"ის, რაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმზე მოხდა, დღესაც შეძრწუნებას იწვევს..." - კვირის პალიტრა

"ის, რაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმზე მოხდა, დღესაც შეძრწუნებას იწვევს..."

ღიმილიანი, ირონიული, ზოგჯერ ცინიკური და სკაბრეზული პოეტების მეფე - ასეთია მთავარი პერსონაჟი თეიმურაზ დოიაშვილისა და ნათია სიხარულიძის წიგნისა “გალაკტიონი უცენზუროდ”. გალაკტიონოლოგი ნათია სიხარულიძე მოგვითხრობს: “ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო, საზოგადოებისთვის გაგვეცნო არა პარნასზე მდგომი გენიოსი, არამედ - გვეჩვენებინა გენიალური პოეტის, ზეციური, მიუწვდომელი გალაკტიონის ადამიანური მხარე, მისი ყოფითი, ყოველდღიური ცხოვრება, დამოკიდებულებები კოლეგა-მწერლებთან თუ ოჯახის წევრებთან, ახლო ნაცნობებთან თუ სრულიად უცნობებთან.

გვინდოდა მკითხველს სცოდნოდა, როგორია პოეტების მეფის ღვთაებრივი ირონია, რა იწვევს მის ირონიულ, ცინიზმამდე მისულ დამოკიდებულებას, ან როგორ მოხდა, რომ ახალგაზრდობიდანვე “სევდის მგოსნად” მიჩნეული გალაკტიონის უბის წიგნაკში ვკითხულობთ ასეთ ფრაზას: “ცხოვრება არ ღირს თუ არ იცინე...”

გთავაზობთ რამდენიმე ამბავს უცენზურო გალაკტიონზე:

“ან სახე, ან ლექსი. იოსებ გრიშაშვილი იმდენად პოპულარული პოეტი იყო, რომ პოეზიის მოყვარულთა ერთი ნაწილი მას თვით გალაკტიონზე მაღლა აყენებდა. იმასაც ამბობდნენ, გრიშაშვილმა ახალგაზრდობაში გავლენა იქონია გალაკტიონზე, მას ბაძავდაო.

გალაკტიონმა უსმინა ამ მოარულ ხმებს, ითმინა და ბოლოს ჭორ-მართალი ასე შეაჯამა: “ამ სიტყვით ვამთავრებ/ ამ ამბავს, ამ იგავს,/ ან ლექსი, ან სახე/ სოსოსას რა მიგავს!”

გრიშაშვილი დიდად აფასებდა გალაკტიონს. ერთხელ გამომცემლობაში შეხვედრისას, პირდაპირ უთხრა, საქართველოს პირველი პოეტი ხარო. ეამა გალაკტიონს. გრიშაშვილი კი შენიშნავს: უყვარდა დითირამბები, ის ამის ღირსი იყო უეჭველადო...”

დაც გყავს, ძამიკო?!

“ის, რაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმზე მოხდა, დღესაც შეძრწუნებას იწვევს. გალაკტიონი რამდენიმე ბახუსისმოყვარულ, რიგით მწერალთან ერთად სხდომაზე დაიბარეს - ლოთობით საბჭოთა მწერლის სპეტაკ სახელს არცხვენთო. ვერ მოითმინა ეს სიტყვები გალაკტიონმა და სხდომის თავმჯდომარეს - ირაკლი აბაშიძეს განწირული ხმით შეუძახა:

- მხეცო! მხეცო! ვის უბედავ მაგას!

ირაკლის ხმა არ გაუღია. მხოლოდ გრიშაშვილს უთქვამს შეშფოთებით:

- ამათთან ერთად დაბარება გალაკტიონს როგორ აკადრეთო?!

ამ ამბავს, როგორც ჰყვებიან, ნაკლებად შემაძრწუნებელი, თავშესაქცევი გაგრძელება აქვს. გაბრაზებული გალაკტიონი დამთვრალა და ირაკლისთვის დაურეკავს. ახლობელი და ნათესავი არ დაუტოვა თურმე, რომ არ ეგინებინა. რას იზამდა მწერალთა კავშირის მრავალნაცადი თავმჯდომარე, გინებაში ხომ არ აჰყვებოდა მთვრალ პოეტს?! მხოლოდ მონოტონურად იმეორებდა: მდა, მდა, მდა...

- აა, დაც გყავს, ძამიკოო?! - მოუნაცვლა გალაკტიონმა და ახლა ამ მიმართულებით გააგრძელა მოსაუბრის “შემკობა”...

ავტობიოგრაფიიდან

გალაკტიონის ამ სტროფს აშკარად დიდაქტიკურ-დამრიგებლობითი ტონი აქვს: “ღვინის სმის დროს შერთულ ცოლის/ ხმამ გაამოს, მოგილხინოს,/ შენს ქორწილში - არას გკადრებს,/ შენს ქელეხში დალევს ღვინოს”.

არის ამ სტრიქონებში რაღაც ავტობიოგრაფიული. ყოველ შემთხვევაში, შავ ვარიანტში ტექსტი ასე იწყება: “ღვინის სმის დროს შერთულ ცოლსა/ სიფხიზლეშიც ვერ მოიშორებთ...”

