"მოვემზადოთ რუსეთის დაშლისათვის: შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ჩვენ კატასტროფის წინაშე დავდგებით" - კვირის პალიტრა

"მოვემზადოთ რუსეთის დაშლისათვის: შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ჩვენ კატასტროფის წინაშე დავდგებით"

ბრიტანულ გაზეთ "გარდიანში" (The Guardian) დაბეჭდილია სტატია სათაურით - "მოვემზადოთ რუსეთის დაშლისათვის: კრემლის კატასტროფულმა დანაკარგმა შეიძლება, რუსეთის ფედერაციის რღვევა გამოიწვიოს" (ავტორი - ფრედერიკ ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილი სარდალი).

1606141809-hojesi-1024x682-1663316807.jpg

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სულ უფრო აშკარა ხდება, რომ რუსეთთან ომში უკრაინა გაიმარჯვებს და რომ ამჟამად კრემლისადმი ნდობა ისტორიული მასშტაბების კრიზისს განიცდის. ვლადიმერ პუტინის სისუსტეები, რომლებიც ამ ომის დროს გამომჟღავნდა, იმდენად სერიოზულია, რომ ახლა უკვე სრულიად რეალურად მიმაჩნია - ჩვენ ვხდებით მოწმენი არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის რეჟიმის, არამედ - სრულიად რუსეთის ფედერაციის არსებობის დასასრულის დაწყების.

უზარმაზარი იმპერიისათვის, რომელშიც 120 ეროვნების ადამიანი ცხოვრობს, მოვლენები შეიძლება ისე განვითარდეს, რომელიც ერნესტ ჰემინგუეის ცნობილი ციტატით გამოიხატება (იხ. ქვემოთ). მისი კრახი, სავარაუდოდ, დასაწყისში თითქოსდა შეუმჩნეველი, შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს სწრაფ და უკონტროლო პროცესად, რეჟიმის მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ სცენარისთვის მომზადებას ისევე, როგორც ვერ მოვემზადეთ საბჭოთა კავშირის დაშლისათვის, მაშინ სიტუაცია კოლოსალურ გეოპოლიტიკურ დესტაბილიზებამდე მივა.

ვხედავ, მინიმუმ, სამ ფაქტორს, რომელსაც რუსეთის ფედერაციის კრახის გამოწვევა შეუძლია.

პირველი - ესაა ნდობის დარღვევა რუსეთის არმიისადმი ქვეყნის შიგნით, რომელიც, ტრადიციულად, კრემლის ლეგიტიმურობის საფუძველს და დასაყრდენს წარმოადგენდა. უკრაინაში რუსული ჯარის დამამცირებელი მარცხი თითქმის დასრულებულია, ხოლო ამაყი შავი ზღვის ფლოტი ყირიმშია დამალული, თანაც ისეთი შეშინებული, რომელსაც არავითარი მოქმედება აღარ შეუძლია იმ ქვეყნის [უკრაინის] წინააღმდეგ, რომელსაც ფლოტი თითქმის აღარ ჰყავს.

რუსი მამაკაცები, რომლებსაც ოდესღაც მაღალანაზღაურებადი სამხედრო კონტრაქტები ჰქონდათ დადებული, ახლა სამსახურს მასობრივად თავს არიდებენ - მათ კარგად იციან, თუ რა ბედი ელოდებათ ბრძოლის ველზე. ეს გარემოება არაპროპორციულად ამძიმებს ჩეჩნებისა და სხვა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების გაწვევას და მათ როლს მოქმედ არმიაში (ეროვნულ უმცირესობების "საზარბაზნე ხორცად" გამოყენება იოლია). ცხადია, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება მატულობს და ეს არ გაქრება. შესაძლოა ამას რეგიონებში დიდი საპროტესტო აქციები მოჰყვეს;

მეორე - ის ზარალი, რომელიც ომის გამო რუსეთის ეკონომიკას მიადგა, ძალიან დამანგრეველია და, შესაბამისად, ძნელი გახდება 144-მილიონიანი მოსახლეობის გამოკვება. უკვე შეუქცევადია [ევროპული] ენერგეტიკული ბაზრების დაკარგვა, რომლებიც რუსეთს, ენერგორესურსების სანაცვლოდ, თანამედროვე ტექნოლოგიებს და მოწყობილობებს აწვდიდნენ. ევროკავშირის მთავრობები მეტად აღარ დაეყრდნობიან "ჩრდილოეთის ნაკადებს", რადგან საკუთარი თვალით ნახეს და დარწმუნდნენ, რომ რუსეთს მათი გადაკეტვა იოლად შეუძლია. ევროპა ახლა დიდ ინვესტიციებს აბანდებს შიდაენერგომომარაგების სტაბილური უზრუნველყოფისათვის.

