რუსეთ-ირანის ალიანსი და საქართველო-ირანის გლობალურ ინტერესთა ასიმეტრიულობა - კვირის პალიტრა

რუსეთ-ირანის ალიანსი და საქართველო-ირანის გლობალურ ინტერესთა ასიმეტრიულობა

ისლამური რევოლუციისა და ირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის გაქცევის შემდეგ, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ირანი ყოველთვის განიხილებოდა, როგორც ქვეყანა, საიდანაც ტერორიზმის მთავარი საფრთხე მოდიოდა. თავის მხრივ ირანის სასულიერო ლიდერები და სამოქალაქო ხელისუფლება ამერიკას სატანას უწოდებდნენ და არც მალავდნენ იმ ფაქტს, რომ მუსლიმან “მებრძოლებს“ (რომლებსაც თავის მხრივ აშშ ტერორისტებად თვლიდა) ფულით და იარაღით ამარაგებდნენ. სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო აშშ-ის ხელისუფლებამ დროულად ვერ შეძლო ხელი შეეშალა ირანის ბირთვული იარაღის შექმნის ამბიციებისთვის.

ირანის ბირთვული პროგრამის (საიდანაც უკვე ერთი ნაბიჯია ატომური იარაღის წარმოებამდე) განხორციელება შესაძლებელი გახდა ორი ფაქტორის თანხვედრის შედეგად. პირველი ფაქტორი ობიექტურია და ირანის ბუნებრივ რესურსებს უკავშირდება. ნავთობისა და ბუნებრივი გაზის რესურსების რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს ირანის ხელისუფლება განკარგავს და თუ საით წარმართავს ამ უზარმაზარ “ფინანსურ იარაღს”, ეს მხოლოდ მათ კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული. თუმცა ბირთვული იარაღის შესაქმნელად მხოლოდ ფული საკმარისი არაა. საჭიროა აგრეთვე შესაბამისი ტექნოლოგიები და სამეცნიერო კადრები. ეს კი ირანს საიდან უნდა ჰქონოდა?

სწორედ მეორე ფაქტორის ­- სპეცსამსახურების ამოქმედებით შეძლო ირანის ხელისუფლებამ ბირთვული პოტენციალის ამ აუცილებელი კომპონენტების მოპოვება, რის შემდეგაც ეს საკითხი XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან მსოფლიოს სერიოზულ თავისტკივილად იქცა.

უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე ირანის სპეცსამსახურების მიზანმიმართული ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა და ზოგიერთი ქვეყნის ფარული დახმარება იყო ის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც ირანის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ღიად დაემუქროს ისრაელსა და აშშ-ს.

ასე რომ, პირდაპირ შეიძლება განვაცხადოთ : ირანის სამხედრო და ბირთვული პროგრამების მთავარი შემომქმედი ირანის სპეცსამსახურები არიან.

ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ექსპორტისგან მიღებული მილიარდობით დოლარი ირანის ისლამური რესპუბლიკების ხელისუფლებამ არა სოციალურ მიზნებზე, არამედ უახლესი სამხედრო იარაღის, დრონების, სარაკეტო დანადგარების და ბირთვული ტექნოლოგიების წარმოება-შეძენას მოახმარა. ამჟამად ირანში სახეზეა საბჭოთა კავშირის 1950-1990 წლების ჩაკეტილი ადმინისტრაციული მოდელი - “რკინის ფარდა”, მხოლოდ უფრო რთული – რელიგიური სპეციფიკით. ქვეყანას მთლიანად პოლიცია და სპეცსამსახურები აკონტროლებენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-ის ყველაზე დიდი თავისტკივილი იმ ატომური პოტენციალის და მასობრივი განადგურების იარაღის გაკონტროლება გახდა, რაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე აღმოჩნდა გაფანტული. გასული საუკუნის 90 იანი წლების დასაწყისში აშშ-ის სპეცსამსახურები ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ ატომური ტექნოლოგიების, ურანის და მისი ნარჩენების, ატომური იარაღის და კვალიფიციური სამეცნიერო კადრების ტერორისტების და ავტორიტარული ქვეყნების ხელში მოხვედრა.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ეკონომიკური და სამხედრო დახმარებების ხელშეკრულებები მხოლოდ იმ პირობით ფორმდებოდა, თუ აშშ მიიღებდა ორმაგ ტექნოლოგიებზე კონტროლის სრულ გარანტიას. მასობრივი განადგურების იარაღის წარმოების ტექნოლოგიების, სამეცნიერო-ტექნიკური გამოკვლევების და ინფორმაციის, აგრეთვე სამეცნიერო მომსახურების ექსპორტი პოსტსაბჭოთა ქვეყნების კანონმდებლობით უნდა აკრძალულიყო.

