"განსაკუთრებულად პატრიოტი გავხდი მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებში გადავედი საცხოვრებლად" - ვინ არის ახალგაზრდა ელჩი ნიდერლანდებში? - კვირის პალიტრა

"განსაკუთრებულად პატრიოტი გავხდი მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებში გადავედი საცხოვრებლად" - ვინ არის ახალგაზრდა ელჩი ნიდერლანდებში?

რაც დრო გადის ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ჩვენს პატარა საქართველოს მეტად და მეტად ასახელებენ. ერთი ბეწო საქართველოს შესახებ უკვე ყველამ იცის და არც რუსეთის გუბერნია და აღარც შტატი ვგონივართ ამერიკაში. საქართველო პატარა, მაგრამ ნიჭიერი ხალხის ადგილია მსოფლიო რუკაზე. დღეს, კიდევ ერთი საამაყო გოგოს ისტორია უნდა გაგიზიაროთ, რომელიც 23 წლის ასაკში ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გახდა. თაკო მნათობიშვილმა kvirispalitra.ge-ის თავისი წარმატების ისტორია გაუზიარა.

- ვცხოვრობ და ვსწავლობ ნიდერლანდების სამეფოში. ადრეულ ასაკში გადავწყვიტე საზღვარგარეთ ჩაბარება და 17 წლისა გავემგზავრე ნიდერლანდების სამეფოში სასწავლებლად, სრულიად მარტო. სწორედ აქ დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეტაპი, რომელმაც თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ამჟამად, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ვარ ნიდერლანდების სამეფოში, ასევე, გაეროს სტუდენტთა ასოციაციაში - მდგრადი განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი.

- თაკო მოგვიყევი შენს თავზე, როგორ გახასიათებენ მეგობრები?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტა მიჭირს, თუმცა პირველი, რაც თავში აზრად მომივიდა, თაკოს დავახასიათებდი, როგორც მებრძოლ ადამიანს. ძალიან მიყვარს და მიზიდავს გამოწვევები, სირთულეები, ყველაფერი, რაც გულისცემას ახშირებს. ხასიათი, ვიტყოდი, რომ ცოტა რთული მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ზოდიაქო ტყუპია და ხშირად ერთი საკითხის მიმართ ორი საპირისპირო გრძნობის თანაარსებობა ყველაფერს ართულებს, მაგრამ - საინტერესოს ხდის.

მიყვარს მარტო ყოფნა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სრულ ჰარმონიაში ვარ, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები. როცა ჩემს მეგობრებს ან ახლობელ ადამიანებს ჩემი გვერდში დგომა სჭირდებათ, მუდმივად მათთან ვარ და ვცდილობ, სითბო და მხარდაჭერა ბოლომდე გამოვხატო. არ ვიცი, ალბათ, ისინიც იმავეს იტყვიან ჩემზე.

- ნიდერლანდებში ხარ, საქართველოდან შორს, მოგვიყევი, როგორ აღმოჩნდი მანდ?

- ყველაფერი საზაფხულო პროგრამით დაიწყო, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში წავედი. ჩასვლისთანავე გადავწყვიტე, რომ საზღვარგარეთ ჩაბარება მინდოდა. საბოლოოდ, არჩევანი ევროპაზე გავაკეთე. აპლიკაცია ევროპის რამდენიმე საუკეთესო უნივერსიტეტში გავგზავნე. ყველა სასურველმა უნივერსიტეტმა მიმიღო, ბოლოს კი არჩევანი ნიდერლანდების სამეფოზე შევაჩერე. კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით და ახლა რომ დამაბრუნა წარსულში, არც ერთ მიღებულ გადაწყვეტილებას არ შევცვლიდი. ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი ოჯახისგან და ამან ერთგვარი მოტივაცია მომცა და საკუთარ თავში დამარწმუნა. ახლა უკვე ნიდერლანდებში ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში. საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს ამ ქვეყანასთან და აქაურობას ჩემს გულში დიდი ადგილი უკავია.

- როგორია ნიდერლანდები, როგორია გარემო, ხალხი, კულტურა?

- ნიდერლანდებში კარგად ვგრძნობ თავს. მართალია, უამინდობა ცოტა მთრგუნავს ხოლმე, თუმცა იმდენად საინტერესო გარემოა ჩემ ირგვლივ, რომ სულ ვპოულობ რამეს ისეთს, რასაც კომფორტის ზონიდან გამოვყავარ. ნიდერლანდები მართლაც იდეალური ადგილია შემეცნებისთვის. შეიძლება, ხალხი ვინმეს ცივი მოეჩვენოს, მაგრამ ახლო ურთიერთობაში ძალიან ერთგულები არიან, რასაც ჩემი არა ერთი შეძენილი ახლო მეგობრობაც მოწმობს.

