"როცა გვეგონა, უკვე გარდაცვლილი იქნებოდა, ჩვენამდე ჩამოაღწია. 24 ჭრილობა ჰქონია, მათ შორის - გულის არეში და აფხაზეთში მკურნალობდნენ" - კვირის პალიტრა

"როცა გვეგონა, უკვე გარდაცვლილი იქნებოდა, ჩვენამდე ჩამოაღწია. 24 ჭრილობა ჰქონია, მათ შორის - გულის არეში და აფხაზეთში მკურნალობდნენ"

მაიამ 31 წლის ასაკში გაიგო, რომ 1985 წლის დეკემბერში ბიოლოგიურმა დედამ სოხუმის სამშობიაროში დატოვა. გამზრდელ მშობლებს მის შესახებ ახლა ვერაფერს ჰკითხავს იმ მიზეზის გამო, რომ ორივე გარდაცვლილია და მოგეხსენებათ, ვერც სოხუმში ჩავა, რომ იქნებ იქ მაინც გაარკვიოს სიმართლე... თუმცა იცის, წლების წინ, თურმე, ბიოლოგიური მამა ან ბიძა ცდილობდა გოგონასთან ურთიერთობას, რასაც გამზრდელი მამა შეეწინააღმდეგა მოტივით, რომ იმ დროს არ იყო საუკეთესო პერიოდი სიმართლის სათქმელად, ისევ და ისევ - გოგონას კეთილდღეობის გამო... ამ საუბარს მაიას ე.წ. საქმრო შეესწრო, რომელიც ამბობს, - კაცებმა პირობა დაუდეს ერთმანეთს, რომ ქორწილის დღეს გამზრდელი მამა პატარძალს აუცილებლად მიიყვანდა ბიოლოგიურ ოჯახთანო...

- სოხუმში დავიბადე, ზამთრის პერიოდი იყო. ჩემი გამზრდელი მშობლების მეზობელი ქალი, თავის ქალიშვილთან ერთად, რომელიც მაშინ 15 წლის იყო, სოხუმის სამშობიაროში გაუგზავნიათ, რომ იქიდან მე წამოვეყვანე. ავიდნენ მეორე სართულზე, ვიღაცებმა მისცეს მათ ჩემი თავი და მიმიყვანეს ადამიანებთან, რომლებიც შემდეგ მთელი გულით ზრუნავდნენ ჩემზე - ეს იყო 1985 წლის ბოლო და 1986-ის დასაწყისი.

- თვითონ გამზრდელი მშობლები რატომ არ მივიდნენ თქვენს წამოსაყვანად?

- ეგ არ ვიცი, მაგრამ ეს მეზობელი ქალბატონი, რომელიც ახლა ღრმად მოხუცია (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს) და მისი ქალიშვილიც იხსენებენ, რომ ჩემმა გამზრდელმა მშობლებმა მათ სთხოვეს, - ზარი შემოვიდა სოხუმის სამშობიაროდან, რომ გაჩნდა გოგონა, რომელსაც დედა მანდ ტოვებს და მის სახლამდე მოყვანაში დაგვეხმარეთო. ეს ადამიანები ახლა ძალიან განიცდიან, რომ ვერაფრით მეხმარებიან. იმდენად დიდ პატივს ვცემდით შენს მშობლებს, რომ რაც გვთხოვეს, მხოლოდ ის გავაკეთეთ, ზედმეტი არაფერი გვიკითხავს, თავს ამის უფლებას ვერ მივცემდითო. ერთადერთი, რაც დამატებით იცოდნენ ამ ამბავზე, ის არის, რომ ბიოლოგიურ ბებიას (მშობიარის ან დედამთილი იქნებოდა, ან დედა) უთქვამს, სოხუმის ბოტანიკურ ბაღში ვმუშაობო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ ასეთი ქალბატონი და ისიც არ ვიცი, ეს ინფორმაცია მართალია, თუ - არა.

- იმაზე რა თქვეს, დედამ შვილი რატომ დატოვაო?

- ათასნაირი ჭორია. ჩემი ძალიან ახლო მეგობარი გოგონა ამბობს: გამზრდელმა დედამ მიამბო შენზე რაღაცები, უბრალოდ, მაშინ არ მქონდა უფლება, ეს მომეყოლა, შეცდენილი ყოფილა ის გოგო და ოჯახში ვერ მივიდოდა ბავშვით ხელშიო.

