ძნელად დასაჯერებელი ფაქტი - რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ისრაელისა და ირანის დრონებს ერთდროულად იყენებს... - კვირის პალიტრა

ძნელად დასაჯერებელი ფაქტი - რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ისრაელისა და ირანის დრონებს ერთდროულად იყენებს...

აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც ერთი თვის წინ თეთრმა სახლმა მიზანმიმართულად გაასაჯაროვა, გამართლდა - ირანს მართლა მიუწოდებია უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთისთვის, რომელთა გამოყენება პუტინის არმიამ უკვე დაიწყო უკრაინასთან ომში...

ამაზე მეტყველებს უკრაინელი სამხედროების მიერ კუპიანსკთან ბრძოლისას ჩამოგდებული დრონი-კამიკაძის ფრაგმენტები, რომლებიც ირანული წარმოების Shahed-136-ის იდენტურია.

გარდა ამისა, თავად რუსი სამხედრო პროპაგანდისტების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომელშიც დრონიდან სადაზვერვო გადაღება მიმდინარეობს, რამდენი წამით გაიელვებს თავად ამ დრონის კონსტრუქციის ერთ-ერთ დამახასიათებელი დეტალი, რაც ასევე ირანულ სადაზვერვო დრონზე - Qods Yasir-ზე მიუთითებს...

ასე რომ, გამართლდა ისრაელის სადაზვერვო ორგანობის მხრიდანაც თავისივე ქვეყნის მასმედიის საშუალებებში სპეციალურად გაჟონილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ირანულმა სატრანსპორტო თვითმფრინავებმა ორმოცზე მეტი რეისი შეასრულეს მოსკოვის აეროპორტებისკენ, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, ირანში წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები ჩაჰქონდათო, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა, თავის მხრივ, არანაკლებ ორი ვიზიტი განახორციელეს ირანის სამხედრო აეროდრომზე იქაური დრონების მოქმედების სანახავადო...

ისე კი, საოცარი სიტუაცია იქმნება - სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ისრაელი და ირანი „ერთიანდებიან“ და თავიანთ დრონებს აწვდიან რუსეთს, უკრაინელების წინააღმდეგ საბრძოლველად...

რუსეთის არმიის შეიარაღებაში ისრაელში შექმნილი სადაზვერვო დრონების გამოჩენის მოკლე ისტორია ასეთია...

რუსი სამხედროები საქართველოსთან აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან დაინტერესდნენ ისრაელის წარმოების დრონებით და 2009 წლის აპრილში 12 მლნ დოლარად Searcher II ტიპის ორი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი შეიძინეს გამოსაცდელად, რომელსაც სწორედ ისრაელის ცნობილი ავიაკოსმოსური კონცერნი - Israel Aerospace Industries აწარმოებდა.

რუსეთის გენერალიტეტს მოეწონა ისრაელის სადაზვერვო დრონები და მალევე, 2010 წლის ოქტომბერში, ხელი მოაწერა 300 მლნ-დოლარიან კონტრაქტს, რომელიც რუსეთის ყაზანის შვეულმფრენების ქარხანაში ისრაელიდან ჩატანილი დეტალების საშუალებით Searcher II ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების ლიცენზირებული სერიული წარმოების დაწყებას ითვალისწინებდა.

2012 წლიდან კი უკვე „სამოქალაქო ავიაციის ურალის ქარხანამ“ დაიწყო ისრაელის დრონების სერიული აწყობა, „ფორპოსტის“ სახელწოდებით.

2017 წლისთვის რუსეთის არმიის შეირაღებაში „ფორპოსტის“ 30-მდე კომპლექსი იყო - თითოეულ კომპლექსში მართვის ცენტრი და სამი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი შედიოდა და ყველა მათგანი ისრაელიდან მიწოდებული მაკოპლექტებელი დეტალებისაგან იყო აწყობილი რუსეთის ტერიტორიაზე.

14092022-1505-1663153941.28_REC.png
ჩამოგდებული ირანული Shahed-136 -ის ფრაგმენტი

ის, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა აქტიურად იყენებდა, ფაქტობრივად, ისრაელში დაპროექტებულ და ისრაელში წარმოებული დეტალებისგან აწყობილ, მაგრამ რუსულად გადანათლულ „ფორპოსტებს“, ჯერ კიდევ 2015 წლის 20 მაისს გამოჩნდა, როდესაც უკრაინელებმა პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ დონეცკთან რუსული სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს და ხელში, ფაქტობრივად, ისრაელის წარმოების დეტალების გროვა შერჩათ...

ამის შემდეგ ისევ დონბასში უკრაინელ მეზენიტეებს კიდევ ოთხჯერ გაუღიმათ ბედმა და ისრაელ-რუსეთის ოთხი „ფორპოსტი“ „დაამიწეს“...

უშუალოდ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან, დღემდე დადასტურებულად დაფიქსირებულია სამი „ფორპოსტის“ ჩამოგდება უკრაინელი სამხედროების მიერ.

3-d-1663153979.jpg
უკრაინელების პოზიციებს რუსები ასეთი ირანული Qods Yasir-აც ზვერავენ

ირანული დრონი-კამიკაძე Shahed-136-ი რაღაცით წააგავს ისრაელის „ჰაროპს“, რომელსაც აზერბაიჯანი ამ დღეებში აქტიურად იყენებს სომხეთის არმიის C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის დანადგარების გასანადგურებლად და ის უთუოდ წარმოადგენს საფრთხეს უკრაინის დამცველებისთვის.

სხვათა შორის, როგორც ისრაელის დრონი რუსებმა „ფორპოსტად“ გადანათლეს, ირანულსაც რუსულად „გერან-2“ მიაწერეს...