„რუსეთის აღიარება, რომ ხარკოვის ფრონტზე დამარცხდა, საერთო სურათის დანახვაში გვეხმარება...“ - კვირის პალიტრა

„რუსეთის აღიარება, რომ ხარკოვის ფრონტზე დამარცხდა, საერთო სურათის დანახვაში გვეხმარება...“

სექტემბრის დამდეგს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევამ ამ უთანასწორო ომში რუსეთის დამარცხების საფუძვლიანი იმედი გააჩინა. დეოკუპაციის იმედი აქვთ უკრაინის იმ ტერიტორიაზეც, რომელიც რუსეთს რამდენიმე თვეა ოკუპირებულიც აქვს და პოზიციაც გამყარებული. მდინარე ოსკოლოს აღმოსავლეთით ხარკოვის ოლქის ტერიტორია ჯერ კიდევ რუსებს უკავიათ. დიდი მნიშვნელობა აქვს ზაპოროჟიეს, უგლედარის, ვოლნოვახის, მელიტოპოლის, მარიუპოლისა და ბერდიანსკის დაბრუნებას. მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონზე კონტრშეტევა წამოიწყეს, ვითარების შესახებ ინფორმაცია, ასევე ვიდეო თუ ფოტომასალა მხოლოდ მას შემდეგ ვრცელდება, რაც სამხედრო ოპერაცია დასრულდება. უკრაინელების აზრით, ამან გაამართლა, რადგან მტერს მიმდინარე პროცესების მიხედვით მანევრირების შესაძლებლობა წაერთვა. უკრაინელი სამხედრო ალექსანდრე ვიშნევეცკი­ ამბობს, რომ ბრძანება აქვთ მინიმუმამდე­ შეამცირონ საბრძოლო ლაივები, ასევე მიღებული შეიარაღების ტიპისა და მისი გამოყენების შესახებ საჯაროდ საუბარი...

- სისასტიკით ცნობილი რუსული არმია უკვე დემორალიზებულია. ჩვენი ბიჭები­ პოულობენ მიტოვებულ შტაბებს საბრძოლო მასალებით, მძიმე ტექნიკით, მათი პირადი ნივთებით, სამხედრო სამოსით. რუსი ჯარისკაცების უმრავლესობას­ ერთი ან ორი ზომით დიდი ფორმა, ჩექმები ან ბათინკები აცვია. ეს ტყვეების ჩაცმულობითაც ჩანს. ეტყობა, ჯარში მოშლილია წესრიგი, ჰიგიენის ვალდებულებაც კი. სამხედრო პირებს ერთმანეთთან კავშირი­ არა აქვთ, იმის გამო, რომ მეთაურობა ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. ოფიცრები ჯარისკაცებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არყის საშოვნელად უშვებდნენ, უფროს-უმცროს სამხედრო პირებს შორის ურთიერთობა ამით ამოიწურებოდა. კარგი ჯარისკაცია ის, ვისაც არაყი მიაქვს.

