რატომ დაამცირეს პუტინი შანხაის სამიტზე?! - კვირის პალიტრა

რატომ დაამცირეს პუტინი შანხაის სამიტზე?!

უკრაინის კონტრშეტევის შედეგად რუსული სამხედრო ნაწილები მარცხს მარცხზე განიცდიან. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასრულებას კიდევ კარგა ხანი დასჭირდება, ფაქტია, რომ ხარკოვის ოლქში მსოფლიოში მეორე არმიის წარუმატებლობის შემდეგ რეგიონულ პოლიტიკაზე პუტინის რეჟიმის გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის პარალელურად ვითარება გართულდა ჩვენს რეგიონშიც - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ისევ სამხედრო დაპირისპირებაა, რაშიც მხარეები, ტრადიციულად, ერთმანეთს ადანაშაულებენ. ურთულესი ვითარებაა ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზეც, სადაც სამხედრო შეტაკებები დაიწყო. რჩება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოში მომხდარი ცვლილებებისა და რუსეთის გავლენის შესუსტების ფონზე ახალი გამოწვევები ჩნდება. რა შეიძლება მოხდეს რუსეთში და როგორ აისახება ეს ჩვენს ქვეყანაზე? გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე:

gobronidzeee.jpg

- პროგნოზირება იმისა, რა შეიძლება მოხდეს რუსეთში, რთულია, რადგან საერთაშორისო ურთიერთობები ზუსტი მეცნიერება არ გახლავთ და ნებისმიერი სცენარი დამოკიდებულია სხვადასხვა ცვლადისა და არაერთი ფაქტორის ერთობლიობაზე, ასევე იმაზე, რომელ თეორიულ ჭრილში განვიხილავთ ამ სცენარებს.

რუსეთის არმიამ უკრაინაში დაკარგა ოპერატიული უპირატესობა. მან არა მხოლოდ უკან დაიხია, არამედ დათმო მნიშვნელოვანი პოზიციები. ახლა უკრაინის მთავარი ამოცანაა, ეს უპირატესობა, რომელიც კონტრშეტევით მოიპოვა, შეინარჩუნოს და სტრატეგიულ დომინირებაში გადაზარდოს, ანუ საბოლოოდ ბრძოლის ველის სრული კონტროლი აიღოს ხელში.

რუსეთს არ აქვს კონვენციური შეიარაღების საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ შექმნილი ვითარების შემოტრიალება შეძლოს. დღეს რუსეთი დგას რამდენიმე გამოწვევის წინაშე. თუ ის ბრძოლას გააგრძელებს, შეიძლება სრული სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფა განიცადოს. უკრაინის რესურსები შეივსება უახლოეს მომავალში, როდესაც ლენდ-ლიზი სრული მასშტაბით ამოქმედდება. აღსანიშნავია ისიც, რომ რაც მეტად გააქტიურდება უკრაინა, მით მეტად მოიმატებს მისი მხარდაჭერა, რადგან ეს დასავლეთში სარისკო ინვესტიციად აღარ ფასდება. დღეს ყველა მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია გამარჯვება და მისი მხარდაჭერა რენტაბელურ ინვესტიციად მიიჩნევა. შესაძლებელია, რუსეთი აღმოჩნდეს სამხედრო-პოლიტიკური მარცხის წინაშე. როგორ შეიცვლება ვითარება ბრძოლის ველზე, სადამდე გაგრძელდება უკრაინის სამხედრო წარმატება, ცალკე მსჯელობის თემაა, მაგრამ ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, მოვლენების განვითარების მეორე ვარიანტია, რუსეთმა აღიაროს მარცხი და უკრაინასთან გარკვეულ საზავო პირობებზე შეთანხმდეს. ორივე ვარიანტის შემთხვევაში რუსეთში ეს გამოიწვევს ძლიერ ტურბულენტობას. საზოგადოება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იკვებებოდა რუსეთის უძლეველობის მითით, აღმოაჩენს, რომ დამარცხდა, თან დამარცხდა იმასთან, ვისაც ხელოვნურ სახელმწიფოდ მიიჩნევდა. ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებაში რა მოხდება, გავლენის ცენტრებში რა როგორ გადათამაშდება, რთული სათქმელია. რუსეთისთვის ყველაზე უარესი სცენარი, რომელიც ხშირად განიხილება, არის პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება, რაც გულისხმობს, რომ რუსეთში ახლანდელი ელიტა შეიცვლება და დაიწყება დიდი წმენდა არმიაში, რადგან ჯოხი ვიღაცაზე უნდა გადატეხონ, ამ ყველაფერს კი შეიძლება მოჰყვეს სხვა ტიპის პოლიტიკური ცვლილებები და ძალაუფლებისთვის უკიდურესად მძიმე ბრძოლა დაიწყოს.

