როგორ მოვირჩინოთ ხველა გამოცდილი ხალხური მეთოდებით -  სამკურნალო მცენარეული ნაყენის რეცეპტები - კვირის პალიტრა

როგორ მოვირჩინოთ ხველა გამოცდილი ხალხური მეთოდებით -  სამკურნალო მცენარეული ნაყენის რეცეპტები

მედიცინა ყოველდღიურად გვაოცებს ახალი აღმოჩენებით, დიაგნოსტირებისა თუ მკურნალობის სულ უფრო დახვეწილი მეთოდებით, მაგრამ რაც უნდა დიდი მიღწევები ჰქონდეს მეცნიერებას, როგორი სრულყოფილიც უნდა გახდეს წამლები, მცენარეული სამკურნალო საშუალებები მნიშვნელობას არასდროს დაკარგავს.

არსებობს სამკურნალო მცენარეთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც მედიცინამ შეისწავლა, მათი ეფექტურობა სამეცნიერო ექსპერიმენტებით დაადასტურა და აღიარა კიდეც ოფიციალური მედიცინისთვის გამოსადეგ სამკურნალო საშუალებებად.

ხველა ხშირად იჩენს თავს გაციების და სხვადასხვა ვირუსული დაავადებების დროს. ზოგჯერ, ხველა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ან სპაზმური ხასიათი მიიღოს, რაც ძალიან შემაწუხებელია.

გაგაცნობთ რამდენიმე მცენარეულ საშუალებას, რომლებიც ძალიან ეფექტურია ხველის დროს.

1. უნაბი/Ziziphus jujuba

305133547-650522109655285-6925180284330977357-n-1663059934.jpg

უნაბის ნაყოფი აგვისტოს ბოლოდან, სექტემბერში მწიფდება. სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენება ნაყოფი და ფოთლები. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას, ფლავონოიდებს, კაროტინს, კუმარინებს, შაქარს, ორგანულ მჟავებს, ეთერზეთს. ამას გარდა, ნაყოფი შეიცავს პეკტინებს, ცხიმოვან ზეთს, კალიუმის მარილებს, ფოსფორს, ფოთლები - მაანესთეზირებელ საშუალებას. ფრიად მდიდარია C ვიტამინით (880 მგ პროცენტამდე). იჭმება როგორც უმი, ასევე დამჭკნარი, გამომშრალი და დაკონსერვებული.

ნაყოფს აგროვებენ, როცა მწვანე შეფერილობა იკარგება, ფოთლებს კი - ნაყოფის გამოღებისას და აშრობენ ჩრდილში. ნაყოფს აშრობენ ფერმენტების ინაქტივაციის შემდეგ და 1-2 წუთის განმავლობაში მდუღარეში აჩერებენ.

გამოყენება: ფოთლებს აქვს ამოსახველებელი, ჰიპოტენზიური და გულის რიტმის დამარეგულირებელი მოქმედება.

რეცეპტი:

ნაყენი:

· 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს ასხამენ 300 მლ მდუღარეს, აჩერებენ 1 საათს, გადაწურავენ. მიიღება 50 მლ 3-4-ჯერ 65 დღეში, ჰიპერტონიის, ფილტვების დაავადებების დროს, რომელსაც ხველა ახლავს თან.

ნახარში:

· 20 გ მშრალ ნაყოფს ასხამენ 200 მლ მდუღარეს. მიიღება ½ ჭიქა 4-6-ჯერ დღეში, 15 დღის განმავლობაში, როგორც ჰიპოტენზიური საშუალება.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური შეუთავსებლობა, ორსულობა, დაბალი არტერიული წნევა.

2. ფამფარა მინდვრის/Tragopogon pratensis

305678418-462406392469252-9203788296801505970-n-1663059935.jpg

ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა გრძელი ღეროსებრი ფესვით და დატოტვილი ღეროთი 120 სმ სიმაღლის. სამკურნალო ნედლეულია ფესვები, ფოთლები, წვენი და აყვავებული წვეროები. ბალახს ამზადებენ ყვავილობის დროს და აშრობენ ჰაერზე გადახურულ ადგილას.

