დამბების აფეთქება ტერიტორიების დასატბორად - ომის წარმოების ხერხად გადაიქცა... - კვირის პალიტრა

დამბების აფეთქება ტერიტორიების დასატბორად - ომის წარმოების ხერხად გადაიქცა...

ხარკოვის მიმართულებით, რუსული ფრონტის ჩამოშლისა და უკან გაქცევის საპასუხოდ, რუსეთის არმიამ "ომი" უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას გამოუცხადა...

უკრაინის ხუთ თბოელექტროსადგურზე სარაკეტო დარტყმების შედეგად რუსეთის გენშტაბმა მიაღწია იმას, რომ ფრონტისპირა უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს ელექტროენერგია რამდენიმე საათით გაეთიშათ, თუმცა სრული ენერგეტიკული ბლეკაუტის შექმნა მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო.

ეს ძალზე რთულია, რადგან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაჩერების მიუხედავად, უკრაინაში მუშაობას განაგრძობს კიდევ რამდენიმე ატომური ენერგობლოკი, რომლებიც უკრაინის სრულ "ჩაბნელებას" არ დაუშვებს...

თბოელეტროსადგურებზე ნაწილობრივ წარმატებული თავდასხმების შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რვა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს კრივოი როგთან არსებული კარაჩუნის წყალსაცავის დამბაზე, რის შემდეგაც წყლის დონემ მნიშვნელოვნად აიწია მდინარე ინგულეცის კალაპოტში და დაიტბორა კრივოი როგის ასზე მეტი სახლის სარდაფი.

ღირდა კი რვა, ძვირად ღირებული "ისკანდერის" რაკეტის იმისთვის დახარჯვა, რომ უბრალო უკრაინულ ოჯახებს რამდენიმე საათით სარდაფები დატბოროვდათ?

აქ საქმე სხვა რამეშია - მდინარე ინგულეცზე წყლის დონის სწრაფმა მომატებამ მწყობრიდან გამოიყვანა ის რამდენიმე საპონტონე ხიდი, რომლებზეც უკრაინის არმიას ტანკები და ჯავშანმანქანები გადაჰყავდა ხერსონის მიმართულებით, მორიგი შეტევების მოსამზადებლად...

გარდა ამისა, ხერსონის რაიონის სტეპების ნაწილის ხელოვნური დატბორვა სერიოზულად გაართულებს უკრაინის არმიის ჯავშანტექნიკის ფართო ფრონტით შეტევაზე გადასვლას და უკრაინის გენშტაბი იძულებული გახდება, მძიმე საბრძოლო ტექნიკა მხოლოდ ასფალტირებული გზით გადააადგილოს, გზების კარგად ცნობილ კოორდინატებზე "მუშაობა" კი რუს არტილერისტებს არ გაუჭირდებათ.

სხვათა შორის, ანალოგიური მეთოდი გამოიყენეს თავად უკრაინელმა სამხედროებმა, როდესაც ომის დასაწყისში კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა კიევთან და მოწინააღმდეგე უკრაინის დედაქალაქს დასავლეთის მიმართულებიდან უტევდა - უკრაინელებმა გახსნეს დამბები კიევის წყალსაცავზე და დატბორეს ირპენის რაიონის ნაწილი, რითაც რეალურად შეუშალეს ხელი რუსული ჯავშანკოლონების ფართო ფრონტით შეტევაზე გადასვლას...

2-damba-1663228255.jpg
სტალინის ბრძანებით აფეთქებული „დნეპროჰესის“ დამბა, რომელმაც გერმანელების მეტად უკანდახეული საბჭოთა ჯარი უფრო დააზარალა...

ტერიტორიების ხელოვნური დატბორვა მოწინააღმდეგის შეტევების შესაფერხებლად დღეს არ მოუგონიათ, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს იმავე უკრაინაში უკანდახეულმა საბჭოთა ჯარმა 1941 წლის 18 აგვისტოს ააფეთქა "დნეპროჰესის" უზარმაზარი დამბა, რის შედეგადაც დაიტბორა ზაპოროჟიეს ნაწილი, თუმცა გერმანელებზე მეტად თავად საბჭოთა არმიის დანაყოფები დაზარალდნენ, ვეღარ დაიხიეს სწრაფად უკან და იძულებულნი გახდნენ, დანებებულიყვნენ მოწინააღმდეგეს, ამასთან, დაიღუპა ევაკუირებული მოქალაქეების დიდი ნაწილი, რომლებისთვისაც სრულ მოულოდნელობად იქცა დამბაზე განხორციელებული მძლავრი აფეთქებების სერია...

მეორე მსოფლიო ომის დროს მოწინააღმდეგის წყალსაცავებზე დამბების დანგრევისა და ტერიტორიების ხელოვნურად დატბორვის მეთოდს ბრიტანელებმაც მიმართეს, როდესაც 1943 წელს გერმანიაში, მდინარე ედერზე, ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული სპეციალური "მხტუნავი ბომბებით" გაარღვიეს მიონეს დამბა და რურის ველზე წყალდიდობა გამოიწვიეს, რასაც 1 600-მდე ადამიანი შეეწირა.

3-damba-1663228278.jpg
ბრიტანელების მიერ „მხტუნავი ბომბებით“ გარღვეული გერმანული დამბა რურის ველზე...

საერთოდ, ფრონტის ხაზი ხშირად ეწყობა მდინარეების კალაპოტის გასწვრივ, რადგან თავად მდინარე წარმოადგენს ბუნებრივ დაბრკოლებას შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგისთვის და მის გადასალახავად სპეციალური საინჟინრო საშუალებები სჭირდება, პონტონების სახით.

სხვათა შორის, არ ვიცი, ბევრმა მაშინ შეამჩნია თუ არა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც რუსი ოკუპანტების კოლონები ცხინვალს მოადგნენ, მათ შემადგენლობაში დაკეცილპონტონიანი სატვირთო "კრაზებიც" იყო ანუ მოწინააღმდეგე არ გამორიცხავდა, რომ ქართველ სამხედროებს შეიძლება აეფეთქებინათ საავტომობილო ხიდი ცხინვალამდე, დიდ გუფთასთან და შეტევის გასაგრძელებლად რუსებს ეს პონტონები დასჭირდებოდათ... თუმცა ხიდები არავის აუფეთქებია...