შაჰის რეჟიმი აიათოლების რეჟიმმა შეცვალა: როგორ შეიცვალა ირანის საგარეო პოლიტიკა? - კვირის პალიტრა

შაჰის რეჟიმი აიათოლების რეჟიმმა შეცვალა: როგორ შეიცვალა ირანის საგარეო პოლიტიკა?

ირანში დასავლეთის ქვეყნების პოზიციების გამყარება და თურქეთის ნატო-ს წევრობა საბჭოთა იმპერიისთვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მარცხი იყო. ამიტომაც შაჰის რეჟიმის დამხობა საბჭოთა დაზვერვის უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა. 1979 წლამდე საბჭოთა დაზვერვა საკმაოდ წარმატებით მოქმედებდა ირანში. საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტურა საელჩოს საფარქვეშ იყო და მას 1970-1979 წლებში საელჩოს პირველი მდივანი, პოლკოვნიკი დიმიტრი კუზმინი ხელმძღვანელობდა. შაჰი რეზა ფეჰლევი ცდილობდა საბჭოთა კავშირთან უპირატესად ეკონომიკური და კულტურული კავშირები დაემყარებინა. იმ პერიოდში დამთავრდა ირან-სსრკ-ის გაზსადენის მშენებლობა და დაიწყო ძალზე იაფი ბუნებრივი გაზის იმპორტი ირანიდან (მათ შორის საქართველოშიც) . ამ ხელშეკრულებიდან საბჭოთა კავშირი კოლოსალურ მოგებას იღებდა, რადგანაც იაფ ირანულ გაზს თვითონ მოიხმარდა, ხოლო დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას ციმბირის გაზს რამდენჯერმე ძვირად აწვდიდა.

moh3-1663051132.jpg
დიმიტრი კუზმინი (მარჯვნივ) პაკისტანის სამხედრო ატაშესთან ერთად

კუზმინს კავშირზე ჰყავდა ირანის ოპოზიციის ლიდერები (მაგ. ჰასან ფარზანი) და შეიარაღებული ძალების გენშტაბის გენერლები, რომლებიც ფარულად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას შაჰის რეჟიმით. ერთ-ერთი მათგანი გენერალი მოჰარაბი, რომელიც რეგულარულად აწვდიდა საიდუმლო სამხედრო ინფორმაციას საბჭოთა დაზვერვას, “სავაკ”-მა დააპატიმრა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1978 წელს დახვრიტეს.

უფრო გაუმართლა კა-გე-ბეს მეორე აგენტს, ირანის განათლების მაღალჩინოსან მოხელეს ალი რაბანის, რომელიც ჯერ კიდევ 1940-იანი წლებიდან მუშაობდა საბჭოთა დაზვერვაზე. რაბანი, რომლის კურატორი მაიორი ევგენი ვენედიქტოვი იყო, 1977 წელს დააკავეს. სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, თუმცა შაჰმა საბჭოთა აგენტი შეიწყალა და პატიმრობით შეუცვალა. შაჰის ნებართვით ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტომ ირანში რადიო-ელექტრონული მოსმენის რამდენიმე ობიექტი ააგო, რომლებიც საბჭოთა კავშირის, ეგვიპტის, ერაყის, სირიის და სხვა არაბული ქვეყნების ტერიტორიაზე რადიო-ტექნიკურ დაზვერვას ახორციელებდნენ. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, ისევე როგორც საბჭოთა სპეცსამსახურები, აქტიურად მონაწილეობდნენ ირანის “შიდაპოლიტიკურ სამზარეულოში”. შაჰის დროს ამერიკელებს 50-75 მზვერავი ჰყავდათ ირანში, რომლებიც “სავაკთან” მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. მათი მთავარი მოწინააღმდეგე საბჭოთა დაზვერვა იყო. 1974 წელს აშშ-ის ცსს-მ ირანში მოქმედი 60-ზე მეტი საბჭოთა მზვერავი გამოავლინა და სიები “სავაკს” გადასცა. კა-გე-ბეს ოფიცრებს, რომლებიც სხვადასხვა საფარქვეშ მოქმედებდნენ, ირანის დატოვება მოუწიათ. ირანის შაჰის საშინაო და საგარეო პოლიტიკით უკმაყოფილო რელიგიურმა მოღვაწეებმა მოსახლეობაში დიდი საპროტესტო მუხტი შეიტანეს. თავად თვთკმაყოფილებაში მყოფი შაჰის რეჟიმი იმდენად იყო დასუსტებული, რომ 1979 წლის იანვარ-თებერვალში სტუდენტებისა და რელიგიური დაჯგუფებების მრავალათასიან საპროტესტო გამოსვლებს ვეღარ გაუძლო და ისლამური რევოლუციის შემდეგ დაემხო.