ზოგადად, რუსეთს არ ახასიათებს კატასტროფის შემდეგ მმართველობის გაკეთილშობილება. მაგალითად, პირველ მსოფლიო ომში მარცხის შემდეგ ნიკოლოზ მეორე ბოლშევიკებმა შეცვალეს, ჩეჩნეთის პირველ ომში მარცხის შემდეგ ელცინი პუტინმა ჩაანაცვლა, შესაბამისად, ვერ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მოვიდეს უფრო რეაქციულად განწყობილი, რევანშისტული ძალა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთის მარცხი იყოს იმგვარი, რომ მას ხელახალი რევანშისთვის რესურსი აღარ შერჩეს. დღეს დასავლეთის მთავარი ამოცანაა, რუსეთი დასუსტდეს უახლოესი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მაინც. ეს პერიოდი იქნება შანსი და ფანჯარა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, რათა მათ საკუთარი სუვერენიტეტი განიმტკიცონ.მარცხის შემთხვევაში რუსეთის პოზიციები და გავლენა ყველგან შესუსტდება. ჩვენ ამის პირველ ნიშნებს უკვე ვხედავთ. ცენტრალური აზიის რეგიონში "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტზე, ვისაც არ დაეზარა, პუტინი ყველამ ალოდინა. ამით აგრძნობინეს, რომ ის აღარ არის ჰეგემონი და ლიდერი რეგიონში. ამასთანავე, გამოჩნდა, ვინ არიან ლიდერები. უპირველესად, ეს არის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, მერე კი - თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი. მოკლედ, ცენტრალურ აზიაში ორი ახალი ლიდერი გამოიკვეთა. ეს ძალიან საინტერესო ცვლილებაა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომავალი წლისთვის ყაზახეთი დატოვებს "კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას". ამასთანავე, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის გაჩნდა დაპირისპირების ახალი კერა, დაიღუპნენ ადამიანები. ეს კონფლიქტი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ახლა გააქტიურდა. მოკლედ, რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა წინა აზიაში, სადაც მას დიდი კონკურენტები ჰყავს, შესუსტდა სამხრეთ კავკასიაშიც - რაც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ხდება, რეგიონში რუსული გავლენის მოსალოდნელი ჩამოშლით არის განპირობებული.

რუსეთის დასუსტება თუ გაგრძელდა, ბუნებრივია, ამა თუ იმ მიმართულებით გაჩნდება ძალის ვაკუუმი. რუსეთის გავლენა, მოგეხსენებათ, ემყარება არა განვითარების პოზიტიურ დღის წესრიგს, არამედ ძალის პრიმატს, შესაბამისად, თუ რუსეთი სუსტდება და კრიზისების მაკონტროლებელი ძალა ილევა, ბუნებრივად ჩნდება სიცარიელე, რაც დიდხანს არ დარჩება. ვხედავთ, რომ მისი შევსება უკვე დაიწყეს სხვა აქტორებმა. ამას აუცილებლად მოჰყვება გამოწვევები ყველა იმ რეგიონისთვის, რომლებზეც დიდი იყო რუსეთის გავლენა, მაგრამ ამავე დროს გაჩნდება შესაძლებლობებიც.

- ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდებით, მაგრამ მანამდე ისევ რუსეთ-უკრაინის საკითხზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება. გვახსოვს, რომ ომის დაწყებიდან მალევე, როდესაც მოლაპარაკებაზე იყო საუბარი, რუსეთს მოლაპარაკების ძალიან მკაცრი პირობები ჰქონდა, ამჟამად კი მოლაპარაკების შესაძლებლობაზე პუტინისგან მოვისმინეთ შემდეგი: "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს. სამწუხაროა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ - უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკების პროცესზე და განაცხადა, რომ სურს მიაღწიოს თავის მიზნებს სამხედრო გზით, როგორც თავად ამბობენ, ბრძოლის ველზე". ანუ მან მოლაპარაკების ხელშემშლელ პირობად უკრაინის ხელისუფლების პოზიცია დაასახელა ისე, რომ საკუთარ პირობებზე არაფერი უთქვამს...

- ეს განცხადება ნიშნავს, რომ რუსეთს ჰქონდა პირობების წამოყენების საშუალება მაშინ, როდესაც ყველას ეგონა, რომ რუსული არმია რამდენიმე დღეში აიღებდა კიევს, მაგრამ ახლა ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია. რუსეთი დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ერთია, როდესაც ყველა ფიქრობს, რომ მსოფლიოში მეორე არმია გყავს და შენი ეშინიათ, მაგრამ მეორეა, როდესაც აღმოჩნდება, რომ ამ არმიას დაახლოებით 17 წლის წინანდელი საკვებით კვებავენ და ნავთობით მდიდარი ქვეყნის სამხედრო ტექნიკას საწვავი არ ჰყოფნის. ბრძოლის ველზე ვითარება ისეა შეცვლილი, რომ რუსეთის თავდაპირველ პირობებს დღეს სერიოზულად არავინ განიხილავს.

რუსეთმა პირველივე დღეებში იგემა ძალიან დიდი საგარეო პოლიტიკური მარცხი. მის პოლიტიკურ ამოცანებს თუ წარმოვიდგენთ, შეიძლება ითქვას, რომ პუტინის რეჟიმი კატასტროფის წინაშეა. გავიხსენოთ, რის მიღწევა სურდა რუსეთს. პირველი - ნატოს შესუსტება აღმოსავლეთ ევროპაში, დღეს კი ნატოს სამხედრო კონტინგენტი აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე თითქმის 120 000-მდე გაიზარდა, გაათმაგებულია მძიმე ტექნიკის რაოდენობა და ა.შ. პრაქტიკულად, ნატო კი არ შეასუსტა, გააძლიერა; ამას დაემატა რუსეთის საზღვრებთან ნატოს მიახლოება. შვედეთი და ფინეთი, პრაქტიკულად, უკვე ნატოს წევრები არიან, შესაბამისად, რუსეთის ნატოსთან საზღვარი 1600 კმ-ით მეტი გახდა. საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არის სტრატეგიული მარცხი. როგორც აცხადებდნენ, რუსეთის კიდევ ერთი პირობა და მიზანი იყო უკრაინის დემილიტარიზაცია, დღე კი უკრაინას ჰყავს აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი, გაწვრთნილი და გამოცდილი არმია, რომელიც მომარაგებულია თანამედროვე დასავლური იარაღით, თან ეს იარაღი უწყვეტად მიეწოდება, ანუ დემილიტარიზაციის ნაცვლად რუსეთმა უკრაინის აქტიური მილიტარიზაცია მიიღო.

ასევე რუსეთის ე.წ. სპეცოპერაციის მიზანი იყო ე.წ. დენაციფიკაცია, ამის ნაცვლად კი რუსეთმა მოახერხა, რომ რუსოფობიური განწყობა (თუ ის მართლაც არსებობდა უკრაინაში) გადააქცია ანტაგონისტურ განწყობად. უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა, რომელსაც მოკავშირედ განიხილავდნენ, პუტინის რეჟიმმა საშვილიშვილოდ გადაიკიდა. დასკვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომს თავისი პოლიტიკური განზომილება აქვს და ამ მხრივ რუსეთმა ყველა მიმართულებით მარცხი იწვნია. ამას ემატება ეკონომიკური შედეგები, კერძოდ, თუ რუსეთის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი არის ტრილიონ-ნახევარი დოლარი, მისი დაახლოებით მესამედის აქტივები გაყინულია ევროპაში... დარჩა სამხედრო-პოლიტიკური მიზანი, რომ დაიპყროს უკრაინა, რასაც ასევე ვერ აკეთებს...

