"გენიალური გენერალი - უკრაინის კონტრშეტევის სტრატეგოსი" - ვინ არის უკრაინელი გენერალი ალექსანდრ სირსკი - კვირის პალიტრა

"გენიალური გენერალი - უკრაინის კონტრშეტევის სტრატეგოსი" - ვინ არის უკრაინელი გენერალი ალექსანდრ სირსკი

იტალიის ყოველდღიურ გაზეთ Il Foglio-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "გენიალური გენერალი - უკრაინის კონტრშეტევის სტრატეგოსი: 2014 წელს რუსეთთან განცდილი მარცხის შემდეგ მან რევანში აიღო" (ავტორი - სესილია სალა, კიევიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა ამ დღეებში რუსეთის თავდაცვის მინისტრი თავისი ჯარის "გადაადგილებასა და გადაჯგუფებაზე" ლაპარაკობდა, ეს სინამდვილეში იმას ნიშნავდა, რომ რუსი ჯარისკაცები დაკავებული პოზიციებიდან გაიქცნენ. ეს ყველაფერი მოხდა უკრაინის არმიის კონტრშეტევის შედეგად, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში 90-კილომეტრით შევიდა. (...)

ხარკოვის ოლქში და დონბასის ჩრდილოეთ ნაწილში უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევის უკან გენერალი ალექსანდრე სირსკი დგას. სწორედ მისი იდეა იყო რუსები მუდმივი განცხადებებით დაებნიათ უკრაინის სამხრეთში დაგეგმილი კონტრშეტევის თაობაზე. მართლაც, ამ ხერხმა იმოქმედა და რუსებმაც დაიჯერეს - მოსკოვმა თავისი ქვედანაყოფები ხარკოვისა და დონბასის მიმართულებებიდან მოხსნა და სამხრეთისაკენ გადაისროლა, რითაც აღმოსავლეთი ფლანგი გააშიშვლა. უკრაინელებმაც ისარგებლეს - დაარტყეს და ფრონტი გაარღვიეს. ეს ოპერაცია ყველაზე შთამბეჭდავს წარმოადგენს მათგან, რომლებიც კიევს დღემდე ჩაუტარებია - ბევრად უფრო რთულს, ვიდრე დედაქალაქის დაცვა წარმოადგენდა, რომელიც მარტის განმავლობაში თითქმის ალყაში იყო მოქცეული.

სხვათა შორის, კიევის თავდაცვასაც გენერალი ალექსანდრე სირსკი ხელმძღვანელობდა, მის მიერ იყო ორგანიზებული. გენერალმა თავისი უნარითა და საქმის ცოდნით უკრაინის არმიის მთავარსარდლობაც გააკვირვა, კრემლიც და პენტაგონიც, რომლებიც დედაქალაქის დაცემას ორი-სამი დღის განმავლობაში წინასწარმეტყველებდნენ. ამერიკული "ვაშინგტონ პოსტი" ამას წინათ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავდა: უკრაინის პრეზიდენტის ოფისში თითქმის არავის სჯეროდა, რომ კიევი რუსების ოკუპაციას გადაურჩებოდა - იმის გათვალისწინებით, რომ კიევში მხოლოდ ერთი ბრიგადა იყო დისლოცირებული. შემდეგ დედაქალაქის დაცვა ალექსანდრე სირსკის დააკისრეს: იგი მოვიდა და... კიევი გადარჩა. უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ახლაც, ამ დღეებში განხორციელებული კონტრშეტევის წარმატებაში გენერალურ შტაბშიც კი ბევრს ეჭვი ეპარებოდა. გენერალი დაბეჯითებით ცდილობდა ურწმუნოების დარწმუნებას და მრავალჯერ უხდებოდა თავისი სტრატეგიის ახსნა-განმარტება.

ალექსანდრე სირსკი მუდმივად ჯიბით ატარებს ბოგდან ხმელნიცკის - უკრაინელი კაზაკების დიდი მხედართმთავრის სურათს, რომლის სახელიც აქვს მინიჭებული უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე დიდ ქალაქს, 300 ათასი მცხოვრებით. (...) მარტის ბოლოს, როცა რუსეთის არმია იძულებული გახდა, კიევის მისადგომებიდან უკან დაეხია, გენერალი ალექსანდრე სირსკი ბოგდან ხმელნიცკის ორდენით დაჯილდოვდა - კიევის წარმატებული დაცვისათვის.

გენერალმა უკვე მოინახულა ოკუპანტებისაგან გათავისუფლებული უკრაინის ქალაქები და განაცხადა, რომ ძლევამოსილი უკრაინის არმია კიდევ უფრო წარმატებას მოიპოვებს.

2013 წლის ნოემბერში ალექსანდრე სირსკის ამოცანა დაუსახეს - უკრაინის არმია ეტაპობრივად ნატოს სტანდარტებზე გადაეყვანა. ეს ის დროა, როცა კიევში, მაიდანზე პროტესტი იწყებოდა, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, იმდროინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა. რამდენიმე თვის შემდეგ დონბასში ბრძოლები დაიწყო. ამ პერიოდში უკრაინის არმია ნამდვილი არმიისაგან შორს იდგა - მცირერიცხოვანი, ცუდად შეიარაღებული და მოუმზადებელი. იმ დროს ალექსანდრე სირსკი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში სამხედრო განათლებას ეუფლებოდა, რომ შემდეგ თავისი ცოდნა სხვა უკრაინელი ოფიცრებისთვის გაეზიარებინა, ქვეყნის არმიის მოდერნიზების მიზნით.

გენერალი დონბასში დაბრუნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, წარუმატებელი ბრძოლების შემდეგ უკრაინამ ყირიმიც დაკარგა და დონბასიც - ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტული "რესპუბლიკების" სახით. მას შემდეგ რვა წელი გავიდა. ეს კონტრშეტევა ალექსანდრე სირსკის შურისძიებას, რევანშს წარმოადგენს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