თბილისმა მსოფლიო არქიტექტურის გრანდებს კიდევ ერთხელ უმასპინძლა
თბილისმა გასულ კვირას მსოფლიო არქიტექტურის გრანდებს კიდევ ერთხელ უმასპინძლა. შეხვედრა ამჯერადაც „მიხაილოვის საავადმყოფოს“ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გარდაქმნის თემაზე მიმდინარე საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში შედგა. იქამდე, სანამ ჟიური 3 საუკეთესოს, ხოლო საბოლოოდ ერთ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც ფრთებს შეასხამს საავადმყოფოს მუზეუმად გარდაქმნის პროცესს, დედაქალაქში მიყოლებით მსოფლიო არქიტექტურის ლეგენდები ქართველ სტუდენტებს შეხვდნენ. 5 სექტემბერს ასეთი შეხვედრა მსოფლიოში ცნობილმა შვეიცარიელმა არქიტექტორმა პიერ დე მეურონიმ გამართა და მომავალ არქიტექტორებს „ისტორიული არქიტექტურისა და თანამედროვე შენობების ჰარმონიზაციაზე“ ესაუბრა.
თავად მეურონის არქიტექტურული კომპანია (Herzog and De Meuron) ერთ-ერთია იმ 6 მონაწილიდან, რომელიც „მიხაილოვის საავადმყოფოს“ „გადასხვაფერებისთვის“ იბრძვის.
„უპირველეს ყოვლისა, ეს იყო შეხვედრა, აზრების მიმოცვლა არქიტექტორებთან, სტუდენტებთან, თბილისში მცხოვრებ ადამიანებთან. ეს არ არის მხოლოდ მორიგი ღონისძიება, ეს არის, ვფიქრობ, მეტი, სადაც ვისაუბრეთ ქალაქზე, არქიტექტურაზე და სხვა პოტენციალზე. ეს არის, რითაც ჩვენ ვართ დაინტერესებული, დისკუსიის გასაღრმავებლად და აზრების იმ ადამიანებთან გასაზიარებლად, ვინც აქ ცხოვრობს, მათთვის ჩვენი ხედვით დანახული ქალაქის ჩვენება და იმის აღწერა, რასაც ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა მრავალი არქიტექტურული ჯილდოს მფლობელმა მეურონიმ.
7 სექტემბერს კი ანალოგიური შეხვედრა არქიტექტურის დარგში უმაღლესი პრიზის მფლობელმა, იაპონელმა შიგერუ ბანიმ ჩაატარა.
პრიცკერის პრემიის ლაურეატი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გადაქცევის პროექტსაც შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის.
„მოგეხსენებათ, დღეს გვქონდა პრეზენტაცია. ძველი საავადმყოფოს მუზეუმად გარდაქმნის პროექტი ძალიან საინტერესო და ამაღელვებელია. საინტერესოა, რომ შეიქმნას ადგილი ახალგაზრდებისთვის, მათი განათლებისა და შემოქმედებისთვის. ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ამ კონკურსში მონაწილეობა. დღეს ჩემი მიზანია, ვაჩვენო ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა. ამჟამად უკრაინელი ლტოლვილების თემაზე ვმუშაობ, ამაზე ჩავატარე ლექცია“, - განაცხადა ბანიმ.
„მიხაილოვის საავადმყოფოს“ თანამედროვე ხელოვნების გარდაქმნა ბათუმელი ბიზნესმენის შალვა ბრეუსის დაკვეთით მიმდინარეობს. მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორების ჩამოყვანისა და მათ მიერ ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასების ჩატარების ავტორიც თავად ბრეუსია.
„ფანტასტიკური ღონისძიება ჩატარდა. შიგერუ ბანიმ, არქიტექტურული ნობელის ლაურეატმა, ლექცია წაიკითხა სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა არქიტექტორებისთვის. ეს არის მასშტაბი ალბერტ აინშტაინი თუ წაიკითხავდა თბილისში ლექციას ფიზიკაზე. დაახლოებით ასეთი მასშტაბის ღონისძიებაა. ახალგაზრდებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, ისწავლონ, მოუსმინონ ასეთ პიროვნებას“, - აღნიშნა ბრეუსმა.
შეხვედრას ესწრებოდა არაერთი პრიზის მფლობელი, თურქი არქიტექტორი ემრე აროლატი, რომელიც, ასევე, „მიხაილოვის საავადმყოფოს“ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გარდაქმნისთვის იბრძვის.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია აქ ყოფნა, შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი ფიქრების ასახვა. უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვთქვა, რომ ისეთი რამის შექმნა, რაც სრულიად საჯარო იქნება, არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რადგან ეს არა მხოლოდ ხელოვნების ცენტრი და მუზეუმი იქნება, არამედ სივრცე ყველასთვის. სწორედ ეს თემა იყო მნიშვნელოვანი ჩვენი პროექტისთვის. ერთ პროექტში გავაერთიანეთ სხვადასხვა ასპექტი“, - განაცხადა აროლატმა.
სამხატვრო აკადემიისა და თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და არქიტექტორებს შორის შეხვედრას Domus Georgia-ს მთავარი რედაქტორი, არქიტექტორი, ლენა კილაძე ხელმძღვანელობდა.
