პალიტრა ბიბლიოთეკა - წიგნების თანამედროვე, გამარტივებული, შენზე მორგებული პროექტია - კვირის პალიტრა

პალიტრა ბიბლიოთეკა - წიგნების თანამედროვე, გამარტივებული, შენზე მორგებული პროექტია

წიგნის კითხვის პოპულარიზაცია ყოველთვის იყო და იქნება გამომცემლობა "პალიტრა L“-ის საქმიანობის მთავარი სტრატეგია. ამ მიზნით კომპანიამ არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა და წიგნი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა ფართო საზოგადოებისთვის. უამრავი სერია, რომელთა შორისაც განსაკუთრებით პოპულარული იყო "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ", პრესასთან ერთად იყიდებოდა. ამ ფაქტმა ხელი შეუწყო იმას, რომ წიგნების ახალი გამოცემები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართოდ ხელმისაწვდომი გამხდარიყო. მკითხველი ყოველკვირეულად თუ ყოველთვიურად ელოდა მისი საყვარელი სერიის ახალ-ახალ წიგნებს და განსაკუთრებულ ფასადაც ყიდულობდა.ამჯერად "პალიტრა L“ მკითხველს, რომელიც წიგნების სტაბილურად შეძენას უკვე მიჩვეულია, ახალ პროექტს სთავაზობს. სიახლის შესახებ უფრო დეტალურად გამომცემლობის დირექტორი თინა ასათიანი გვესაუბრება:

- რა სიახლეებს სთავაზობს "პალიტრა L“ მიმდინარე წელს მკითხველს?

- დავიწყებ ცოტა შორიდან. ყველას ახსოვს გამომცემლობა ,,პალიტრა L"-ის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროექტი - "წიგნები პრესასთან ერთად". იმ პერიოდში პრესის ტირაჟები ძალიან მაღალი იყო. ეს იყო პირველი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიის განხორციელების გზაზე საზოგადოებაში წიგნიერების გასაზრდელად. ეს დიდი ცვლილებების პერიოდი იყო და კვლევები აჩვენებდა, რომ საზოგადოებას სჭირდებოდა პირადი და საოჯახო ბიბლიოთეკების განახლებაც. ამ პროექტით მკითხველს შევთავაზეთ როგორც მსოფლიო კლასიკის ქართული თარგმანები ახალი, თანამედროვე გამოცემების სახით, ასევე ევროპის წამყვან გამომცემლობებთან თანამშრომლობის შედეგად, ჩვენი მკითხველისთვის პირველად გავხადეთ ხელმისაწვდომი ისეთი პროექტები, როგორიც არის, მაგალითად, დიდი მხატვრები, მსოფლიო კულინარია, მსოფლიო ისტორია, დისნეის ლიცენზირებული საბავშვო წიგნების სერია, "50 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო"“და სხვ. დღევანდელი გადასახედიდან, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზეთთან ერთად წიგნის გავრცელება იმ პერიოდისთვის იყო ინოვაციაც და, მასშტაბიდან გამომდინარე, ქართველი საზოგადოებისთვის უაღრესად საჭირო, დასამახსოვრებელი და გარდაუვალი პროცესი. თუკი მანამდე წიგნის ბაზარზე საშუალოდ ტირაჟი 500-1000 ცალი იყო, ჩვენი პროექტების ფარგლებში საშუალოდ 30000-50000 ცალამდე გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა ხალხის ინტერესი წიგნის, საგამომცემლო საქმიანობის მიმართ.

კოვიდპანდემიის შემდეგ მსოფლიო ისეთი აღარ არის, როგორიც იყო. შესაბამისად, შეიცვალა მკითხველის ქცევაც - გაჩნდა ახალი მოთხოვნები, ბეჭდური მედიიდან საზოგადოება თანდათან გადავიდა ონლაინმედიაზე. ჩვენ, როგორც საქართველოში ლიდერი გამომცემლობა, მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწინოთ მკითხველის ახალი მოთხოვნები და ჩვენი მუშაობაც მას მოვარგოთ. სწორედ ამ მიდგომის შედეგია ჩვენი სიახლე - პროექტი "პალიტრა ბიბლიოთეკა". ეს ახალი, თანამედროვე, მდიდარი და პოლიგრაფიული ხარისხით გამორჩეული ბიბლიოთეკის შექმნის ან/და უკვე არსებულის შევსება-განახლების მორიგი მასშტაბური და, რაც მთავარია, ბევრად მოქნილი შესაძლებლობაა. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს, რომელიც "პალიტრა L“-ისგან სტაბილურობას არის მიჩვეული, გახდეს გამომწერი და თავისთვის მოსახერხებელი ფორმითა და პერიოდულობით მიიღოს საკუთარ ინტერესზე მორგებული წიგნი და წიგნების სერიები, რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისთვის გამოიცემა.

