"ვლადიმერ პუტინი კუთხეშია მიმწყვდეული: რუსეთის პრეზიდენტისაგან მკაცრი ხაზის გატარებას ითხოვენ, მისი არმია კი ძალას კარგავს" - კვირის პალიტრა

"ვლადიმერ პუტინი კუთხეშია მიმწყვდეული: რუსეთის პრეზიდენტისაგან მკაცრი ხაზის გატარებას ითხოვენ, მისი არმია კი ძალას კარგავს"

ბრიტანული ჟურნალის - The Spectator-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ვლადიმერ პუტინი კუთხეშია მიმწყვდეული: რუსეთის პრეზიდენტისაგან მკაცრი ხაზის გატარებას ითხოვენ, მისი არმია კი ძალას კარგავს" (ავტორი - საშა ლანსკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ორი დღის წინათ, კვირას, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იქნა გამოცხადებული - რუსეთის შავი და კასპიის ზღვების ფლოტის ხომალდებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის კრიტიკულ ენერგოობიექტებს მაღალი სიზუსტის მქონე ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს. ქვეყნის მთელ რიგ ქალაქებში ელექტროენერგია გაითიშა, გაჩერდა ახლადამუშავებული ხარკოვის მეტროპოლიტენი, ელექტროსადენებში ძაბვის რყევის გამო პოლტავაში ტროლეიბუსებს ცეცხლი მოეკიდა... თუმცა, როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, სიტუაცია სწრაფად იქნა ნორმალიზებული.

რუსეთი ადრეც ბომბავდა ელექტროსადგურებს და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ობიექტებს, მაგრამ ახლა სამიზნეები სპეციალურად იქნა შერჩეული. ასეთი მოქმედება, რა თქმა უნდა, უკრაინის მოსახლეობისა და არმიის მორალური სიმტკიცის დარღვევისკენაა მიმართული, მაგრამ განა მსგავსი დაბომბვები შეცვლის იმ საომარ ვითარებას, როცა უკრაინის არმია წარმატებით წინ მიიწევს და რუსების მიერ ოკუპირებულ ხარკოვის ოლქს მთლიანად ათავისუფლებს ხუთდღიანი შეტევის შედეგად?

კაცმა რომ თქვას, 11 სექტემბრის დაბომბვა უკრაინელი ხალხისთვის მოულოდნელი არც ყოფილა. ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს უკრაინის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელები აცხადებდნენ, რომ რუსეთის არმიის მხრიდან სამოქალაქო ობიექტებზე შეტევა მოსალოდნელი იყო, ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით. მაგრამ რადგანაც მაღალი სიზუსტის მქონე რაკეტები რუსეთს თითქმის გაუნახევრდა, ამიტომ მსგავსი დაბომბვები მხოლოდ გარკვეულ პერიოდებში, რამე ფაქტის საპასუხოდ განხორციელდებოდა.

როგორც ჩანს, ახლა ზუსტად ის დროა. ვლადიმერ პუტინს ბედი არ უღიმის: ხარკოვის ოლქში რუსეთის არმიის დამამცირებელ დამარცხებას მოსკოვში "ქალაქის დღის" აღნიშვნა დაემთხვა, თანაც - სალუტითა და ფოიერვერკებით. ამიტომაც ზოგიერთმა პატრიოტმა სოციალურ ქსელებში [სსრკ-გერმანიის ომის დროინდელი სტილით] დაწერა - "ამ საღამოს მოსკოვი, ჩვენი სამშობლოს დედაქალაქი, 25 ათას სალუტს განახორციელებს ბალაკლეის, იზიუმისა და კუპიანსკის მტრისადმი ჩაბარების აღსანიშნავად". მოკლედ, ძალიან ბევრი მსგავსი მწარე, იმედგაცრუებული ჩანაწერები გავრცელდა.

მას შემდეგ, რაც 11 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა "მოსკოვის მზე" - ევროპაში ყველაზე დიდი "ეშმაკის ბორბალი" საზეიმოდ გახსნა, მეორე დღეს "მზე" მოულოდნელად "ტექნიკური პრობლემების" გამო გაჩერდა - მოსკოველები 140 მეტრ სიმაღლეზე, "ჰაერში გამოკიდებულები" დარჩნენ. სულ მალე მორიგი სკანდალური ფაქტი მოხდა: ატრაქციონის ვებგვერდი "პატრიოტმა ჰაკერებმა" გატეხეს და განაცხადეს - "მაშინ, როცა ჩვენი ბიჭები ფრონტზე იღუპებიან, სრულიად უადგილოდ და ამორალურად ვთვლით იმას, რომ ჩვენი სამშობლოს დედაქალაქის დამპალი ლიბერალური ინტელიგენცია ფოირვერკებს აწყობს და უსაქმურობისაგან ტკბება".

