„საზოგადოებაში არანაირი მზაობა იმისა, რომ ცხელი შემოდგომა იქნება, არ არის“ - კვირის პალიტრა

„საზოგადოებაში არანაირი მზაობა იმისა, რომ ცხელი შემოდგომა იქნება, არ არის“

რა შანსი აქვს ოპოზიციას და რა შეცდომებს უშვებს, როდესაც ისევ მასობრივ საპროტესტო აქციებსა თუ ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს... "მე თუ მკითხავთ, ასეთი მოწოდებები, რომელთა რეალიზება შემდეგ ვერ ხდება, ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს", - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

- საქმე ის არის, როგორც "ნაცმოძრაობაში", ისე, საზოგადოდ, ოპოზიციაში ვერ ჩამოყალიბებულან მთავარზე - სტრატეგიულ გეგმაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. არის მეორე მომენტიც - როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობაში"­ ორი დაჯგუფებაა, რომელიც ცდილობს ამომრჩეველთა ხმები დაისაკუთროს. ერთი რადიკალური ნაწილია, რომელიც გაიძახის, აუცილებელია ქუჩაში გასვლაო, მეორე კი შედარებით ზომიერი იყო, კერძოდ, მელიას­ ფრთა, მაგრამ, როგორც ჩანს, პოზიციები­ გადაიხედა და ამჯერად მელია დაგვპირდა ცხელ შემოდგომას. მთავარი კი ის არის, რომ ოპოზიციის განცხადებები­ უფრო სურვილებს ჰგავს, ვიდრე რეალობიდან გამომდინარეს, რადგან საზოგადოებაში არანაირი მზაობა იმისა, რომ ცხელი შემოდგომა იქნება, არ არის. მოსახლეობა დღეს გაცილებით ინერტულია, ვიდრე იყო, ვთქვათ, გაზაფხულზე. ოპოზიცია მოსახლეობას ვერაფერს სთავაზობს, გარდა იმისა, რომ ორი წელია, რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკობს. ჩვენი ოპოზიციის გეგმები და მოთხოვნები არ არის თანხვედრაში არც ჩვენი პარტნიორების მოწოდებებთან. ერთი მხრივ, აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რომ არ ითვალისწინებს ჩვენი პარტნიორების მოსაზრებებს, მეორე მხრივ კი თავად იმავეს აკეთებენ. კიდევ ერთი რამ ძალიან მაოცებს. დღეს ოპოზიციაშია იმ ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში­ იყო. მათ ხომ უნდა ახსოვდეთ, 2009 წელს რა ხდებოდა თბილისში, როცა რუსთაველი­ კარვებით იყო გადაკეტილი. პროტესტმა სამ თვეს გასტანა და მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნები იყო. მაშინ ხომ თავად გაუკეთეს ამ მოთხოვნას იგნორირება­ და დღევანდელი ხელისუფლება რატომ წავა ამაზე? მით უმეტეს, მაშინ ოპოზიციური ელიტა და ელექტორატი ერთიანი იყო, ამჟამად კი ერთიანი არ არის. ოპოზიციაში დღეს რამდენიმე ჯგუფია და ყველაზე დიდი "ნაცმოძრაობაა", მაგრამ დაახლოებით იგივე ფარდობაა იმ ჯგუფთან, რომელსაც არც ხელისუფლება უნდა და არც "ნაცმოძრაობა". ეს ჯგუფები არ და ვერ გაერთიანდებიან. ახლა სიახლე რაშია? როდესაც ხალხს მოუწოდებენ, ქუჩაში გამოდითო, რას სთავაზობენ ახალს ან პოლიტიკურ გარემოში ისეთი რა შეიცვალა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მზად არის ქუჩაში გამოვიდეს? მე თუ მკითხავთ,­ ასეთი მოწოდებები, რომელთა რეალიზებაც ვერ ხდება, პირიქით, ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს და არა მის სასარგებლოდ.

- რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას, როდესაც ასეთ გეგმებს ადგენს?