გამოყენება: ხველა, ბრონქიტი, ზედა სასუნთქი გზების კატარი:

რეცეპტი:

· 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 1 ჭიქა წყალს, ადუღებენ ნელ ცეცხლზე 10 წთ-ის განმავლობაში, აგრილებენ, გადაწურავენ. მიიღება 1 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.

3. ფურისულა გაზაფხულის/Primula veris

306724821-507003627925335-5221799215050593128-n-1663059935.jpg

გამოიყენება ფოთლები, ფესურა, იშვიათად ყვავილები. ფესურას აგროვებენ სექტემბერში, ფოთლებს - მაისში.

გამოიყენება მიწისზედა ნაწილი ყვავილებით. არც ერთი მცენარის ფოთოლი იმდენ C ვიტამინს არ შეიცავს, რამდენსაც უნაბისა და გაზაფხულის ფურისულას ფოთოლი. საერთოდ მწვანე მცენარეთა სხვადასხვა სახეობის ფოთლებში 300 მგ პროცენტზე მეტი C ვიტამინი იშვიათად თუ აღინიშნება. გაზაფხულის ფურისულას ფოთლებში კი C ვიტამინის შემცველობა 700 მგ პროცენტს აღწევს, ზოგი მეცნიერი კი, 600 მგ პროცენტს ასახელებს.

ფურისულას პრეპარატებს აქვს ამოსახველებელი მოქმედება და ერთგვარად აძლიერებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის და ბრონქების სეკრეტორულ აქტივობას.

რეცეპტები:

ნაყენი:

· 2-3 სუფრის კოვზ ბალახს (თერმოსში) ასხამენ 0,5 ლ მდუღარე წყალს - დღიური დოზა.

ფესვების ნახარში:

· 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ ჭიქა მდუღარე წყალს, ადუღებენ 10 წუთი, გადაწურავენ.

ყვავილების ნაყენი:

· 2 ჩაის კოვზ გამხმარ ყვავილს ასხამენ ერთ ჭიქა ცივ წყალს, მიიყვანენ ადუღებამდე, გააჩერებენ 5 წუთი და გადაწურავენ.

სიროფი:

· 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფესურას ადუღებენ 5 წუთის განმავლობაში მცირე რაოდენობის (დაახლოებით ნახევარი ჭიქა) წყალში. შემდეგ ნახარშს გადაწურავენ და შეურევენ თაფლს, სიროფის მისაღებად. მიიღება 1 ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.

გამომცემლობა „პალიტრა L“ უნიკალურ წიგნების სერიას - „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“ გამოსცემს, სადაც მთელ მსოფლიოში გავრცელებულ 1200-მდე მცენარის შესახებ ამომწურავ, სრულფასოვან ინფორმაციას იპოვით. სერია ხუთ ტომად გამოიცემა. მცენარეთა სახელები ანბანის მიხედვითაა დალაგებული. ყოველ მცენარეს მოჰყვება რეცეპტები პრაქტიკული გამოყენებისათვის და, რაც მთავარია, - ამ მცენარეთა ფოტოილუსტრაციები.

თითოეულ მცენარეზე მოწოდებული ინფორმაციით შეიტყობთ, სად მოიპოვება ეს მცენარე, წლის რომელ დროს, მისი რა ნაწილი გამოიყენება სამკურნალოდ, როგორი ქიმიური შემადგენლობა აქვს, ანუ რა განაპირობებს მათ სამკურნალო ეფექტს, რა დროს გამოგადგებათ, როდის არ შეიძლება მათი გამოყენება, ბოლოს კი, გაეცნობით რეცეპტებს - ნაყენის დამზადებისა და მიღების შესახებ.

306083239-780643603266561-4934152743133426204-n-1663059935.jpg

„სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედიის“ მეოთხე ტომი 19 სექტემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა და მისი სპეციალური ფასი - 16 ლარი, გაზეთთან ერთად კი - 18 ლარი იქნება. წიგნის შეძენა ასევე შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და საიტზე: www.palitral.ge