"თუ ჩვენი პრემიერიც ჩავა კიევში, ჯანდაბას, მასაც გაუხსნიან დიდს თუ არა, ერთ პატარა "ვარსკვლავუკას" - კვირის პალიტრა

"თუ ჩვენი პრემიერიც ჩავა კიევში, ჯანდაბას, მასაც გაუხსნიან დიდს თუ არა, ერთ პატარა "ვარსკვლავუკას"

პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს ეუბნება, ოპოზიციის აზრებს ვითვალისწინებთო და პარალელურად საშინელებებს ამბობს პარტიის თავმჯდომარე, პირდაპირ თავს ესხმის ნიკა მელიას , - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ "ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, ამ კაცს [ნიკა მელიას] მიესადაგება“.

რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართლი ოცნების“ ლიდერებს პასუხს არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დააკლებენ, მაგრამ მთავარი ბიძინა ივანიშვილია და რეალურად პასუხებიც მას ეხება.

„არც ჩვენ დავაკლებთ, რადგან მათ გვეძახონ რაღაც, რაც ჩვენ ნამდვილად არ გვეკადრება, რაც ეკადრებათ, ის რატომ არ უნდა დავუძახოთ? - გახარებული ამბობდა, ჩვენ ხომ ამას უსამშობლოებს ვეძახითო, მათი სამშობლო არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ფული, თუმცა წინათ, ბიძინა ივანიშვილი თუ ჯიბიდან იხდიდა ფულს, ახლა ბიუჯეტი მიუგდო სახრავად. ამ შემთხვევაში ესენი არიან პაიკები, გამხმოვანებელი არ არის მთავარი. რაც ახლა უპასუხა ნიკა მელიამ, ყველაფერი ეხება ბიძინა ივანიშვილს, მთავარ დირიჟორს, რომელიც თავის ლეკვებს აყეფებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ გადაცემაში უკრაინაში არსებულ ვითარებაზე "ქართლი ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიევში არა თუ პრემიერ-მინისტრი, უბრალოდ ჩინოვნიკებიც არ ჩადიან, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი მხოლოდ იმიტომ განხორციელდა, რომ საქართველოდან უკრაინაში "კინწისკვრით გააგდეს“.

"ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამ პარტიის ოფიციალური ლიდერია, უკრაინა არ უხსენებია, ომის დაწყებიდან უკვე ნახევარი წელი გავიდა. ბრაზილიაში ფული გადარიცხა - ერთი მილიონი დოლარი, ტყეები დაიწვაო და ალბათ, თვალცრემლიანი უყურებდა შველი რომ იწვოდა. პროპაგანდისტული არხები ბერას მიერ მილიონი დოლარის გადარიცხვას აპიარებდნენ, მაგრამ სახლები და სკოლები რომ იწვის, ბავშვები დაიხოცნენ, სად არის? - მილიონი დოლარი კი არა, ერთი თანაგრძნობის სიტყვა არ უთქვამს და სამძიმარი. რატომ არ ჩადის არცერთი ქართველი ოფიციალური თანამდებობის პირი უკრაინაში? უკრაინაში, კიევში ხეივანი გაკეთდა, სადაც იმ ქვეყნების ლიდერების ვარსკვლავები გაიხსნა, რომლებიც იქ მძიმე დროს, იმყოფებოდნენ და დღეს, დაგვიანებით, მაგრამ თუ ჩვენი პრემიერ-მინისტრი ჩავა, იმასაც გაუხსნიან, ჯანდაბას, ერთ პატარა ვარსკვლავს. თუ დიდი ვარსკვლავებია, ამას ერთ პატარა "ვარსკვლავუკას" გაუხსნიან, მაგრამ არა, პრემიერ - მინისტრი კი არა, უბრალო ჩინოვნიკი არ ჩადის. კინწისკვრით გავაგდეთ პარლამენტის თავმჯდომარე, ეს ხომ ყველაფრის მაჩვენებელია? ღალატის გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე, რომან გოცირიძემ გადაცემაში „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პარტიაში დარჩენილი წევრები „შიშებით კვდებიან“, ბიძინა ივანიშვილმა მათაც არ მოსთხოვოს, რომ ე.წ. ოთხეულს შეუერთდნენ.

"პირველივე დღეს, რაც პარლამენტი გაიხსნა, ვუთხარი მათ, რა დარდებიც არის „ქართულ ოცნებაში“, ყველა ფიქრობს, ოღონდ ბიძინა იოვაშვილმა არ დამავალოს, გახდი მეხუთე წევრი, გახდი მეექვსე წევრი, შიშებით კვდება ეს ხალხი. ერთს ვუთხარი სხვათა შორის, ჭორი გამოვიდა-მეთქი, ამბობენ რომ ოთხეულს უერთდები, კაცი გაფითრდა, მერე ვუთხარი, რად გინდა - მეთქი, ამერიკის ვიზას ვერ მიიღებ, ევროპაში ვერ წახვალ, სანქციების სიაში მოხვდები, ეს ოთხი უკვე რუსეთის მომხრეა და მოღალატეები არიან, შენიო შვილი ვერ ისწავლის იქ უნივერსიტეტში და ა.შ. ამას ვეუბნები ნახევრად ხუმრობით, მიყურებს ალბათ, ახლა და ხვდება, რომ თურმე დავცინოდი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"