პროექტი ოქტომბრის ბოლოდან ამოქმედდება. მკითხველი ეტაპობრივად, დაპირებული პერიოდულობით მიიღებს "პალიტრა ბიბლიოთეკის" სრულიად ახალ გამოცემებს და აღარ დაელოდება პრესის ახალი ნომრის გამოსვლას, ანუ მას ექნება საშუალება ისარგებლოს სპეციალურად მასზე მორგებული პირობებით და ახალი გამოცემები შეიძინოს გაზეთისგან დამოუკიდებლად სხვადასხვა, უფრო ინოვაციური და მისთვის მოსახერხებელი არხით.

- რა უპირატესობები აქვს წიგნის გამოწერას?

- თანამედროვე სამყაროში, როცა ყველაზე დეფიციტური და ძვირფასი არის დრო, ეს უპირატესობა იმდენად აშკარაა, რომ მისით მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სარგებლობს. რა უნდა იყოს იმაზე კომფორტული, ვიდრე ის, რომ სასურველ მისამართზე, სასურველ დროს მიიღოს სასურველი წიგნი. ადამიანი ზოგავს დროსაც, ფულსაც და ნერვებსაც, მისი ბიბლიოთეკა კი ივსება მისთვის საინტერესო უახლესი გამოცემებით.

- რამდენად მოსახერხებელი იქნება წიგნის გამოწერა სხვადასხვა ასაკისა და რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის?

- ჩვენი გამომცემლობა მაქსიმალურად ცდილობს ყველა გემოვნების, ასაკისა და მოთხოვნების მკითხველს შესთავაზოს მათთვის სასურველი მომსახურება. სწორედ ამიტომ დავნერგეთ სამი ტიპის გამოწერის სისტემა. მათ შესახებ ცალკე მოგახსენებთ. ეს გაუადვილებს ადამიანს, თავისი ინტერესის, ადგილსამყოფლისა და ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, კომფორტულად გახდეს გამომცემლობა ,,პალიტრა L"-ის გამომწერი, შეიძინოს წიგნები განსაკუთრებულ, სპეციალურად გამომწერებისთვის დადგენილ ფასად და მიიღოს ისინი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მხოლოდ 2 ლარის დამატებით.

- როგორია გამომცემლობის სტრატეგია ახალი წიგნების გამოცემასთან დაკავშირებით? რამდენად ითვალისწინებთ მკითხველის ინტერესებს?

- ჩვენი წიგნები ყველა ასაკის, ინტერესის და გემოვნების მქონე მკითხველზეა მორგებული. ფეხდაფეხ მივყვებით მსოფლიო ლიტერატურის სიახლეებს და ქართულ ენაზე ვთავაზობთ მკითხველს როგორც სხვადასხვა ქვეყანაში მკითხველის მიერ აღიარებულ, ასევე პრესტიჟული და ავტორიტეტული საერთაშორისო პრემიებით - "ბუკერით", "პულიცერით", "გონკურით" და ა.შ. - აღნიშნულ წიგნებს. ჩვენს გამოცემებში აღმოაჩენთ როგორც ჩვენი პატარა მკითხველისთვის განკუთვნილ, ისე ძალზე ღირებულ და მნიშვნელოვან შემეცნებით გამოცემებსაც.

- ქართველი მკითხველის გემოვნებას როგორ შეაფასებთ? უფრო კლასიკა უყვართ თუ თანამედროვე ავტორებით ინტერესდებიან?

- ტენდენციები კითხვისადმი დამოკიდებულებაშიც იცვლება. თუ აქამდე დიდი მოთხოვნა იყო კლასიკურ ლიტერატურაზე, ძველი წიგნების ახალ გამოცემებზე, ახლა სურათი შეცვლილია. ქართველი მკითხველი უფრო ინტერესიანი გახდა და სულ უფრო აქტიურად ეცნობა ჯერ კიდევ უცნობი, თანამედროვე ავტორების შემოქმედებას. პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ბიზნესლიტერატურაზე, თვითგანვითარების/შემეცნებით წიგნებზე. რაც განსაკუთრებით გვახარებს, საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნების მიმართაც.

გახდით გამომწერი. დააფიქსირეთ თქვენი ინტერესი ამა თუ იმ გამოცემის, ტომეულისა თუ პროექტის მიმართ ჩვენს სატელეფონო ცენტრში, ჩვენ უზრუნველვყოფთ დათქმულ დროსა და ადგილზე წიგნების მოწოდებას;

გამოიწერეთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილი ტომეული ონლაინ, საიტიდან www.palitral.ge. თანხა შეგიძლიათ გადაიხადოთ ერთიანად და მიიღოთ დამატებითი 10%-იანი ფასდაკლება ან ყოველთვიურად თქვენ მიერ შერჩეულ რიცხვში, ჩვენ კი შეძენილ წიგნებს სასურველ მისამართზე მოგიტანთ (მიტანის ფასი მთელ საქართველოში მხოლოდ 2 ლარი);

მოიკითხეთ სასურველი წიგნი პრესის გავრცელების ჯიხურებში და „ბიბლუსის“ ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში მას სპეციალურ, დაუჯერებელ ფასად შეიძენ.

ნანა მღებრიშვილი