არ არის გამორიცხული, რომ ისტორიულ [1941-45 წლების დროინდელ] ფრაზას - "ჩვენი სამშობლოს დედაქალაქი" - ერთი და იგივე წარმომავლობა აქვს: შესაძლოა, ამით რუსული სპეცორგანოების (ვთქვათ, უშიშროების ფედერალური სამსახურის) და შეიარაღებული ძალების რადიკალურად განწყობილი ნაწილის პოზიციაა გამოხატული - ვლადიმერ პუტინს მიანიშნებენ, რომ ისინი უკანდახევის გაგრძელებას უკვე აღარ მოითმენენ.

აქედან გამომდინარეობს, ალბათ, კვირა ღამით მოწყობილი ის იმპროვიზებული "ფოიერვერკი", რომლითაც ვლადიმერ პუტინმა კრიტიკოსების მოთხოვნები დააკმაყოფილა - უკრაინის ელექტროსადგურები დაბომბა, სპეციფიკური ხმის თანხლებით და ქალაქების ჩაბნელებით. ზოგიერთები დიდი ხანია, ელოდებოდნენ მსგავს მოქმედებას, რომელიც მეზობელ უკრაინას მნიშვნელოვნად დააზარალებდა. როგორც ამას წინათ წერდა ცნობილი ბლოგერი ანდრეი მედვედევი (მის ნათქვამს რუსეთის ტელევიზია ხშირად იმეორებს): "განა უკრაინაში არ არსებობს ელექტროსადგურები? ქვესადგურები? ატომური ელექტროსადგურები? განა ჩვენმა სამხედროებმა არ იციან, სად მდებარეობენ ისინი? ან იქნებ მათ კარნახი სჭირდებათ?".

იმ ტელეპროპაგანდისტებისათვის, როგორიცაა, მაგალითად, მარგარიტა სიმონიანი, უკრაინის ინფრასტრუქტურის აფეთქებები, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, სასიამოვნოდ იქნა აღქმული. "აბა, როგორ ხართ, მეზობლებო, დენი ხომ გაქვთ?" - დამცინავად დაწერა "ტვიტერში" სიმონიანმა.

ამ ფონზე, როგორც ჩანს, კრემლის რიტორიკა რუსებისა და უკრაინელების "ერთ ხალხად" წარმოჩენის თაობაზე კიდევ უფრო აბსურდულად მოჩანს, რაც ვოლოდიმერ ზელენსკიმაც დაადასტურა: "თქვენ ისევ ფიქრობთ, რომ ჩვენ ერთი ერი ვართ? ჩვენ შიმშილსაც გავუძლებთ, უდენობასაც და წყურვილსაც, მაგრამ თქვენთან მეგობრობისა და ძმობის გარეშე".

ისევე, როგორც აპრილში ბუჩაში მომხდარი მასობრივი მკვლელობები, ეს მოვლენაც ძალიან დააყოვნებს სავარაუდო მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. ასევე, შეიძლება დაჩქარდეს იმ იარაღის მიწოდება, რასაც უკრაინის არმიის სარდლობა ითხოვს - ATACMS-ისა და HIMARS-ის ისეთ რაკეტებს, რომელთა მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრზე მეტია - რუსეთის სათანადოდ დასჯის მიზნით, რითაც სამუდამოდ დასამარდება კრემლის ძლიერება და ომში გარდატეხა მოხდება.

მანამდე კი, ალბათ, უნდა ველოდოთ რუსეთის ახალ თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ან "გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებზე" - კიევის პოლიტიკური ხელმძღვანელი ორგანოების წინააღმდეგ... საპასუხოდ უკრაინელები, თუ დასავლეთი მათ შორი მოქმედების რაკეტებს მისცემს, დაბომბავენ რუსეთის ობიექტებს ღრმა ზურგში. დასავლეთი ასევე შეიძლება, რუსული საჰაერო სივრცის დახურვის იდეას დაუბრუნდეს...

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას... უკრაინის "კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის" დაბომბვა მის ერთგვარ, ახალ და სახიფათო ნაბიჯს წარმოადგენს. გახსოვთ, ალბათ, ჟურნალისტების მიერ მოყოლილი ისტორია, ჯერ კიდევ თებერვალში, რომელიც პრეზიდენტს ეხება: პუტინს ახალგაზრდობისას, თურმე, კუთხეში მიუმწყვდევია ვირთხა, რომელსაც არ შეეშინდა და მას გამწარებული ეცა. "ვიღაცებისთვის უმჯობესია, რომ არავინ მიიმწყვდიონ კუთხეში, თორემ ეს მათთვის ცუდად დასრულდება", - თქვა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტი, აღმოჩნდა რა უროს (ომში მკაცრი ხაზის გამტარებლებს) და გრდემლს (არმიის ძლიერების შესუსტებას) შორის, იგი ამჯერად მართლაც კუთხეშია მიმწყვდეული. მაგრამ ვისთვის დასრულდება ეს ცუდად, ჯერჯერობით გაურკვეველია. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