ეს აღარ არის ყარაბაღის ომი, ეს სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ომის საწყისი ეპიზოდია, რომელიც... - კვირის პალიტრა

ეს აღარ არის ყარაბაღის ომი, ეს სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ომის საწყისი ეპიზოდია, რომელიც...

13 სექტემბრის გათენებიდან ხუთ წუთში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სამხრეთ მონაკვეთზე ნამდვილი ომი დაიწყო, მსხვილკალიბრიანი არტილერიის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და კამიკაძე-დრონების გამოყენებით...

ეს უკვე აღარ არის ყარაბაღის ომი, ეს სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ომის საწყისი ეტაპია, რადგან დარტყმები განხორციელდა საზღვრის ორივე მხარეს.

სომხეთის ტერიტორიაზე დაიბომბა ვარდენისის, სოტკის, არტანიშის, გორისისა და კაპანის მონაკვეთებზე არსებული სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები, ხოლო აზერბაიჯანის მხარეს კი - ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში არსებული პოზიციები...

2-s-1663053195.jpg
საზღვარზე საარტილერიო დუელის გამართვიდან ორ ქვეყანას შორის ფართომასშტაბიან ომზე გადასასვლელად ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი...

ვინ გახსნა პირველმა ცეცხლი?

როგორც ყოველთვის, ბაქო და ერევანი ერთმანეთს აბრალებენ თავდასხმას - სომხეთი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ საარტილერიო ჭურვები დაუშინა მის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ნაწილებს, ხოლო აზერბაიჯანელები ირწმუნებიან, რომ მანამდე სომეხმა დივერსანტებმა მათი არმიის დანაყოფებისკენ მისასვლელი გზები ღამით დანაღმეს...

ფაქტია, რომ საბრძოლო მოქმედებები განხორციელდა უშუალოდ სასაზღვრო რაიონებში და, მათ შორის, დაიბომბა სომხეთის ტერიტორია, რაზეც აზერბაიჯანი თავს იკავებდა ორი წლის წინ მოგებულ ყარაბაღის ბოლო ომში.

ბაქოს თავის შეკავების მიზეზი განა სომხების დანდობა გახლდათ, უფრო ის გარემოება, რომ სომხეთი დსთ-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრია და მის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში, წესით, მას გვერდში უნდა დაუდგეს ამ ხელშეკრულების მონაწილე დანარჩენი ხუთი ქვეყანა - რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

ორი წლის წინ ერევანს ჰქონდა დიდი მცდელობა, რომ ყარაბაღის ბოლო ომში მის მხარეს რამენაირად ჩაერთო ეს ქვეყნები, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან აზერბაიჯანს შეტევები უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე მაშინ არ განუხორციელებია.

დღეს დილიდან კი განსხვავებული სიტუაცია შეიქმნა - აზერბაიჯანის არმიის მიერ ნასროლმა ჭურვებმა და გაშვებულმა რაკეტებმა საზღვრისპირა რაიონში რამდენიმე სომხური სამხედრო ნაწილი გაანადგურა ანუ სახეზეა სხვა ქვეყნის საბრძოლო მოქმედებები, მიმართული სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის წინააღმდეგ, მაგრამ ამჯერად მაინც დაეხმარება „ოდეკაბე“ ერევანს?

ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან დახმარების იმედი სომხებს, ეტყობა, არც აქამდე ჰქონიათ და მით უმეტეს - არც ახლა უნდა ჰქონდეთ, რადგან იგივე ტაჯიკეთი დღედღეზე ავღანეთიდან თალიბების თავდასხმას ელოდება და სომხეთის გასაჭირისთვის არ ცხელა.

ყაზახეთის პრეზიდენტი, რომელსაც ერთი თვის წინ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა და, ამასთანავე, აღრმავებს სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას აზერბაიჯანის მოძმე თურქეთთან, არც კი გაიფიქრებს ჯარების გაგზავნას სომხეთის დასახმარებლად.

ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეშმაკი ლუკაშენკო კი პირიქით - „თავის ძმა“ ალიევს უფრო დაეხმარება, ვიდრე - ფაშინიანს, თუნდაც იმიტომ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აქამდე არა ერთხელ აღმოუჩინა ბელარუსის პრეზიედენტს პირადი სახის დახმარება...

რჩება რუსეთი, ის რუსეთი, რომელიც უკრაინის ომის ჭაობში უკვე ყელამდე ჩაეფლო, თავის გასაჭირი აქვს. მოიცლის კი პუტინი ფაშინიანისთვის და მას სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს აზერბაიჯანის წინააღმდეგ?

დილას დაწყებული საბრძოლო მოქმედებებიდან მალევე შეშინებულმა ფაშინიანმა სასწარაფო დახმარების თხოვნით პირველი სწორედ პუტინს დაურეკა და საწოლიდან წამოაგდო.

შემდეგი ზარი ერევანმა პარიზში განახორციელა და პრეზიდენტ მაკრონს შესჩივლა გასაჭირი, მესამე თხოვნა კი უკვე აშშ-ში გაიგზავნა...

გასაგებია, რომ ოფიციალური ერევანი ყველა გამოსავალს ეძებს რეალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად საზღვარგარეთ, რადგან თუკი ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო აზერბაიჯანთან, სომხეთს ამ ომში სრული წაგების დიდი შანსი აქვს, რადგან 2020 წლის ყარაბაღის ბოლო ომში სასტიკი დამარცხების შემდეგ სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა ურთულესი რჩება.

გასაგებია, რომ პარიზსაც და ვაშინგტონსაც ბაქოზე მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება შეუძლიათ, რათა აზერბაიჯანის არმიამ არ გაბედოს სომხეთის საზღვრის გადალახვა, მაგრამ მოსკოვს ამგვარი პოლიტიკურის გარდა, სამხედრო ბერკეტიც გააჩნია - სომხეთის გიუმრიში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის, რუსი მესაზღვრეებისა და ყარაბაღში რუსი „სამშვიდობოების“ სახით...

თუმცა იმის იმედი, რომ პუტინი სომეხ სამხედროებს თავისას დაახმარებს და ერთად შეუტევენ აზერბაიჯანელებს, ეს ილუზია ფაშინიანს არ უნდა ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ სომხების დიდი ნაწილი რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად და გადამრჩენად ჯერ კიდევ მიიჩნევს...

პრეზიდენტი ალიევი კი საუკეთესო მომენტს ელოდება და ირჩევს დროს, რათა საბოლოოდ აღადგინოს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, რისთვისაც საჭიროა ყარაბაღის მცირე ნაწილში დარჩენილი სომხური ანკლავის სრული „დემონტაჟი“.

სხვათა შორის, ალიევი ქვეყნის გამთლიანებისთვის საბრძოლო მოქმედებების წამოწყებას ანუ რაც მან მხოლოდ 2020 წელს განახორციელა, ჯერ კიდვ 2009 წელს აპირებდა, მაგრამ დაინახა რა, თუ როგორი შედეგი მოჰყვა მისი მეზობელი პრეზიდენტის - სააკაშვილის ქმედებებს კრემლის მხრიდან, ბაქომ პაუზა აიღო და ალიევმა პირადი ურთიერთობების გაღრმავება დაიწყო პუტინთან, მათ შორის - ერდოღანის შუამავლობით, პარალელურად, აზერბაიჯანმა ხუთ მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების რუსული იარაღის შესყიდვით უზარმაზარი პირადი ფინანსური მოგებით მოთაფლა რუსეთის ძალზე გავლენიანი სამხედრო-პოლიტიკური ელიტა...

შეიძლება ბაქოში მივიდნენ იმ აზრამდე, რომ დღეისათვის შეიქმნა ის სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანმა უნდა დაამთავროს ქვეყნის გამთლიანების პროცესი და უფრო მეტიც, თუკი სომხეთი უფრო მეტ სისუსტეს გამოიჩენს, გაჭრას სახმელეთო დერეფანი ნახიჩევანამდე...