- საქართველოში ხშირად ხარ თუ ძირითად დროს უცხოეთში ატარებ?

- ჩემი ოჯახის და ახლობლების გარეშე დიდხანს ვერ ვძლებ, ამიტომ საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ. თანაც ვგრძნობ, რომ გარემოს რადიკალური ცვლილება ჩემი შემოქმედებითი საქმიანობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის საკითხები და პრობლემები, რაზეც, ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, მუდმივად ვფიქრობ, ამ ქვეყნების ყოველდღიური ცხოვრების რიტმის ფეხის აწყობით კიდევ უფრო ხელშესახები ხდება. ბევრს ვმოგზაურობ, თუმცა მახსენდება დღეები, როდესაც მხოლოდ 3 დღე მქონდა დასვენება და მაშინვე საქართველოსკენ გამოვეშურე. ასევე, ხშირად მითქვამს უარი ევროპის სხვა, რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობაზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის რამდენიმე დღე სახლში, საქართველოში გამეტარებინა. განსაკუთრებულად ემოციური და პატრიოტი გავხდი მას შემდეგ, რაც საქართველოდან ნიდერლანდებში გადავედი საცხოვრებლად. ბევრი რამ გადავაფასე, ამიტომ ბანალურად, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ სახლს არაფერი მირჩევნია.

- თემა, რომელმაც ყველა გააოცა - 23 წლის ასაკში ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გახდი, როგორი იყო გზა ელჩობამდე?

- გზა საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა. საქართველოში და ნიდერლანდებში ორი განსხვავებული განათლების სისტემაა, ამიტომ თავიდან ცოტა გამიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება. ჩემს უნივერსიტეტში არის PBL სისტემა, რაც Problem Based Learning-ს გულისხმობს. ეს სრულიად განსხვავებული სისტემაა. მახსენდება ბევრი გათენებული ღამე, წარუმატებელი მცდელობებიც, თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ ბრძოლა უნდა შემეწყვიტა. ყოველთვის ვგრძნობდი ოჯახისგან მხარდაჭერას, განსაკუთრებით - დედისგან და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას ამისთვის. დილას, როდესაც ვიღვიძებდი, ყოველდღიურად მხვდებოდა სამოტივაციო მესიჯები, რამაც გარკვეულწილად დიდი როლი ითამაშა და ბრძოლის უნარი გამომიმუშავა. ამაზე დიდი ბედნიერება, ალბათ, არ არსებობს, როცა არსებობენ ადამიანები, ვისაც სჯერათ შენი წარმატების.

უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად, ძალიან ბევრ პროექტში ვმონაწილეობდი. მაგალითად, 2021 წლის ოქტომბერში იტალიურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად გავემგზავრე დუბაიში, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი და მიმდინარე პრობლემები მიმოვიხილეთ. მოგვიანებით, მარტში კი, ნიუ-იორკში ვიყავი, სადაც პირადად შევხვდი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს - ბილ კლინტონს, მას კონკრეტულად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე დავუსვი რამდენიმე კითხვა და მოვისმინე მისი დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

- უფრო ვრცლად გვიამბე, რას მოიცავს შენი საქმიანობა, რა ევალებათ ახალგაზრდა ელჩებს?

- „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამას. პროგრამის საშუალებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს შესახებ, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და აწმყოს, მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, აგრეთვე, ქვეყნის კულტურის, განათლების, ტრადიციების, ეკონომიკის, სპორტის და ახალგაზრდული პოლიტიკის თაობაზე. ჩემი მთავარი ამოცანაა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა.

- დიდი პასუხისმგებლობაა. პატარა თაკო თუ წარმოიდგენდა, რომ 23 წლის ასაკში ელჩი იქნებოდა?

- იქიდან გამომდინარე, რომ ამბიციური ბავშვი ვიყავი, როცა საქმე კარიერას, პირად განვითარებას და განათლებას ეხებოდა, ამ კითხვაზე პასუხი იქნება - კი. ჯერ არ მივსულვარ იმ ეტაპამდე და იმ „თაკოს“ ვერსიამდე, რომელიც ბავშვობაში მყავს წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ ძალიან ბევრი მიკლია. ნამდვილად მჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, კარგი დასაწყისი. ყველაფერი საუკეთესო და საინტერესო კი წინ არის, რისი მომსწრეებიც მალე გავხდებით.