- ისევ რომ დავუბრუნდეთ რუსეთის გავლენის შესუსტებას, როგორ შეიძლება ეს აისახოს საქართველოსა და მთელ ჩვენს რეგიონზე?

- ეს ჩვენს რეგიონზე უკვე აისახა და ვხედავთ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის რა პროცესიც დაიწყო. აზერბაიჯანი თავს ესხმის სომხეთს, ფაქტობრივად, უკვე გასცდა ყარაბაღს და შეიძლება ითქვას, რომ ლაპარაკი დაიწყო რეგიონში აზერბაიჯანული პოლიტიკური დღის წესრიგის ძალისმიერი გზით იმპლემენტაციაზე, რასაც მხარს უჭერს თურქეთი. სომხეთი აღმოჩნდა სრულიად იზოლირებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანას, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან მოყოლებული, ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას.

საქართველო არის აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი, მაგრამ ის, რაც დღეს სომხეთში ხდება, ჩვენთვისაც გარკვეულ რისკს შეიცავს. შექმნილმა ვითარებამ გააჩინა სერიოზული გამოწვევები ირანის მიმართაც. რეგიონში უსაფრთხოების გარემო გაცილებით მყიფე და ტურბულენტურია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ როდისმე ყოფილა. ასეთ დროს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რაღაცით დააბალანსოს რეგიონული აქტორების გავლენა. დღეს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შესუსტებული გავლენით გაჩენილი ვაკუუმის შევსებას ცდილობენ თურქეთი, ირანი და აზერბაიჯანი. ჩვენ გვჭირდება ამ გავლენის დაბალანსება, ამისთვის კი გვაქვს ერთი გზა - საქართველოს მჭიდრო კავშირის შენარჩუნება იმ აქტორთან, რომლის რეგიონიდან განდევნაც, რუსეთთან ერთად, სურთ თურქეთსა და ირანს და ეს არის დასავლეთი. ჩვენ უნდა ვიყოთ რეგიონში დასავლური ინტერესების პლაცდარმი და გრძელვადიან პერსპექტივაში სომხეთს, რომელიც დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გამოვა რუსული გავლენის ორბიტიდან, დავეხმაროთ იზოლაციის დაძლევასა და დასავლეთთან ინტეგრაციაში. ვიმეორებ, აზერბაიჯანიც და თურქეთიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორები არიან, მაგრამ სომხეთი, რომელიც დააღწევს თავს რუსეთს და შეძლებს სტაბილურად განვითარებას, არის ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ რეგიონში მოხდეს ძალთა პარიტეტის შენარჩუნება. ჩვენ არ გვჭირდება რომელიმე ქვეყნის ჰეგემონობა, ჩვენ გვჭირდება პარიტეტული თანამშრომლობა და პარტნიორობა ჩვენს მეზობლებთან...

- ამ ყველაფერს როგორ აცნობიერებენ ხელისუფლებაში, როდესაც დასავლეთთან ურთიერთობაში სრულიად გაუგებარი ორმაგი თამაშის წამოიწყეს? ვგულისხმობ ცნობილი ოთხეულის ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ განცხადებებს, რომელთაც ხელისუფლება თითქმის იზიარებს. ამის თაობაზე აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "უნდა ვთქვა, რომ ბოლო კვირებში მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც სვამენ კითხვებს იმ პირთა მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ. თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმებიან აღნიშნულ აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების მიმართ, მაშინ არსებობს მოლოდინი, რომ ისინი ამას მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ. ნამდვილად დასაფასებელია, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ თავისი პოზიცია გამოხატა. ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია. ამგვარი კონსპირაციული თეორიების განმეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს, აღრმავებს პოლარიზაციას და კითხვებს უჩენს ქართველებსა და ამერიკელებს, თუ რა მოტივი დგას ამ მიმდინარე თავდასხმების უკან".