ამერიკის განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინისკენ იყო მიმართული, რადგანაც ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე იყო უმეტესად განლაგებული ბირთვული რაკეტები, ბირთვული ტექნოლოგიების საწარმოები და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები. თუ გავიხსენებთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდის ქაოსს და მატერიალურ გაჭირვებას, გასაკვირი სრულიადაც არ იქნება, თუ რესურსებით მდიდარ და ბირთვული იარაღის შექმნაზე მეოცნებე რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურს მოეხერხებინა და შეეძინა შესაბამისი ტექნოლოგიები, ნედლეული და გადაებირებინა მეცნიერ-სპეციალისტები. აშშ-მ რუსეთი აიძულა, რომ მრავალმილიარდიანი დახმარების სანაცვლოდ წასულიყო მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების და ორმაგი ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვაზე. მაშინ, აშშ–ს ზეწოლის გამო, რუსეთის სპეცსამსახურები იძულებულნი იყვნენ მკაცრი კონტროლი განეხორციელებინათ ამ მიმართულებით. „მუდამფხიზელი“ ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთის სპეცსამსახურებმა რამდენიმე ამგვარი ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ 1992 წლის ნოემბერში შეჩერებულ იქნა სარაკეტო დარგის რუსი სპეციალისტების დიდი ჯგუფის ჩრდილოეთ კორეაში სამუშაოდ გამგზავრება.

უნდა ითქვას, რომ 1992-1998 წლის ბოლომდე რუსეთის ეფ–ეს–ბე საკმაოდ აქტიურ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებდა ირანის დაზვერვის წინააღმდეგ. 1997 წლის ნოემბერში მათ მოსკოვში დააკავეს ირანის საელჩოს თანამშრომელი რეზა თეიმური, რომელიც რუსეთის მოქალაქისგან სარაკეტო ძრავების ტექნიკურ დოკუმენტაციას ყიდულობდა. იმავე წლის ივნისში რუსეთიდან გააძევეს ირანის სამხედრო დელეგაცის წევრი აზიზ მასუდი, რომელიც რუსეთის მოქალაქისგან სამხედრო ავიაციის თანამედროვე ტექნიკური დოკუმენტაციის მიღებას ცდილობდა.

იმავე წელს ირანულმა სამრეწველო ჯგუფმა (რეალურად კი ირანის დაზვერვის რეზიდენტურამ) “სანამ” რუსეთის ერთ-ერთ საწარმოში სარაკეტო ძრავის სხვადასხვა კომპონენტების დამზადება – „აირგადამქაჩი მოწყობილობის დამზადების“ ხელშეკრულებით შენიღბა. გარდა ამისა, ამ კომპანიის წარმომადგენლები ცდილობდნენ მიეღოთ ინფორმაცია უახლეს სარაკეტო-კოსმოსურ, საავიაციო, ბირთვულ და ლაზერულ ტექნოლოგიებზე, რისთვისაც ფულს არ იშურებდნენ. მათ ძალზე “მეგობრული” კონტაქტები დაამყარეს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ელიტასთან. ირანის დაზვერვას შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა: სანქტ-პეტერბურგში არსებულ ბალტიის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში მათ “სტუდენტთა” დიდი დესანტი მიავლინეს. 1998 წლის იანვარში “სანამ”-ს რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობა აეკრძალა. ირანის სპეცსამსახურებმა შეძლეს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან ტექნიკურ უმაღლეს სასწავლებელში ( მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში) ძლიერი ოპერატიული პოზიციების მოპოვება და დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ სპეციალიტთა ჯგუფის გადაბირება. მიზანი – უახლესი სარაკეტო ტექნოლოგიების დამუშავება და ირანისთვის გადაცემა იყო.იმავე წელს ირანის მოქალაქემ ალი მაზიდი მოჰამედიმ შეძლო, მოსკოვში დროებით მცხოვრები სამი ტაჯიკი პიროვნების დახმარებით ლეგირებული ფოლადის დიდი პარტიის შეძენა ფარულად ირანში გადატანის მიზნით. სტრატეგიული ტვირთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დააკავეს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსეთის კონტრდაზვერვის (ეფ–ეს–ბეს) განსაკუთრებული აქტიურობა ირანის სპეცსამსახურების წინააღმდეგ 1995-1998 წლებზე მოდის, როდესაც ამ საპეცსამსახურს სტეპაშინი და შემდეგ კოვალიოვი ხელმძღვანელობდნენ. 1998 წლის მეორე ნახევარში ეფ–ეს–ბეს დირექტორად პუტინი დაინიშნა. ამ პერიოდიდან კარდინალურად შეიცვალა სამხრეთ კავკასიაში ამ სპეცსამსახურის საქმიანობის პრიორიტეტები და მთავარი ძალები ნატოს აქტიური წევრი ქვეყნის თურქეთის და ისტორიულად ყოველთვის “შუაში გაჭეჭყილი” საქართველოს წინააღმდეგ იქნა მიმართული.