ირანში მთელი ხელისუფლება შიიტმა ფუნდამენტალისტებმა აიღეს, რომელთაც აიათოლა ჰომეინი ხელმძღვანელობდა. საბჭოთა კა-გე-ბეს შეფმა იური ანდროპოვმა მომენტალური რეაგირება მოახდინა და ირანში საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტად შედარებით ახალგაზრდა ლეონიდ შებარშინი (1935-2012) დანიშნა.

moh4-1663051133.jpg
ლეონიდ შებარშინი

მას დაევალა ირან-საბჭოთა კავშირის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად შესაბამისი ოპერატიულ-აგენტურული ღონისძიებების გატარება. თუმცა მალევე “კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ”, როდესაც აიათოლა ჰომეინიმ ამერიკაც და საბჭოთა კავშირიც ერთნაირად გამოაცხადა სატანად და ირანის მტრად. ირანში დაიწყო რეპრესიები საბჭოთა დაზვერვის მთავარი დასაყრდენის -ირანის სახალხო პარტიის (თუდე) წინააღმდეგ. აიათოლები საბჭოთა აგენტურას ყველგან ეძებდნენ, მათ შორის ირანის სპეცსამსახურებშიც. 1984 წელს, საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობის ბრალდებით, დააპატიმრეს თავად ირანის ინფორმაციის და ეროვნული უშიშროების სამინისტროს შეფი გენერალი ჰოსეინ ფარდუსთი (1917-1987).

moh5-1663051133.png
გენერალი ჰოსეინ ფარდუსთი

ლ. შებარშინი 1983 წლის დასაწყისამდე რჩებოდა რეზიდენტად, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან, “ცენტრში” დაბრუნებული, ახალ თანამდებობაზე დაქვეითებით დანიშნეს. შემდგომ წლებში შებარშინს მხსნელად გორბაჩოვის “პერესტროიკა” მოევლინა _ 1989 წელს ის საბჭოთა დაზვერვის უფროსად დაინიშნა, ხოლო 1991 წლის “აგვისტოს პუტჩის” შემდეგ მოკლე პერიოდი კა-გე-ბეს თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა. მისი სიცოცხელე ტრაგიკულად დასრულდა: 2012 წლის 30 მარტს შებარშინმა თავი მოიკლა.

საბჭოთა კავშირი ყოველთვის თავს იკავებდა ირანისთვის უახლესი (მით უმეტეს ბირთვული) სამეცნიერო გამოკვლევების და ტექნოლოგიების მიყიდვისა ან სამეცნიერო კადრებით დახმარებისაგან. მიზეზიც გასაგები იყო - შაჰის დროს ირანში ამერიკელები დომინირებდნენ, ხოლო შემდგომ ჰომეინის ხელისუფლების მოქმედები ძალზე ძნელად პროგნოზირებადი იყო.