რუსეთი ძალიან იყო დამოკიდებული იარაღის ექსპორტზე, მაგრამ ვისთვის იქნება ახლა საინტერესო რუსული იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ყიდვა? რუსეთში დაწყებული ეკონომიკური კრიზისი შეიძლება თვეობით გაგრძელდეს. არავის აღარ ექნება იმედი, რომ დასავლური ბიზნესი ოდესმე დაბრუნდება. არც რუსული ცნობილი გამძლეობა, ე.წ. სტოიციზმი არ არის უსასრულო;

მესამე მიზეზი - რუსეთის მოსახლეობის მცირერიცხოვნება და სუსტი სოლიდარიზმი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ტერიტორია 70-ჯერ აღემატება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიას, რუსეთის მოსახლეობა ბრიტანეთის მოსახლეობასთან შედარებით მხოლოდ ორჯერ მეტია. ასეთი ციფრები მშვიდობიან დროსაც კი არ უზრუნველყოფდა სამოქალაქო სოლიდარობის მაღალ დონეს, ახლა კი, როცა "მეტროპოლია" დასუსტებულია, რუსი ერისადმი კუთვნილების გრძნობა სწრაფად სუსტდება.

სანქციები იძულებულს გახდის მოსკოვის ელიტას, რთულ ეკონომიკურ კომპრომისებზე წავიდეს. მათთვის გარდაუვალი იქნება დახმარების გაწევა საშუალო კლასისათვის, რომლის მდგომარეობის დამძიმება საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ჩინოვნიკებისათვის, არამედ - ქვეყნის სუბიექტების სტაბილური მდგომარეობისთვისაც.

ამ კონტექსტში საკვირველია, რომ ძალიან მცირე დისკუსია მიდის რუსეთის ფედერაციის სავარაუდო დასასრულის შესახებ. ჩვენ ახლავე უნდა დავიწყოთ რთული კითხვების დასმა და მათზე პასუხის ძიება, თორემ სხვაგვარად ყველაფერი შეიძლება უეცრად დაინგრეს და მაშინ გვიანი იქნება. მაგალითად, რით დასრულდება ისეთი ქვეყნის დაშლა, რომელშიც ხელისუფლების რამდენიმე ცენტრი არსებობს? რომელსაც ბირთვული იარაღის დიდი მარაგი აქვს? ვის დარჩება ბირთვული რაკეტები? როგორ უნდა იქნეს თავიდან აცილებული იარაღის უკონტროლო გატანა რუსეთიდან და რუსი "ბოევიკების" გასვლა, ვთქვათ, ბალტიისპირა ქვეყნებში? რამდენად გარდაუვალი იქნება შიდაკონფლიქტები ან რამდენად შესაძლებელი იქნება მათი თავიდან აცილება?

ამ დილემების ერთობლიობა დასავლეთისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შეცდომის დაშვების შემთხვევაში, კატასტროფის წინაშე დავდგებით. არ არის გამორიცხული, რომ ვლადიმერ პუტინი სწორედ იმიტომ გახდა რუსეთის პრეზიდენტი, რომ 30 წლის წინ სათანადოდ ვერ მოვემზადეთ საბჭოთა კავშირის დაშლისათვის, რასაც ქვეყანაში ქაოსი მოჰყვა. ჩვენ მეორედ გარისკვა აღარ შეგვიძლია.

შენიშვნა: ავტორს მხედველობაში აქვს ერნესტ ჰემინგუეის რომანი "ფიესტა", რომელშიც ორ გმირს შორის ასეთი დიალოგია გამართული: "როგორ გაკოტრდით?" - ეკითხება ბილი. მაიკლი პასუხობს: "ორი წესით: ჯერ ნელ-ნელა, შემდეგ ერთბაშად". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