2000 წლიდან, პუტინის პრზიდენტად „დანიშვნის“ შემდეგ, ირანის სპეცსამსახურებმა ძალზე მჭიდრო კონტაქტი დაამყარეს რუსეთის, სომხეთის და ბელორუსიის თავდაცვის სამინისტროებთან და სპეცსამსახურებთან.

პუტინის მმართველობის პერიოდში ირანის ბირთვული პროგრამა რუსეთ-ამერიკის “პოლიტიკური ვაჭრობის” ის ძირითადი კომპონენტი გახდა, რომელსაც რუსეთი მაშინ მოიმარჯვებს, როცა უჭირს. საერთაშორისო დაძაბულობას, პოლიტიკურ დივიდენდებთან ერთად, მოსკოვისთვის უდიდესი ფინანსური მოგებაც მოაქვს.

რუსეთი ოფიციალურად ეთანხმება გაეროს მიერ მიღებულ ბირთვული იარაღის წარმოების აკრძალვის დადგენილებებს, კვერს უკრავს ამერიკას ირანის ბირთვული პოტენციალის გაფართოების საშიშროების შესახებ, სინამდვილეში კი თავად აქეზებს (პოლიტიკური მხარდაჭერით და ტექნიკური დახმარებით) ირანის ზღვარგასულ ჯიუტობას. განსაკუთრებით კარგად გამოიყენა რუსეთის დიქტატორმა პუტინმა 2016 წელს აშშ–ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის არაკომპეტენტურობა და იმპულსური ხასიათი. გამოცდილი შოუმენი დილეტანტი იყო საგარეო პოლიტიკაში და სხვა ქვეყნის ლიდერები შიშით ელოდნენ „ტვიტერზე“ ტრამპის მორიგ „გენიალურ აზრებს“. ამ პერიოდში, ტრამპის „დამსახურებით“, აშშ–ირანის ურთიერთობები იმდენად დაიძაბა, რომ სამხედრო კონფლიქტი გარდაუვალი ჩანდა.

ამის შედეგად ნავთობზე მსოფლიო ფასები 2008 წლის ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა. ეს კი ვის აძლევდა ხელს? ისევ და ისევ რუსეთსა და ირანს, მათ ხელისუფლებას და განსაკუთრებით სათავეში მყოფ პირებს, რადგანაც საინტერესო „დამთხვევის“ წყალობით ორივე ქვეყანაში ნავთობს, გაზსა და ყველა ბუნებრივ სიმდიდრეს და მათი ექსპორტიდან მიღებულ მილიარდებს თავად აკონტროლებენ. რუსეთსა და ირანს ამგვარი „პატური სიტუაციის“ შენარჩუნება განუსაზღვრელი დროით აწყობს, რადგანაც სწორედ ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ექსპორტია მათი ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო.

put2-1663329916.jpg

მოჰამედ ჯავად ზარიფი (ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი) და სერგეი ლავროვი (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი):მორიგი კომბინაციაც დაგეგმილია!