მეორე ვერსიით, ვითომ ოჯახისთვის ვიყავი მეხუთე გოგო და მამას უთქვამს ცოლისთვის: ამდენი გოგო რად მინდა, სახლში არ მოიყვანოო (მსგავსი რამ საერთოდ რა ფენომენია, ვერ ვხვდები და ამის ნაკლებად მჯერა);

მესამე ვერსიით, რისი დადასტურების იმედიც მქონდა, ჩემი გამზრდელი მამა, რომელიც წარმოშობით მარტვილიდან, თამაკონიდან იყო, ძალიან "მოგულავე" კაცი ყოფილა, მთელ აფხაზეთში იცნობდნენ, თურმე, და როგორც ითქვა, საყვარელთან ურთიერთობის შემდეგ გავუჩნდი, ამიტომაც მომიყვანეს ოჯახში და გამზარდა ოფიციალურ მეუღლესთან ერთად. მე ჩავიტარე ტესტი ბიძასთან და, სამწუხაროდ, ჩვენი სისხლით ნათესაობის ალბათობა ნული პროცენტია.

306367271-815977762745652-6967379009962360460-n-1664125459.jpg

- როდის გაიგეთ, რომ აყვანილი ხართ?

- 1995 წელს დედა გარდაიცვალა, 1996-ში - მამა და 1997-ში, მათი გარდაცვალების მერე მითხრეს ეს ამბავი, მანამდე მხოლოდ რაღაც ეჭვები იყო, რომელზეც თავადაც არასდროს დამისვამს კითხვა. ახლა ვარ 36 წლის და ზუსტად 5 წლის წინ, როცა მარტვილში ვიყავით ჩასულები და მარიამობას აღვნიშნავდით, სუფრის აშლის შემდეგ დავრჩი ნათესავთან, შუახნის ქალთან ერთად, პირისპირ და სიმართლე მისგან გავიგე. ის დარწმუნებული იყო, რომ მე ყველაფერი ვიცოდი, - ბუნებით ისეთი მშვიდი ხარ, მეგონა, შენს წარმომავლობაზე ყველაფერი იცოდი და არ გამოიტანე სააშკარაოზეო. ძალიან ემოციური გახლავართ და, მით უმეტეს, როცა ასეთ ამბავს გაიგებ, როგორ გინდა თავი მოთოკო? როგორ შეძლებ სიმშვიდის შენარჩუნებას, ვითომ არაფერი შეცვლილა? ვფიქრობ, ყველამ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ფესვების, ჩვენი გვარის შესახებ. ტესტი მიჩვენებს, რომ დედაც და მამაც მეგრელია.

- როცა მიხვდა, სიმართლე მისგან გაიგეთ, არ ინანა?

- კი, როგორ არა, მაგრამ მართლა დარწმუნებული იყო, რომ მე, ასეთმა თავდაჯერებულმა, გამზრდელებისადმი პატივისცემის ნიშნად თუ ჩემი მშვიდი ბუნების წყალობით, ემოცია არ გამოვხატე, მაგრამ ეს ჩემს ძალებსაც აღემატება.

- მანამდე რამე ეჭვი გქონდათ რეალურად?

- სადღაც, ცოტაოდენი კი. უბრალოდ, ძალიან ხნიერებმა ამიყვანეს - მამა 53 წლის იყო და გამოდის, დედა - 48-ის. ერთხელ ვიკითხე, ასეთ ღრმა ასაკში როგორ გამაჩინეთ-მეთქი? - ოღონდ, ეს ვიკითხე არა ეჭვის გამო, უბრალოდ, მაინტერესებდა და მაშინ დედას უცნაური რეაქცია ჰქონდა: უფრო ბედნიერი იქნებოდი, რომ შედარებით ახალგაზრდა დედა გყავდეს ან იცოდე, სადმე ახალგაზრდა ქალი ცხოვრობს, რომელიც შენი დედააო? მისმა სიტყვებმა უცნაურად იმოქმედა ჩემზე და ამის მერე, რომ ვაკვირდებოდი, დედის დასმული შეკითხვები ზოგჯერ რაღაც ეჭვებს მიჩენდა, მაგრამ ამას არასდროს ჩავძიებივარ, ალბათ, მეშინოდა სიმართლის... ვფიქრობ, გამზრდელი მშობლები იცნობდნენ ჩემს ბიოლოგიურ დედას. მამას რაღაც საუბრის დაწყება უნდოდა, ეს ვიგრძენი და მე გავეცალე, შემეშინდა. ასე დაიწყო: შენი ნამდვილი დედა იყო ულამაზესიო და, - მე გავედი ოთახიდან. ახლა ვნანობ, რომ არ ჩავეძიე, რას გულისხმობდა... მაშინ, ალბათ, 15-16 წლის ვიყავი...