ოლიას გადასახლების შემდეგ ორივე “მატრიმონილური გარიგება” - ჯერ ოლგა დარიუსთან, შემდეგ ნინო კვირიკაძესთან - ღვინის სმასა თუ სიმთვრალეში მოხდა.

ქელეხში სმაზე რა გითხრათ, მაგრამ გამოფხიზლებულს სახლში რომ ჩაუსახლდნენ, ფაქტია. რითმაც სუფლიორივით ზუსტ ადრესატს გვკარნახობს: მოგილხინოს - ღვინოს... ნინოს!”

“არც გალაკტიონი დარჩა ვალში ლავრენტის”

“ლ.ძ. ლავრენტი ძიძიგური ახალგაზრდობაშივე დაუახლოვდა გალაკტიონს, მის ჟურნალშიც თანამშრომლობდა და ლექსიც უძღვნა პოეტების მეფეს, რომლის არჩევაში 1921 წელს სხვებთან ერთად თავადაც მონაწილეობდა. არც გალაკტიონი დარჩა ვალში ლავრენტის - მისი ცხოვრების “კრედო” ლექსად ჩამოქნა: “ლექსები, ღვინო/ და ქალის ძუძუ:/ ჩემი საქმეა./ ხელს ვაწერ: ლ.ძ.”.

წერილი დიდ “ბარინს”

“იყო დრო, როცა სხვადასხვა სოციალური ფენისა თუ პროფესიის ადამიანები ლექსად ან პროზად სასიყვარულო წერილებს უგზავნიდნენ ხალხთა დიდ ბელადს - ამხანაგ სტალინს.

გალაკტიონმაც შეადგინა ერთი ასეთი პაროდიული წერილი აჭარელი გლეხების სახელით: “და მშრომელები აჭარისტანის/ ასე უთვლიან ამხანაგ სტალინს:/ ჩვენ მჭადის ყუას მივაჭმევთ მწვანილს,/ შენ კი მოგართმევთ ოფლით მოყვანილს/ ფორთოხალს, ლიმონს, ჩაის, მანდარინს,/ როგორც შეფერის შენნაირ “ბარინს”.

აფხაზი მშრომელებისგანაც აპირებდა თურმე “ბარინთან” - ბატონთან შეხმიანებას, მაგრამ მხოლოდ შავად ჩაიწერა: “ჰაიტ აფირხაწ... ჩვენი თუთუნი,/ ეგებ შესწყვიტო შენი პუტუნი”.

“ბარინს” არაერთი სხვა შერქმეული სახელი ჰქონდა: ზოგი “ხაზეინს” ეძახდა ზურგს უკან, უფრო გაბედულები ჩინგიზ-ხანად მოიხსენიებდნენ. გალაკტიონმა ერთობ ორიგინალური, კოლორიტული სახელი შეურჩია: “ყალიონისიმუსი!”

უფროსი ამხანაგები...

“რესპუბლიკის მმართველ ელიტასაც აღიზიანებდა, გალაკტიონი თავის ლექსებს ხანდახან მხოლოდ სახელს რომ აწერდა. პოეტი მწერალთა კავშირის სხდომაზე დაიბარეს და უთხრეს: არ მოსწონთ, მხოლოდ სახელს რომ აწერო.

- როგორ, ჩემი სახელი არ მოგწონთ? - გაიკვირვა გალაკტიონმა. - ასე დამარქვა დედამ და ახლა გადავირქვა?!

მიანიშნეს, ეს “ზემოთ”, უფროს ამხანაგებს არ მოსწონთო.

- ხა, ხა, ხა! - გაეცინა გალაკტიონს. - უფროსი ამხანაგები რომ შემხვდებოდნენ, ჯერ მეტყოდნენ: - გამარჯობა, გალაკტიონო! მერე მეტყოდნენ: ყოჩაღ, გალაკტიონ, რა მშვენიერი ლექსი დაგიწერია, როგორ გვასიამოვნეო. არასდროს დაუწუნიათ ჩემი სახელი.

- ვინ იყვნენ თქვენი უფროსი ამხანაგები? - შეეკითხნენ დაინტერესებულნი.

- აკაკი! ვაჟა! სხვა უფროსი ამხანაგები მე არ მყოლია და არც მეყოლება, - დაბეჯითებით უთქვამს გალაკტიონს და დაუმატებია: დანარჩენები ჩემი უმცროსი ამხანაგები არიანო.

დამხვდურებს “უფროსი ამხანაგები” ცეკაში ეგულებოდათ, იქ იყო მათი იერუსალიმი, მექა და მედინა. თვითონ გალაკტიონი ირონიით უმზერდა კოლეგების მლიქვნელურ ქცევას, პირმოთნეობას და თავისი ეპიგრამის “ბრიყვი” პერსონაჟივით სჯეროდა: “ერთმა ბრიყვმა ასე სჭექა:/ მე არ ვიცი ცეკა-მეკა -/ ცეკა-მეკა არ არისო/ ჩემთვის მედინა და მეკკა”.

როლანდ ხოჯანაშვილი

ჟურნალი "გზა"