ირანი და რუსეთი დღესაც აქტიურად თანამშრომლობენ ბირთვულ საკითხებში, რაც თავის მხრივ დიდ შეშფოთებას იწვევს შეერთებულ შტატებსა, ისრაელსა და ევროკავშირში. განსაკუთრებით ისრაელის უსაფრთხოებაა პრობლემატური, რადგანაც ირანის ლიდერები არა ერთხელ დამუქრებიან ამ ქვეყანას. ჭეშმარიტებაა, რომ ყველა ქმედება უკუქმედებას იწვევს და ირანის ბირთვული პროგრამის მოწინააღმდეგენი სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ირანისთვის ხელის შეშლას. ამ რამდენიმე წლის წინ აშშ–ის სპეცსამსახურებში სპეციალური ვირუსული პროგრამა შექმნეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ირანის ბირთვული კვლევის ცენტრებს.

ამავე დროს ძალზე გახშირდა ირანელი ფიზიკოსების მკვლელობის შემთხვევებიც.

2007 წლის 15 იანვარს 44 წლის ასაკში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ირანელი ფიზიკოსი არდეშირ ჰასანპური. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო მასმედიამ გაავრცელა. ამის შემდეგ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამაც დაადასტურა ფიზიკოსის გარდაცვალება და მიზეზად აირით მოწამვლა დაასახელა, თუმცა რაიმე დამატებითი დოკუმენტური მასალები არ გამოქვეყნებულა. ჰასანპური ირანის ატომური ბომბის ერთ-ერთ ავტორად ითვლებოდა. 2003 წელს ის “ისლამური რესპუბლიკის საუკეთესო სამხედრო მეცნიერად” დასახელეს. 2005 წლიდან კი ელექტრომაგნიტური ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობდა. მისმა სიკვდილმა კიდევ უფრო დაძაბა ირანის ბირთვული პროგრამის (საიდანაც უკვე ერთი ნაბიჯია ატომური იარაღის წარმოებამდე) ირგვლივ ატეხილი მრავალწლიანი სკანდალი. არდეშირ ჰასანპურს მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუს ფიზიკოსებთან და სავარაუდოა, რომ რუსეთის ატომურ კვლევით ცენტრებშიც მრვალჯერ იყო მივლინებული.

ამ გაურკვევლობის საბურველქვეშ ჰასანპურის გარდაცვალებამ მრავალი ვერსია წარმოშვა. მისი როლი ირანის ატომურ პროგრამაში მართლაც უდიდესი იყო და თუ ის სპეცსამსახურებმა მოკლეს, მაშინ ამ ოპერაციის უკან უპირველესად ისრაელის დაზვერვა “მოსადი” უნდა მოვიაზროთ. სპეცსამსახურებიდან ერთადერთ მას შეუძლია ამგვარი ფარული სპეცოპერაციის უხმაუროდ განხორციელება და კვალის წაშლა.

2021 წლის 27 ნოემბერს ირანელი მეცნიერი და ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ფიზიკოსი მოჰსენ ფაჰრიზადე , ჯერ კიდევ ბოლომდე დაუდგენელ ვითარებაში ირანში მოკლეს.

put3-1663329916.jpg
მოჰსენ ფაჰრიზადე

16 ივლისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა უარყო ინფორმაცია რუსეთისთვის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები მიწოდების განზრახვის შესახებ და განაცხადა, რომ თეირანი: „აგრძელებს ყველაფრის გაკეთებას“ უკრაინის – რუსეთის ომის დასასრულებლად და „უკრაინის კრიზისის“ პოლიტიკური გზით გადასაჭრელად“. გავიდა ზუსტად ორი თვე და სექტემბერში უკრაინის ცაზე ირანული საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები გამოჩნდნენ. ირანი რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს კი არ შეუერთდა ან თუნდაც ნეიტრალური პოზიცია კი არ დაიკავა, არამედ პირდაპირ და აშკარად დაუჭირა მხარი აგრესორს და დრონები მიაწოდა. თანამედროვე ეტაპზე საქართველო- ირანის პოლიტიკური ურთიერთობები ძალზე სპეციფიკურია: ირანის მთავარ მოწინააღმდეგეებს (ა შ შ და ისრაელი) საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების სტატუსი აქვთ. „მოსკოვი-ერევანი-თეირანის“ კოალიცია მნიშვნელოვნად მოქმედებს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე. ირანი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორია და მათი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ოფიციალურად გაცხადებული თანხვედრა ფიქსირდება. რუსეთ-ირანის კოალიცია გამოდის დასავლური ინიციატივებისა და განსაკუთრებით, აშშ-სა და ნატოს წინააღმდეგ. ასე, რომ სახეზეა საქართველოსა და ირანის გლობალური ეროვნული ინტერესების მნიშვნელოვანი ასიმეტრიულიბა. საქართველო აქტიურად მიისწრაფვის ჩრდილო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ და დასაშვებია, რომ საქართველო ირანის მიერ უკვე მოიაზრებოდეს მის „მტრების მეგობრად“ და პოტენციურ საფრთხედ.