იცით, წლების წინ მყავდა საქმრო, რომლისგანაც დღეს არაჩვეულებრივი ქალიშვილი მყავს. ორივე ახალგაზრდა გახლდით და შევცდით ჩვენს გრძნობებში, მერე კი დაგვენგრა ურთიერთობა. რატომ გიყვებით ახლა ამას. იმ წლებში, როცა ის ჩემი საქმრო იყო, ისე გამოვიდა, რომ, თურმე, ჩემს გამზრდელ მამასთან ერთად შეხვდა ჩემს ბიოლოგიურ ნათესავს, რადგან ირწმუნება: ზუგდიდში შევხვდით კაცს, რომელმაც შენს გამზრდელ მამას სთხოვა: ის უკვე დიდი გოგოა, მან აუცილებლად უნდა იცოდეს მისი ფესვები, მისი გვარიო. თურმე, ეს ძალიან განიცადა გამზრდელმა მამამ. იმ კაცისთვის უთქვამს: ახლა იწყებს ცხოვრებას, შეყვარებულია, თანაც ხომ იცით, არეული პერიოდი იყო, ბევრი რამ გამოვიარეთ. ცხოვრება არ აქვს აწყობილი და ტრავმას ვერ მივაყენებთ, ახლა ამის დრო არ არის, ცოტა დავიცადოთო. ის კაცი ან ჩემი ბიოლოგიური ბიძა იყო, ან მამა.

- ახლა არ გაქვთ ყოფილ საქმროსთან ურთიერთობა, უფრო მეტი დეტალი რომ გაარკვიოთ?

- გამოკითხული გვყავს რამდენჯერმე. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ 2001 ან 2002 წელს ზუგდიდში, სადგურთან და იქ რომელიღაც სასადილოში შევიდნენ, დალიეს, იქეიფეს. პირობა დაუდევთ, რომ როდესაც ჩვენ დავქორწინდებოდით, ჩემი გამზრდელი მამა მიგვიყვანდა ბიოლოგიურ ოჯახთან... ამის მერე დაიშალნენ და ამ ბიჭს მაშინ ჩემთვის არაფერი უთქვამს, რადგან ჩემს გამზრდელებს უთხოვიათ მისთვის, დროებით არაფერი მოეყოლა... და კიდევ, ის კაცი მამას, თურმე, ხან რუსულად, ხანაც მეგრულად ესაუბრებოდა, როგორც ტიპური სოხუმელები იქცეოდნენ...

306127629-1664125506.jpg

- თქვენმა ყოფილმა საქმრომ იმ კაცის სახელიც არ იცის?..

- ამბობს, რომ არ იცის... ახლა ჩემი მეუღლე, რომელიც მისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია, სწორედ ამას ამბობს: როგორ, ასეთი მნიშვნელოვანი რაღაც ხდება საყვარელი ადამიანის თავს, მის ცხოვრებაში და არ დააინტერესა, არ იკითხა იმ კაცის სახელი და გვარიო? მაგრამ... 22 წლის იქნებოდა მაშინ და ის იმდენად მოყვარული გახლდათ დროსტარების, რომ დარწმუნებული ვარ, მთელ ყურადღებას ქეიფზე გადაიტანდა...

- სიმართლე სოხუმში დაიკარგა და ახლა იმ სამშობიაროდანაც ვერაფერს გამოითხოვთ... რის გაკეთებას აპირებთ?

- ემიგრანტი გახლავართ და ახლა სწორედ იმიტომ დავბრუნდი საქართველოში, რომ რაღაც ხელჩასაჭიდი ვიპოვე, მაგრამ მხოლოდ დრო დავკარგე, ასე გამოვიდა... გავიგე, რომ იმ საავადმყოფოში, სადაც მე დავიბადე, მარტვილელი კაცი იყო მთავარი ექიმი და ეს კაცი ახლა მუშაობს თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში. ვიფიქრე, რომ იცნობდნენ ერთმანეთს და 2-3 დღე დავკარგე ამ კაცთან შესახვედრად. სამწუხაროდ, მისგან ვერაფერი გავიგე: რით დაგეხმაროთ, მამათქვენის სახელი და გვარი არაფერს მეუბნება და ვერც თქვენი გაშვილების ფაქტს ვიხსენებ. აბსურდია, ყველა ის ამბავი მახსოვდეს, რაც წლების წინ მოხდაო...