- ერთადერთი მიზანი ისაა, რომ პარტ­იული ელექტორატის რადიკალურ ნაწილში­ მოიპოვონ მხარდაჭერა. "ნაცმოძრაობაში" ბრძოლაა პირველი ლაზიერობისთვის. სააკაშვილის ფიგურა პოლიტიკურად იმდენად გაფერმკრთალდა, რომ მისი მომავალი გაურკვეველია. ის პოლიტიკურად საფრთხეს აღარ წარმოადგენს, ამიტომ დარჩა ელექტორატი და "ნაცმოძრაობაში" მიდის ბრძოლა, ვინ იქნება სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრე. ამიტომაც კეთდება­ არარეალისტური განცხადებები, რომ ამომრჩევლის ეს რადიკალური­ ნაწილი რომელიმე ფრთამ დაისაკუთროს. როგორც ჩანს, მელიამ გადაწყვიტა, რომ ის უნდა იყოს რადიკალური. ნუთუ იმდენად ვერ გრძნობენ პოლიტიკურ სიტუაციას, რომ მართლა შეუძლიათ ახლა ცხელი შემოდგომის მოწყობა?

- რომც დავუშვათ, რომ ახლა ჩატარდეს არჩევნები, რა შანსი აქვს ოპოზიციას?

- არჩევნები თუ ჩატარდა, დიდი ალბათობით, ჩატარდება იმ წესით, რა წესითაც ეს პარლამენტი იქნა არჩეული და არც ველოდები, რომ ძალიან განსხვავებული შედეგები იქნება. ის, რომ ხელისუფლებას არა აქვს რეიტინგი, გასაგებია, მაგრამ რეიტინგი და მხარდაჭერა მეორე მხარესაც არა აქვს. ოპოზიცია, ალბათ, ფიქრობს, რომ ვადამდელი არჩევნების თემას ახალი საპროტესტო ტალღის ასაგორებლად გამოიყენებს, მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ, მეეჭვება, საპროტესტო და არასტაბილური გარემო საზოგადოებისთვის მისაღები იყოს. რაც შეეხება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, შესაძლებელია რაღაც გადაჯგუფება მოხდეს, მაგრამ თუ ვინმეს სჭირდება აქ სტაბილურობა, სწორედ დასავლეთია, მიუხედავად ხელისუფლების მკვეთრი განცხადებებისა. რუსეთმა გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა იარაღი. ამ ბრძოლაში აამო­ქმედა ენერგორესურსებიც კი, შეწყვიტა ევროპისთვის გაზის მიწოდება. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ენერგორესურსებით მომარაგების ნაწილი გადის საქართველოზე, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთი ამ გზის რამენაირად გადაკეტვას შეეცდება. გადაკეტვა კი შეიძლება იმით, რომ აქ არასტაბილური გარემო იყოს. ეს არ აწყობს დასავლეთს და ხელს აძლევს რუსეთს, რათა ეს ზამთარი დასავლეთისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის მძიმე იყოს და ამას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში სოციალური მღელვარება მოჰყვეს. ჩვენი პარტნიორები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა "ოცნება" სულაც არ ეხატებათ გულზე, იძულებული იქნებიან არჩევანი გააკეთონ საქართველოში სტაბილურობასა და "ოცნებას" შორის. მით უმეტეს, რომ არც ოპოზიცია გამოირჩევა პოლიტიკური კეთილგონიერებით.

- ხელისუფლების მიმართ უნდობლობა, რომ მან დასავლურ კურსს გადაუხვია, არ ასრ­უ­ლებს 12-პუნქტიან რეკომენდაციებს და ა.შ. არ არის საკმარისი საპროტესტო ტალღის აგორებისა და მისთვის დასავლეთის მხარდაჭერისთვის? თუ გაშვებულია ეს მომენტი?

