„ლობიოობა“ იმერულად - კვირის პალიტრა

„ლობიოობა“ იმერულად

„ჰიბრიდს სპეციფიკური მოვლა სჭირდება, რათა ნიადაგსა და გარემოს შეეგუოს, ჩვენი ჯიშები კი ძლიერია და ადგილობრივ პირობებს შეგუებული, თანაც, გემოვანი თვისებებით საუკეთესო“

შემოდგომის მოსვლასთან ერთად ნაგვიანები, ანუ მეორე მოსავლისთვის დათესილი ლობიოს სეზონიც მთავრდება და მისი დაბინავების დრო დგება. თითქოს ადვილი საქმეა, არადა, საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ლობიოს ბუგრის გამო. ისიც უნდა ითქვას, რომ ბუგრის საწინააღმდეგო ლობიოს შენახვის აქაური დიასახლისების მიერ დამუშავებული მეთოდებიც ეფექტური გამოდგა. ლობიოს კულტურისთვის გავრცელების საუკეთესო ადგილად თიანეთი ითვლება, სადაც მკაცრი კლიმატის გამო ბუგრი არ ჩნდება.

ლობიო ყველა კუთხეში მოჰყავთ, მათ შორის იმერეთში, სადაც ამ კულტურას საუკეთესო გენეტიკური თვისებები აქვს. როგორც ჩანს, ამის მიზეზი ნაკლებად ნესტიანი და ზომიერი კლიმატია. თუმცა, როგორც ყველგან, კლიმატის ცვლილებას აქაური მოსახლეობაც დააკვირდა და ლობიოს თესვის ვადა ადრეული გაზაფხულისკენ გადასწია. ახლა აქ ლობიო, მაისის ნაცვლად, აპრილის დამდეგს ითესება და ივნისის მიწურულს უკვე შემოდის. თუ ზაფხული ზომიერი გამოდგა, იმერეთში ლობიოს მეორედაც თესავენ. წლევანდელ ზაფხულს ეს არ ეხება, როცა ივლისსა და აგვისტოში ტემპერატურა +40ოჩ-ს გასცდა, ნალექი კი არც მოსულა. ამის მიუხედავად, წლეულს საქართველოში ლობიოს მოსავალი კარგი იყო, რასაც წვიმიანი ზაფხულის პირველი თვე ძალიან დაეხმარა. ამის შესახებ საჩხერის სოფელ კორბოულის მკვიდრს გოგოლა ღონღაძეს ვესაუბრეთ. ის ერთ-ერთია, ვინც წლეულს იმხელა მოსავალი აიღო, რომ ბაზარზეც გაიტანა.

ქალბატონო გოგოლა, როგორც ვიცი, ტრადიციულად ლობიო იმერეთში მაისის დამდეგს ან აპრილის მიწურულს ითესებოდა, ახლა კი ხვნა-თესვის ვადები შეცვლილია. აგვისტოში უკვე ლობიოს მეორე მოსავალიც აიღეთ. ეს ექსპერიმენტი იყო თუ დიდი ხანია, ლობიოს ორ მოსავალს იღებთ.

- იყო წლები, როდესაც ქართველ გლეხს სოფლის მეურნეობის მასწავლებელი არავინ ჰყავდა, ჯიშებიც თავად გამოჰყავდა. ახლაც ასე მოხდა. გამონაკლისის გარდა, აპრილის დამდეგი უკვე იმდენად თბილია, რომ მოსავალს აღარც ყინვა ემუქრება და აღარც ქარი. ამიტომაც ხალხმა ხვნა-თესვის დრო ნაადრევ გაზაფხულზე გადაიტანა. მე ლობიო აპრილის დამდეგს დავთესე და პირველი მოსავალი ივნისში ავიღე. ივნისში მეორედ დავთესე და აგვისტოს ბოლოს შემოვიდა, მაგრამ გვალვის გამო დაკნინებული მოვიდა. სამაგიეროდ, პირველი მოსავალი ბაზარზე გავიტანე, ამას კი წლების განმავლობაში ვეღარ ვახერხებდი, რადგან გვიან გაზაფხულზე დათესილი ლობიო სიცხისგან ჭკნებოდა და უხარისხო იყო. წლეულს ნაადრევმა ხვნა-თესვამ და ბუნების ხელშეწყობამ მიშველა.

- როგორც ვხედავ, ტრადიციულ, ადგილობრივ ლობიოს ჯიშებს თესავთ.

