საქართველოში შესაძლოა, ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს - კვირის პალიტრა

საქართველოში შესაძლოა, ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ქვეყანაში ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საუბარია ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანის შეზღუდვაზე, რაც თავის მხრივ, 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და აღსრულების მექანიზმის შემუშავების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ქვეყანაში „ევრო 5“ სტანდარტის ქვემოთ ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. გააგრძელეთ კითხვა