„ფლორისტი“ ანალიტიკოსის ქალაქური აივანი - კვირის პალიტრა

„ფლორისტი“ ანალიტიკოსის ქალაქური აივანი

თბილისში ამ ზაფხულს გამართულ "მწვანე აივნის" კონკურსში მეორე ადგილი ამირან სალუქვაძეს ერგო, ორგანიზატორებმა მას გენერალი ფლორისტიც კი შეარქვეს. აივანი ძალიან მოეწონათ. "ყველაფერთან ერთად, ფანტასტიკური იატაკია, ფერადი ფილებით გემოვნებით გაწყობილი. მასზე მეუღლეს და ბატონ ამირანს ერთ თვეს უმუშავიათ. სიჭრელე ქოთნებშიც იყო გადმოტანილი და მცენარეებთან ერთად გარემო პირობებს მორგებული. მაგალითად, ხვიარა ვარდი ქოთანში ჰქონდა, თავისი თაღით. ამ მცენარეს ქოთანში უჭირს და გავოცდით, რომ ვნახეთ. ბატონი ამირანისთვის მცენარეებზე ზრუნვა განტვირთვაა...", - გვიყვებოდა კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი ელისო ხარჩილავა ინტერვიუში. ჩვენც მეორე ადგილზე გასული აივნითა და მისი პატრონით დავინტერესდით. ამირან სალუქვაძე თადარიგის გენერალია, ანალიტიკოსი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი.

ამირან სალუქვაძე:

- ფლორისტი არა ვარ, უფრო მოყვარული, ამ საქმით უმეტესწილად მეუღლეა დაკავებული. მე ვეხმარები, შრომას ვინაწილებთ.

- კონკურსის მონაწილე როგორ გახდით?

- ფეისბუკმეგობრებისგან შევიტყვე, რამდენიმე პირადი შეტყობინება გამომიგზავნეს. ეს იმიტომ, რომ დროდადრო ვაქვეყნებდი ჩვენი აივნის სურათებს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა მე და ოჯახმა ამაზე ფიქრი და ზრუნვა დავიწყეთ. ყვავილებს მეუღლე უვლის, ჩემი საქმეა მიწით, ქოთნებით, სასუქითა და სხვადასხვა რამით მომარაგება.

aivani3-1663240932.jpg

ფოტოების გამოქვეყნებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: თუნდაც ჩემი კორპუსი ავიღოთ - ძალიან დიდია, 200 მობინადრე ცხოვრობს და მათგან ყვავილები 10 მოსახლეს თუ ექნება. სულ, ალბათ, 3-4 აივანია გამწვანებული. თბილისში არის უბნები, სადაც, ასე თუ ისე, ამას ყურადღება ექცევა, მობინადრეები უმეტესად ძველ უბნებში აქტიურობენ, სხვაგან კი აივნის გამწვანებას ყურადღება ნაკლებად ექცევა. ცოტა ხნის წინ ბათუმში ვიყავი და ჩემთვის ის ამითაც ერთ-ერთი საყვარელი ქალაქია. ძველ ბათუმში ძნელად იპოვით აივანს, გამწვანებული არ იყოს. შესაძლოა ყვავილებით არა, მაგრამ სხვა რამით, მოაჯირით ან სხვა ელემენტით იყოს გალამაზებული. მეორე მიზეზი აივნის ფოტოების გაზიარებისა ის არის, რომ მუდმივად დაძაბულ თემებზე, შიდა თუ საგარეო პოლიტიკაზე, თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე მიწევს წერა, საუბარი და ეს ცოტა დამღლელია...

ამიტომ ვაზიარებ ხოლმე აივნის, შვილიშვილების ფოტოებს. მოკლედ, მეგობრების შეტყობინებებს ვპასუხობდი, რომ ჩემი აივანი არ არის ჯერ დასრულებული და კონკურსში მონაწილეობისგან კარგა ხანს თავს ვიკავებდი, მაგრამ არ მომეშვნენ. გადავწყვიტე, ფოტოები გამეგზავნა საკონკურსოდ. თავიდან ინტერესში ჩავვარდი, მერე კი უფრო ოლიმპიური პრინციპი ვარჩიე - მონაწილეობა მონაწილეობისთვის.

- საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანის ჩართვაც, ალბათ, კონკურსს უფრო საინტერესოს ხდის...

- ალბათ, კონკურსსაც მეტი სტიმული ეძლევა. სხვებისთვის მაგალითის მიცემა, თუნდაც ჩემი კორპუსისთვის, კარგია. ჩემი აივანი ჩემს მეზობლებს მშვენიერ ატმოსფეროს უქმნის. წახალისებაა კონკურსისაც და საზოგადოდ, აივნების გალამაზებისაც.

- წესრიგი, სიზუსტე, გეომეტრიული თანწყობა, ფერები, შეხამება, მოზაიკა - ეს სიტყვები წარმოვთქვი, როდესაც თქვენი აივანი ვნახე.

