წელს სკოლის მიღმა 5 ათასზე მეტი ბავშვი რჩება - კვირის პალიტრა

წელს სკოლის მიღმა 5 ათასზე მეტი ბავშვი რჩება

2022-2023 სასწავლო წელს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლებას 5 183 ბავშვი ვერ მიიღებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონაცემების მოთხოვნის საპასუხოდ აცნობეს, აქედან 4 362 ბავშვის შესახებ არც საქართველოს განათლები და არც ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები ინფორმაციას არ ფლობენ, 821 ბავშვს კი სწავლაზე ხელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მიუწვდება.

უფრო კონკრეტულად, უწყების მიერ სააგენტოსთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ 2022 წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებით, „4,362 ბავშვიდან უმეტესი მათგანი არ არის რეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვაში, რეგისტრაციის მისამართზე არავინ ფლობს ინფორმაციას მათ შესახებ, ან ნაწილს არ აქვს რეგისტრაციის მისამართი, ან რეგისტრაციის მისამართი არის ოკუპირებული ტერიტორები. აღნიშნული ბავშვების შესახებ ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება“.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/სამსახურების წარმომადგენელთა აქტიური მუშაობით 1863 უკვე დარეგისტრირდა სკოლაში და გახდა მოსწავლე. მათგან 399 „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით ასაკის შესაბამის კლასებში, ხოლო 1464 პირველ კლასში, რომელთაგან სკოლის მიღმა დარჩენის დროებითი მიზეზი ძირითადად იყო სკოლაში მიყვანის დაყოვნება.

821 შემთხვევაში ვერ ხერხდება ზოგად განათლებაში ინტეგრაცია. უმეტესი მათგანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო განთავსებულია ან პალიატიური ზრუნვის სერვისებში, ან უმძიმესი და მრავლობითი დარღვევების გამო ოჯახსა და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებს შეუძლებლად მიაჩნიათ ზოგადი განათლების მომსახურებებში, ზოგ შემთხვევაში კი შეზღუდული სესაძებლობის მქონე პირთათვის მოქმედ სხვა მომსახურებებში ჩართვაც კი. სქესისა და ასაკის მიხედვით მეტნაკლებად თანაბარი გადანაწილებაა.

4,362 პირთან დაკავშირებით გაცნობთ, რომ უმეტესი მათგანი არ არის რეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვაში, რეგისტრაციის მისამართზე არავინ ფლობს ინფორმაციას მათ შესახებ, ან ნაწილს არ აქვს რეგისტრაციის მისამართი, ან რეგისტრაციის მისამართი არის ოკუპირებული ტერიტორები. აღნიშნული ბავშვების შესახებ ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება“, - ნათქვამია „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, 2022 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, 1912 ბავშვი არ იმყოფება ქვეყანაში ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, მათივე ცნობით, 1446 შემთხვევაში შესწორდა სხვადასხვა უწყების საინფორმაციო ბაზებში დაცული ინფორმაცია. როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული ძირითადად გამოწვეული იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე ბავშვების განსხვავებული საიდენტიფიკაციო მონაცემებით, 150-მდე შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტი არ იყო რეგისტრირებული.

ამასთან, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, პრობლემის აღმოსაფხვრელად, 2022 წლის სექტემბრიდან დაგეგმილია მონიტორინგის მორიგი ციკლის ჩატარება. გააგრძელეთ კითხვა