- როგორ იზრდებოდით ოჯახში, რომელმაც შვილად მიგიღოთ?

- გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ვიზრდებოდი, როგორც პრინცესა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სიყვარული, ფინანსები - არაფერი მაკლდა, მაგრამ ლტოლვილობის წლები ნამდვილად რთული იყო. 6 წლის გახლდით, როცა სოხუმიდან გადმოვედით და სკოლაში, პირველ კლასში, თამაკონში შემიყვანეს. ჩვენ პირველივე ნაკადს გამოვყევით; როგორც კი არეულობა დაიწყო, იმავე ღამეს. როცა დაბრუნების საშუალება გაჩნდა, მხოლოდ მამა წავიდა, ჩვენ მარტვილში დაგვტოვა, ვითომ, ცოტა ხნით. 2 წელი იყო მანდ და როცა გვეგონა, უკვე გარდაცვლილი იქნებოდა, ჩვენამდე ჩამოაღწია. დაჭრილი ყოფილა და აფხაზეთში მკურნალობდნენ. დაახლოებით 24 ჭრილობა ჰქონდა, მათ შორის - გულის არეში...

- იბრძოდა?

- არა, უბრალოდ, ნაცნობები ერთად საჭმელს მიირთმევდნენ, თურმე, და შენობა აფეთქებულა.

- ბედი ჰქონია, რომ გადარჩა...

- ასეა (იღიმის). ძალიან კარგი ადამიანი იყო.

301668841-1180473265844958-4712226400052608286-n-1664125557.jpg

- აღნიშნეთ, რომ მამათქვენს ჰქონდა რაღაცის თქმის მცდელობა. სიკვდილის წინ მაინც რატომ არ გითხრათ სიმართლე, როგორ ფიქრობთ?

- სანამ დედა ცოცხალი იყოს, მამას მართლა სურდა ამ თემაზე ლაპარაკი და არიან იმის მოწმეებიც, როცა ის ცოლს ეუბნებოდა, ვუთხრათ სიმართლეო, მაგრამ დედა ყოფილა კატეგორიული წინააღმდეგი. მახსოვს, დედის გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, როდესაც ოთახში სამივე მარტო დავრჩით, მამა თვალებით ანიშნებდა რაღაცას.

- რა ხდება-მეთქი? - რომ ვიკითხე, დედამ ისე გახედა, მივხვდი, აუკრძალა ლაპარაკი. აი, დედის გარდაცვალების შემდეგ კი მსგავსი მცდელობა აღარ ჰქონია. ეტყობა შეეშინდა, მარტო დარჩენილი მეც არ მიმეტოვებინა...

- თავად რამდენი შვილი გყავთ?

- მყავს უფროსი გოგონა და უმცროსი ვაჟი... იცით, ბიოლოგიური ნათესავების გაცნობის ინტერესი უფრო მაქვს, თორემ რომ გითხრათ, ვოცნებობ, უცნობი დედმამიშვილები ჩავიხუტო-მეთქი, მოგატყუებთ. აქედან გამომდინარე, არც იმის მეშინია, რომ არ მიმიღონ, რადგან თავადაც არ ვარ ამისთვის მზად. უბრალოდ, ყველამ უნდა ვიცოდეთ ჩვენი რეალური გვარის შესახებ, ეს არის და ეს... მე არავის შევაწუხებ და არ შევეჭრები ოჯახში. 20 წელია, საქართველოში არ ვცხოვრობ და მაქვს უცხოეთში მყუდრო, მშვიდი ცხოვრება, ხოლო სრული ბედნიერებისთვის უნდა გავიგო, ვისი ფესვის ვარ. გთხოვთ, თუ ვინმემ რამე იცით ჩემ შესახებ, ნუ დაიზარებთ მოწერას...

P.S. თუ ამბავი გეცნობათ და შეგიძლიათ მაიას სიმართლის გარკვევაში დაეხმაროთ, დაგვიკავშირდით რედაქციის ნომერზე 5(58) 25.60.81. ანონიმურობა გარანტირებულია.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)