ხარკოვის ოლქში წინსვლის კვალდაკვალ ვნახულობდით საშინელ ფაქტებს, სარდაფებში ვპოულობდით ნაწამები ადამიანების ცხედრებს, რომელთა ამოცნობა სპეციალური სამსახურების ჩართვის გარეშე, უკვე შეუძლებელია. უამრავმა ადამიანმა დაკარგა ოჯახის წევრი. არ იციან, ისინი ფილტრაციის ბანაკის გავლისას დაიკარგნენ, რუსეთში გადაიყვანეს თუ დახოცეს. რუს ჯარისკაცებს ბრძანება ჰქონდათ, წინააღმდეგობის გაწევის, რაიმე საეჭვოს არსებობის შემთხვევაში მაშინვე ესროლათ. ოჯახები, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვებიც ჰყავდათ, ორ თვეზე მეტხანს სარდაფებში იმალებოდნენ. კვირების განმავლობაში მხოლოდ პურსა და წყალზე იყვნენ. ერთმანეთს ხელს უმართავდნენ, მაგრამ რუსებზე საშიში კოლაბორაციონისტებიც იყვნენ. როგორც გვიამბეს, თურმე ყველა თანამდებობებს ელოდებოდა ადმინისტრაციულ სამსახურში ან სხვა ხელმძღვანელ პოსტებზე. ყველა მათგანს ჩანთაში ჰქონია რუსული დროშა, ზოგს საბჭოთა კავშირის სიმბოლიკით. არაერთ ქალაქსა და სოფელში, ადმინისტრაციულ შენობებზე ან პრორუსების სახლების ფანჯრებზე რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დროშები გვერდიგვერდ იყო დამაგრებული. ამას ემატებოდა ბანერები "ჩვენი ერთნი ვართ და ვერავინ დაგვყოფს", თურმე რუსი და უკრაინელები ერთი ერი ვყოფილვართ და დასავლეთი და ამერიკა გვყოფს, რათა სამართლიანი რუსეთი დაასუსტონ და სამყაროში თავად გაბატონდნენ. ეს ზოგმა დაიჯერა. თურმე პრორუსები ირწმუნებოდნენ, ომი რომ დასრულდება, უკეთეს მომავალს რუსებთან ერთად ააშენებდნენ. ბევრმა ნახა, როგორია რუსეთის ნამდვილი სახე და იმედი გაუცრუვდა.­ მათთვის­ ახლანდელი რუსეთი საბჭოთა კავშირთან ასოცირდებოდა - ყველა­ ერთად, ძმურად ვცხოვრო­ბდით, ვშრომობდით,­ ვაშენებდით, გართობის დრ­ოც გვქონდა, ომის საფრთხე არასდროს ყოფილაო - არ უნდოდათ იმის დაჯერება, რომ რუსეთი ჩვეულებრივი დამპყრობელია, ოკუპანტი...

- მარიუპოლში გყავთ ნათესავები. რა ხდება იქ?

- სამ თვეზე მეტია ქალაქს რუსები აკონტროლებენ. ამ ხნის განმავლობაში ყველგან ელექტროენერგიაც კი ვერ აღადგინეს. ერთადერთი, რაც გააკეთეს, ქუჩებს სახელები შეუცვალეს, უკრაინული წარწერები წაშალეს და რუსული მიაკრეს. თურმე ქალაქსა და მის გარეუბნებში საში­ნელი სუნია. ნაგვის გატანას ვერ აუდიან. პირველ ხანებში ე.წ. კონტროლიორები ჰყოლიათ, რომლებიც ნაგავს ახარისხებინებდნენ, დაბომბვას გადარჩენილ ან ოდნავ დაზიანებულ ელექტროტექნიკას, ჭურჭელს, ავეჯს, ტანსაცმელს, ცალკე ალაგებინებდნენ, შემდეგ კი სატვირთო მანქანას მიაყენებდნენ და რუსეთში მიჰქონდათ. ზოგს თავისი ნივთები უპოვია და რუსი ჯარისკაცებისთვის მალულად არაყში გაუცვლიათ... დაბომბვისას ჩამოქცეული შენობებიდან ისევ გამოდის დამწვარი ცხედრების სუნი. ასობით ცხედარი საერთო საფლავში­ ჩაყარეს, მაგრამ კიდევ უამრავი სარდაფებშია ჩარჩენილი. ხალხი მენაგვეებად აქციეს. ქუჩები ნაგვისგან უნდა გაწმინდონ და ამაში კაპიკებს უხდიან, რომ პური მაინც იყიდონ. პირველ ხანებში ჰუმანიტარულ დახმარებას აძლევდნენ სულადობის მიხედვით, პურს, კარტოფილს, ზეთს, ბურღულეულს და წყალს. შემდეგ კი გამოუცხადებიათ, დახმარება უნდა შემცირდეს, რადგან ქალაქში ბევრი დაბრუნდა და დახმარება ყველაზე უნდა განაწილდესო. როგორც ამბობენ, ნაწილობრივ წყალმომარაგება აღუდგენიათ. სხვა მხრივ, ქალაქი მკვდარია. ინტერნეტი რუსულ სიხშირეზე მუშაობს. თავიდან ეფ-ეს-ბე ცდილობდა მოსახლეობის მიმოწერა და ზარები გაეკონტროლებინა, თუმცა მერე მოეშვნენ. ხალხი პურისა და სხვა სურსათის რიგებში საათობით დგას. ნავთზე, პარაფინის სანთლებზე, ბურღულეულზე, შაქარსა და სხვა რამეებზე გარევაჭრობაა გაჩაღებული. ხალხი დანგრეულ სახლებში ცხოვრობს. სხვა შენობების ნანგრევებში შეგროვილი ფილებით, ხისა და რკინის ფრაგმენტებით, ტენტებით ამაგრებენ ბინების კედლებს და სახურავებს. თურმე არაერთხელ სთხოვეს რუსებს ჭურვებისგან დაზიანებული გზების, დენის მიწოდების აღდგენა, რაზეც რუს სამხედროებს უპასუხიათ, შემოდგომაზე თქვენი ზელენსკი­ ისევ აპირებს ომს განახლებული ძალებით, ამერიკის და დასავლეთის დახმარებით და რომ გაგიკეთოთ, არ ვიცით,­ შეგვრჩება თუ არაო. სხვები ეუბნებიან, რომ ის ჯოჯოხეთური დღეები ისევ განმეორდება, რადგან რუსეთი "თავის ხალხსა და ტერიტორიას არ დათმობს" - ანუ უნდათ ხალხი გამოვიდეს და უკრაინის ხელისუფლებას უთხრას, თავი დაგვანებეთ, უთქვენოდ ძალიან კარგად ვართო. თუმცა არ გაუვათ, ხალხი ნანგრევებში ცხოვრობს, მაგრამ რუსების პროპაგანდაზე არავინ წამოეგება. ხედავენ, რუსები რისი გამკეთებლებიც არიან, რომ ყველაფერი მოშლილი აქვთ. ერთადერთი, რისი დეფიციტიც არა აქვთ, რუსული დროშები, აბრები და სხვა პროპაგანდისტული სიმბოლიკაა.