- მოზაიკა ახსენეთ და, მას თავისი ისტორია აქვს. რემონტი რომ დავასრულეთ, აივნისთვის ფული არ გვყოფნიდა და დამსხვრეული მეტლახი ვიყიდეთ. საკუთარი ხელით მაქვს ოჯახთან ერთად დაგებული, თან მხოლოდ ფილები კი არა, მოზაიკა მინდოდა. მის დაგებას ერთ თვეს მოვუნდით. ხელოსანი ამას ხელს არც მოჰკიდებდა, შრომატევადი საქმეა. რაც შეეხება ქოთნებს, ყვავილებს, უფრო მეუღლის შერჩეულია. ერთადერთი, რაც მე ავარჩიე, ოთხკუთხედი გრძელი ქოთნებია. ჯერ აივნის შიდა სივრცის გალამაზებაზე ვფიქრობდით, მერე შევხედე და გარედანაც უნდა გამოჩენილიყო გამწვანება. თუ ადამიანს საშუალება არა აქვს, ამას ერთ დღეში ვერ გააკეთებს და არც ჩვენ გაგვიკეთებია ერთ დღეში. ნელ-ნელა შრომობ და ნახელავიც ასე იზრდება, თან ასე უფრო მუღამი აქვს. შემდეგ ქოთნები რომ იმატებს, მორწყვის სირთულეებიც იზრდება. ამიტომ მორწყვის სისტემა შევქმენი, უკეთ მოვაწყვეთ.

aivani2-1663240931.jpg

- როგორ?

- გათბობის მოწყობილობა უმეტესობას აივანზე აქვს გატანილი და ამ სისტემიდან მარტივად კეთდება. ორნაირად ირწყვება და ჭურჭლით წყლის ტარება აღარ მიწევს. ქოთნები არა მარტო კორპუსს, ქალაქს უხდება, ალამაზებს. ყველამ თავის აივანს რომ მიხედოს, მიკროკლიმატი თვითონ შექმნას, ამას რა სჯობს?! აივანსაც და სხვა სივრცეებსაც, სადარბაზოებსაც უნდა მივხედოთ. ყველას ავუხსნათ, რომ ეს აუცილებელია, რომ ნაგავი არ უნდა დავყაროთ. ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, ადამიანებში მოტივაციის გასაზრდელად რამე გააკეთოს. კარგი იქნება, მერიამ აიტაცოს მსგავსი კონკურსის ჩატარების იდეა, რადგან ახალ უბნებში ნაკლებად ნახავთ მოვლილ და გამწვანებულ აივნებს.

- აივანზე რა დროს ატარებთ?

- ძალიან მიყვარს ჩემს აივანზე ყოფნა. დილას და საღამოსაც, თუ კარგი ამინდია, იქ მიყვარს საქმის კეთება, კომპიუტერთან მუშაობა... როცა ქალაქში ცხოვრობ და მიწის დამუშავების საშუალება არა გაქვს, აივანზე შრომას სხვა ემოცია ახლავს, სხვანაირად გამშვიდებს. შეგიძლია მიკროკლიმატი მოიწყო...

ჩვენთან, ალბათ, ქოთნის ყვავილები უფრო აქვთ, მაგრამ აივნები ნაკლებად არის გამწვანებული. ამ საქმეს პოპულარიზაცია უნდა გაუწიონ თავად მცენარეების მოყვარულებმა და მემცენარეებმა. ეს ხომ დასაქმების ერთ-ერთი სფეროცაა, რაც ეკონომიკის ნაწილად შეიძლება იქცეს.

aivani4-1663240932.jpg

15-20 წლის წინანდელი პერიოდი ბოლო წლებს რომ შევადაროთ, ვნახავთ, თუ რამდენად მოიმატა ჩვენთან ყვავილების სანერგეებმა და მაღაზიებმა. შემოსავლიანი ბიზნესია და იმიტომ. ეს ხალხიც უნდა გაერთიანდეს და ერთობლივად მეტი რესურსის მოძიებას შეძლებენ. ხელისუფლების ყურადღებასაც მეტად მიიქცევენ, რომ საზოგადოებაში ეს კულტურა უკეთ განავითარონ. შესაძლოა ამაში თვითონაც ჩადონ რაღაც საკუთარი ბიზნესის პოპულარიზაციისთვის - მაგალითად, ყვავილები მიუტანონ მსურველებს, მექოთნეებმა - ქოთნები... ამას დრო სჭირდება, მაგრამ არაფერი კეთდება უცებ.

- დიდი დრო და ენერგია მიაქვს აივნის მოვლას?

- დრო სჭირდება, მაგრამ სპეციალური სარწყავი სისტემა შრომას აადვილებს. ასე, 15-20 წუთი დილით და ამდენივე საღამოს დაგჭირდება. ვისაც მათი მოვლა დიდ სიამოვნებას ანიჭებს, შეიძლება ყოველდღე მეტიც დაუთმოს. ვისაც აქვს საშუალება, კუთხე გაილამაზოს, ამაზე უარი არ უნდა თქვას. მოწყობასაც ცოდნა სჭირდება, კარგად გეხმარება ინტერნეტიც. ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად და უნდა შევეცადოთ საკუთარ განწყობასა და მიკროკლიმატზე, სილამაზეზე, ბუნებაზე მეტად ვიფიქროთ. ეს ცხოვრებას გვიხალისებს, ჯანმრთელობისთვის რომ კარგია, ამაზე არაფერს ვამბობ. ასე რომ, დაწყებული ჟანგბადით, განტვირთვით დასრულებული, მნიშვნელოვანი რამ არის. გარდა ამისა, თუ ადამიანს მიწის ფართობი აქვს, ხე უნდა დარგოს. ხე 1 კილოგრამს თუ არა, 100 გრამ ჟანგბადს მაინც ხომ იძლევა, ესეც კარგია.

საერთოდ, როცა მოთხოვნაა ამ ყველაფერზე, ეს უკვე სტაბილურობაზე მიანიშნებს. ბევრი ასეთი წვრილმანი იმის ინდიკატორია, რომ ადამიანს თავისი გამოკვების გარდა, სხვა საზრუნავიც, სულიერი მოთხოვნილებებიც გაუჩნდა, რაც უკვე, ცხადია, კარგია.