- შულავერას, შავჭიპა-ლობიოს (ძაძა), ქონას. ჰიბრიდული ჯიშების მოწინააღმდეგე არა ვარ, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჰიბრიდს სპეციფიკური მოვლა სჭირდება, რათა ნიადაგსა და გარემოს შეეგუოს, ჩვენი ჯიშები კი ძლიერია და ადგილობრივ პირობებს შეგუებული, თანაც, გემოვანი თვისებებით საუკეთესო. ასე რომ, ჰიბრიდის საჭიროება წვრილ მეურნეობებში არ არის.ჩვენი ლობიო იმითაც არის კარგი, რომ მოვლის სპეციფიკურ საშუალებებს არ მოითხოვს, განსხვავებით ჰიბრიდისგან. თესვის წინ თუ ნიადაგი ნაკელით დამუშავდება, საუკეთესო მოსავალი მოვა.

- თუმცა დასავლეთ საქართველოში ლობიოს მოვლის სიმარტივე ვერ ხსნის აქ ამ კულტურის მთავარ პრობლემას. მოსავლის ნაწილს ბუგრი უჩნდება, რომელიც ლობიოს მარცვალში უხილავად იმალება და კერძის ხარშვისას გამოდის. კულტურის შეწამვლა ნამდვილად უშველიდა ამ პრობლემას.

- გეთანხმებით, თუმცა ლობიოცა და სიმინდიც ხშირად პატარ-პატარა ფერდობებზე გვაქვს დათესილი. ამიტომ შეწამვლა იოლი არ არის. აქ არც წვეთოვანი სისტემები გვაქვს და არც სარწყავი არხები. გარდა ამისა, შეწამვლისთვის ბუნებრივი საშუალებები ძალიან ძვირია. ქიმია სხვა კულტურებზეც გვეყოფა, ლობიოსაც რომ არ გადავწვდეთ. კლიმატსაც ხომ გააჩნია - ბუგრი ზომიერ ამინდებში არ ჩნდება, მას მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. ასე რომ, ჩვენი ლობიო ქრონიკულად როდი ზიანდება ბუგრით. პრობლემას ისევ იმ გამოცდილებით ვშველით, რომელიც შევიძინეთ. როდესაც ლობიოს საზამთროდ ვინახავთ, მას პოლიეთილენის ბოთლებში ვყრით, სადაც ბუგრის გამრავლება შეუძლებელია, შუშის ჭურჭლისგან განსხვავებით. სხვათა შორის, პოლიეთილენში სიმინდიც დაცულია ჩრჩილისგან. სიფრთხილისთვის პოლიეთილენში დაფნის ფოთოლს ან ნიორს ვაყოლებთ. მწერებს მძაფრი სურნელი არ უყვართ.

ვინც საზამთროდ ცოტაოდენ ლობიოს ინახავს, შეუძლია მეტი საიმედოობისთვის პოლიეთილენში ჩაყრილი ლობიო საყინულეში მოათავსოს 2-3 დღით. სხვათა შორის, თიანეთის ლობიო ბუგრს არ იკარებს.

- ძალიან კარგი. წლეულს ლობიოს რეალიზაციაში რა სირთულეები იყო?

- ჩვენებური ლობიოს რეალიზაცია არ ჭირს. წლეულს 1 კილოგრამი ჩვენებური ლობიოს ფასი 9-10 ლარია.

- ბევრი ადგილობრივი ჯიში გაქრა. თქვენ თუ ინახავთ?

- რა თქმა უნდა. შავჭიპა-ლობიო უძველესი ჯიშია, რომელსაც მცირეასაკიან ბავშვებსაც აჭმევენ. წარმოიდგინეთ, რამდენად მსუბუქი საკვები უნდა იყოს, პატარებსაც კი რომ არ დაამძიმებს. ასევეა მინდვრის წითელი, წვრილი ლობიო, რომელიც ჩვეულებრივი ლობიოს მარცვლის ნახევარიც არ არის, მაგრამ სასარგებლოა. დასანანია, რომ ამას ყურადღებას აღარ ვაქცევთ, თორემ ადგილობრივ ლობიოს ჯიშებს სულ სხვადასხვა თვისება აქვთ და იმიტომაც ასე გულმოდგინედ ინახავდნენ სოფლებში. ასე რომ არ იყოს, საუკეთესო ლობიანი ნებისმიერი ლობიოსაგან უნდა გამოდიოდეს და არა მხოლოდ თეთრი ლობიოსგან, მაგრამ კარგი ლობიანი მხოლოდ თეთრი ჯიშის ლობიოსგან ცხვება.

- ნამდვილად ასეა. გმადლობთ, რომ ინახავთ იმას, რაც სასარგებლოა.

- რაც გვასაზრდოებს, ვინახავთ. ჭკვიანი კაცი და ხალხი იმას არ გადაყრის და დააზიანებს, რაც საარსებოდ სჭირდება.