"ნუთუ პუტინს კადიროვმაც ზურგი აქცია?" - რას წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"ნუთუ პუტინს კადიროვმაც ზურგი აქცია?" - რას წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა

ბრიტანული ჟურნალის - The Spectator-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ნუთუ პუტინს კადიროვმაც ზურგი აქცია?" (ავტორი - ლიზა ჰესელდინი). მასში ასახულია ის უკმაყოფილება, რომელიც უკრაინის ფრონტზე რუსეთის არმიის განცდილმა მარცხმა გამოიწვია კრემლის მომხრეებში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"რამდენად მტკიცედ აკონტროლებს ამჟამად ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შექმნილ სიტუაციას? გასულ კვირას უკრაინის არმიამ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და რუსი ოკუპანტებისაგან 3 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლა. ერთ-ერთი უკრაინელი ოფიცრის თქმით, კონტრშეტევის შედეგად რუსი ჯარისკაცები ფრონტის ხაზიდან რუსეთის საზღვრებისაკენ "ოლიმპიური სპრინტერებივით" გარბოდნენ.

იმის ნიშნად, თუ რამდენად მძიმე და რთული სიტუაციაა ფრონტზე, რომელშიც რუსი სამხედროები არიან მოქცეულები, სოციალურ ქსელებში ვლადიმერ პუტინის მომხრე ჩეჩენი ლიდერის - რამზან კადიროვის ჩანაწერიც ადასტურებს. ამ უკანასკნელმა რუსული სამხედრო კამპანია გააკრიტიკა, კერძოდ, ქალაქების - იზიუმისა და კუპიანსკის დატოვება.

"მე, თავდაცვის სამინისტროსაგან განსხვავებით, სტრატეგი არ ვარ, მაგრამ აშკარაა, რომ შეცდომები იქნა დაშვებული... თუ ამ დღეებში სპეცოპერაციის განხორციელების სტრატეგიაში რამე ცვლილება არ იქნება შეტანილი, მაშინ თავს ვალდებულად ჩავთვლი, დაველაპარაკო თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის ხელმძღვანელობას, ადგილზე შექმნილი რეალური სიტუაციის განმარტების მიზნით", - დაწერა რამზან კადიროვმა თავის "ტელეგრამ-არხზე".

ჩეჩნეთის ლიდერის კრიტიკა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო:

პირველ რიგში, იმიტომ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებისთანავე რამზან კადიროვმა ვლადიმერ პუტინს ჩეჩენი მეომრებისაგან შედგენილი სამხედრო ქვედანაყოფები გაუგზავნა. თავის ამჟამინდელ აუდიომიმართვაში კადიროვი ამტკიცებს, რომ უკრაინის ფრონტზე საომრად კიდევ ათი ათასი მებრძოლია მზად, დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად. ჩეჩენ "ბოევიკებს" საშინელი რეპუტაცია აქვთ და, როგორც ამბობენ, სწორედ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ სამხედრო დანაშაულებების დიდი ნაწილის ჩადენაში, რომლებიც ომის მსვლელობისას დღემდე მოხდა, მათ შორის - ბუჩაში ამ გაზაფხულზე მოწყობილი ხოცვა-ჟლეტაში;

მეორე - რამზან კადიროვი ლოიალურად არის განწყობილი რუსეთის ლიდერის მიმართ. ჯერ კიდევ 2005 წელს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ ყოფნის დროს, მან განაცხადა, რომ "ვლადიმერ პუტინი რუსეთის სამუდამო პრეზიდენტი უნდა იყოს, რადგან ქვეყნისთვის მტკიცე მმართველობა, ძლიერი ხელი აუცილებელია". როცა რამზან კადიროვი ვლადიმერ პუტინმა 2007 წელს ჩეჩნეთის ხელმძღვანელად დანიშნა, მას პრეზიდენტისადმი სიმპათიები კიდევ უფრო გაუძლიერდა - იწონებდა პუტინის მმართველობის წესს და მხარს უჭერდა მის საგარეო პოლიტიკას.

