"ქვეყანაში უსაფრთხოების საბჭოა მოსაწვევი, რადგან როცა 4 უშუალო მეზობლიდან სამი საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული, საქართველოს მიმართ რისკები გაზრდილია" - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში უსაფრთხოების საბჭოა მოსაწვევი, რადგან როცა 4 უშუალო მეზობლიდან სამი საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული, საქართველოს მიმართ რისკები გაზრდილია"

ქვეყანაში უსაფრთხოების საბჭო არის მოსაწვევი იმიტომ, რომ როდესაც ოთხი უშუალო მეზობლიდან სამი საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული, საქართველოს მიმართ გაზრდილია რისკები, საფრთხეები და გამოწვევები. ამ ყველაფერს შეფასება სჭირდება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

მისი განმარტებით, ამ ორი მეზობელი ქვეყნის საზღვრებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რამდენად მყიფეა არსებული სიტუაცია არამხოლოდ უკრაინის მიმართულებით, არამედ კავკასიის მხარესაც. ბატიაშვილის თქმით, ამავე დროს, ეს არის ასახვა იმ ძალთა ბალანსის შეცვლისა, რომელიც აქამდე არსებობდა და რომელიც ადრე რუსეთის სასარგებლოდ იყო, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით.

„ახლა კი, დავინახეთ, რომ რუსეთის ფაქტორი მკვეთრად არის შემცირებული, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის მიერ ჩამოყალიბებულია, როგორც ერთგვარად ნატო-ს საპირწონე ორგანიზაცია, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები და მეტი არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა მას დახმარებისთვის მიმართა, რუსეთმა ვერავითარი ქმედითი ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო. ეს გასაკვირიც არ არის, იმიტომ, რომ ეს ვერ შეძლო არამხოლოდ სომხეთთან მიმართებაში, არამედ დავინახეთ, რომ ხარკოვთან განვითარებული კონტრშეტევის დროს რუსეთმა ვერ შეძლო თავის ჯარისთვის უბრალოდ რეზერვების მიწოდებაც კი, რადგან ფიზიკურად აღარ არის ასეთი რეზერვი, განადგურდა. რუსეთს ფიზიკურად ძალა აღარ დარჩა. ერთი წლის წინ რომ ეს რომ ვიღაცას ეთქვა, შეიძლება ფანტაზიების სფეროც კი ყოფილიყო, მაგრამ ახლა არსებული სიტუაცია ასეთია და რუსეთი არის მილევადი ძალა. მილევის პროცესი კი ძალიან სწრაფად ვითარდება“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა და აღნიშნა, რომ არამხოლოდ აზერბაიჯანმა დაინახა, რომ რუსეთს აღარ აქვს ძალა დაეხმაროს სომხეთს, არამედ ეს თავად სომხეთშიც დაინახეს და ალბათ, შესაბამისი დასკვნებიც იქნება გამოტანილი. გააგრძელეთ კითხვა