ისლამური რევოლუციის შემდეგ ცსს-ს უდიდესი ობიქტური პრობლემები ჰქონდა და აქვს ირანში აგენტურის ინფილტრაციის (ანუ შეგზავნის და იქ დამკვიდრების) მხრივ. ობიექტურობა მოითხოვს, აღინიშნოს რომ ირანის მსგავს “რელიგიური დიქტატურის” ქვეყნებში აგენტურული მუშაობა ისტორიულად ურთულესი საქმეა. დიქტატორული ქვეყნების მნიშვნელოვანი სპეციფიკა ისაა, რომ აგენტურული შეღწევა ასეთ ქვეყნებში თითქმის შეუძლებელი იყო და არის. იქ არ არსებობდა რეალური და ძლიერი შიდა ოპოზიცია, რომელთანაც შეიძლება ოპერატიული მუშაობა და კარგი სადაზვერვო პოზიციების მოპოვება-გამაგრება, გართულებული იყო ინფორმაციის სანდო წყაროს გადმობირება. ალბათ ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებს 1979 წლის ისლამური რევოლუცია და ქვეყნის სათავეში ფუნდამენტალისტების მოსვლა გამოეპარათ, რაც დღეისათვის ამ სპეცსამსახურების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მარცხად უნდა მივიჩნიოთ.

1980 წელს მათ ვერ შეძლეს თეირანში დატყვევებული ამერიკელი მძევლების გათავისუფლება (უფრი მეტიც: იმ სპეცოპერაციის დაგეგმვა, შესრულება და შედეგები უპრიანი იქნება შევაფასოთ, როგორც სამარცხვინო ისეთი ზესახელმწიფოსთვის, როგორიც აშშ-ია), წლების მანძილზე ვერ შეუშალეს ხელი ირანის ბირთვული პროგრამის განხორციელებას და უახლესი სარაკეტო დანადგარებით აღჭურვას, ვერ აღკვეთეს ირანის, როგორც ტერორისტთა („უპირველესად „ჰეზბოლა“) მოსამზადებელ სამხედრო ბაზად და თავშესაფრად ჩამოყალიბება და ა.შ.

1979 წლის თებერვალში ირანის ისლამურმა ასამბლეამ გააუქმა “სავაკი” და ამ სპეცსამსახურის ბევრი მაღალჩინოსანი ოფიცრი დახვრიტეს. საფრანგეთიდან ტრიუმფატორად დაბრუნებულმა აიათოლა ჰომეინიმ “სავაკის” არქივები გაანადგურა და საკუთარი საიდუმლო პოლიციურ-რეპრესიული სპეცსამსახურის შექმნა დაიწყო. ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი ამჟამად შემდეგ სპეცსამსახურებს ემყარება:

1. ინფორმაციის სამინისტრო (1979 წლამდე ამ ფუნქციებს “სავაკი” - დაზვერვისა და უშიშროების ორგანიზაცია ასრულებდა);

2. სპეციალური ოპერაციების გაერთიანებული კომიტეტი;

3. დაზვერვისა და უშიშროების სამინისტრო;

4. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი;

5. სამხედრო დაზვერვა.

სპეცსამსახურების ამგვარი სიმრავლე, რაც ხშირად ოპერატიული საქმიანობის დუბლირებას იწვევს, ირანის რეჟიმის შიდაპოლიტიკური მდგომარეობითა და ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური ძალების დაპირისპირებითაა გამოწვეული.

ირანის ისლამური რესპუბლიკას ისტორიულად გააჩნია თავისი მუდმივი გეოსტრატეგიული ინტერესები კავკასიაში, რაც რუსეთის, თურქეთის, აშშ-ს, დასავლეთის ქვეყნების და ისრაელის ინტერესებს უპირისპირდება. ისლამური რევოლუციის შემდეგ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ რამდენჯერმე შეცვალა საგარეო პოლიტიკური ვექტორი, სანამ, 2000 წლების დასაწყისიდან, არ აირჩია უძველესი და მრავალგზის აპრობირებული საგარეო პოლიტიკური ფორმულა: „ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია“.

(მეორე ნაწილის დასასრული)