- როგორ ფიქრობთ, კონტრშეტევა­ მარიუპოლის მიმართულებითაც დაიწყება?

- დემორალიზებული რუსული ჯარი, რომელიც უკანმოუხედავად გარბის და ყველაფერს ტოვებს, იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ მას რესურსი აღარ დარჩა,­ ან ძალიან მცირე რესურსის ამარაა. მოსაზრება, რომ რუსეთმა პირველ ეტაპზე მხოლოდ მოძველებული ტექნიკა და ნაკლებად მომზადებული სამხედროები გამოიყენა, გაცამტვერდა. პირიქით, ელიტური დანაყოფებით გვიტევდნენ, ფსიქოლოგიური წნეხისთვის ჩეჩნური დანაყოფების შემოყვანით გვემუქრებოდნენ, ვიდეორგოლებს იღებდნენ. არადა, მათი ბრძოლის ხარისხიდან ჩანდა, რომ ყველაფერი­ პირიქით იყო. შეიარაღებული ძალების ყველა იერარქიაში არეულობა, დაბნეულობა, იმედგაცრუება და ქაოსია. რუსეთის აღიარება, რომ ხარკოვის ფრონტზე დამარცხდა, საერთო სურათის დანახვაში გვეხმარება.

რაც შეეხება ხერსონის მიმართულებას, ის ყველაზე დახურულ რეგიონად რჩება. თუმცა პრიორიტეტები უკვე არსებობს - დავიდივ-ბრიდსა და სნიჰურივკაზე რუსული პოზიციების განადგურება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ტერიტორიების განეიტრალებამ შესაძლოა მთლიანად ამ ოლქში ფრონტის ბედი გადაწყვიტოს. რაც უფრო აცივდება, უფრო გაუჭირდებათ, რადგან რუს ჯარისკაცებს ბრძოლის არავითარი მოტივაცია არა აქვთ, მშიერ-მწყურვალები არიან, მათ მეთაურობა ჩაგრავს, სცემს და ამცირებს, წესიერი ტანსაცმელიც კი არ აცვიათ. ამიტომ როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, მაშინვე გაიქცევიან. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ჩვენი ხალხი გაოცებულია რუსული არმიის დემორალიზებით. უკრაინელების დაზვერვა კარგად მუშაობს. დრონებმა და დასავლურმა დახმარებამ რუსული სამხედროების ყველა სუსტი წერტილი გამოააშკარავა. რუსები ბევრ თანამედროვე ტექნოლოგიას ვერ ან არ ითვისებენ.