მესამე - რამზან კადიროვის კრიტიკული დამოკიდებულება ბოლო დღეების კრემლის სამხედრო კამპანიის მიმართ იმის ილუსტრაციაა, თუ ხელისუფლებაში რამდენად შორს და სიღრმეშია წასული უკმაყოფილება ფრონტზე არსებული სიტუაციის გამო. სხვათა შორის, ის, რაც ჩეჩნეთის ლიდერმა თქვა, დასჯადია - მისი განცხადება იურიდიულად შეიძლება განხილული იქნეს, როგორც "რუსეთის არმიის დისკრედიტაციის მცდელობა" (ისჯება ჯარიმით - 50 ათასამდე რუბლით ანუ დაახლ. 715 გირვანქა სტერლინგით, ხოლო ზოგიერთ მძიმე შემთხვევაში - თავისუფლების 15-წლიანი აღკვეთით).

რამზან კადიროვი მარტო არ არის ომის მომხრე იმ ცნობილი ადამიანებიდან, რომლებიც უკმაყოფილებას ამჟღავნებენ რუსეთის არმიის საომარი მოქმედებების გამო. 12 სექტემბერს პროკრემლურმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა და ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა სერგეი მარკოვმაც დაწერა "ტელეგრამში", რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გაბედულ და გადამწყვეტ ნაბიჯებს ელოდება. იგი აღშფოთებულია კრემლის იმ კურსით, რომლის მიხედვით, რუსეთის მიერ განხორციელებული ენერგოზეწოლა დასავლეთს უკრაინისადმი დახმარების შეჩერებას აიძულებს: "დაანებეთ თავი მაგ ოცნებას, რომ ევროპა ამ ზამთარს გაიყინება და თავისთავად ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. არა, ევროპა არ გაიყინება. ევროპელები, უბრალოდ, უფრო თბილ ტანსაცმელს ჩაიცვამენ. თავისთავად არაფერი მოხდება. საბოლოო ჯამში, სერიოზული მოქმედება მაინც მოგიწევთ", - წერს სერგეი მარკოვი. შესაძლოა იგი თავისი მიმართვის ადრესატად ვლადიმერ პუტინს არ გულისხმობს, მაგრამ, აშკარად ჩანს, თუ რამდენად არიან უკმაყოფილონი ხელისუფლების მომხრეები.

სხვა კომენტატორები უფრო შორს მიდიან - მაგალითად, ალექსი ჩადაევმა არმიის მარცხში კრემლი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას მობილიზაციის გამოცხადების უნარი არ აქვს. მისი აზრით, ამიერიდან ყველაფერი ფრონტის მოთხოვნებს უნდა დაექვემდებაროს - ეკონომიკისა და სამუშაო ძალის რესურსების ჩათვლით. ასეთი მწვავე კრიტიკა პუტინის მომხრეებისთვისაც კი სარისკოა.

რამდენად მოწყვლადს ხდის ვლადიმერ პუტინს უკმაყოფილების ასეთი გამოხატვა? დღემდე კრემლი ეწინააღმდეგება მსგავს ზეწოლებს - მოთხოვნებს საომარ მოქმედებათა მასშტაბების გაფართოების მიზნით. იგივე თქვა კრემლის პრეს-მდივანმა პესკოვმაც, რომელმაც მობილიზაციის გამოცხადება უარყო. ვლადიმერ პუტინი უეჭველია შეეცდება, არმიის ძლიერება განამტკიცოს. თუ პრეზიდენტი ამას სწრაფად გააკეთებს - ვთქვათ, შინაგანი სამხედრო რეზერვების შენიღბული მობილიზებით - ეს იქნება კარგი მაჩვენებელი იმისა, რამდენად დისკომფორტულად გრძნობს თავს თვითონ კრემლიც. მაგრამ იმავდროულად, დასავლეთს არ უნდა ეგონოს, რომ პუტინის მომხრეთა უკმაყოფილება მისი რეჟიმის დასასრულის დასაწყისია და რომ უკრაინაში ომი მალე დამთავრდება. სამწუხაროდ, სანამ ეს სიტუაცია დადგება, მანამ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