- თავისუფალი დრო ცოტა გექნება, თუმცა რას აკეთებ, როდესაც მცირე დრო მაინც გამოგიჩნდება.

- საერთოდ, მგონია, რომ თავისუფალი დრო და ზოგადად - დრო, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავს უთმობს, ყველაზე მნიშვნელოვანია. ხშირად ვსეირნობ წვიმაში ან ვნახულობ მეგობრებს. ბოლო პერიოდში კი ვცდილობ, რომ ისეთი რაღაცები გავაკეთო, რაც აქამდე არასდროს მიცდია. თუნდაც ამ ბოლო დროს, ხშირად ვხატავ და ვაფერადებ. ვგრძნობ, ფერებთან და ფურცლებთან გატარებული დრო ყველაზე სასიამოვნოდ მაახლოებს საკუთარ თავთან.

- გყავს ინსპირაციის წყარო, ვინმე ან რამე, რაც ყოველთვის გაძლიერებს?

- მე მაინც მგონია, რომ ძალას ყველა ადამიანი საკუთარ თავში უნდა ეძებდეს. თუმცა კი, ნამდვილად არსებობს ასეთი ადამიანი და ის ფაქტი, რომ ჩვენი სამომავლო მიზნები თანხვედრაშია და თან ორივე მუდამ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს წინსვლაში, ნამდვილად დიდი მოტივაციაა.

- გაგვიზიარე შენი უახლოესი გეგმები, მიზნები, ის, რასაც საიდუმლოდ არ ინახავ?

- ძირითადად, ჩემთვის ვინახავ და ხმამაღლა არ ვსაუბრობ ჩემს გეგმებზე... იმდენად ჩემთვის, რომ ხშირად ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც კი სიურპრიზი არის ხოლმე ჩემი სიახლეები. თუმცა ვიქნები თამამი და ვიტყვი, რომ ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები მაქვს. შემდეგი ეტაპი ჯერ მაგისტრატურაა. თუმცა საბოლოოდ, ჩემს თავს ნიდერლანდები-საქართველოს გზაზე ვხედავ.

- ახალგაზრდები თვალს გადევნებენ, რამეს თუ ეტყოდი მათ?

- ძალიან მახარებს ამდენი ახალგაზრდა ადამიანისგან მხარდაჭერა, ჩემი საქმიანობისადმი ინტერესი. საერთოდ, მგონია, რომ სწორედ ინტერესის გაღვივებაში, აზრთა მიმოცვლაში და გამოცდილების გაზიარებაში იბადება ახალი იდეები, რომლებსაც რეალურ შედეგებამდე მივყავართ. ამიტომ ყველა, ვინც მომმართავს "ფეისბუქის" თუ სხვა პლატფორმის საშუალებით, ვცდილობ, მაქსიმალურად დავეხმარო და ყველანაირი რჩევა გავუზიარო. ჩემი აზრით, წარმატების მიღწევის ყველას თავისი გზა და ფორმულა აქვს, ამიტომ ძალიან ინდივიდუალურია. ჩემი ცხოვრების დევიზი არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან. სწორედ მაშინ გადაიხსნება ჩვენი ცხოვრების საინტერესო ხედები, რამაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება.

- რესპონდენტებს ვეკითხები ხოლმე, ნიდერლანდებში როგორ გვიცნობენ, რას ამბობენ ქართველებზე?

- ვფიქრობ, საკმაოდ დადებითი დამოკიდებულება აქვთ ქართველი ერის მიმართ. ხშირად, როცა საუბრის დროს ვახსენებ, რომ საქართველოდან ვარ, მეუბნებიან, რომ საქართველოში უმოგზაურიათ და აღფრთოვანებით მიყვებიან ჩვენს მრავალფეროვან ბუნებაზე, კულტურაზე და ღირებულებების შესახებ. ყოველთვის სიამაყის განცდა მეუფლება ასეთ პოზიტიურ შეფასებებს რომ ვისმენ. თუმცა ვფიქრობ, ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ თუნდაც ჩვენი კულტურა და ის დადებითი ასპექტები, რითაც ვამაყობთ, უკეთ წარმოვაჩინოთ.

(სპეციალურად საიტისთვის)