„ოპოზიციის ერთი ნაწილის კითხვაზე, ჩემთან ერთად რატომ არა ხარ? მე ვპასუხობ, შენთან რომ ვიყო, ერთად დავრჩებით მიწაში ჩამარხული“ - კვირის პალიტრა

„ოპოზიციის ერთი ნაწილის კითხვაზე, ჩემთან ერთად რატომ არა ხარ? მე ვპასუხობ, შენთან რომ ვიყო, ერთად დავრჩებით მიწაში ჩამარხული“

"ქუჩა თუ პარლამენტი?! დროა, საკითხი ასე აღარ დადგეს! კი, კონსტიტუციაში წერია, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ ქუჩაში გამოხატონ თავიანთი ნება, პროტესტი,­ მაგრამ კაცობრიობის გამოცდილება, ცივილიზაციური კულტურა გულისხმობს, რომ ქუჩით სახელმწიფო არ იმართება, ქუჩიდან ევროკავშირში ვერ შევალთ", - ამ განცხადებით ეხმაურება პარტია "ლელოს" ლიდერი დავით უსუფაშვილი ოპოზიციური პარტიების პოლემიკას, აქვს თუ არა აზრი საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის გაგრძელებას, მაშინ როცა "ქართული ოცნება" მუდმივად ცრუობს, და უნდა გადავიდეს თუ არა პროცესი ქუჩაში, მაშინ როცა ევროკომისიის წევრები ხელისუფლებასა და ოპოზიციას 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებენ.

- პატივცემულ კოლეგებს მინდა შევახსენო, რომ მხოლოდ აქციებით ვერც საქართველოში და ვერც სხვაგან მიზნისთვის ჯერ ვერავის მიუღწევია. ქუჩას თან უნდა ახლდეს პოლიტიკური პროცესი, ქუჩა უნდა იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, პოზიციის გამოხატვის საშუალება. არა მგონია, უახლოეს თვეებში ჩვენ შევძლოთ ისეთი "ქუჩის მიღება", როგორიც 20 ივნისს იყო. ასი ათასზე მეტმა კაცმა პოლიტიკოსებს გვითხრა, იმუშავეთ იმისთვის, რომ სტატუსი მივიღოთო. ჩვენთან ერთად დადექით ქუჩაშიო, ამის მთქმელი არავინ მინახავს. მე ვიდექი 20 ივნისს ქუჩაში და დავინახე, რომ ხალხისა და ჩემი განწყობა თანხვედრაშია. მას შემდეგ ვშრომობ, ჩემს თანაპარტიელებთან, ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორთან ერთად საკანონმდებლო აქტების შესაქმნელად, რომელიც დააკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს და დაგვაახლოებს ჩვენს მიზანთან.

- რა აზრი ექნება თქვენს ინიციატივებს, თუ ხელისუფლება არ დაგიჭერთ მხარს?

- ცხადია, ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ხელისუფლება უნდა მოიქცეს სწორად. ეს რომ ვაიძულოთ, ზოგმა ქუჩიდან უნდა შევუძახოთ და ზოგმა პარლამენტიდან. არ არის აუცილებელი ყველამ ერთად ვიყვიროთ ქუჩიდან. თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა თავისუფლად უნდა გამოხატონ აზრი. კომუნიზმზე უარის თქმა იმას ნიშნავდა, რომ მრავალპარტიული, ანუ მრავალფეროვანი საზოგადოება გვინდოდა. პოლიტიკურ სპექტრში სრული ერთიანობა კომუნიზმში დაბრუნებას ნიშნავს და არა ევროპისკენ სვლას. როგორც ბერძნული სალათი შედგება სრულიად განსხვავებული პროდუქტებისგან: პამიდვრისგან, კიტრისგან, ზეთისხილისგან და ასე შემდეგ, ისეა ოპოზიციაც. პარტიები ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ზეთისხილი და კიტრი, მათი ერთადერთი საერთო მახასიათებელია­ ოპონირება მმართველ პარტიასთან. ზოგიერთის აზრით, დაუმორჩილებლობის გამოცხადებაა საჭირო. ზოგი ფიქრობს, რომ მიზნის მიღწევა უკეთესი პროექტების დაწერით და "ოცნების" ამომრჩევლებისთვის რეალობის დანახვითაა შესაძლებელი. ის, ვინც დაუმორჩილებლობისთვის აგროვებს ხალხს, "ოცნების" ამომრჩეველს არ ელაპარაკება, პირდაპირ ხელისუფლებას ეუბნება, დედას გიტირებო. ჩვენ "ოცნების" ამომრჩეველს ველაპარაკებით, ვაცნობთ ჩვენს გეგმებს, ვუხსნით, რამხელა ხიფათს უქმნის ქვეყანას მმართველი ძალა. წინა ხელისუფლება გავიხსენოთ - როდის მოახერხა ოპოზიციამ "ნაცმოძრაობის" შეცვლა? როდესაც ხალხმა დაიჯერა,­ რომ "ნაცმოძრაობისთვის" ხმის მიცემა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა.