- თავდაპირველად უნდა ვთქვა, რომ კითხვები გვაქვს ჩვენც: რატომ ვუსმენთ ამ "ოთხეულს", ვინ არის ეს ხალხი და რა უნდათ? მათი განცხადებები შეიძლება გამომდინარეობდეს გადაწყვეტილების მიმღები ცალკეული რგოლების პრობლემებიდან... ჩვენ ყველაზე ცუდი მომენტი შევარჩიეთ დასავლეთთან ამ ყოვლად უსაგნო დისკუსიის დასაწყებად. თუ დასავლეთის მიერ საქართველო განიხილება, როგორც ინტერესის პლაცდარმი, ხელისუფლების ნებისმიერი პოლიტიკის შემთხვევაში დასავლეთი ეცდება საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას. ამ დროს ჩვენგან ასეთი პოლიტიკის წამოწყება, რომელიც, ჩემი აზრით, 90%-ით გათვლილია შიდა აუდიტორიაზე და არ არის გააზრებული მისი საერთაშორისო პოლიტიკური შედეგები, შეიძლება საქართველოსთვის ძალიან საზიანო აღმოჩნდეს, ამიტომ ვიდრე დრო გვაქვს, აუცილებელია, ეს გამოსწორდეს. სახელისუფლებო ელიტას ჯერ აქვს შანსი, ყველაფერი შეცვალოს.

ამ "ოთხეულის" პოზიციის ახსნას არ დავიწყებ, რადგან რომ ვცადო, პირობითად, ბატონი ხუნდაძის მოტივების ახსნა, მასავით უნდა ვიფიქრო, რაც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. მათი მოქმედება არასწორი და სახელმწიფო ინტერესების საზიანოა. ჩემი აზრით, ეს ხელისუფლების მანევრი იყო და მათ გაემიჯნებიან მაშინ, როცა დაინახავენ, რომ დიდი სისულელე გააკეთეს. იმედია, ამას მალე მიხვდებიან...

- გასულ კვირას გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგი, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ქართული პოლიტიკური პარტიებიდან მათ ინტერესებს არც ერთი არ გამოხატავს. კითხვას: "არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს?" რესპონდენტთა 56%-მა უპასუხა, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, 39%-მა თქვა, რომ არსებობს ასეთი პარტია, 4%-ის პასუხია "არ ვიცი", ხოლო 2%-მა პასუხზე უარი თქვა"

- ჩვენ ქვეყანაში გვაქვს სრული პოლიტიკური აპათია. პოლიტიკური ძალების მიმართ უდიდესი უნდობლობა ჩამოყალიბდა. კარგი ოპოზიციის პირობებში ასე არ იქნებოდა... ეს ხალხი ნაცვლად პრობლემებსა და საქმეზე ლაპარაკისა, ლაპარაკობს ბიუროკრატიულ იდიოტობაზე, მაგალითად, ვინ როგორ გაინაწილებს კვოტებს და ა.შ. ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, რომელსაც კრედიტიდან კრედიტამდე მისვლა უჭირს, უინტერესოა, პარლამენტის რეგლამენტით გაწერილ პროცედურებს ვინ როგორ ასრულებს. მე მაინტერესებს, როგორ შეიძლება მოგვარდეს ჩემი პრობლემები; მაინტერესებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში კატასტროფა რომ ხდება, რას აპირებს ჩემი ხელისუფლება და როგორ გასცემს პასუხს ამ გამოწვევებს ოპოზიცია. მოსახლეობასთან ლაპარაკისას არც მმართველი გუნდი და არც ოპოზიცია 40 სიტყვაზე მეტს არ იყენებენ. კი, ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენთან მთელი პოლიტიკური სპექტრი ვერ უძლებს კრიტიკას და მას მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სჭირდება. სოციალური კვლევის შედეგების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი ქუჩის აქციებზე ლაპარაკობს. უკაცრავად, მაგრამ იქნება ოპოზიცია ჯერ კონკრეტულ გეგმაზე შეთანხმებულიყო?! დამაყენებენ აქციაზე და მერე არავინ იცის, იქ რატომ დამიძახეს. ვეთანხმები ოპოზიციას, რომ ხელისუფლება კარგად არ მუშაობს, მაგრამ შენ რომ მოხვალ ხელისუფლებაში, რას აპირებ, როგორ გეგმავ ჩემი პრობლემების მოგვარებას, რას გააკეთებ უკეთესად?! იქნებ კვლევის ეს შედეგები გააანალიზონ და დაინახონ, რომ ეს პარტიები ხალხს პარლამენტში არ აინტერესებს და ქუჩაში გასული რატომ დააინტერესებს?