. ახლა რომელიღაც პარტიამ რაღაც დაუმორჩილებლობაზე ილაპარაკოს, პარლამენტი აზომოს, აქციის რიცხვი და ფორმა დაგვიდგინოს და ჩვენ ხალხი მოვიყვანოთ? - მასე არ გამოვა.

- ე.ი. ნაციონალური მოძრაობა დამოუკიდებლად ჩაატარებს აქციებს?

- რა თქმა უნდა, კი.

- გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი დაპირისპირებაა ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილის დაჯგუფებას შორის.

- ეგ ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ვიღაც-ვიღაცებს ჭორების შეთხზვის სეზონი დაუდგათ, არ დაუჯეროთ.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)