„ანგელოზი არც მე ვარ, მაგრამ არ ვიტყუები მაინც და ვმუშაობ“ - კვირის პალიტრა

„ანგელოზი არც მე ვარ, მაგრამ არ ვიტყუები მაინც და ვმუშაობ“

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ. კითხვაზე: ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ "ქართული ოცნება" ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს? - გამოკითხულთა 34% ეთანხმება,­ 59% არ ეთანხმება, მაშინ, როცა ამავე კითხვაზე პასუხი 2021 წლის დეკემბერში შემდეგი­ იყო: 36% ეთანხმებოდა, 51% - არა. კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ? - გამოკითხული მოსახლეობის 67% არ ეთანხმება, 23% ეთანხმება. 14%-ით არის გაზრდილი მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. რა გაიგეს NDI-ს კვლევიდან თავად პოლიტიკოსებმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი გვესაუბრება:

- NDI-ს კვლევამ ძალიან მნიშვნელოვანი რამ აჩვენა - საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება პოლიტიკური სპექტრის მიმართ. რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება? იმიტომ, რომ პრობლემებზე არავინ ლაპარაკობს. პოლიტიკური პარტიები ისეთ საკითხებზე საუბრით არიან გართული, რომელთაც ხალხის ყოველდღიურ ყოფასთან საერთო არაფერი აქვს. კვლევითი ორგანიზაციის ერთ-ერთ კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტიაა ყველაზე ახლოს თქვენს განწყობასთან? უმრავლესობა პასუხობს - არც ერთი! ეს არის ნიშანი იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრი და მედია ძალიან დაშორებული არიან ხალხისგან, ვერ ხედავენ მათ პრობლემებს.

სამწუხარო ის არის, რომ მედიას არ აინტერესებს განათლების, მედიცინის, კულტურის, სოციალური სფეროს პრობლემები, სამაგიეროდ, ძალიან აინტერესებს, როგორ გალანძღონ ერთმანეთი, რომელმა პარტიამ ვის გამოუცხადოს ბოიკოტი და ა.შ. შეუძლებელია ამ საინფორმაციო ნაკადში შენი დღის წესრიგი შეიტანო. მთელი შენი საპარლამენტო მანდატი ბოიკოტში რომ გაქვს გახარჯული, ესე იგი, პასუხისმგებლობას არ გრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც პარლამენტში შეგიშვეს, ქვეყნის მომავალზე კი არა, პარტიული ინტერესების გატარებაზე ხარ ორიენტირებული. ზოგიერთი პოლიტიკოსი ისეთ ტყუილებს ამბობს, ბრაზი და უიმედობის განცდა მეუფლება. ანგელოზი არც მე ვარ, მაგრამ არ ვიტყუები მაინც და ვმუშაობ... ახალი ადამიანები უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში, ვინც არ არის დაკომპლექსებული ძველი კლიშეებითა და შტამპებით. მოქმედი პოლიტიკოსების 90%-ს ქვეყნისთვის ზიანი აქვს მიყენებული. ამიტომ ახალი სისხლი, ახალი ხალხი და ახალი იდეებია საჭირო.

- ცოტა ხნის წინ თქვენ მთელ საპარლამენტო ოპოზიციას დაუპირისპირდით, როდესაც განაცხადეთ, რომ გოგაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებდით. რა არის თქვენი უარის მოტივი?

- ის, რომ საგამოძიებო კომისიას პარტიული მიზანი აქვს, სინამდვილეში არავის არ აინტერესებს ეს საკითხი. კომისიის შექმნის იდეის ავტორები ცალყბადაც არ ახსენებენ გოგაშვილის ნაშოვნ 15 მილიონს. არ აინტერესებთ, საიდან დააგროვა სოციალურად დაუცველმა კაცმა ამხელა ქონება. ამიტომაც ეს ფარსია და არ ვაპირებთ ამაში მონაწილეობას. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ "ქურდის ქურდი ცხონდა" - ხელს არ შევუწყობთ ამ მორალის დამკვიდრებას.­ მეტსაც გეტყვით - კომისია არ შეიქმნება.­ ამას გამოცდილება მალაპარაკებს. გახსოვთ,­ 5 ივნისის ამბებზე რამხელა დუღილი იყო? ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ამ საქმეზე კომისიაში ოპოზიცია არ შემოვიდოდა­. ხომ ხედავთ, დღეს აღარავინ ახსენებს, არც მაშინ აინტერესებდათ, მხოლოდ პოლიტი­კური დივიდენდების დაწერა სურდათ. აი, ნახავთ, არც ახლა შექმნიან კომისიას, იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენი მხარდაჭერის გარეშეც ჰყოფნით ხმები. აღმოჩნდება, რომ ვიღაც ავად გახდა, ვიღაცას სიდედრი გარდაეცვალა და კომისია ვერ შედგება.

ხათუნა ბახტურიძე