მისი განმარტებით, ქვეყანაში ასეთი მასშტაბის ადამიანების ჩამოსვლა უკვე ძალიან დიდი წარმატებაა.
„ფაქტი, რომ კონკურსის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა რამდენიმე ძალიან ცნობილი არქიტექტორული ოფისის წარმომადგენელი, ლაურეატი შიგერუ ბანი, ეს უნიკალური შესაძლებლობაა ქართული საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, მოუსმენენ მათ ლექციას, ნახავენ როგორ მუშაობენ ეს ადამიანები, რა მიდგომა აქვთ ხელოვნებასთან და არქიტექტურასთან. ამ კონკურსის პირველი ეტაპი, რომელიც ამ ადამიანების ჩამოსვლით შეგვიძლია, აღვნიშნოთ, უკვე მიიჩნევა ძალიან დიდ წარმატებად, რადგან მათი კონტაქტი ახალგაზრდებთან ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლენა კილაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ „მიხაილოვის საავადმყოფოს“ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გარდაქმნის პროცესს, ამისთვის 6 კონკურსანტი კვლავ იბრძვის. მალე გადაწყდება, რომელი 3 კონკურსანტი გააგრძელებს ასპარეზობას, საბოლოოდ, გამარჯვებულ პროექტს ჟიური ნოემბერში დაასახელებს.
ჟიურის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც უნდა გამოავლინოს ის არქიტექტურული კომპანია, რომელიც ბრეუსის იდეის რეალობად ქცევას შეუდგება, აკადემიკოსი ვალერიან ასათიანია. მან ჩვენთან საუბარში ხაზი გაუსვა, რომ მუზეუმს არ ექნება კომერციული დატვირთვა და ის სრულად იქნება ორიენტირებული საგანმანათლებლო სფეროზე.
„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა, ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იმ თვალსაზრისით, რომ ემსახურება საგანმანათლებლო სფეროს, ახალგაზრდობას, მულტიკულტურული დატვირთვა აქვს. ეს უზარმაზარი სივრცე დაიტვირთება ისეთი შინაარსით, რომელსაც არ ექნება კომერციული ხასიათი. ეს არის სუფთა საგანმანათლებლო, ხელოვნების პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ძალიან ბევრი რამ არის ჩაფიქრებული. აქ იქნება სტუდიები, იქნება რეკრეაციული ზონა. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც მაქვს, არაჩვეულებრივად არის გააზრებული პარკი, ნარგავები, ტრადიცია ქალაქის, ქვეყნის ხასიათი. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია. ძალიან წარმომადგენლობითია პროექტის ავტორთა ბიოგრაფიები, სახელები. ძალიან დიდი დამსახურება აქვთ მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, არაჩვეულებრივი პროექტები აქვთ განხორციელებული და ძალიან რთული იქნება საუკეთესოს შერჩევა. ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი პროექტებია“, - განაცხადა ასათიანმა.
ჟიურის კიდევ ერთი წევრი თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიაა. მისი თქმით, კონკურსში ყველა საუკეთესოა და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, განსხვავებულ არქიტექტურას წარმოადგენს, რაც დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პრეცედენტი შედგა. იმართება საერთაშორისო კონკურსი ასეთ მნიშვნელოვან ადგილზე, როგორიც ყოფილი „მიხაილოვის“ ტერიტორიაა. ძალიან მოხარული ვარ, რომ თბილისში გვექნება ასეთი გამორჩეული ადგილი არა მარტო ფუნქციიდან გამომდინარე, არამედ იმიტომ, რომ თანამედროვე ხელოვნების ცენტრი არის ძალიან საჭირო და დროული ინიციატივა, არქიტექტურული კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვან შენობას მივიღებთ, რომელიც გამორჩეული და საინტერესო იქნება. რომელმა პროექტმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს იქნება ძალიან განსხვავებული არქიტექტურა, ძალიან განსხვავებული ფუნქციონალი და ვფიქრობ, ძალიან საჭირო ჩვენი დედაქალაქისთვის“, - განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შექმნისთვის გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს 14-მა წამყვანმა არქიტექტურულმა კომპანიამ მიიღო. მათგან შეირჩა 6 საუკეთესო, კერძოდ: Archea Associati იტალიიდან (ფლორენცია), Christ & Gantenbein შვეიცარიიდან, Emre Arolat თურქეთიდან, Shigeru Ban იაპონიიდან, Wilmotte & Associés საფრანგეთიდან და Herzog and De Meuron შვეიცარიიდან. დასახელებული კომპანიებიდან კი სექტემბერში 3 მათგანი გამოეთიშება კონკურსს და 3 კვლავ პირველობისთვის იბრძოლებს. ხოლო საბოლოოდ ვინ ჩაიბარებს პროექტს და ვინ შექმნის თბილისის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ კერას, ნოემბერში გახდება ცნობილი.
არქიტექტურული პროექტის წარმოდგენას დაახლოებით 10 თვე დასჭირდება, მშენებლობა კი 2023 წლის ბოლოს დაიწყება. პროექტი ითვალიწინებს 5 წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტირებას, თანაც ისე, რომ შენარჩუნდეს ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ისტორიული ძეგლის იერსახე.