put4-1663329916.jpg
რუსეთ–ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები: სერგეი ლავროვი და ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი

საქართველოს ეროვნულ ინტერესების ზეაქტუალური საკითხია სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკაში ირანის მხარდაჭერა. არსებული ინფორმაციით ირანელ დიპლომატებს რუსეთის შუამავლობით ჰქონდათ არაოფიციალური კონტაქტები სოხუმის ხელისუფლების პირველ პირებთან, აფხაზეთში ირანული ინვესტიციების შესვლასთან დაკავშირებით, თუმცა რაიმე კონკრეტული შედეგი მიღწეული არ ყოფილა. პარალელურად ირანის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ მიუხედავად საგარეო პოლიტიკური ფაქტორებისა, ირანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის სტაბილური მხარდამჭერია. ძნელად მოსალოდნელია, რომ ირანი ამ საკითხში მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ და შეცვალოს პოლიტიკა. ირანის ეროვნულ ინტერესების სფეროშია საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქუტურის საშუალებით (რკინიგზა და პორტები) ექსპორტ-იმპორტის გაზრდა შავი ზღვის მიმართულებით ევროპისკენ. ასევე ირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს სივრცე: თუნდაც მისი სპეცსამსახურებისთვის - ინფორმაციის მოსაპოვებლად.

2010 წლის დასაწყისში საქართველო და ირანი შეთანხმდნენ გაეუქმებინათ სავიზო რეჟიმი. ჩემი აზრით ეს იყო საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების „ჩუმი პროტესტი“ ობამას ადმინისტრაციის მიერ სააკაშვილის მთავრობის იგნორირებისა და „დისტანცირების პოლიტიკის“ საპასუხოდ. საქართველოს მთავრობამ 2013 წელს ცალმხრივად დააწესა ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2016 წელს ისევ გააუქმა, ასევე დაიწყო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც.

საქართველოს ხელისუფლება მუდმივად „დიპლომატიურ რევერანსებს“ აკეთებს და აცხადებს რომ თეირანისა და თბილისის ურთიერთობების დათბობა, თბილისისა და ვაშინგტონის სტრატეგიულ პარტნიორობაზე არ იმოქმედებს. დღემდე ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის სინონიმებია: „ცივი კეთილმეზობლობა“ და „დელიკატური დაახლოება.“

საქართველოსა და ირანის ამ „დელიკატური დაახლოებითაც“ შეშფოთებულია თბილისის მნიშვნელოვანი პარტნიორი ისრაელიც და თბილისი-თეირანის დაახლოებას მტკივნეულად აღიქვამს. ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით ისრაელი იქნება იქ, სადაც ირანის აქტოვობას დააფიქსირებს. თავის მხრივ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ ირანი არ დაუშვებს „სიონისტებისა და ტერორისტების“ ყოფნას სამხრეთ კავკასიაში.

აღნიშნული ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ საქართველო ამ ორი ქვეყნის ფარული დაპირისპირების არენად გადაიქცეს. თავის მხრივ ირანი შეშფოთებულებია იმით, რომ აშშ-ს მხრიდან ანტიირანული მოქმედებების შემთხვევაში არ მოხდეს, საქართველოს ტერიტორიის გამოყენება.

ასე, რომ რეალობა ამგვარია: სახეზეა საქართველო - ირანის გლობალურ ინტერესთა მკვეთრი ასიმეტრიულობა. რაც საქართველოს ხელისუფლებისგან განსაკუთრებით ფრთხილი და მოზომილი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს.

(დასასრული)