- რაკი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დასავლური ორიენტაციისაა, ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩაში გამოვა. დღეს საქართველოში არასტაბილურობის გაგონებაც არ უნდათ. ამიტომ როდესაც მოუწოდებ, გამოდი ქუჩაშიო, ის მშვენივრად ხვდება, რომ ეს არასტაბილურ გარემოს ნიშნავს. ხელისუფლებამ შეძლო და დაარწმუნა მოსახლეობა, რომ ოპოზიციას ომი უნდა, მას კი ომი არ უნდა, არავის უნდა ომი. დიახ, თუ ის 12 პუნქტი ვერ შესრულდება, ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ ამით არაფერი დაინგრევა, კატასტროფა არ მოხდება. ჩვენი მდგომარეობა, თუ სად და როგორ ვიქნებით, გამომდინარე ხელისუფლების უმოქმედობიდან, პირდაპირ არის მიბმული რუსეთ-უკრაინის ომზე, თუ როგორ განვითარდება იქ პროცესები. იმ 12 პუნქტის შესრულების იმედი არც ჩვენს პარტნიორებს აქვთ და ამიტომ ვადა მომავალი წლის ბოლომდე გადასწიეს, რათა არ იყოს ამ თემით სპეკულირება და არ შეიქმნას არასტაბილური გარემო. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა აუცილებელია და ეს ყველაზე კარგად "ნაცმოძრაობამ" უნდა იცოდეს. როცა 2003 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათ არა მარტო ხალხი, არამედ დასავლეთიც და თვით რუსეთიც უჭერდნენ მხარს. როცა წავიდნენ, მაშინაც მოხდა დასავლეთისა და რუსეთის ფაქტორების გათვალისწინება. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას ყოველთვის სჭირდებოდა დასავლეთის მხარდაჭერა, რათა არ დაწყებულიყო სამოქალაქო დაპირისპირება, და გარკვეულწილად, რუსეთისაც. როდესაც ოპოზიცია გვპირდება ცხელ შემოდგომას, რომელსაც არც საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს და არც პარტნიორების, ისიც უნდა იცოდეს, რომ ეს რუსეთისთვის იქნება მომგებიანი. რისი იმედი აქვთ, გაუგებარია.

- რა შანსია, რომ ასეთი გაუთვლელი­ პოლიტიკა "ნაცმოძრაობის" დასასრული აღმო­ჩნდეს და ვიფიქროთ, რომ ოპოზიციის ნაწილი ამაში ხელსაც უწყობდეს. ცხადია, საკუთარი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე?­

- დასასრულის რა მოგახსენოთ, მაგრამ შესაძლოა "ნაცმოძრაობა" გაიყოს, მაგრამ მთავარი ფაქტორი მაინც სააკაშვილი იქნება. საოცარი პოლიტიკური ვითარება გვაქვს - ორი ძლიერი პარტიაა და ორივე არაფორმალურად იმართება. სააკაშვილს შეუძლია რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ ჯერ, როგორც ჩანს, მხოლოდ ციხიდან თავის დაღწევას ცდილობს. ექსპერტების დასკვნის შემდეგ ხელისუფლება რას იზამს, ამაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, სააკაშვილი ხელისუფლებისთვის პოლიტიკურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს, მაგრამ ის ხელისუფლებას ჯერჯერობით მაინც საქართველოში სჭირდება. თუ ფატალური დასასრულის რისკი არ არის, ძალიან მეეჭვება, ხელისუფლებამ სააკაშვილი სამკურნალოდ გაუშვას.

- ხელისუფლებისთვის რა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს?

- როგორც დეგნანის განცხადებები მოწმობს, ვაშინგტონში ძალიან უკმაყოფილო არიან. ამასთან, ითქვა, რომ ხელისუფლებამ ამ ოთხეულის პოზიციის შესახებ განცხადება უნდა გააკეთოს. ასეთი მკვეთრი პოზიცია დასავლეთს ჩვენი ხელისუფლების მიმართ არასოდეს გამოუხატავს. გარდა ამისა, ძალზე უცნაური პროცესებია - იცვლება უნგრეთისადმი დამოკიდებულება თავად ევროკავშირში, დიდი გადაჯგუფებებია.

ჩვენი ხელისუფლება ძალაუფლებას იმის ხარჯზე ინარჩუნებს, რომ ოპოზიცია მასზე სუსტია, და არა იმით, რომ დიდი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში. დღეს ეს პრობლემაა და როგორც ჩანს, ხელისუფლებისადმი ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება სულ უფრო კრიტიკული და მწვავე გახდება. რა დოზით და როგორ, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, დეგნანის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, რომლის პრეცედენტი არ მახსოვს.

რუსა მაჩაიძე