- NDA-ის ბოლოდროინდელი კვლევა­ მიუთითებს, რომ გამოკითხულთა 51%, მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, მაგრამ ეს ხალხი არც ოპოზიციას ენდობა. თქვენ როგორ უნდა დაარწმუნოთ ისინი, რომ "ოცნებაზე" უკეთ "ლელოს" შეუძლია ქვეყნის მართვა?

- ჯერ ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ, პარლამენტში იმაზე ცოტანი ვართ, ვიდრე გვჭირდება. საკრებულოებში 27 წარმომადგენელი გვყავს და იქაც მეტი გვჭირდება. ვცდილობთ ხალხთან­ ურთიერთობით, მედიასაშუალებებით ადამიანებს ავუ­ხსნათ,­ რომ ხელისუფლება მათ ატყუებს მაგალითად იმას, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა და ჩვენ რომ არ დავუჯერეთ, იმიტომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. სინამდვილეში, კანდიდატის სტატუსი იმიტომ არ მოგვცეს, რომ რეფორმები გააჩე­რეს, მართლმსაჯულებაში სიტუაცია არ გამოასწორეს, პოლიცია ისევ ჟანდარმერიად დატოვეს. ხალხს ისიც უნდა ავუხსნათ, რომ "ოცნების" წასვლა მიშას მოსვლას არ ნიშნავს. ოპოზიციის ერთი ნაწილის კითხვაზე, ჩემთან ერთად რატომ არა ხარ? მე ვპასუხობ, შენთან რომ ვიყო, ერთად დავრჩებით მიწაში ჩამარხული. "ოცნება" კარგად ახერხებდა ჩვენთვის "ნაციონალების" იარლიყის მოკერებას და ხალხიც იტყვის, ოღონდ მიშა ნუ დაბრუნდება და, ისევ "ოცნებას" მოვითმენთო. ჩვენ არ ვაპირებთ "ოცნების" მსგავსად ხალხის ტვინების გამორეცხვას და ოპონენტების ქვეყნის მტრებად გამოცხადებას. "ლელო" ადამიანებისადმი ასეთ დამოკიდებულებას ბოლოს მოუღებს. ჩვენ ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს ეკონომიკის თვალსაზრისითაც. მარშალის გეგმა ზუსტად ის არის, რაც ქვეყანას სჭირდება, და არა ის, რაც ხელისუფლებაში მყოფთა ბიზნესებს წაადგება. ახლა ჩვენი ამოცანაა ხალხს ალტერნატივა დავანახოთ. შარლ მიშელის შეთანხმება "ლელოს" უდიდესი დამსახურება იყო.

- ოპოზიციის ნაწილი სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერისა და პარლამენტში შესვლის გამო გიპირისპირდებათ. მათი თქმით, თქვენ რომ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოგეწერათ და პარლამენტისთვის ლეგიტიმაცია არ მიგეცათ, ახლა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა.

- ხალხმა განსაჯოს მტყუან-მართალი. დარწმუნებული ვარ, 20 ივნისს თავი­სუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მიშელის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა სწორი იყო. სახელმწიფო უნდა დავინახოთ ისე, როგორც საკუთარ ოჯახს ვუყურებთ. სახლში რომ რაიმე პრობლემა გაგიჩნდეთ, მოგვარების ნაცვლად ხომ არ გადაწვავთ?! იმისთვის, რომ საკუთარი სახლი არ გადავწვათ, საჭიროა დეპოლარიზაცია. ამისთვის კი საუკეთესო საშუალებაა შარლ მიშელის ხელშეკრულებას დავუბრუნდეთ.

