"ხალხმა უნდა აუხსნას "ქართულ ოცნებას“, რომ დროა, წავიდნენ ოპოზიციაში" - რას ამბობს დევი ჭანკოტაძე? - კვირის პალიტრა

"ხალხმა უნდა აუხსნას "ქართულ ოცნებას“, რომ დროა, წავიდნენ ოპოზიციაში" - რას ამბობს დევი ჭანკოტაძე?

ძალიან არ მომწონს მმართველი პარტიის გამონათქვამი, რომ ოპოზიციას ომის დაწყება უნდა. ეს უნდა მორჩეს ერთხელ და სამუდამოდ. არავის უნდა ომის დაწყება,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გენშტაბის ყოფილმა უფროსმა დევი ჭანკოტაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალი სტუდიაში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, ოპოზიციამ და პოზიციამ კი ერთ საქმეს მიხედოს.

"როგორც ევროკავშირი რეკომენდაციაში წერს, პირველ რიგში პოლარიზაცია უნდა მოიხსნას. ოპოზიციამ და პოზიციამ ერთ საქმეს უნდა მიხედოს, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება საქართველოში. ძალიან არ მომწონს მმართველი პარტიის გამონათქვამი, რომ ოპოზიციას ომის დაწყება უნდა. ეს უნდა მორჩეს ერთხელ და სამუდამოდ. ყველას გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. არავის არ უნდა ომის დაწყება, მითუმეტეს ოპოზიციას, მითუმეტეს ქართველ ხალხს. ეს არის ტყუილი და იმ ხალხს, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, პასუხი მოეთხოვება“,- განაცხადა ჭანკოტაძემ.

ამ კონტექსტში გენშტაბის ყოფილმა უფროსმა უპასუხა კითხვას, რა შეიცვლება თუ საქართველო უფრო მკვეთრი იქნება რუსეთის მიმართ და აღნიშნა, რომ ჩვენგან არავინ ითხოვს მეორე ფრონტის გახსნას.

მისი შეფასებით, არ შეიძლება ილაპარაკო, რომ უკრაინა არის სტრატეგიული პარტნიორი და პარალელურად აგინო მის მთავრობას.

"არც დასავლეთისგან და არც ამერიკისგან არ გამიგია მოთხოვნა, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ. ჩვენგან არავინ ითხოვს მეორე ფრონტის გახსნას. თუ აცხადებ, რომ უკრაინა ისევე როგორც ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად, უნდა იქცეოდე. არ შეიძლება მხოლოდ ილაპარაკო, რომ უკრაინა არის სტრატეგიული პარტნიორი და პარალელურად აგინო უკრაინის მთავრობას. გამოდიხარ და დაწყებული ამერიკის ელჩიდან დამთავრებული უკრაინის პრეზიდენტით აგინებ ყველას და შეურაცხყოფას აყენებ. ასე არ შეიძლება. პირველ რიგში, ეს მაინც უნდა შეწყვიტო.

არავინ ითხოვს, რომ ჩვენი ტექნიკა და შეიარაღებული ძალები უკრაინაში გავუშვათ. ასეთი განცხადებებით, პირველ რიგში თავიანთ თავს აყენებენ ზიანს“,- განაცხადა მან.

დევი ჭანკოტაძემ უკრაინაში ომის მიმდინარეობაზეც ისაუბა, მისი თქმით, უკრაინის ჯარი ხარკოვის და ხერსონის რეგიონში კონტრშეტევაზე გადავიდა.

კითხვაზე თუ რატომ არ აღიარებს ვლადიმერ პუტინი მარცხს, მისი თქმით, ვლადიმერ პუტინისთვის ამის აღიარება არის სიკვდილი. მისი განცხადებით , პუტინი იბრძოლებს ბოლომდე სანამ მის ლიკვიდაცია არ მოხდება.

"პაცან სკაზალ“ შავი გაგების აზროვნება აქვს ადამიანს. როგორია რუსეთის პრეზიდენტმა აღიაროს, რომ ომი წააგო მისთვის ეს არის სიკვდილი. ეს ადამიანი იბრძოლებს ბოლომდე სანამ ლიკვიდაციას არ გაუკეთებენ“,- განაცხადა ჭანკოტაძემ.

მისივე განმარტებით, როდესაც რუსეთი ნაწილ-ნაწილ დაშლას დაიწყებს თავისი ეთნიკური ნაწილებით ამ დროს იქნება ყველაზე საშიში.

“ამ დროს ჩვენი ხელისუფლება , ჩვენი პარლამენტი, ჩვენი მოსახლეობა უნდა იყოს მზად ყველაფრისთვის. რუსეთს შეუძლია ჩრდილოეთ კავკასიელები წააქეზოს პროვოკაციაზე, პატარა ომის დაწყებაზე. ამ დროს შეძლება დაგვჭირდეს დასავლეთი, დასავლეთის ბაზის გახსნა, რომ ჩვენ ამ რყევებისგან ვიყოთ დაცულნი. მე ვარაუდობ, რომ 1 წელიწადში უნდა ველოდოთ ამ რყევებს“,- განაცხადა ჭანკოტაძემ.

ამასთან, ჭანკვეტაძემ გადაცემაში საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარებაც შეაფასა და განაცხადა, რომ ხალხმა უნდა აუხსნას "ქართულ ოცნებას“, რომ დროა, წავიდნენ ოპოზიციაში და მოვიდეს ახალი ძალა.

"უკვე 10 წელი არიან ხელისუფლებაში, დემოკრატიის პრინციპია, რომ 8 წლის შემდეგ უნდა წახვიდე ხელისუფლებიდან. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ. ქართველმა ხალხმა უნდა გააჩეროს ეს. ხალხმა უნდა აუხსნას ამ პოლიტიკურ ძალას, რომ დროა წავიდნენ ოპოზიციაში და მოვიდეს ახალი ძალა. კოალიცია უნდა მოვიდეს, რომელიც უფრო ახლოს არის დასავლეთთან, რომელიც უფრო თანამედროვეა და სწორ რეფორმებს ჩაატარებს. ცვლილებები საჭიროა“,- განაცხადა ჭანკოტაძემ.

გადაცემაში მან ისაუბრა ევროკომისიის რეკომენდაციებზე და აღნიშნა, რომ ვერ ხედავს „ქართული ოცნება“ ახორციელებდეს ისეთ ნაბიჯებს, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებშია მითითებული.

"მე ვერ ვხედავ, რომ "ქართული ოცნება“ აკეთებს ისეთ ნაბიჯებს, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებში იყო მითითებული. პირველ რიგში, ეს არის პოლარიზაციის დამთავრება. სამშაბათს არის პოლიტიკური განცხადებების დღე, გამოდის მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პირველივე სიტყვიდან იწყებს ოპოზიციის ლანძღვას. პირველივე წინადადებაში მიდის ოპოზიციის ლანძღვა. ამის შემდეგ რა უნდა ელაპარაკო? ინიციატივა უნდა მოდიოდეს მმართველი პარტიიდან, რომ პოლარიზაცია დასრულდეს. რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნა ეს არის "ბლეფი“.

მმართველ პარტიას ოპოზიციის თვალში ნდობა აქვს დაკარგული. ავიღოთ სახალხო დამცველის არჩევა, ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ საკითხს. ბუნებრივად ვგრძნობთ, რომ რაღაცაში გვატყუებენ. 7 კანდიდატიდან ვიღაცა ეყოლებათ, რაღაცას "ჩორტაობენ”,- განაცხადა ჭანკოტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"