- "ოცნებამ" უკვე თქვა, რომ ამ ხელშეკრულების გაცოცხლება გამორიცხულია.

- კომუნისტები 70 წელიწადს გაიძახოდნენ, არაო, "ოცნებას" ამდენი არ დასჭირდება. "ნაცმოძრაობაც" გაიძახოდა, არაო, მაგრამ ბოლოს თქვა, კიო. ტერორისტმა მძევალი რომ აიყვანოს, პოლიციამ უთხრას, გამოუშვიო და იმან უარი თქვას, რა უნდა ქნას პოლიციამ, სახლში წავიდეს? "ქართულ ოცნებასაც" მძევლად ჰყავს ქვეყანა აყვანილი და ამბობს "არას", მაგრამ მოუწევს თქვას, "ჰო". მიშელის შეთანხმებაზეც არას ამბობდა, მაგრამ ბოლოს მოუწია დათანხმებამ, უბრალოდ, ბოლოს მაინც მოახერხა გამოძრომა. ისიც იმ ოპოზიციის ნაწილის გამო, ახლა ჩვენ რომ გვამუნათებს. "ნაცმოძრაობამ" მაშინ მოინდომა მატარებელზე შემოხტომა, "ქართული ოცნება" უკვე სამშვიდობოს რომ იყო გამძვრალი.

- "ლელო" არც ვადამდელ არჩევნებზე გაიზიარებს "ნაცმოძრაობის" პოზიციას? ასეთი­ მოთხოვნით "ლელო" თავად გამოდიოდა.

- ხვალაც რომ ჩატარდეს არჩევნები,­ "ლელო" მზად არის. საქართველოს კონსტიტუციაც ითვალისწინებს ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ ამას კონკრეტული ვითარება სჭირდება. ეს გულისხმობს მმართველი პარტიის ანუ უმრავლესობის დაშლას. დღეს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში დადგომა შედეგს არ მოიტანს. ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობა იყო შარლ მიშელის დოკუმენტი. მასში იყო ის ფორმულა, რომელიც ადგილობრივ არჩევნებზე უნდა გამოყენებულიყო. ის ფორმულა რომ ვერ შესრულდა, სწორედ იმათი დამსახურებაა, ვინც ამ დოკუმენტს არ შემოუერთდა. "ნაცმოძრაობა" რომ შემოუერთდა, ყველაფერი დამთავრებული იყო, ანუ ოპოზიციურ ძალებს უკვე დასისხლიანებული ჰყავდათ ერთმანეთი და ბოლოს ყველაფერი დააგვირგვინა სააკაშვილის უდროო დროს ჩამოსვლამ. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გაგვაშვებინა ხელიდან.

- კიდევ ერთ საკითხზე გკითხავთ. თქვენ ირწმუნებით, რომ გოგაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა რეჟიმს ამხელს. ოპოზიციის მეორე­ ნაწილი, მაგალითად, გიგა ბოკერია ამბობს, რომ რეჟიმს ნიღაბი მხოლოდ ერთხელ შეიძლება­ ახადო, ეს უკვე გაკეთებულია და ახლა კომისიის შექმნა დროის ფლანგვაა, ოპოზიციის კიდევ ერთ ნაწილს კი არ სჯერა, რომ გოგაშვილი გულწრფელია.

- გოგაშვილი გულწრფელად იყო ჩაფლული სიბინძურეში. როდესაც კომისია შეიქმნება, გოგაშვილს პროკურორის ძალიან­ ბევრ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, ვინაიდან საგამოძიებო კომისიის შეცდომაში შეყვანა კანონით ისჯება. არც მე მჯერა სიბინძურეების შემოქმედი გოგაშვილის გულწრფელობის, მაგრამ იმის მჯერა, რომ სისტემა არც მისი წამოსვლის შემდეგ გამოსწორებულა. ამ საგამოძიებო სისტემით ჩვენ ეს სისტემა უნდა ვამხილოთ.

ხათუნა ბახტურიძე